მთავარი,სიახლეები

ჩაუბარებელი უწყება საჯაროდ გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება – წვევამდელთა გაწვევა

01.09.2026
ჩაუბარებელი უწყება საჯაროდ გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება – წვევამდელთა გაწვევა

წვევამდელი თუ სამხედრო აღრიცხვის ან/და სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყისს არ ჩაიბარებს, ან ამ უწყისის მისთვის ჩაბარებას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში უწყისი [ასევე შეტყობინებაც] გამოქვეყნდება საჯაროდ.

საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს სამხედრო აღრიცხვისა თუ სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყისი/შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება. აქედან 10 დღის ვადაში კი წვევამდელი ვალდებულია გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფში.

2026 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით ცვლილება შევიდა „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში“, რომელიც დღეიდან, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

ახალი ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, ან ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება – მათ შორის, თუ მოქალაქე შეტყობინებას SMS-ზე ან ელფოსტაზე 2 სამუშაო დღეში არ უპასუხებს, ან ფოსტით შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელია – სააგენტო უწყებას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.

ასეთ შემთხვევაში, უწყება/შეტყობინება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ავტომატურად ჩაბარებულად ჩაითვლება და პირი ვალდებულია  შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან [ანუ საჯაროდ გამოქვეყნებიდან] 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [სასკ] 196-ე მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ პირის გამოძახების შემთხვევაში მისი საპატიო მიზეზის გარეშე [დადგენილ ვადაში] გამოუცხადებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ამავე სასკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში [დადგენილ ვადაში] გამოუცხადებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

თუ გამოუცხადებლობა, სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით მეორდება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის მიხედვით კი წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

წვევამდელებთან დაკავშირებით ამ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე „ოცნების“ ხელისუფლებამ მუშაობა 5 თვის წინ დაიწყო.

ამ თემაზე ვრცლად:

თუ ჯარი გიწევთ და საზღვარგარეთ ხართ, ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ – ცვლილება კანონში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.