აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2 ათასი ცალი ყავის ფინჯანს დამზადება-შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 ათასი ლარია დღგ-ს გარეშე.
ჭიქების დამზადება-შესყიდვა, როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყდა „აჭარის ტრადიციული ნაქარგობებისა და აჭარული ორნამენტების პოპულარიზაციის მიზნით“.
ტენდერის პირობის მიხედვით, უნდა დამზადდეს „აჭარული ნაქარგობების დიზაინით მომზადებული საპრომოციო – ბრენდირებული ყავის ჭიქა თეფშით, სპეციალური წარწერითა და სასაჩუქრე ყუთით“.
ფინჯნის ტევადობა – 200 მლგ; მასალა – კერამიკა; ფინჯანზე და ლამბაქზე დატანილი უნდა იყოს აჭარული ნაქარგობის ამსახველი ორნამენტი; ფინჯნის ძირზე – ლოგო და წარწერა; ასევე უნდა დამზადდეს საინფორმაციო ბარათი, რომელიც უნდა იყოს ორენოვანი.
ტენდერს თან ახლავს ესკიზები:

წყარო: ტენდერი
„საპრომოციო მასალა უნდა მომზადდეს მაღალი ხარისხით, ფერები უნდა დაიპრინტოს დიზაინის მიხედვით, პრინტი უნდა იყოს გამძლე. ჭიქა და თეფში შეხვეული უნდა იყოს დამცავი ქაღალდით ან მასალით, რომ არ გატყდეს. ჭიქა და თეფში ჩალაგებული უნდა იყოს ინდივიდუალურად სასაჩუქრე მუყაოს ყუთში. სასაჩუქრე ყუთს არ უნდა ჰქონდეს წარწერები“, – წერია ტენდერის პირობაში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა საქონელი ტურიზმის დეპარტამენტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.
„შესყიდვის ობიექტის მიწოდებას და მის დასაწყობებას [გადაზიდვას] მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. ქვეკონტრაქტორი არ დაიშვება“, – წერია ტენდერში.
ტურიზმის დეპარტამენტის სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის კვლევის შედეგებით დაადგინეს:
„ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ. ბაზრის კვლევა გამოცხადდა დღგ-ს გარეშე. ერთი კომპანის მიერ წარმოდგენილი ფასია 104 000 ლარი, მეორე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასია – 100 000 ლარი, ხოლო მესამე კომპანიის ფასია – 98 000 ლარი“, – წერია ოქმში.
ამავე თემაზე:
ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა






