„რუსული არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდებით დაკავებულმა ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა და იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, რომან მელნიჩენკომ განაცხადა, რომ იზოლატორში მას უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლას აიძულებდნენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დევნილი მედია ავრცელებს.
53 წლის პროფესორმა ზეწოლის შესახებ ადვოკატ დმიტრი სოტნიკოვისთვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა. მელნიჩენკომ რეკრუტერს ომში წასვლაზე უარი იმით აუხსნა, რომ ეთნიკურად უკრაინელია. გარდა ამისა, მას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს – ერთ თვალში მინუს 10%, მეორეში კი მინუს 20%.
ადვოკატმა შეშფოთება გამოთქვა თავისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და წინასწარი დაკავების იზოლატორის დირექტორს შშმ პირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.
2022 წელს პროფესორი ანტისაომარი პოზიციის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის დევნას განიცდიდა, სასამართლოში დავობდა იუსტიციის სამინისტროსთან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გამო და ამაზე საჯაროდაც საუბრობდა.
მელნიჩენკოს დაკავების შესახებ ივლისის ბოლოს გახდა ცნობილი.
პროფესორი დააკავეს შეიარაღებული უწყებების თანამშრომლებმა, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით. ისინი იურისტის ბინაში შეიჭრნენ და სახით იატაკზე დააწვინეს.
პოლიციის ვერსიით, გასული წლის სექტემბერში პროფესორმა ინტერნეტში განათავსა „ვიდეომასალა, რომელიც შეიცავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ ინფორმაციას“. უცნობია, კონკრეტულად რომელ ჩანაწერებზეა საუბარი.
მელნიჩენკოს კომპიუტერი, მიკროფონები, ვებკამერა და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. პროფესორი ტელეგრამ-არხს მართავდა და ონლაინ ლექციებს ატარებდა.






