მთავარი,სიახლეები

თუ ჯარი გიწევთ და საზღვარგარეთ ხართ, ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ – ცვლილება კანონში

06.04.2026
თუ ჯარი გიწევთ და საზღვარგარეთ ხართ, ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ – ცვლილება კანონში

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პირი, რომელსაც ჯარში წასვლა უწევს და ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფება, ვალდებულია ქვეყანაში დაბრუნდეს და გამწვევ კომისიას მიმართოს.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა.

ცვლილებები დღეს, 6 აპრილს პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს.

კომიტეტზე სამინისტროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარმოადგენდა.

ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის კოდექსში და საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში.

იცვლება პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების პროცედურა.

კერძოდ, თუ პირი არ ჩაიბარებს უწყებას სამხედრო გაწვევის შესახებ, მაშინ ეს შეტყობინება/უწყება გამოქვეყნდება სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაითვლება ჩაბარებულად გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში.

პროექტის მიხედვით, პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება ჩაბარდეს ზემოაღნიშნული უწყება, განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

თუ პირი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად არ გამოცხადდება, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196-ეს მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად, 1000 ლარით დაჯარიმდება.

ხოლო თუ პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით არ გამოცხადდება, სასკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასევე 1000 ლარით დაჯარიმდება.

რაც შეეხება ცვლილებებს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“, მე-18 მუხლის პირველი პუნქტში შევა შემდეგი ცვლილება – წინადადება „სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე“ შეიცვლება წინადადებით „სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“.

ამ ჩანაწერით ყველა პირი, ვისაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა უწევს, ვალდებული იქნება ჩამოვიდეს საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: