მთავარი,სიახლეები

360 ათასი ლარი ახალი საჯარო სკოლის პროექტისთვის ბათუმში – კონკურსი

31.08.2026
360 ათასი ლარი ახალი საჯარო სკოლის პროექტისთვის ბათუმში – კონკურსი

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის განათლების სამინისტრომ ბათუმში საჯარო სკოლის დაპროექტებაზე ტენდერი 360 ათასი ლარით გამოაცხადა.

ახალი სკოლის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აქ სკოლისთვის ჯამში 7 390 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთია გათვალისწინებული.

„გასათვალისწინებელია, რომ სკოლისთვის განკუთვნილ ტერიტორიას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება ქუჩა“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.

ამავე დავალების მიხედვით, სასწავლო კორპუს(ებ)ის სართულიანობა უნდა იყოს 3 სართული + სარდაფის სართული ან ნახევარსართული. მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა კი – 750 მოსწავლე [±50 მოსწავლე] ერთ ცვლაში [25 მოსწავლე ერთ კლასში], ჯამში 1 500 მოსწავლე ორ ცვლაში.

ამასთან, „პროექტირებისას კონკურსანტი ვალდებულია საპროექტო დოკუმენტაცია დაამუშაოს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ნორმატიული დოკუმენტების გათვალისწინებით.

პროექტირების პროცესში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი ზეპირი სახით შეთანხმდება შემსყიდველთან“.

შემსყიდველთან, ანუ სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება ასევე დაზუსტდეს „არქიტექტურული დეტალები და ფერთა გამა“.

კონკურსის მოთხოვნაა, რომ პროექტში გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტაციის ღონისძიებები. „კერძოდ, შენობა-ნაგებობებთან მისასვლელი პირობები, შენობაში შესასვლელი პანდუსები ნორმების გათვალისწინებით, სველი წერტილები. ყველა სართულისათვის მოეწყოს სამგზავრო ლიფტი შშმპ-თვის“ – წერია პირობებში.

კონკურსში გამარჯვებულს დაპროექტებასთან ერთად ევალება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაც. სამომავლოდ, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებითა და შემდეგ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერით დაზუსტდება, რა თანხა იქნება საჭირო „ოცნების ქალაქში“ სკოლის ასაშენებლად. ტენდერით განისაზღვრება მშენებლობის დაწყება-დასრულებისთვის საჭირო ვადებიც.

კონკურსში წინადადებების მიღება 2026 წლის 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: