მთავარი,სიახლეები

კრწანისის ტყეპარკში „არაბული ქალაქის“ კონცეფცია ცნობილია – შენიშვნების წარდგენა დაიწყო

31.08.2026
კრწანისის ტყეპარკში „არაბული ქალაქის“ კონცეფცია ცნობილია – შენიშვნების წარდგენა დაიწყო

კრწანისის ტყეპარკისა და მიმდებარე ტერიტორიაზე „არაბული ქალაქის“ განაშენიანების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. შესაბამისი პროცედურები დაწყებულია შესაბამის სახელმწიფო უწყებებშიც.

„ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაანონსებული. ამასთან, დაახლოებით 6 თვის წინ, „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა. „იგლ-ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები გასაიდუმლოებულია.

2026 წლის 27 აგვისტოს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც კრწანისის პარკს [თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს] მოიცავს; ამ კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია.

პროექტის ვიზუალიზაცია/კონცეფციიდან

აღნიშნულ ეტაპზე უნდა გაიცეს სკოპინგის დასკვნა, რომელიც აუცილებელია სგშ-ს საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად და შემდგომი ადმინისტრაციული წარმოების გასაგრძელებლად.

სკოპინგის დასკვნაში უნდა გაიწეროს კონკრეტული მითითებები და პირობები, რომლებიც სგშ-ს ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ მომდევნო ეტაპზე. ამ დასკვნაში უნდა იყოს ასევე საზოგადოების [მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების] და დარგობრივი უწყებების/ექსპერტების მიერ გამოთქმული დასაბუთებული შენიშვნები, რომლებიც შემდეგ უკვე საბოლოო დოკუმენტში უნდა აისახოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით ამ შემთხვევაში სგშ-ის სკოპინგის დასკვნის გამცემი უფლებამოსილი ორგანოებია გარემოს ეროვნული სააგენტო და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

სგშ-ის სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა დაინტერესებულ პირებს 2026 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე:

  • სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნებისა და მოსაზრებების ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნისას ადრესატად მიუთითოთ: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო);

ასევე:

  • სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ელფოსტაზე: info@ncdc.ge (მის.: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №99).

„გარდაბნისა და თბილისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კერძოდ კი სოფელი ფონიჭალას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ იგეგმება ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომელიც მეტ წილად განვითარდება ინდივიდუალური საცხოვრისებით, კერძოდ ვილებისა და თაუნჰაუსების სახით, დასახლების ცენტრალურ ნაწილში კი თავმოყრილი იქნება საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.“ – წერია კონცეფციაში.

პროექტის ვიზუალიზაცია/კონცეფციიდან

ამავე კონცეფციის მიხედვით,კრწანისის ტერიტორია, რომელიც ფონიჭალის ნაკრძალსა და მდინარე მტკვარს ესაზღვრება, იძლევა იშვიათ შესაძლებლობას შეიქმნას სიცოცხლით სავსე, მყუდრო უბანი. პროექტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 633 ჰექტარს, ასახავს ტრანსფორმაციულ ურბანულ ამბიციას – ხელახლა გააცოცხლოს მდინარისპირა ცხოვრება და გააძლიეროს თბილისის აგლომერაციის გლობალური იდენტობა“.

საპროექტო არეალი დოკუმენტების მიხედვით მოიცავს 41 მიწის ნაკვეთს [საერთო ფართობით 633 ჰა]. 41-ივე საკადასტრო ერთეული ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, თუმცა ისინი „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტითაა გადაცემული.

„საპროექტო წინადადებით იგეგმება არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანება მდ. მტკვრის სანაპიროების გათვალისწინებით და შემდგომი გამიჯვნა განაშენიანების დეტალური გეგმების არეალების შესაბამისად.

კონცეფციაში წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და პარამეტრები შესაძლოა შეიცვალოს ან დაზუსტდეს მიმდინარე ტექნიკური კვლევების, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცესის შედეგების საფუძველზე.“ – წერია კონცეფციაში.

„იგლ ჰილსის“ პროექტი უნდა განხორციელდეს გონიოშიც, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში კონცეფცია, ასე ვთქვათ, საჯარო დოკუმენტების სახით არ გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გონიოში საინვესტიციო ტერიტორია მთლიანად მოქცეულია „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებში და ის საერთაშორისო დონეზე დაცული ტერიტორიაა.

ამ თემაზე ვრცლად:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: