განათლება,მთავარი,სიახლეები

„აღარავის უნდა დამრიგებლობა. პასუხისმგებლობა დიდია, ხელფასი კი 79 ლარი“ – მასწავლებლები

31.08.2026
„აღარავის უნდა დამრიგებლობა. პასუხისმგებლობა დიდია, ხელფასი კი 79 ლარი“ – მასწავლებლები

1500-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს პეტიციას, რომლითაც მასწავლებლები მოითხოვენ, გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ხელფასი.

ნატო ტიღაშვილი თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში ასწავლის. იგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და დამრიგებელია. როგორც დამრიგებელს, ანაზღაურების სახით 79 ლარი და 38 თეთრი ერიცხება, მაშინ როცა მისი ყურადღება და პასუხისმგებლობა 27 ბავშვზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

ნატო ტიღაშვილის თქმით, მძიმე შრომის, მაღალი პასუხისმგებლობისა და დაბალი ანაზღაურების გამო, სკოლებში დამრიგებლობა ბევრ მასწავლებელს აღარ უნდა, რადგან „ხელფასი შეურაცხმყოფელია და აცდენილია რეალობას“.

„უბრალოდ, დაწყებით კლასში, სადაც კომბინირებულზე ვართ დასაქმებული მასწავლებლები, ვერ ვამბობთ დამრიგებლობაზე უარს, რადგან ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს ეს საქმე“- ამბობს მასწავლებელი.

„იმიტომ, რომ სამ საგანს ვასწავლით, რეალურად, მართლა ჩვენზე არიან ეს ბავშვები მოკედლებულები და არ გამოდის სხვანაირად. ამ ბავშვებსაც სჭირდებათ ვიღაც, ვისთანაც მივლენ რაღაც პრობლემის დროს.

დამრიგებლის შრომა არის შრომატევადი, იქნება ეს დოკუმენტაციის მოწესრიგება, მშობლებთან კომუნიკაცია და ბევრი სხვა დეტალია, რომელიც ითხოვს დიდ ძალისხმევას. ამიტომ ეს 79 ლარი არის დაცინვა, რადგან თუ ამ თანხას 27 ბავშვზე გავყოფთ, 2 ლარი და თეთრები გამოდის. პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, რადგან თუ რამე მოხდება პირველი ეს კითხვა ისმის, – „სად იყო დამრიგებელი?“, „დამრიგებელი სად გყავდათ?“. პასუხი პირველ რიგში მოეთხოვება დამრიგებელს და თუ ჩვენ ამხელა პასუხისმგებლობას ვიკიდებთ, მაშინ ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი, ხომ?!

უკვე აღარავის უნდა ეს დამრიგებლობა, გადავალ მაშინ სპორტის მასწავლებლად და ამით საათებს მაინც შევივსებ“ – ამბობს ნატო ტიღაშვილი.

მისი თქმით, უკვე შვიდი წელია, რაც სკოლაშია დასაქმებული და ამ წლების განმავლობაში დამრიგებლის ხელფასი არ გაზრდილა.

„ვინც სკოლის სტრუქტურაში ან განათლების სექტორშია დასაქმებული, ამას მშვენივრად ხვდება, მაგრამ ამის მიუხედავად, არ ფიქრობენ, რომ დამრიგებლის ხელფასი გაზარდონ. ალბათ იმიტომ, რომ დამრიგებლების ნაწილიც თანახმაა ამ ყველაფერზე… ვიღაცას სამსახურის დაკარგვის შიში აქვს, ვიღაცამ თავისი უფლებები არ იცის, ვიღაცას შესაძლოა პენსიაც ერიცხება, სკოლის ხელფასიც და ეს მისთვის მისაღებია. ბევრი მიზეზია.

მეორეა ის, რომ როცა ჩვენ ხელფასების ზრდაზე ვიწყებთ საუბარს, გვეუბნებიან რომ ფინანსები არ არის“ – ამბობს ნატო ტიღაშვილი.

წელს განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მოითხოვა 700 000 ლარის დახარჯვა იმისთვის, რომ ღონისძიებაზე „ოცნების“ მთავრობის წევრებმა სიტყვით მიმართონ პირველკურსელებს.

თუ ასეთი შემთხვევების დროს არსებობს ფინანსები, დამრიგებლის ხელფასების დროს რატომ ჩნდება ხოლმე „კრიზისი“, რას გეუბნებიან? – ვკითხეთ მასწავლებელს.

მისი თქმით, სამინისტროს პასუხია, რომ ასეთ თანხებს ერთჯერადად ხარჯავს, მაგრამ ყოველწლიურად რომ გაიღოს თუნდაც იგივე ხარჯი ხელფასებზე, არ სურს.

„თავს არიდებენ ამხელა თანხების გაღებას ჩვენი ხელფასებისთვის. მაგრამ აქ ბავშვის უსაფრთხოებაზეა საუბარი, კრიზისების მართვაზე. ამის მიუხედავად, შეუძლიათ გვითხრან – „თუ არ მოგწონთ, წადით სამსახურიდან“. ეს მიდგომაა“-ამბობს ნატო ტიღაშვილი.

რამდენად აქვს სკოლას, განათლების სამინისტროს იმის რესურსი, რომ ამდენ მასწავლებელს უთხრას – „თუ არ მოგწონს, წადი?“- ვკითხეთ მას.

ნატო ტიღაშვილის თქმით, ბევრი ახალგაზრდა აბარებს საგნობრივ გამოცდებს და ცდილობენ სისტემაში შესვლას. მისი თქმით, „ეს ის ხალხია, ვინც ყველაზე მეტად იღებს ხმას და დაბალ ანაზღაურებასაც აპროტესტებს“.

„რამდენიმე დღეა, რაც პეტიცია გავაკეთე და ვითხოვთ, რომ დამრიგებლის ხელფასი სულ ცოტა 300 ლარი გახდეს ხელზე დარიცხული, რადგან მე ახლა პირველი სადამრიგებლო კლასი მყავს და მინიმუმ 300 ლარი პირველი სასწავლო დღისთვის მჭირდება, რომ კლასი გავალამაზო, ბავშვებს შემოსვლა უხაროდეთ.

რა თქმა უნდა, ამისთვის რესურსებს მე ვყიდულობ. ფერადი ფურცელი გჭირდება, ფერადი პრინტერი თითქმის ყოველდღე, რომ რაღაც თვალსაჩინოება ამოვბეჭდოთ და სხვა ბევრი რამ, რასაც ყოველთვის სკოლა ვერ მოგცემს. ეს ხომ პირადი ხარჯია. ამიტომ 76 ლარი ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რესურსებიც ვიყიდოთ და ჩვენი შრომაც დაფასდეს. მითუმეტეს, ახალი სახელფასო ცვლილების ფონზე.

კიდევ ერთი პეტიცია მაქვს გაკეთებული იმაზე, რომ დაწყებითი მასწავლებლის 13-საათიანი ანაზღაურება გაუთანაბრდეს 18-საათიანი დატვირთვის ანაზღაურებას. დაწყებითებში საათები რეალურად არასდროს მოგვემატება, რადგან ბავშვს 6 გაკვეთილზე ვერ დასვამ. შესაბამისად, ჩვენ 13 საათი უნდა ჩაგვეთვალოს სრულ დატვირთვად და უნდა მოგვეცეს სრული ანაზღაურება“- ამბობს ნატო ტიღაშვილი.

მისი თქმით, პეტიციაზე, სადაც მასწავლებლები დამრიგებლის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ, უკვე მოაწერა ხელი 1400-მდე პირმა. პეტიციის შედეგები გადაეგზავნება განათლების სამინისტროს რეაგირებისთვის.

„თუ არადა მე თვითონ მივიტან ამ შედეგებს სამინისტროში და დავარეგისტრირებ, რომ პასუხი მივიღო სამინისტროსგან ჩვენს მოთხოვნაზე“ – გვეუბნება ნატო ტიღაშვილი.

„ბათუმელები“ კერძო სკოლის მასწავლებელსაც ესაუბრა დამრიგებლის ხელფასებთან დაკავშირებით.

ეკატერინე ჩიქოვანი სკოლა „ნიუჯი-ახალი თაობაში“ მუშაობს და მიიჩნევს, რომ მათი ანაზღაურებაც, საჯარო სკოლების მსგავსად, საკმაოდ დაბალია.

„არის კერძო სკოლები, რომლებიც უფრო მეტს იხდიან სადამრიგებლო საათებში და არის ისეთი სკოლებიც, რომლებიც საერთოდ არ უხდიან დამრიგებელს. სადამრიგებლოც შედის მასწავლებლის ანაზღაურებაში და ამიტომ. პირობითაც ვამბობ, თუ სკოლა გიხდის 1700 ლარს, ამაში შედის სადამრიგებლოც. ცალკე არ გიხდიან.

არის ისეთი კერძო სკოლებიც, სადაც ძალიან დაფასებულია დამრიგებლის შრომა, თუმცა ასეთი სკოლები იშვიათია.

არც ის მესმის, რატომ არიან ასე დაყოფილი კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლები სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენც მომავალი თაობის აღზრდასა და მათ უსაფრთხოებას ვემსახურებით. იგივე პასუხისმგებლობები გვაქვს ჩვენც, ამიტომ შრომითი უფლებები ყველგან თანაბრად უნდა იყოს დაცული“- ამბობს ეკატერინე ჩიქოვანი.

მისი თქმით, დამრიგებელს, სადამრიგებლო კლასის გარდა სხვა პასუხისმგებლობაც აქვს აღებული, ამიტომ მისი შრომა ორმაგდება.

„სადამრიგებლოს გარდა ჩვენ გვაბარია სხვა კლასებიც, სადაც კონკრეტულ საგანს ვასწავლით. მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სხვა კლასებში, მაგრამ მყავს სადამრიგებლო, მე-11 კლასი.

წარმოიდგინეთ, ჩემი მოვალეობა რამდენად უფრო მაღლა იწევს და რამდენად უფრო მეტი სამუშაო მაქვს, რადგან გაკვეთილის ჩატარების პარალელურად სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებზეც უნდა ვიზრუნო.

აი, მაგალითად, დილას ვიწყებთ 9 საათზე, ხომ? რა თქმა უნდა, ჯერ სადამრიგებლო კლასში შედიხარ და ამოწმებ, მოვიდნენ თუ არა მოსწავლეები დროულად, ვინმემ ხომ არ დააგვიანა. თუ რომელიმე ბავშვი აკლია, უნდა დაუკავშირდე მშობელს და მოიკითხო. იქნებ მშობელმა გამოუშვა სახლიდან და ბავშვი არ მოსულა კლასში?! თუ ასე არ მოვიქცევი, პასუხს მე მომთხოვენ.

მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა მშობელმა დამირეკა და გამაფრთხილა, რომ ბავშვი 5 წუთით დააგვიანებსო. თუმცა გავიდა 5 წუთზე ბევრად მეტი და ბავშვი არ გამოჩნდა. ამ დროს მე ჩემს გაკვეთილზე ვარ. ვთხოვე სხვა მასწავლებელს, რომ ჩამნაცვლებოდა. გამოვედი და დავურეკე მშობელს. სანამ გავარკვევდით თუ რა მოხდა, ერთი სიკვდილი დავამთავრე, როგორც იტყვიან.

აღმოჩნდა, რომ ბავშვმა იქვე სკოლასთან მაღაზიაში შეიარა და ამიტომ დააგვიანდა.

დამრიგებელი ვალდებულია იცოდეს სად არის ბავშვი, რატომ არ არის, როგორ არის. რაიმე რომ მოხდეს, პირველი რასაც იკითხავენ, არის – „დამრიგებელი სად იყო?“

თუ სკოლაში არ დადიოდა, იქ შესაძლოა ჩამორჩენა ჰქონდეს რომელიმე საგანში და ამაზეც დამრიგებელმა უნდა იზრუნოს. მე საფიქრალი მაქვს სადამრიგებლო კლასზეც და იმ კლასებზეც, სადაც საგანს ვასწავლი.

ნებისმიერი მასწავლებლის უკან დგას ოჯახი და დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ანაზღაურებისთვისაც. იმიტომ, რომ მყავს 8 წლის შვილი და მასაც აქვს საჭიროებები, ვიღაცას ჰყავს 3 შვილი, ვიღაცას ხანდაზმული მშობლები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ და ნამდვილად არ არის სამარცხვინო, თუ ვითხოვთ ღირსეულ, ჩვენი შრომის შესაბამის ანაზღაურებას.

რა თქმა უნდა, ბავშვებიც გვიყვარს, პასუხისმგებლობასაც ვიღებთ, მაგრამ მოვითხოვთ ამ შრომის დაფასებას. კიდევ ვამბობ ხაზგასმით, რომ არ არის სირცხვილი მასწავლებელმა ისაუბროს თავის ხელფასზე, ისაუბროს იმაზე, რომ რასაც აკეთებს პირნათლად, ამაში უნდა აიღოს ანაზღაურება“- ამბობს ეკატერინე ჩიქოვანი.

მისი თქმით, 79 ლარი, რომელსაც საჯარო სკოლაში დამრიგებლებს უხდიან, მშობლებთან ზარების განხორციელებისთვისაც კი არ არის საკმარისი.

„მე მაქვს მაგალითად, ულიმიტო პაკეტი, რომელიც თვეში ღირს 30 ლარი. თუ არ ჩავრთე, როგორ დავუკავშირდე მოსწავლეს, მშობელს? რაიმე რომ მოხდეს, ხომ უნდა გავარკვიო სასწრაფოდ. 79 ლარს რომ ვიღებ და ნახევარს ტელეფონში ვიხდი, აქ მაინც ხომ შეიძლება იყოს შეღავათები ჩვენთვის? ხომ შეუძლიათ კომპანიებს მოელაპარაკონ და ნაკლები ტარიფები არსებობდეს ჩვენთვის?!

თუ რამე მოხდა, „დამრიგებელი არ ვარგოდა“, „დამრიგებელია პასუხისმგებელი“, „დამრიგებელი სითბოს არ იჩენს“ – ამბობენ.

გავიდნენ და ნახონ, როგორი ფასებია გარეთ, პურის ფასი მოიკითხონ, ცხოვრება რა ღირს, ეს მოიკითხონ. გადასახადებმა მოიმატა, მასწავლებელმაც ხომ უნდა არჩინოს ოჯახი. თუ ყველაფერი ძვირდება, ეს ჩვენი ხელფასი რატომ ტრიალებს ერთი და იმავე ადგილას?!“ – კითხვას სვამს ეკატერინე ჩიქოვანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: