განათლების სამინისტრო, საჯარო სკოლებში დასაქმებულ სასულიერო პირებს, კლუბურ მუშაობაში, ხელფასის სახით თვეში 650 ლარს გადაუხდის.
ამის შესახებ „ბათუმელების“ მიერ განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის შემდეგ გახდა ცნობილი.
განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 141 საჯარო სკოლაში [სულ 175 კლუბი] ფუნქციონირებს ე.წ „ღირებულებითი განათლების კლუბები“. ბიუჯეტიდან ამ კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირების ხელფასებზე თვეში 113 750 ლარი დაიხარჯება, რაც წელიწადში მინიმუმ 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გამოდის.
როგორც სამინისტროდან წერილობით გვაცნობეს, კლუბებში სასულიერო პირები მოსწავლეებს „ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო უნივერსალურ ღირებულებებთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრებიან და „ასე უწყობენ ხელს მოსწავლეებში ღირებულებების გაძლიერებას“.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კლუბებისთვის სასულიერო პირები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გადაამზადა.
ფოტოზე: კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირები. ფოტო: განათლების სამინისტრო.
_______________
ამავე თემაზე:
„აღარავის უნდა დამრიგებლობა. პასუხისმგებლობა დიდია, ხელფასი კი 79 ლარი“ – მასწავლებლები






