რუსეთმა უარყო ინიციატივა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთმა უარყო თურქეთის წინადადება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ პარასკევს, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს წინაპირობებს სიტუაციის გაუმჯობესებისთვის და, შესაბამისად, ვერ ხედავს მიზეზს, რომ დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას შავ ზღვაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის წინადადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მედიაში გააჟღერა, მაგრამ რუსეთს ანკარისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია.

ზახაროვამ ამავდროულად უკრაინა დაადანაშაულა გემებზე თავდასხმაში, მაგრამ არ ახსენა რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმები. მან ასევე გამორიცხა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც 2022-2023 წლებში მოქმედებდა.

8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა  თურქულ ახალი ამბების სააგენტოსთან, „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს, დააწესონ მორატორიუმი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე წარმოადგინა ინიციატივა მორატორიუმის შესახებ, რომელიც თურქეთმა რუსეთს გადასცა და პასუხს ელოდებიან.

ამავე თემაზე:

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში ნიკო ნერგაძესთან ერთად შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ახალი, მე-15 ეპიზოდით გრძელდება. ამ ვიდეო ეპიზოდში კი გაიგებთ, „როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება?“.

შვებულება დასვენების დროა, თუმცა რამდენად კარგად ვიცით, რეალურად რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე? ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ ამ საკითხს იკვლევს და გვიყვება, როგორ დავისვენოთ ისე, რომ შვებულების ეფექტი ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნების შემდეგაც დიდხანს შევინარჩუნოთ.

ვიდეო პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ იმ კითხვებზე პასუხების ძიებას ცდილობს, რომლებსაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვს. პოდკასტში განხილული თემები თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომ არ არის ჭეშმარიტება ყოველთვის შავ-თეთრი.

თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება და მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო პლატფორმებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

გაეცანით „არის ერთი ნიუანსის“ ვიდეო პოდკასტების სრულ ეპიზოდებს.

ლატვიის საჰაერო სივრცეში ნატოს გამანადგურებლებმა დრონი ჩამოაგდეს

14 აგვისტოს ღამეს, ლატვიის რამდენიმე, რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონში, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

ლატვიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში უცხო ქვეყნის დრონი ჩამოაგდეს.

ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოვარდნილი დრონის წარმოშობის ქვეყანა არ მიუთითეს, თუმცა უწყება აცხადებს, რომ დრონმა ლატვიის საჰაერო სივრცე რუსეთის მიერ ელექტრონული საბრძოლო სისტემების გამოყენების შედეგად დაარღვია.

ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი ადგილმდებარეობა უკვე ცნობილია. ის ბოჟევასის ტბასთან, ქალაქ ბალვიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ლატვიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სანამ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, მსგავსი ინციდენტები, სავარაუდოდ, განმეორდება.

ამავე დროს, ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 14 აგვისტოს, დილით, შეიარაღებულმა ძალებმა ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში ფრენებისა და გადაზიდვების დროებითი შეზღუდვა დააწესა. შეზღუდვა სულ 4 საათს გაგრძელდა და ამჟამად მოხსნილია.

________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/VALDA KALNINA

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს 21 საათიდან 15 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
    ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15  – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორი დღეს, 16-17 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის წვიმა.

________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

პოლიციამ „გლოვოს“ კურიერის ჯგუფურად ცემის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავა. ამ საქმეზე ამჟამად სულ 5 პირია დაკავებული, მათ შორის – არასრულწლოვანები.

ჯგუფურად ცემის შედეგად „გლოვოს“ კურიერი კლინიკაში მოხვდა ჯანმრთელობის დაზიანებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს, ხოლო კიდევ ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 464 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 264 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 141 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 47 870 ერთეული [+46]
  • MLRS – 2 024 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 565 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 459 649 ერთეული [+1 676]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 229 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 133 853 ერთეული [+448]
  • სპეცტექნიკა – 4 524 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მედვედევმა იდიოტები უწოდა ახალგაზრდა რუსებს, რომლებიც „დრამატულ პერიოდში“ ქვეყანას მხარს არ უჭერენ

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – საკონსტიტუციოს მხოლოდ ერთი მოსამართლის განსახვავებული აზრი

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებას ეხება. ამავდროულად, სასამართლომ უარი თქვა სადავო ნორმის შეჩერებაზე, ვიდრე მოსამართლეები ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად წლების განმავლობაში აჭიანურებს, როცა საქმე რეზონანსულია და დემოკრატიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო შემადგენლობით: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე.

მათგან მხოლოდ ერთმა, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობაზე – ამ მოსამართლის აზრით, სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეჩერებულიყო.

  • რატომ არ შეაჩერა „ტროტუარზე პროტესტის აკრძალვის საქმეზე“ სადავო ნორმების მოქმედება საკონსტიტუციომ? 

„მოსარჩელეების განმარტებით, ტროტუარზე პროტესტის ამკრძალავი ნორმები რეალურად არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ან სხვა ლეგიტიმურ ინტერესს, არამედ მიმართულია აქციის მონაწილეთა დასჯისა და დაშინებისკენ.

აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოქმედი რეგულაციით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს, კანონდარღვევის შესაწყვეტად მიცემული 15-წუთიანი ვადა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. მოსარჩელის შეფასებით, ასეთი მიდგომა პრევენციული მიზნის ნაცვლად რეპრესიულ ხასიათს ატარებს და მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ამოცანა არა წესრიგის აღდგენა, არამედ საპროტესტო აქტივობის ჩახშობაა,“ – აღნიშნულია პირველი კოლეგიის საოქმო ჩანაწერში.

საუბარია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კონკრეტულ, ახალ ჩანაწერზე, ისე „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონზე“, ასევე სისხლის სამართლის კოდექსზეც – ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ ხელახლა ქმედების ჩადენა უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობამ ტროტუარზე პროტესტის გამოც დაიწყო მოქალაქეების დაპატიმრება, ერთდროულად რამდენიმე სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მაგალითად, 2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს და მათგან ხუთს პატიმრობა შეუფარდეს.

სასამართლოში ამ კუთხით 6 სხვადასხვა სარჩელი შევიდა. სასამართლომ სარჩელები გააერთიანა და ერთ საქმედ განიხილავს.

სასამართლო ასაბუთებს, რატომ არ შეაჩერა გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმების მოქმედება:

„საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები…

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“

შეკრების თავისუფლების შეუქცევადად დაზიანების კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სადავო რეგულაცია ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს შეკრება/მანიფესტაცია და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის.

მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს შეკრების უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. სადავო რეგულაცია მიემართება შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მათ არ მიიღებდა არსებითად განსახილველად, თუმცა სადავო რეგულაციის კონსტიტუციურობის შეფასება, წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაფასებელ მოცემულობას. მოცემულ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ იწვევს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი,“ – აღნიშნულია საოქმო ჩანაწერში.

  • მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი 

„საოქმო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმული განსხვავებული აზრის ფარგლებში, არ გავიზიარე ჩემი კოლეგების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტა,“ – ვკითხულობთ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის მიერ ერთ-ერთ სარჩელთან დაკავშირებით მომზადებულ განსხვავებული აზრის დოკუმენტში, – „რამდენადაც მივიჩნიე, რომ გამოუსწორებელი ზიანის არსებობა-არარსებობის საკითხის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ, ფაქტობრივად, არ იქნა გათვალისწინებული განსახილველი საკითხის კონსტიტუციურსამართლებრივი თავისებურებები და სადავო ნორმებით შეზღუდული უფლებების ბუნება.

იმავდროულად, აღვნიშნე, რომ, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია, არამედ, უპირველესად, როგორც, მათ შორის, შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია.

იმავდროულად, ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ და რა გავლენას ახდენს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებაზე ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას – თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ხსენებულ უფლებასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, განსაკუთრებით მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირების მიუღებელ, მკაცრად გაკრიტიკებულ და რთულად გამართლებად ფორმად მიიჩნევა.

დამატებით, მოცემულ შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს არც ის მიუღიათ მხედველობაში, რომ საპატიმრო სასჯელების შემუშავებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასაცავი სიკეთე, თვისებრივად, არ არის იმგვარი, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე მსგავსი სანქციის/სასჯელის დაწესების საპირწონე იქნებოდა,“ – აღნიშნულია მოსამართლის განსხვავებულ აზრში.

კიდევ ერთ სარჩელთან დაკავშირებით გიორგი კვერენჩხილაძე წერს:

„ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია/სასჯელი, არამედ, უპირველესად, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლებების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია.

იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ.

ჩემს კოლეგებს სათანადოდ არ უმსჯელიათ, რა გავლენას ახდენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლებების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას, თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ხსენებულ უფლებებთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, განსაკუთრებით მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირების მიუღებელ, მკაცრად გაკრიტიკებულ და რთულად გამართლებად ფორმად მიიჩნევა…

…სადავო ნორმების საფუძველზე, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საკითხის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობისა და სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის, როგორც ადამიანის თავისუფლების მზღუდავი ღონისძიების სპეციფიკით, არამედ უნდა გაეთვალისწინებინა თავად გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების ბუნება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის ჭრილში, უნდა შეეფასებინა ის, რა გავლენას ახდენდა სადავო რეგულირება უშუალოდ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელებაზე, მათ შორის, ქმნიდა თუ არა „მსუსხავ ეფექტს“ მათ რეალიზებაზე და აღნიშნულ პროცესში, იწვევდა თუ არა იმგვარ შეუქცევად შედეგებს, რომელთა აღმოფხვრის პოტენციალი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააჩნია.

რაც შეეხება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან თავის შეკავებით გამოწვეულ ზიანს, ვფიქრობ, მსგავსი ზიანი, თავისი ბუნებით, ვერ ექვემდებარება შემდგომ სრულ აღდგენას.

აღნიშნული უფლებები არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდის მიერ საკუთარი შეხედულებების აბსტრაქტულ ან მომავალში გამოხატვის შესაძლებლობას, არამედ მათი კონსტიტუციური ღირებულება, არსებითად, სწორედ კონკრეტულ დროს, ადგილსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტში განხორციელების შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული.

ამ გარემოებათა ერთობლიობა განსაზღვრავს, მათ შორის, პოლიტიკური პროტესტის, საჯარო დისკუსიისა და კოლექტიური გამოხატვის რეალურ მნიშვნელობას.

შესაბამისად, თუ პირს ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის საფრთხე განგრძობითად აიძულებს, უარი თქვას კონკრეტულ შეკრებაში მონაწილეობაზე ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე, აღნიშნული შესაძლებლობა შემდგომ ვეღარ აღდგება.

მოგვიანებით ჩატარებული შეკრება ან იმავე საკითხზე სხვა დროს გამოხატული პოზიცია ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენაზე, სახელმწიფო გადაწყვეტილებასა თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე დროული რეაგირების შესაძლებლობას.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმები პასუხისმგებლობის სახით საპატიმრო სანქციებს/სასჯელებს ითვალისწინებს, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პირმა, პოტენციური სანქციის თავიდან აცილების მიზნით, აბსოლუტურად თავი შეიკავოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან, ხოლო ამგვარი თავშეკავებით დაკარგული შესაძლებლობა, თავისი დროითი და კონტექსტური სპეციფიკის გამო, შემდგომი სამართლებრივი საშუალებებით სრულად ვეღარ აღდგება.

შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სადავო ნორმები წარმოშობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხეს მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებისათვის“ – წერს მოსამართლე განსხვავებულ აზრში.

„დღეს მე და ჩემი დაქალი ვიყავით მისული მზიასთან და რაც შეგვეძლო ის მივუტანეთ“ – გამოხმაურება

„დღეს მე და ჩემი დაქალი ვიყავით მისული მზიასთან და რაც შეგვეძლო ის მივუტანეთ, ველაპარაკეთ მას და ძალიან ვწუხვართ მის გამო. წარმოიდგინეთ, არც წყალი აქვთ, არც დენი, არც ინტერნეტი, საერთოდ ყველაფერს მოწყვეტილები არიან – ცალკე შუა მინდორზე და მანდ აპირებენ ცხოვრებას, ერთი პატარა გაზის კამფორა აქვთ და მაგის ფულს ძლივს ვშოულობთო რომ საჭმელი გავაკეთოთო.

მე, უბრალოდ, იმიტომ გწერთ, რომ საზოგადოებას სთხოვოთ – ვის რისი საშუალება და შესაძლებლობა ექნება, რომ დაეხმარონ. გთხოვთ პირადად მზიას გამოვართვი თავისი პირადი ნომერი – 61006025357.

პირადად მზიასაც ველაპარაკეთ. ჩვენ ეს ყველაფერი იმისთვის არ გაგვიკეთებია, რომ გაგვაშუქოთ. ეს ჩვენთვის ელემენტარულია, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა“ – ბათუმელებმა ამ სახის შეტყობინება მიიღო მოქალაქისგან, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ სურს.

საუბარია  მზია მეგრელიშვილზე, რომელიც 14 წლის შვილთან ერთად, მიტოვებულ შენობაში, 3 დღის წინ საცხოვრებლად შევიდა.

„როდესაც აქ შემოსვლას ვაპირებდი, ერთი თვის წინაც ვიყავი აჭარის მთავრობასთან, პატრულიც გამოვიძახე, რომ ყველას ყველაფერი სცოდნოდა, მაგრამ არავინ რეაგირება არ მოახდინა… მე უკვე ძალიან დავიღალე, ამოვიდა ყელში. მირჩევნია ამ უწყლობაში, ვირთხებში, ქვეწარმავლების გვერდით ვიცხოვრო ეკალ-ბარდში,“ – გვითხრა მარტოხელა დედამ, რომელსაც მიტოვებულ, ერთოთახიან შენობაში უკვე შეუტანია ლეიბი, ერთი პატარა სათავსო…

შენობას არც კარი აქვს, არც – ფანჯარა. მზია და მისი შვილი ამბობენ, რომ ღამის გათევა ზაფხულის ცხელ დღეებში აქ კარგია, მერე რა იქნება, არ ვიცით, ალბათ კარს და ერთ ფანჯარას ვიშოვით სადმეო.

შენობის წინ დედა-შვილს ხის ფიცრებისგან სახელდახელო მაგიდა მოუწყვია“.

დედა-შვილი კვლავაც ელის ადამიანებისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან მხარდაჭერას.

__

ვრცლად მზიას ამბავი

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

„სახლი დაგვინგრიეს“ – ოჯახი „ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ, ილია ვერძაძე ბრალდებებს უარყოფს

აჭარაში „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს წევრს, ილია ვერძაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ბათუმში მცხოვრებმა, ნათია თურმანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა, რომ მის ოჯახს ქონება კორპუსის მშენებლობის და ბინების გადაცემის პირობით, გარიგების საფუძველზე, ილია ვერძაძემ დაათმობინა, შემდეგ კი ისინი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ:

„სახლი დაანგრიეს, არაფერი აუშენებიათ, ქირის თანხასაც აღარ გვიხდიან. მამამ ნერვიულობის გამო ორჯერ მიიღო ინსულტი, ჯანმრთელობა დაკარგა“.

ილია ვერძაძე კი ირწმუნება, რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვს, თურმანიძეებთან ქონების დათმობაზე მოლაპარაკებები არ ჰქონია და არ იცის, რატომ ადანაშაულებენ მას. თუმცა ადასტურებს, რომ ნაილე ვერძაძე, რომელიც ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორი იყო, ნამდვილად მისი დაა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნაილე ვერძაძე პედაგოგია და მანამდე ის სამშენებლო საქმიანობას არ ეწეოდა.

„შოკში ვარ, ასეთი ტყუილები და ცილისწამება… გავივლი კონსულტაციას და ალბათ სასამართლოში ვიჩივლებ. ფაქტობრივად, არაფერი სიმართლე არ არის და მე არ ვიცი, რაში დასჭირდა, ვის დასჭირდა ეგეთი ტყუილი, ვინ იყენებს, როგორ იყენებს. თქვენც ხომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ და ნახოთ, რომ შეხებაში არ ვარ, რა შუაში ვარ მე. 7-8 წლის წინანდელს ახსენებს, 8 წლის წინ ჩემს ოჯახს რა ჰქონდა, რა არ ჰქონდა, რა შუაშია, ჰქონდა და აღარ აქვს…“ –  გვითხრა ილია ვერძაძემ სატელეფონო საუბარში.

ნათია თურმანიძე კი აცხადებს, რომ აქვს მტკიცებულება და გეგმავს სასამართლოში დაამტკიცოს, რომ ილია ვერძაძე ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი იყო და ოჯახმა ნდობა სწორედ მას, როგორც „მთავრობის წევრს“ გამოუცხადა.

„თავიდან გამოაგზავნა შუამავალი, ზურაბ დიასამიძე. შემდეგ თავადაც ჩაერთო, უშუალოდ შეგვხვდა და მოგველაპარაკა, რომ ჩვენი ქონების დათმობის სანაცვლოდ მივიღებდით ბინებს ახალ კორპუსში. გვითხრა, რომ თავად არ სურდა გამოჩენა, რადგან თანამდებობის პირია. ჩვენც დავუჯერეთ, ვენდეთ, როგორც მთავრობის წარმომადგენელს.

ყველაფერი თავის დაზე, ნაილე ვერძაძეზე გააფორმა. ესეც იმით აგვიხსნა, რომ თავად არ უნდა გამოჩენა. ხშირად გვიმეორებდა, რომ როგორც ნებართვების, ისე მასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება მარტივად შეეძლო, რადგან გავლენიანი პირია, ქირით გაგვიყვანეს და სახლი დაანგრიეს. შემდეგ კომპანია არაერთხელ გაყიდეს და ღია ცის ქვეშ დაგვტოვეს, ქირასაც არ გვიხდიან“, – გვიყვება ნათია თურმანიძე.

ილია ვერძაძე ბრალდებას ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ არც ზურა დიასამიძეს იცნობდა და არც თურმანიძეების ოჯახს, როცა ეს გარიგება შედგა. „ის ჩვენ მერე გავიცანით“,  – გულისხმობს ზურა დიასამიძეს და მისი დის მიერ ზურა დიასამიძის კომპანიის შესყიდვას.

ილია ვერძაძე გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტებში კარგად გამოჩნდება: „შეისწავლეთ, ჩახედეთ დოკუმენტებში.“

  • რა ირკვევა დოკუმენტებით?

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში, ანგისის ქუჩა #87 – ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, კომპანიას, მესაკუთრესთან შეთანხმებით, მრავალბინიანი კორპუსი უნდა აეშენებინა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერში, რომელიც 2026 წლის 2 თებერვლით თარიღდება, მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის ყოფილი მფლობელი ბადრი თურმანიძეა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ანგისის #87-ში მოქალაქე ბადრი თურმანიძე, ნათიას მამა 2013 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და 222 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ სახლს ფლობდა, ეს ქონება მას მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

2018 წელს, ეს ნაკვეთი ორ ნაწილად შპს „ფონმა“ დაირეგისტრირა – ამონაწერის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მხარეს ეკრძალებოდა ამ ქონების გასხვისება, უფლობრივად დატვირთვა თავდაპირველი მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზურაბ დიასამიძეს შპს „ფომი“ 2018 წლის მარტში დაუფუძნებია, 4 თვეში კი კომპანიის ასივე პროცენტი ნაილე ვერძაძეს გადაუფორმა. 2018 წლის ივლისში კომპანიას სახელი გადაარქვეს და „ვს ჯგუფი“ უწოდეს, ნაილე ვერძაძე კი კომპანიის დირექტორად დარეგისტრირდა.

ზურაბ დიასამიძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ თავდაპირველ მოლაპარაკებებში ილია ვერძაძე ჩართული არ ყოფილა და „ეს ტყუილია“. გვითხრა ისიც, რომ „ამას სასამართლოში განიხილავენ“.

ზურაბ დიასამიძემ გვითხრა ასევე, რომ მას მშენებლობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია: „ერთი წამითაც მე მშენებლობაზე პასუხისმგებლობა არ ამიღია. კომპანია ილია ვერძაძეს გადავუფორმე, მისი და კი კომპანიის დირექტორი გახდაო – ამის შემდეგ კი საუბრის გაგრძელება აღარ მოინდომა და ტელეფონი გაგვითიშა.

ზურაბ დიასამიძესა და ნაილე ვერძაძეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის დოკუმენტში წერია, რომ კომპანია ფლობს მიწის ნაკვეთს ანგისის #87-ში, რომელიც დატვირთულია ვალდებულებით – ამ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში 2300 კვ.მეტრი ბინებად დაყოფილი ფართობი, მისი ყოფილ მფლობელს უნდა გადაეცეს.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან

დოკუმენტის თანახმად,ზურაბ დიასამიძემ ნაილე ვერძაძეს კომპანია 5000 დოლარად მიჰყიდა. ამ დროს კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა. „ბათუმელებმა“ მოიპოვა ანგისის #87-ში გაცემული პირველი სამშენებლო ნებართვა, ის 2019 წლის 4 ნოემბრით თარიღდება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ვს ჯგუფმა“ სამშენებლო ნებართვა ნაილე ვერძაძის დირექტორობის პირობებში მიიღო: 

 

„ვს ჯგუფს“ მშენებლობა არ დაუწყია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, დეპუტატის დამ, კომპანიის ასივე პროცენტი, ანგისის ქუჩის #87-ში მდებარე მიწის ნაკვეთით, 150 000 დოლარად ალექსანდრე სიჭინავას მიჰყიდა.

ახალი ხელშეკრულებით, კომპანიას დარჩა ყველა ვალდებულება, რაც მანამდე ჰქონდა აღებული. შეთანხმებაში ჩაიწერა ისიც, რომ ნაილე ვერძაძე მშენებარე კორპუსში დაირეგისტრირებდა 731.60 კვ.მეტრ ფართობს – ბინებს და ტერასას მომავალი საკუთრების უფლებით, ამ დროს კომპანიას უკვე ჰქონდა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან

2020 წლის ივლისში კომპანია ახალმა მფლობელმაც გაასხვისა, ამჯერად ასივე პროცენტი თეიმურაზ ჩხარჩხალიას უსასყიდლოდ გადასცა ალექსანდრე სიჭინავამ. გაუგებარია, რატომ გააჩუქა ქონება სიჭინავამ უფასოდ, მაშინ, როდესაც ამ ქონებაში თავად 150 000 დოლარი გადაიხადა.

რეესტრის მონაცემებით, ახალმა მფლობელმა, ანუ ჩხარჩხალიამ კომპანია შეინარჩუნა, სამაგიეროდ სამშენებლო პროექტი სხვა კომპანიას – შპს „გრინ თაუერს“ გადასცა: შესაბამისი შეტყობინება და ჩანაცვლების მოთხოვნა შევიდა ბათუმის მერიაშიც.

მერიამ „ვს ჯგუფზე“ გაცემული ნებართვა შეცვალა და ანგისის ქუჩის #87 მშენებლობის ნებართვის მფლობელად „გრინ თაუერი“ მიუთითა. ამასთან, მერიამ შეითანხმა არქიტექტურულ პროექტებში ცვლილებებიც.

2024 წელს, როდესაც შპს „გრინ თაუერი“ ანგისის #87-ში დამტკიცებული პროექტის მესაკუთრედ დაფიქსირდა, კომპანიის წილებს რამაზ კაკაბაძე [60%] და ივანე ლიპარტიანი [40%] ფლობდნენ.

ბათუმის მაშინდელმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ანგისის ქუჩის #87-ში მშენებლობის ახალი ნებართვა გასცა, ნებართვის მფლობელად ამჯერად „გრინ თაუერია“. 

პროექტის რენდერი
მშენებლობის ადგილი დღეს

მშენებლობა რეალურად არც „გრინ თაუერმა“ დაიწყო. 2024 წლის აგვისტოში, კომპანიის მფლობელებმა წილები 300 000 დოლარად გიორგი ჩიბუხაშვილს მიჰყიდეს. ამ დროს ანგისის ქუჩის #87 ქონება დაყადაღებულია. ვალდებულებები დარჩა გამყიდველსაც.

ჩიბუხაშვილმა კომპანიას სახელი შეუცვალა და „რეგალ ქონსთრაქშენი“ დაარქვა. 2026 წლის ამონაწერით, კომპანიის ბალანსზე ანგისის #87-ში მდებარე ქონება დაყადაღებულია და კომპანიას ეკრძალება ე.წ. „ჰაერის გასხვისებაც“ კი, ისევე როგორც იპოთეკით დატვირთვა. თუმცა რეალურად იქ მხოლოდ მიწის ნაკვეთი და დაჭაობებული მშენებლობის ადგილია და სხვა არაფერი.

2025 წლის ოქტომბერში „გრინ თაუერის“ ყოფილი მფლობელები პოლიციამ დააკავა, ამით ფაქტობრივად დადასტურდა ინფორმაცია, რომ მათ კონკრეტულ მომავალ მესაკუთრეებზე დარეგისტრირებული ბინები გადაყიდეს.

შს სამინისტრო წერდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და ამ გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ისინი თავდებით გაათავისუფლეს.

უსახლკაროდ დარჩენილმა თურმანიძეების ოჯახმა სასამართლოს 2023 წელს მიმართა. მათი ინფორმაციით, საქმეში მოპასუხედ ფიქსირდება ილია ვერძაძეც, რომელიც აცხადებს, რომ მისი იმიჯი შელახეს და ამის გამო სარჩელს ამზადებს.

ილია ვერძაძე აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი კომპანიის თავდაპირველ მფლობელს, ზურა დიასამიძეს არ იცნობდნენ, როცა ის თურმანიძეების ოჯახს მოელაპარაკა და ვალდებულებებიც აიღო მათთან.

  • როდის დაანგრიეს თურმანიძეების სახლი?

ილია ვერძაძე გვარწმუნებს, რომ მის ოჯახს ამ საქმეში მონაწილეობის ეტაპზე სახლი არ დაუნგრევია, შესაბამისად, ნაილე ვერძაძეს ვალდებულება თურმანიძეების ქირით გაყვანაზე არ აუღია.

„იმ პერიოდში, როცა კომპანიას ფლობდა ჩემი და, ქირაზე საუბარი არ იყო, რადგან სახლი არსებობდა. ნამდვილად შემაშფოთებელია ის, რაც მოვისმინე. გასაკვირი კი ის არის, რომ ტყუილებზე დაფუძნებული ეს ბრალდება გადამოწმებადია ფაქტებით. ამდენად ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო ეს ყველაფერი. მიზანი ალბათ მხოლოდ შეურაცხყოფა ან რაღაცნაირი შანტაჟია და ამისთვის ეს ადამიანები გამოიყენეს, სამწუხაროა. აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის.

ეს ჩვენი ოჯახის კომპანია იყო და მე მის მართვაში არ ვმონაწილეობდი. რას აკეთებდა, რა თქმა უნდა, ვიცოდი. ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ. ოჯახმა გადაწყვიტა ეს საკითხი და ჩემი უფროსი და გახდა ამ კომპანიის დირექტორი.

როცა მოგვიანებით ეს კომპანია ოჯახმა გაასხვისა, შემდეგმა მესაკუთრემ გააკეთა განშლა და გადაუფორმა მას რამდენიმე ბინა, ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული“, – გვითხრა ილია ვერძაძემ.

google earth – ის მონაცმებით თურმანიძეების სახლის ნგრევა 2019 წლის მაისში დაწყებული ჰქონდათ. ამ დროს კომპანიის მფლობელი ნაილე ვერძაძე იყო. მან ეს კომპანია 2019 წლის დეკემბერში გაყიდა. შესაბამისად, მცდარია ილია ვერძაძის ინფორმაცია, რომ მის ოჯახს „ქირაზე საუბარი არ ჰქონია, რადგან სახლი არსებობდა“

google earth-ის მონაცემებით, 2019 წლის მაისში, ანგისის ქუჩის #87 -ში სახლს სახურავი აღარ აქვს, ადგილზე აღარ არის არც სასათბურე მეურნეობა, 2020 წლის მაისში კი სახლი აღარ დგას, ადგილზე კი ტრაქტორი მუშაობს.

  • ვინ არის მანუჩარ ანანიძე და რატომ ფიგურირებს მერიის თანამშრომელი ამ საქმეში?

ბოლო ამონაწერის მიხედვით, რეესტრში პირველ მხარედ ფიქსირდებიან ქონების თავდაპირველი მფლობელი ბადრი თურმანიძე, ასევე ლია ვერძაძე, ილია ვერძაძის კიდევ ერთი და და მანუჩარ ანანიძე. ამავე ამონაწერის მიხედვით, მშენებელმა პირველ მხარეს, ჯამში 2582.35 კვ.მეტრი ფართობი უნდა გადასცეს. კერძოდ: ბადრი თურმანიძეს 2300 კვ.მეტრი, ლია ვერძაძეს 158.85 კვ.მეტრი და მანუჩარ ანანიძეს 123.50 კვ.მ ფართობი.

რეესტრის მიხედვით, გადანაწილებულია გადასაცემი ბინების სართულებიც.

ვალდებულების ცვლილების მოთხოვნით მანუჩარ ანანიძემ და ლია ვერძაძემ 2019 წელს მიმართეს, რეესტრი წერდა, რომ ვერ გაარკვია რის საფუძველზე ითხოვდნენ ისინი ცვლილებას. თუმცა 2019 წლის დეკემბერში ისიც და ლია ვერძაძეც პირველ მხარედ ფიქსირდებიან.

თურმანიძეების ინფორმაციით კი, მანუჩარ ანანიძე თავიდანვე იყო ჩართული მოლაპარაკების საქმეში, როგორც ვერძაძის წარმომადგენელი: „თავიდანვე იყო ვერძაძესთან ერთად“.

მანუჩარ ანანიძე ბათუმის მერიაში მუშაობს 2021 წლიდან, თავიდან ის მონიტორინგის განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ კი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულებით აიყვანეს.

2021 წელს, მანუჩარ ანანიძემ ბათუმის საკრებულოს წევრ მამუკა კაკაბაძესთან ერთად დააფუძნა კომპანია „გონიო სანრაიზ ვილა“, პარტნიორები კომპანიის წილებს თანაბრად იყოფდნენ.

2022 წელს მანუჩარ ანანიძემ თავისი წილებიდან 17 პროცენტი მამუკა კაკაბაძეს დაუთმო უსასყიდლოდ, 16.50 პროცენტი კი იოსებ კუჭაშვილს ასევე უსასყიდლოდ გადასცა, თავად 16.5 პროცენტი დაიტოვა. 2022 წლის ბოლოს პარტნიორებმა კომპანიის წილები 300 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე მანუჩარ ანანიძესთან დაკავშირებას ცდილობდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება მამუკა კაკაბაძეს, ის ბათუმის საკრებულოს წევრია „ოცნებიდან“. 2020-2024 წლებში ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის თანაშემწედ მუშაობდა.

როცა მამუკა კაკაბაძის სამშენებლო პროექტებით დავინტერესტით, ჩვენ ილია ვერძაძე არ გვიხსენებია, მამუკა კაკაბაძემ ჩათვალა, რომ დაინტერესება კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურებოდა და მოგვწერა:

„რაც შეეხება ჩემს სამსახურს, მე არ ვარ პროფესიული საჯარო მოხელე და ამდენად აქ კანონდარღვევაზე საუბარი ზედმეტია. სავარაუდოდ, ეს თემაც წამოიწია კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაციის მიზნით, რაც ჩემთვის პირადად სამწუხაროა. რაიმე დასამალი რომ ყოფილიყო, ძალიან მარტივად ავირიდებდი ამ კომპანიაში ჩემი ფიგურირების ფაქტს თავიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება სამწუხაროდ არ შემიძლია.“

  • როგორ გაყიდეს არარსებული კორპუსის ბინები – ანუ რას ნიშნავს ე.წ. განშლა

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ანგისის #87-ში მიწის ნაკვეთზე ერთი სართულიც არავის აუშენებია, რეესტრის ამონაწერში ფართობს თანდათან ზრდიდნენ, საბოლოოდ კი აქ 19043.5 კვ, მეტრი დაარეგისტრირეს და ფართობები მომავალ მესაკუთრეებზე გადაანაწილეს.

საქმე ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უშვებს მომავალი საკუთრების რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ მერიას გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა. დამტკიცებულია არქიტექტორული პროექტი, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული მომავალი შენობის ფართობების პარამეტრები და სართულიანობა. ამ პროცესს საქართველოში უწოდებენ, როგორც „ჰაერის გაყიდვის“

ამ მეთოდით მშენებლებს ეძლევა უფლება, მშენებლობის დასრულებამდე კანონიერად გაყიდოს ან დააგირაოს მომავალი ფართობები წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებით. მყიდველი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება, როგორც „მომავალი მესაკუთრე“, რაც მას იურიდიულად იცავს მესამე პირების პრეტენზიებისგან ან ქონების განმეორებით გაყიდვისგან. მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრში წარდგენილი ფაქტობრივი აზომვითი ნახაზის საფუძველზე „მომავალი საკუთრების უფლება“ რეესტრში საკუთრებად დარეგისტრირდება.

ანგისის #87-შიც ასე მოიქცნენ – ე.წ. განშლა დაარეგისტრირეს, ანუ კონკრეტული ბინები კონკრეტულ მომავალ მესაკუთრეებზე გადაანაწილეს. ამ გადანაწილების მიხედვით, მომავალ მესაკუთრეებად ფიქსირდებიან ნაილე ვერძაძე, ზურაბ დიასამიძე, ლია ვერძაძე.

იგივე კორპუსში, რომელიც არ აშენდა, 8 ბინის მომავალ მესაკუთრედ არის დაფიქსირებული ყოფილი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის შვილი, გიორგი ვახტანგაძე.

სხვათა შორის, ანგისის #87-ში რამდენიმე ბინის მომავალ მესაკუთრედ მამუკა კაკაბაძეც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო ამონაწერში ის აღარ იძებნება.

„გაუქმდა მიღება“ – გზავნილი სტუდენტებს, რომლებმაც თსუ-ში ევროპისმცოდნეობაზე ჩააბარეს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, აგვისტოს ომის წლისთავზე, აბიტურიენტებმა, რომლებიც თსუ-ს ევროპისმცოდნეობა აირჩიეს, სმს შეტყობინება მიიღეს: „გაუქმდა მიღება, გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიერ შედგენილი პროგრამების პრიორიტეტულ სიას…“

ირკვევა, რომ განათლების ხარისხის ცენტრს [ეს უწყება აწარმოებს პროგრამების აკრედიტაციას] და თსუ-ს შორის არსებობდა მოლაპარაკება და პროგრამებს, რომლებსაც ვადა გასდიოდა [მათ შორის, ევროპისმცოდნეობას], ამ ვადას 2029 წლამდე გადაუვადებდნენ. ეს თსუ-ს ევროპისმცდონეობის პროგრამის ხელმძღვანელის საჯაროდ დაწერილი კომენტარიდან ირკვევა:

„ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა რეაკრედიტაციის პროცესშია და პირველკურსელებს წელს ვერ მივიღებთ. ხოლო თავად პროგრამა არ გაუქმებულა!…

თსუ-ის ყველა სხვა, ასეულობით პროგრამა 2029 წლის კლასტერული აკრედიტაციის პროცესში გადაიტანა ცენტრმა, გამონაკლისის სახით, წელს რეაკრედიტაციისთვის დატოვეს მხოლოდ – ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა,“ – აღნიშნავს ევროპისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ლაპიაშვილი.

„ახლა კი დამაჯერეთ, რომ აგვისტოს ომის წლისთავზე თსუ-ში მოულოდნელი რეაკრედიტაციის მიზეზით ევროპისმცოდნეობის პროგრამაზე მიღების გაუქმება უბრალო დამთხვევაა და პაპუაშვილის და მისნაირების განცხადებებთან კავშირი არ აქვს,“ – წერდა სოციალურ ქსელში განათლების ექსპერტი, ლიკა ღლონტი.

რატომ დაიწყო რეაკრედიტაციის პროცესი მხოლოდ ევროპისმცდონეობის პროგრამაზე, რის გამოც უკვე გამოცდების ჩაბარების შემდეგ პირველკურსელების მიღება ამ მიმართულებაზე შეუძლებელია? თუ პროგრამას აკრედიტაციის ვადა გასდიოდა, როგორ მოხვდა თსუ-ს ევროპისმცოდნეობა გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობარში? – კითხვებით  მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ასევე განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს.

ორივე უწყებაში „ბათუმელების“ შეკითხვები მოინიშნეს და დაგვპირდნენ, რომ თავად დაგვირეკავდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე არავის დაურეკავს.

„ბათუმელებმა“ განათლების ექსპერტთან, „ერაზმუს+“-ის ყოფილ დირექტორთან, ლიკა ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლიკა, აგვისტოს ომის წლისთავზე – როგორც ამას თქვენ გაუსვით ხაზი ფეისბუკპოსტში – თსუ-ში მოულოდნელად, რეაკრედიტაციის მიზეზით, ევროპისმცოდნეობის პროგრამაზე მიღება გაუქმდა. რას ნიშნავს ეს ამბავი, როცა 1000-ზე მეტ სტუდენტს სურდა სწავლა ამ მიმართულებით?

არ მინდა კონსპიროლოგია, მაგრამ ეს ნიშნავს მისაღები გამოცდების პროცესის ძალიან ცუდ მენეჯმენტს. აქ არის სამი ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის ჩავარდნა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სამინისტროზე აღარაფერს ვამბობ, გასაგებია, რომ სამინისტროს გარეშე ეს ამბავი არ მოხდებოდა.

გაგახსენებთ კონტექსტს: ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე – პირველი წელია, როდესაც პროგრამების რაოდენობა, მისაღები კონტინგენტი: სად, რომელ ქალაქში, რომელ ფაკულტეტზე რამდენი სტუდენტი მიიღებოდა – ყველაფერი იყო მკაცრად განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ.

შესაბამისად, როდესაც გამოვიდა აბიტურიენტების ცნობარი, რომელშიც მითითებულია თსუ-ს მიერ შემოთავაზებული ევროპისმცოდნეობის პროგრამა, 50 სასწავლო ადგილი და პროგრამის აკრედიტაციის ვადა იწურება მანამდე, ვიდრე დაიწყება მისაღები გამოცდები, ეს უკვე პრობლემაა. პროგრამის აკრედიტაციის ვადა მითითებული იყო 30 ივნისი. გამოცდები დაიწყო ივლისში. ეს ნიშნავს, რომ სანამ სტუდენტებმა დაიწყეს პირველი გამოცდის ჩაბარება, მანამდე ამ პროგრამას ვადა უკვე გასული ჰქონდა.

ამავდროულად, არსებობდა მოლაპარაკება ხარისხის ცენტრსა და თსუ-ს შორის, რომ ყველა პროგრამის აკრედიტაციის ვადა კლასტერულ რეჟიმში გადავიდოდა 2029 წლამდე.

  • ევროპისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი თავის საჯარო კომენტარში განმარტავს: თსუ-ის ყველა სხვა, ასეულობით პროგრამა 2029 წლის კლასტერული აკრედიტაციის პროცესში გადაიტანა ცენტრმა, გამონაკლისის სახით, წელს რეაკრედიტაციისთვის დატოვეს მხოლოდ – ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა.

დიახ, ყველა სხვა პროგრამაზე ეს მიდგომა გავრცელდა – თუ შეხედავთ ცნობარს, მაგალითად, თსუ-ს კიდევ ერთ პროგრამას, ეკონომიკის ინგლისურენოვან პროგრამას, მასაც ჰქონდა იგივე აკრედიტაციის ვადა – 2026 წლის 30 ივნისი, მაგრამ იმ პროგრამას პრობლემა არ შეჰქმნია, ის გადავიდა 2029 წლამდე. მაინცდამაინც ევროპისმცოდნეობის რეაკრედიტაცია მოითხოვეს.

აი, აქ გვაქვს ჩვენ დიდი კითხვის ნიშნები.

  • სამართლებრივად ამის უფლება ჰქონდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, როცა უკვე გამოცდები ჩააბარეს აბიტურიენტებმა? 

არააკრედიტებულ პროგრამაზე მისაღები გამოცდების დაშვება წლევანდელ კონტექსტში არ შეიძლებოდა, მაგრამ იყო მოლაპარაკება და არსებობს ბრძანება, რომ პროგრამები უნდა გადასულიყო 2029 წლამდე. აქ ისმის პირველი შეკითხვა: როდესაც იყო ეს მოლაპარაკება, რატომ აიტკივეს აუტკივარი თავი და რატომ მოინდომეს რეაკრედიტაცია მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამის შემთხვევაში?

  • განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრს არაფერი განუმარტავს საჯაროდ? ჩვენ ვცადეთ ამ უწყებიდან დღეს ინფორმაციის მიღება, მაგრამ უშედეგოდ…

ოფიციალური პოზიცია არ დაფიქსირებულა. კულუარებიდან ვიცი, რომ მიდის ერთმანეთზე გადაბრალება. სახელმწიფო სსიპ-ს შეცდომის აღიარება არ მოსწონთ, ხდება უნივერსიტეტზე ამის გადაბარება. უნივერსიტეტის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ლაპიაშვილი, ძალიან ყოჩაღად იბრძვის ამის წინააღმდეგ. საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი.

პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, ძალიან მალე შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. შეიძლება, პროგრამა დაბრუნდეს აკრედიტაციის 2029 წლის რეჟიმში [გაუქმდეს რეაკრედიტაციის მოთხოვნა], ან რეაკრედიტაცია მოხდეს ძალიან სწრაფ რეჟიმში.

ჩვენ ვნახეთ, რომ როცა სახელმწიფოს უნდა, ძალიან სწრაფად ხდება აკრედიტაცია, მაგალითად, აგრარული უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის შემთხვევაში, ძალიან მალე გაიარეს ავტორიზაცია უშიშროების აკადემიამ, დიპლომატიის აკადემიამ. არავის უნახავს არც მათი პროგრამები, პერსონალი. პოლიტიკური ნება როცა არის, აკრედიტაციის მექანიზმს სახელმწიფო იყენებს ძალიან მოქნილად.

ახლა გამოჩნდება, არის თუ არა ასეთი პოლიტიკური ნება ევროპისმცოდნეობის პროგრამის მიმართ.

  • გამოჩნდება, თუ გამოჩნდა უკვე ეს ნება? აბიტურიენტებს მიუვიდათ სმს, რომ ვეღარ მიიღებენ პირველკურსელებს თსუ-ს ევროპისმცოდნეობაზე. 

ძალიან მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, როცა საბუთი ხელში არ მიჭირავს. არ მიყვარს ყურმოკრული საუბარი, მაგრამ არანაირი საბუთი და ოფიციალური განცხადება არ გამოქვეყნებულა ამის შემდეგ, პროგრამის ხელმძღვანელის საჯარო განცხადების გარდა.

მოლოდინი და კულუარული ინფორმაცია არის ისეთი, რომ ამ სტუდენტებს სთავაზობენ სხვაგან ჩაბარებას, მანამდე პროგრამამ შეიძლება გაიაროს აკრედიტაცია და მეორე სემესტრიდან მობილობით გადმოვიდნენ სტუდენტები ამ პროგრამაზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად სტუდენტების უფლებები დაირღვა, აბიტურიენტების, რომლებმაც აირჩიეს ეს პროგრამა პირველ არჩევანად.

  • სმს-ში სტუდენტებისთვის მიუწერიათ, „გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიერ შედგენილი პროგრამების პრიორიტეტულ სიას…“

ეს არ იყო ცინიკური განცხადება?

ველოდი, რომ ერთი აბიტურიენტი მაინც გაასაჩივრებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ალბათ სამართლის მოლოდინი არავის აქვს. წესით, ეს უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში.

  • ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, როცა ვსაუბრობთ სტუდენტების უფლებების დარღვევაზე? 

სახელმწიფოსი. ფორმალურად – გამოცდების ეროვნული ცენტრის – მის ცნობარში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს სტუდენტებმა არჩევანი, გამოცდებში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ კი, გამოცდების ცენტრის SMS-ით მიიღეს ინფორმაცია, რომ პროგრამა გაუქმდა.

აქ არის ორი სსიპ: გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელმაც უნდა გადაამოწმოს პროგრამების ვარგისიანობის ხარისხი და ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომელმაც თავისივე ბრძანებით გამონაკლისი დაუშვა და ევროპისმცოდნეობის რეაკრედიტაცია დაიწყო.

  • თსუ-ში ამ პროგრამის მენეჯმენტს არაფერი არ შეეძლო?

პროგრამის ხელმძღვანელმა თქვა, რომ იყო მოლაპარაკება და 2029 წლამდე ეს გადაიწევდა. ეს არის ფაკულტეტის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების საკითხი. თსუ-ს ადმინისტრაციასაც მკაფიოდ უნდა გაერკვია ეს საკითხი. ბრძანებისკენ იშვერს ყველა ხელს, რომელიც ცუდად დაწერილია და შეიძლება მისი ინტერპრეტირება მოხდეს სხვადასხვანაირად.

აქ იურიდიული კაზუისტიკა ბევრს არაფერს ცვლის. ვიცით, რომ იურიდიული საკითხები არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ნების აღსრულებისთვის.

  • ეს პოლიტიკური ნება რა არის? ჩანს თუ არა პირდაპირ „ქართული ოცნების“ მთავრობის განზრახვა ევროპისმცოდნეობის წინააღმდეგ?

რამდენიმე დღის წინ ძალიან ემოციურად დავწერე ეს ამბავი. მგონია, რომ შემთხვევით არ ხდება, რომ მაინცდამაინც ევროპისმცოდნეობას დაარტყეს, მაგრამ საბუთი ხელში არ მაქვს, გარდა ჩემი განწყობისა. ყველაზე მარტივი სათქმელია, რომ ეს არის ძალიან ცუდი მენეჯმენტი. ასეთი რაღაც მაშინ ხდება, როცა გაუაზრებელია რეფორმა, როცა ყველაფერი ნაჩქარევად კეთდება. ამ დროს არც სამინისტრომ იცის, რა ხდება და არც უმაღლესმა სასწავლებელმა.

  • მაგრამ როცა ასობით მსგავს პროგრამას უგრძელებენ ვადას 2029 წლამდე და მხოლოდ ევროპისმცოდნეობაზე აჩერებენ სტუდენტების მიღებას, არ ჩანს ნათლად ეს განზრახვა? 

განზრახვა თუ არ არის, სიმბოლიზმი ნამდვილად სახეზეა.

მე ამდენ ჭკუასაც არ მოვთხოვ მათ, რომ ეს ასე განზრახ ჩაეფიქრებინათ, უფრო მგონია, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა, ვინც კი იყო მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან ბევრმა დატოვა ეს სამსახურები, ბევრი გაუშვეს. ასეთ პირობებში, როცა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით აგყავს პერსონალი სახელმწიფო სსიპებ-ში, შეცდომები გარდაუვალია.

  • რა არის მთავარი გარემოება, რამაც შეცვალა თქვენი შეხედულება: საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, უფრო შეცდომასთან და არა განზრახვასთან? 

ამ დაბნეულობამ და კულუარულმა მიმოწერებმა, სადაც ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. როცა განზრახვაა, იქ უკვე პასუხები გამზადებული აქვთ ხოლმე, აქ კი აწეწილი სიტუაციაა.

16-17 წელია მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მსგავსი სკანდალი არ ყოფილა. პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო აცხადებს რეკლამირებული რეფორმის პირობებში, რომ ადგილები დათვალეს შრომის ბაზრის მოთხოვნები და გამოცდების ჩატარების შემდეგ პროგრამა უქმდება.

  • თუმცა იგივე მიმართულებით შესაძლებელია სწავლა, მაგალითად, ბათუმის უნივერსიტეტში, ან კავკასიის უნივერსიტეტში.

კავკასიის უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სწავლა ფასიანია – დაახლოებით 5 ათასი ლარია წელიწადში. მე რომ ვიყო აბიტურიენტი, შეიძლება არ მაწყობდეს არც ბათუმში წასვლა, რადგან სხვა ქალაქია, ბინა უნდა ვიქირავო. მე რომ აბიტურიენტი ვიყო, დაირღვა ჩემი უფლებები. აბა, არ დაირღვა?

პროგრამა უქმდება მისაღები გამოცდების შემდეგ – ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ისტორიაში პირველი და იმედია უკანასკნელი, უნიკალური შემთხვევა. ძალიან სამარცხვინო და უხერხული ამბავია.

რომელ ქუჩებზე და რა დროით შეიზღუდა წყლის მიწოდება ბათუმში – კომპანიის განცხადება

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და ქალაქის შემოგარენში წყლის მიწოდება შეიზღუდა.

„ჩაქვის სათავე ნაგებობაზე უხვად მოსული ნალექის შედეგად შექმნილი ავარიული მდგომარეობის გამო, წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის ქუჩასა და ჩიხებში, ასევე ბენზეში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში მცხოვრებ აბონენტებს“ – წერს „ბათუმის წყალი“.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს წყალი შეეზღუდათ 14 აგვისტოს 00:00 საათამდე.

კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის წყლის შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

რა ღირს ჩვილის კვება საქართველოში – „მერე უკვირთ, რატომ არ აჩენ მეტს“

„ფორმულა, რომელსაც ვაჭმევ, 77 ლარი ღირს, 6 თვემდე ყოფნიდა 5 დღე, ახლა 10 თვისაა და ყოფნის დაახლოებით 8-9 დღე, პამპერსი 40 ლარი ღირს, ეგეც 7-8 დღე ჰყოფნის, ფაფებიც აფთიაქის, ტანსაცმელი ჩემ ტანსაცმელზე ძვირია.

დაუმატეთ მოვლის საშუალებები და მერე უკვირთ რატო არ აჩენ მეტს… ჰო, სხვა საკვებსაც ხომ ვყიდულობ, ხორცი, თევზი, ბოსტნეული…“ – ეს ერთ-ერთი მშობლის პასუხია „ბათუმელების“ მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე – რა ღირს ჩვილი ბავშვის კვება საქართველოში.

„ბათუმელების“ მიერ უშუალოდ მშობლებისგან შეგროვებული ინფორმაციის და სააფთიაქო ქსელებში პროდუქტების ფასების გადამოწმების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბავშვისა კვების და მოვლის პროდუქტები ძვირია და ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში შობადობის შემცირებაზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში შობადობა 4.1 %-ით შემცირდა.

2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა (19 856 ბიჭი და 18 011 გოგო), 2024 წელს კი 39 483 ბავშვი (20 755 ბიჭი და 18 728 გოგო).

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს დაბადებული ბავშვებიდან დაახლოებით 12.5 ათასი იყო ოჯახში მეორე ბავშვი (32.9 %).  ამ მაჩვენებლით ოჯახში მეორე ბავშვის შობადობა 0.8 %-ით შემცირდა, რადგან 2024 წელს ოჯახში მეორე ბავშვის წილი 33.7% იყო.

მანჩო ხოხაშვილს 2 შვილი ჰყავს. 2 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. მესამეს გაჩენას აღარ გეგმავს.

„ეკონომიკური ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემთვის და ალბათ ბევრი სხვა წყვილისთვისაც. ჩემს მეორე ბავშვს იშვიათი გენეტიკური სინდრომი აქვს და დროითი თუ ფინანსური რესურსი სტანდარტული განვითარების ბავშვთან შედარებით, მეტი სჭირდება. ამანაც იქონია გავლენა გადაწყვეტილებაზე.

ზოგადად, ბავშვის ხელოვნური კვება, ერთ წლამდე ფაფები თუ მზა კვება, ისეთი ძვირია და ისე იზრდება ყოველწლიურად, წარმოუდგენელია ამის არგათვალისწინება ოჯახის დაგეგმვისას

უფროსი 7 წლის ხდება, პატარა – ორის და მაქვს საშუალება შევადარო რა ღირდა ესა თუ ის საჭირო პროდუქტები (ფორმულა, კვება, ჰიგიენა) და გეომეტრიული პროგრესიითაა გაზრდილი ბოლო წლებში ყველაფერი.

პატარას წონის ნაკლებობის გამო სპეციალური ფორმულა სჭირდებოდა, რომელიც კიდევ უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა, ალტერნატიული ვარიანტები.

მიწევდა და მიწევს ისე დავგეგმო ყველაფრის შეძენა, რომ დავამთხვიო ფასდაკლების დღეებს, მოვიმარაგო და ცოტა მაინც დავზოგო ამ პირველად საჭიროებებზე.

თან მარტო კვება ხომ არაა.  ექიმები, ანალიზები… სახელმწიფო დაზღვევით ვსარგებლობდით ბავშვებზე და დაფინანსებული სტანდარტული პროცედურების გარდა, უამრავი რამეა საჭირო, მით უმეტეს, როცა სპეციალური საჭიროების ბავშვი გყავს,“- ამბობს მანჩო ხოხაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას.

ბათუმში მცხოვრები გვანცა ბაციკაძე წლის და 4 თვის გოგონას ზრდის, რომელსაც ხელოვნური საკვები 4 თვის ასაკიდან დასჭირდა.

„ნუტრილონ პეპტი გასტროს ჭამდა, რომელიც ყველაზე დიდ ფასდაკლებაზეც კი 50 ლარი ღირდა, შემდეგ გაძვირდა და ბოლოს 59 ლარიც კი გადავიხადეთ. ერთი ქილა საკვები ჰყოფნიდა მხოლოდ 4 დღე,“ – გვიყვება გვანცა.

გააჩენთ თუ არა მეორე შვილს და ამ გადაწყვეტილების მიღებისას, არის თუ არა ეკონომიკური ფაქტორი გადამწყვეტი? – ვკითხეთ მას.

„ვფიქრობთ, მაგრამ ეკონომიკური ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით მეტად დავიტვირთოთ თავი, რომ შემოსავალიც გაიზარდოს.

რა [შემოსავალიც გვაქვს] იმას მაქსიმალურად სწორად ვანაწილებთ, რომ ხარჯების გადამეტება არ მოგვიხდეს. ვყიდულობთ ფასდაკლებებზე. თვიურად ყოველთვის ვანაწილებთ რა თანხას რაში დავხარჯავთ და ა.შ თუმცა, მიუხედავად ჩვენი სწორი განაწილებისა, ყველაფერი ძალიან ძვირია. თუ გინდა, კარგი ხარისხის იყიდო, ყველაფერი ძალიან ბევრი ხარჯიც აქვს. თან რამდენიმე თვის შუალედშიც კი ყველაფერი უფრო და უფრო ძვირდება,“ – გვეუბნება გვანცა ბაციკაძე.

ახალშობილისთვის უალტერნატივო საკვები დედის რძეა, თუმცა ბევრი ფაქტორია რის გამოც ყველა დედას არ აქვს შესაძლებლობა, ბავშვი ძუძუთი გამოკვებოს.

ასეთ შემთხვევაში ჩვილისთვის ალტერნატივა ხელოვნური კვებაა, რომელიც საქართველოში ძვირი ჯდება.

რა ღირს ერთი ჩვილის გამოკვება 0-დან 6 თვემდე, სანამ ბავშვი მყარ კვებას დაიწყებს? – ეს კითხვა ერთ-ერთ ჯგუფში ჩვილ ბავშვთა დედებს დავუსვით.

აი, მათი პასუხები:

„180 გრამიანი ჰიპი კომბიოტიკი 38 ლარი ღირს,  3-4 საათში ერთხელ ჭამს და ორდღენახევარი ჰყოფნის“.

„პიკოჯესტს ვაჭმევ, 800-გრამიანი შეფუთვა ჰყოფნის 5 დღე. ფასდაკლებაზე ვყიდულობ ხოლმე, 61 ლარამდე ვაძლევ“.

„ფრისოთი ვკვებავდი 6 თვემდე, ანუ მყარ კვებამდე. 10-12 კოლოფი გვინდოდა თვეში, 51,50 ლარი ღირს ერთი. რაც მყარი კვება დავიწყეთ, რძის მიღება შეამცირა, მაგრამ არც ბოსტნეული, ხორცი და თევზია იაფი. ახლა წლის და 2 თვისაა, მხოლოდ ძილისწინ სვამს რძეს, ერთი კოლოფი 11 დღე ყოფნის“.

„წონის ნაკლებობის გამო ნუტრიბენის სპეციალურ ფორმულას ვაჭმევდი თვეების მანძილზე, 400 გრ 50 ლარამდე ღირდა და 2-3 დღე ჰყოფნიდა“.

ყველაზე იაფი საკვები, რომელიც საქართველოში აფთიაქებში იყიდება, სიმილაკია და 400 გრამიანი შეფუთვა 35 ლარი ღირს ფასდაკლების გარეშე.

ფასები საკვების შემადგენლობის და საფირმო დასახელების მიხედვით იზრდება. ყველაზე ძვირი „კარბიტას“ ფირმის საკვებია. საწყისი ფასი 186 ლარია, ფასდაკლებით კი 130 ლარად შეიძლება შეძენა.

„დაბადებიდან ვაჭმევ კაბრიტას, 130 ლარი ღირს 30%-იანი ფასდაკლებით. საშუალოდ 650 ლარი მეხარჯება თვეში მხოლოდ კვებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მშობელმა, რომელსაც 8 თვის ჩვილი ჰყავს.

გარდა კვებისთვის საჭირო ფინანსებისა, მან სხვა ხარჯების შესახებაც გაგვიზიარა ინფორმაცია:

„თვეში 2 შეკვრა „პამპერისის“ ფირმის პამპერსი სჭირდება, რომელიც ღირს 39,90 ლარი, ხან ფასდაკლებით 34 ლარიცაა, გააჩნია. ფაფები დაიწყო უკვე, 3 ცალი უნდა თვეში, დაახლოებით 69 ლარი ჯდება. კრემი 3 თვე გვყოფნის „ველიდას“, „ურიაჟის“ და „ავენის“ ფირმის, დასაბან საშუალებასაც „ურიაჟს“ ვყიდულობ, 250 ლარამდე ეგ ჯდება, თუმცა 3 თვეში ერთხელ მიწევს ყიდვა.

8 თვისაა, ჯერ არ გამციებია, არც სიცხე ჰქონია, ამიტომ არ ვიცი საბავშვო წამლები რა ღირს, მარტო სიცხის დამწევი მაქვს. ტანსაცმლებს აქ ისეთი ფასები აქვს, ვიწერ,“ – ამბობს მშობელი.

კიდევ ერთი მშობელი გვიზიარებს ჩვილის კვების და მოვლის ხარჯებს.

„8 თვემდე მყავდა შერეულზე, ვაჭმევდი ჰიპი კომბიოტიკს 4 თვე, შემდეგ ჰიპი ორგანიკს. მაშინ ყოფნიდა 5 დღე. თვეში მეხარჯებოდა კვებაში 200 ლარამდე. ახლა მყარ საკვებსაც იღებს და დაახლოებით ისევ მაგდენი მეხარჯება. ამას დამატებული ბოატნეული, რომელსაც ჭამს, ფაფები, ხილი, რძის ნაწარმი და ხორცი.

ჯამში სადღაც 400 ლარი მჭირდება კვებაში თვეში. კვებას პლუს საფენები, თავის მოვლის საშუალებები, მედიკამენტები (თუ დასჭირდა) და ტანსაცმელი, რომელიც ხშირად უპატარავდებათ პატარებს. 1000 ლარამდე ჩვეულებრივ ავა ხარჯები თვეში,“ – გვიხსნის მშობელი.

„ბათუმელების“ მიერ ჩვილ ბავშვთა მშობლებისგან შეგროვილი ინფორმაციის მიხედვით, 1 ჩვილის მხოლოდ კვებაზე თვეში საშუალოდ 500-550 ლარი ეხარჯება ოჯახს. ხოლო სპეციალური, ძვირადღირებული ფორმულის შემთხვევაში ხარჯი 600-750 ლარამდეც ადის. ამას ემატება მოვლის საშუალებები, რომელიც საშუალოდ თვეში 230 ლარი ჯდება.

საბოლოოდ, თუკი შევაჯამებთ, ჩვილი ბავშვის კვება, საფენები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და ტანსაცმელი საქართველოში ოჯახს დაახლოებით 750-1000 ლარი უჯდება. ხოლო თუკი ჩვილს სპეციალური, ძვირადღირებული კვება ესაჭიროება, ხარჯი იზრდება.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2026 წლის პირველ კვარტალში 2 363 ლარი იყო.

  • რატომ ღირს ძვირი ჩვილის კვება საქართველოში?

საქართველოში ბავშვის საკვების ძვირ ფასს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – მათგან მთავარი იმპორტზე დამოკიდებულებაა. ჩვილის კვებისთვის საჭირო ფორმულები, ფაფები, თუ სხვა საკვები პროდუქტი, ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის.

ტრანსპორტირება, საბაჟო და დისტრიბუციის ხარჯები საბოლოოდ დახლზე დადებულ პროდუქტის ფასზე ახდენს გავლენას და მშობელს ძვირის გადახდა უწევს.

„ოცნების“ პარლამენტში შექმნილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ“ მიმდინარე წლის აპრილში დადო დასკვნა, რომელშიც ასევე საუბარია ჩვილ ბავშვთა საკვებზე არსებული მაღალი ფასების მიზეზებზე.

„ბავშვთა კვების პროდუქტები, პარფარმაცევტული სეგმენტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და არ ექვემდებარება ფასობრივ რეგულირებას, რის შედეგადაც მისი ფასი სრულად ბაზრის მექანიზმებით ფორმირდება.

აღნიშნული პროდუქციის მაღალი ფასები განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:

  • საერთაშორისო ბრენდების პოზიციონირება – დაბალი ჩანაცვლებადობა ამცირებს კონკურენციულ ზეწოლას;
  • მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი – დამატებითი ლოგისტიკური და კომერციული ეტაპები ზრდის საბოლოო ფასს;
  • იმპორტზე დამოკიდებულება – ფასები მგრძნობიარეა კურსისა და გლობალური ცვლილებების მიმართ.

შედეგად, არარეგულირებულ სეგმენტში ფასის ფორმირება დინამიკურ ხასიათს ატარებს და ეფუძნება ბაზრის მოთამაშეების კომერციულ სტრატეგიებს, რომლებიც მოიცავს ფასდაკლებების, აქციების, ბრენდული პოზიციონირებისა და კონკურენტული რეაგირების მექანიზმებს,“ – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ბავშვთა კვების პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასის ერთ-ერთი მიზეზი იმპორტდამოკიდებულება და გრძელი მიწოდების ჯაჭვია.

კომისიამ რეკომენდაციის ხასიათის ჩანაწერი გააკეთა და დაწერა, რომ თუკი მიწოდების ჯაჭვი შემცირდება, ანუ აფთიაქები უშუალოდ მწარმოებლისგან იყიდიან საბავშვო პროდუქტებს, ეს გავლენას მოახდენს ფასზე და ის შემცირდება.

„ბავშვთა კვების პროდუქტები წარმოადგენს სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს, რომლის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმპორტზე დამოკიდებულება და მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი.

აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გაზრდის შესყიდვის მოცულობას და შექმნის უკეთესი ფასის მოლაპარაკების შესაძლებლობას მომწოდებლებთან.

მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა, რაც შეამცირებს ლოგისტიკურ და კომერციულ დანახარჯებს და დადებითად აისახება საბოლოო ფასზე,“ – ნათქვამია საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველომ 86 მლნ ლარის ღირებულების ბავშვთა კვების პროდუქტები იყიდა.

კერძოდ, 2025 წელს საქართველოში იმპორტით შემოვიდა:

  • 40 მილიონ 669 ათას 793 ლარის ღირებულების დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევი, 0-12 თვემდე ასაკის ჩვილებისათვის.      
  • 17 მილიონ 794 ათას 895 ლარის ღირებულების შემდგომი რძის ნარევი, 1-3 წლის ასაკის ბავშვებისათვის              
  • 13 მილიონ 847 ათასი 298 ლარის ღირებულების მარცვლოვანი ფაფები და 13 მილიონ 551 ათასი 166 ლარის ღირებულების მზა ბავშვთა საკვები – პიურეები, იოგურტები, პუდინგები და სხვ.        

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში შობადობა მკვეთრად არის შემცირებული.

ამავე თემაზე:

„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ააფეთქეს – სავარაუდოდ, რუსეთის მხარეს გადასული ყოფილი უკრაინელი ოფიცერი

დღეს, 13 აგვისტოს, დილით, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, ნაგვის ურნაში იყო ჩადებული.

სამხედრო მოსამსახურის აფეთქებას რუსული მედია ადასტურებს. კრემლისტური მედია, „ტასი“, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია ეჭვმიტანილიც, რუსეთის მოქალაქე, რომელმაც „აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით განახორციელა“.

რუსული მხარე აფეთქების შედეგად დაღუპული პირის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა რუსული და უკრაინული არხები ტელეგრამზე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი შესაძლოა იყოს რობერტ შაგეევი, შავი ზღვის ფლოტის მე-4 ცალკეული წყალქვეშა ნავების ბრიგადის მეთაურის მოადგილე, რომელიც უკრაინის საზღვაო ძალების ოფიცერი იყო და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მხარეს გადავიდა.

საქართველოში, მათ შორის აჭარა-გურიაშიც, გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

13-14 აგვისტოს კი აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს – ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმაა მოსალოდნელი.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.

ბათუმში, ბოტანიკური ბაღთან, მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა.

შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ლიეტუვა რუსეთის და ბელარუსის საზღვართან თხრილების გათხრას გეგმავს

ლიეტუვა რუსეთის კალინინგრადის ოლქთან და ბელარუსთან საზღვარზე თხრილებს გათხრის. ლიეტუვის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 12 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროს წინადადებით მიიღო.

თხრილები საშუალოდ 20 მეტრის სიგანის იქნება, მაგრამ ლიეტუვის არმიის სარდლობის მიერ განსაზღვრულ გარკვეულ ადგილებში მათი სიგანე 150 მეტრს მიაღწევს.

ლიეტუვა ამისათვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს. რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე თხრილების დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება.

გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2030 წლისთვის თავდაცვის მიზნით ჭაობების აღადგინოს, რაც ლიეტუვის ტერიტორიას მძიმე სამხედრო ტექნიკისთვის გაუვალს გახდის რთული საინჟინრო აღჭურვილობის გარეშე. ამ გზით, ლიტუვის ლანდშაფტი პოტენციური მოწინააღმდეგის გადაადგილების დამატებით დაბრკოლებად იქნება გამოყენებული.

კიდევ უფრო ადრე, ლიეტუვის ხელისუფლებამ თავდაცვის მიზნით გადაწყვიტა რუსეთსა და ბელორუსიას მოსაზღვრე რაიონებში ხიდებზე სპეციალური ბარიერების დამონტაჟება, რაც მათ აფეთქებას სამხედრო შეჭრის შემთხვევაში გაამარტივებს.

ასევე, ლიეტუვა გამოვიდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციიდან და რამდენიმე ასეული მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს ნაღმებისთვის.

ფოტოზე: ლიეტუვასა და რუსეთის საზღვარი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/VALDA KALNINA

დააკავეს გომისმთაზე ავარიაში მოყოლილი მიკროავტობუსის მძღოლი

დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც გუშინ, 12 აგვისტოს, გომისმთაზე ავტოავარიაში მოხვდა.

მძღოლი ამჟამად ქობულეთის ჰოსპიტალშია მოთავსებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

„სტაბილურ მდგომარეობაშია, მკურნალობს თავის ტვინის შერყევით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქობულეთის ჰოსპიტალში.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, მიკროავტობუსის მძღოლი ქობულეთის ჰოსპიტალში საბადრაგო სამსახურმა მიიყვანა და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა. სამედიცინო პროცედურების დასრულების შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

12 აგვისტოს, გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ბელარუსი ტურისტი დაიღუპა. დაშავდა 11 ადამიანი, რომლებიც ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. დაშავებულთაგან 6 ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დროს წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე:

6 ბავშვია – გომისმთზე ავარიის შედეგად 11 დაშავებულს ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობენ

მედვედევმა იდიოტები უწოდა ახალგაზრდა რუსებს, რომლებიც „დრამატულ პერიოდში“ ქვეყანას მხარს არ უჭერენ

მედვედევმა „იდიოტები“ უწოდა ახალგაზრდა რუსებს, რომლებიც „დრამატულ პერიოდში“ ქვეყანას მხარს არ უჭერენ და „ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიან“

რუსუი მედიის თანახმად, გუშინ, 12 აგვისტოს, „ერთიანი რუსეთის“ სახალხო პროგრამის შექმნის საკითხზე ექსპერტთა საბჭოსთან შეხვედრისას, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთში პატრიოტული მუშაობის გაძლიერება გადაუდებელი აუცილებლობაა.

მედვედევის აზრით, მისმა ნაკლებობამ დღის სინათლეზე ამატივტივა უამრავი ახალგაზრდა „იდიოტი“, რომლებიც ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიან:

„ყველა ეს პრობლემა მხოლოდ მათ არ აქვთ და გვაქვს ჩვენც. ნახეთ, ამ ამ ძალიან რთულმა, დრამატულმა პერიოდმა, რამდენი იდიოტი გამოამზეურა დღის სინათლეზე. იდიოტები – ასე ვთქვათ, ახალგაზრდა იდიოტები. მათ შორის ისეთი იდიოტები, რომლებიც ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ, ზოგჯერ ყველანაირ დაპირებას, რაღაც მიზერულ ფულს ან იმას წამოეგებიან, რომ სადღაც, თანატოლებთან თქვან, რომ აი, მე ყველაფრის წინააღმდეგი ვარ“.

მედვედევმა დაამატა, რომ მსგავსი ქცევა ხშირად ახალგაზრდებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა, მისი აზრით, ბევრს „ტვინთან დაკავშირებული პრობლემა“ აქვს. ამასთან კავშირში მან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნია პატრიოტული მუშაობა, რომელიც „ჩვენი გმირების“ მაგალითებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა რამდენიმე რუსი ახალგაზრდა, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებენ პუტინს, მის პოლიტიკას და უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება.

რუსეთში, ბაშკირეთში დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობის ქარხანაში

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის ლოჯისტიკურ ობიექტში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა სალავატის ინდუსტრიულ ზონაში ხანძრის გაჩენა და განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

მანამდე, ტელეგრამზე, Exilenova+-ს არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალავატში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბეს. ტელეგრამზე ვრცელდება ხანძრის ამსახველიც კადრებიც.

Wildberries-მა ლოჯისტიკურ ობიექტზე თავდასხმა დაადასტურა. „ობიექტზე საქონელი არ ინახება“, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია ასევე იუწყება, რომ „განხორციელდა წინასწარი ევაკუაცია“.

მედიის ცნობით, ეს არის სულ მცირე მე-18 ხანძარი Wildberries-ის საწყობებში 18 ივლისიდან, როდესაც უკრაინამ დაიწყო რუსული ბაზრის ლოჯისტიკურ ობიექტებზე თავდასხმა იმ მოტივით, რომ კომპანია სამხედრო საქონელს ყიდდა.

Wildberries-ის მიერ გავრცელებული ბოლო თავდასხმა 11 აგვისტოს მოხდა ვორონეჟის რეგიონში.

6 ბავშვია – გომისმთზე ავარიის შედეგად 11 დაშავებულს ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობენ

კურორტ გომისმთის გზიდან ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის დაშავებულ 11 მგზავრს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ყველა დაშავებულის, მათ შორის, 6 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, გია კიკაბიძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ორი პაციენტი, მათ შორის, ერთი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმის თქმით, მათ ნეიროქირურგიული ჩარევა არ დასჭირდებათ.

„მიმდინარეობს კონსერვატიული მკურნალობა… ძირითადად აქვთ სისხლჩაქცევები, ასევე თავის ტვინის შერყევა,“ – ამბობს გია კიკაბიძე.

დაშავებულები ბელარუსის მოქალაქეები არიან.

მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად ადგილზე დაიღუპა 4 მგზავრი.

წელს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ავარიაში მოჰყვა ტურისტების მიკროავტობუსი, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 462 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 262 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 130 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 47 824 ერთეული [+51]
  • MLRS – 2 023 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 562 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 457 973 ერთეული [+1 634]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 215 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 133 405 ერთეული [+474]
  • სპეცტექნიკა – 4 522 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გომისმთის გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა – დაიღუპა მინიმუმ 4 მგზავრი

კურორტ გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 12 აგვისტოს საღამოს მოხდა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, დაღუპულები უცხოელები არიან.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება, შეიძლება დაღუპულების რაოდენობა გაიზარდოს.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.

წელს მესამე შემთხვევაა, როდესაც ტურისტების მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა და მგზავრები დაიღუპნენ.

ინფორმაცია განახლდა. თავდაპირველად „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ინფორმაცია 2 დაღუპულის შესახებ, მოგვიანებით ინფორმაცია დაზუსტდა – ბოლო ცნობებით დაიღუპა 4 ადამიანი.

ჩაქვის რაგბის მოედანზე, სადაც მშენებარე ობიექტი ჩაინგრა, სამუშაო განახლდა – მშენებელი არ შეცვლილა

ქობულეთის დაბა ჩაქვში, რაგბის მოედნის მშენებლობა, რომელიც 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, 2026 წლის ივლისიდან გაგრძელდა და 2027 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

მშენებლობას „გლობალ სტანდარტმშენი“ აგრძელებს, რომელმაც თავის დროზე ტენდერი მოიგო, სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ მის მიერ აშენებული ნაგებობის ნაწილი გასულ წელს მოსული თოვლის დროს ჩაინგრა. დაიბზარა კედლებიც.

თუმცა, როგორც „ბათუმელების“ მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების გადამოწმებით აღმოჩნდა, მშენებარე ნაგებობებს პრობლემები თურმე თოვლის მოსვლამდეც შეექმნა.

ჩაქვში რაგბის მოედნის მოწყობაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ „გლობალ სტანდარტმშენს“ შორის ხელშეკრულება 2022 წლის სექტემბერში დაიდო 4 310 553 ლარზე.

ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილება. შენობის ნაწილის ჩანგრევის შემდეგ კი, სამუშაოები გარკვეული პერიოდით შეწყვიტეს.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული ახალი ფინანსური გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოები 2026 წლის 21 ივლისს გაგრძელდა და 2027 წლის 10 იანვარს უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის ხელშეკრულების მთლიანი თანხა, დოკუმენტების მიხედვით, 4 310 553 ლარია, საიდანაც კომპანიისთვის უკვე გადახდილია 1 715 155 ლარი [ხელშეკრულების თანხის 40%].

ახალი გეგმა-გრაფიკით კი, კომპანიამ მომდევნო 6 თვეში 2 445 514 ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს და ამით რაგბის მოედნის მოწყობა ჩაქვში წესით უნდა დასრულდეს.

რაგბის მოედნის მოსაწყობად განახლებულ სამუშაოებს ამჯერად კერძო ზედამხედველი გააკონტროლებს, რომლის შესარჩევადაც პროექტების მართვის კომპანიამ ცალკე ტენდერი 6 აგვისტოს გამოაცხადა. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აგვისტოს დასრულდება. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 68 850 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულს ევალება მშენებლობის პროცესის მიმდინარეობის სრული ზედამხედველობა, სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოების პროექტთან, ხარჯთაღრიცხვასთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი და სხვა.

„ბათუმელებს“ პროექტების მართვის კომპანიაში უთხრეს, რომ სამუშაოების ზედამხედველად თავიდან „სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო“ იყო, თუმცა ობიექტი ვინაიდან წლინახევრის განმავლობაში გაჩერებულია, „სამხარაულის ბიურო“ პროექტიდან გავიდა. 

რა თანხა დაიხარჯა/იხარჯება ბიუჯეტიდან ჩაქვში რაგბის მოედნის მოსაწყობად

ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ:

  • 2022 წელს 83 155 ლარი გადაუხადეს ამხანაგობა „ინჟარქიტექტია“ „რაგბის მოედნის მოწყობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში“.
  • 2022 წელს 4 310 553 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება „გლობალ სტანდარტმშენთან“ – ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მოწყობაზე.
  • 2023 წელს 269 237 ლარი გადაუხადეს შპს „ვერ ბალ გრუპ“-ს „რაგბის მოედნის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბალასტის შემოტანა, დამუშავება-გაშლა და მოსწორებაში“.
  • 2024 წელს 454 525 ლარი გადაუხადეს შპს „მშენებელი 2020“-ს „ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისათვის სანიაღვრე არხების მოწყობაში“
  • 2024 წელს 9 500 ლარი გადაუხადეს შპს „TUSKI GEOLOGY GROUP“-ს გეოლოგიური კვლევის ჩასატარებლად.

რატომ გახდა საჭირო მშენებლობის პროცესში გეოლოგიური კვლევის გადაუდებელი ჩატარება? – აჭარის პროექტების მართვის კომპანია წერს, რომ „რაგბის მოედნის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში გამოიკვეთა ის გარემოება, რომ შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს [სანიაღვრე არხისიკენ] თვალშისაცემია, რომ შენობა დაწეულია და კედლებზე გაჩნდა ბზარები, რაც საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას.

აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენს მიერ სასწრაფოდ დანიშნული იქნა საინჟინრო ექსპერტიზა „სამხარაულის ბიუროში“. ბიუროს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნის შესაბამისად, დაწეული შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად, დაზიანებების ხარისხი კლასიფიკაციის მიხედვით, მიაკუთვნა I- II ხარისხს, შენობის მდგრადობა საფრთხის შემცველი არ არის და იგი ექვემდებარება შემდგომ ექსპლუატაციას. ამასთან, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები შემდგომი დაკვირვების მიზნით.

დღეისათვის, მოცემული შენობის დახრილობა კიდევ უფრო გაზრდილია, რის გამოც „სამხარაულის ბიუროს“ რეკომენდაციით, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, აუცილებელია გეოლოგიური კვლევის ჩატარება.

ასევე არსებით პრობლემას წარმოადგენს რბილი და ჭაობიანი ნიადაგის არსებობის გამო განათების ბოძების მოწყობა არსებული პროექტით მოცემულ წერტილებში და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

აღნიშნულ საკითხზე საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადდა ახალი ბოძების დაბეტონების კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შესაბამისი დასკვნის მისაღებად წარედგინა „სამხარაულის ბიუროს“ და მოცემულ საკითხზეც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია გეოლოგიური კვლევების განხორციელება“.

2026 წელს 9 900 ლარი გადაუხადეს შპს „მშენ-ექსპერტი +“-ს რაგბის მოედნის მშენებარე ობიექტზე შენობა-ნაგებობების [ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნა, სან-კვანძი, ღობე] სიმტკიცისა და მდგრადობის დასადგენად ჩატარებულ ინსპექტირებაში.

აჭარის პროექტების მართვის კომპანია ამ შემთხვევაში აცხადებდა, რომ „ტერიტორიაზე განვითარდა არათანაბარი ჯდენები“.

კერძოდ: „ადმინისტრაციული ნაწილის ერთი ფლიგელის საძირკვლებში განვითარებულმა არათანაბარმა ჯდენებმა გამოიწვია შენობის კონსტრუქციის ცალკეული ნაწილების რღვევა, რის საფუძველზეც წარმოიშვა აუცილებლობა არსებული შენობა-ნაგებობების [ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნა, სან-კვანძი, ღობე] კონსტრუქციული ექსპერტიზის ჩატარება, შენობა-ნაგებობების სიმტკიცისა და მდგრადობის დადგენის მიზნით“.

2026 წელს 68 850 ლარით გამოცხადებულია ტენდერი, განახლებული სამუშაოების ზედამხედველის შესარჩევად.

რა თანხა გადაუხადეს „სამხარაულის ბიუროს“, შესყიდვების პორტალზე ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ.

„იყო თოვლის მიზეზიც… ამასთან, ჩატარდა დამატებით ექსპერტიზაც და შესაბამისად, იგივე კომპანია აგრძელებს სამუშაოებს პროექტის და დასკვნების შესაბამისად“, – გვითხრეს „პროექტების მართვის კომპანიაში“.

ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს შეჯერებით ირკვევა, რომ ჩაქვში რაგბის მოედნის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან სულ ცოტა 5 მილიონი ლარი დაიხარჯება, დაპროექტება-მშენებლობას კი 5 წელი დასჭირდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ პროექტი 2027 წელს დასრულდება.

მთავარ ფოტოზე: ჩაქვის რაგბის მოედანი / თოვლის დროს ჩამონგრეული შენობა და რენდერები პროექტიდან

ამ თემაზე:

დაიბზარა და ჩამოინგრა შენობა, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 1.7 მილიონი დაიხარჯა – ვიდეო

„ამ უწყლობაში, ქვეწარმავლების გვერდით უნდა ვიცხოვრო“ – მარტოხელა დედა 14 წლის შვილთან ერთად პოლიგონზე დასახლდა

ბათუმში, გონიოს გზატკეცილთან ახლოს, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მინდორი და „ოცნების“ მთავრობა არაბული ქალაქის გაშენებას აპირებს, მარტოხელა, უსახლკარო დედა – მზია მეგრელიშვილი 14 წლის შვილთან ერთად, მიტოვებულ შენობაში 2 დღის წინ საცხოვრებლად შევიდა.

„როდესაც აქ შემოსვლას ვაპირებდი, ერთი თვის წინაც ვიყავი აჭარის მთავრობასთან, პატრულიც გამოვიძახე, რომ ყველას ყველაფერი სცოდნოდა, მაგრამ არავინ რეაგირება არ მოახდინა… მე უკვე ძალიან დავიღალე, ამოვიდა ყელში. მირჩევნია ამ უწყლობაში, ვირთხებში, ქვეწარმავლების გვერდით ვიცხოვრო ეკალ-ბარდში,“ – გვითხრა მარტოხელა დედამ, რომელსაც მიტოვებულ, ერთოთახიან შენობაში უკვე შეუტანია ლეიბი, ერთი პატარა სათავსო…

შენობას არც კარი აქვს, არც – ფანჯარა. მზია და მისი შვილი ამბობენ, რომ ღამის გათევა ზაფხულის ცხელ დღეებში აქ კარგია, მერე რა იქნება, არ ვიცით, ალბათ კარს და ერთ ფანჯარას ვიშოვით სადმეო.

შენობის წინ დედა-შვილს ხის ფიცრებისგან სახელდახელო მაგიდა მოუწყვია.

გონიოს გზატკეცილთან ახლოს, მინდორში მდებარე შენობის ირგვლივ მხოლოდ ეკალ-ბარდია. შენობაში არც წყალია და არც დენი. მზია მეგრელიშვილი საწოლის კიდეზე ჯდება და გვიყვება, როგორ მოასხურა უკვე ყველა კუთხეში ქვეწარმავლის საწინააღმდეგო ხსნარი, გველები და მორიელები რომ არ შემოგვესიონო და კიდევ ერთხელ იმეორებს: „ეს მთავრობა უპასუხისმგებლოა“.

„რაც მთავარია, წვიმა არ ჩამოვა აქ, სახურავი კარგად შენახულია,“ – მარტოხელა დედა სახლის ჭერს გაჰყურებს, ნიკა კი, უფანჯროდ დატოვებული ღიობიდან მაყვლის ბუჩქებს გაჰყურებს.

მზია მეგრელიშვილი შვილთან ერთად

„შენო ტოლვილი არ ხარო. ამაზე მეტი ტოლვილობა რა არის?

წელიწადია ამ საკითხს ვიძახი აქციაზე, რომ მე არ მაქვს სახლ-კარი და დამეხმარეთ, რომ სისხლის სამართლის საქმე არ გავაკეთო, მაგრამ არავინ არ დამეხმარა და 2000 ლარზე რომ ავიდა ქირის ფული, მე უკვე აღარ შემიძლია, სხვასაც ვერ ვაწვალებ ჩემით…

იძულებული გავხდი, გამეტეხა ეს და შემოვსულიყავი. გამეტეხა რა, კარი არაა და ფანჯარა. არაფერი არაა. ახლა ნუ შეეცდებიან იმას, რომ მე აქ რაღაც მოვიწყო და მერე გამასახლონ. ეს იქნება ყველაზე დიდი „ნაგლობა“ და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა ადამიანის მიმართ, როცა ადამიანი წვალობს და იმას წაართმევ.

წასასვლელი მაქვს სადმე? თუ მაქვს რამე, მიმითითოს სახელმწიფომ, სად უნდა წავიდე და წავალ,“ – ამბობს მარტოხელა დედა და ეკალ-ბარდისგან ნაწილობრივ უკვე გასუფთავებულ ეზოში გამოდის.

მზია მეგრელიშვილი

ქალს, რომელსაც არანაირი შემოსავლის წყარო არ აქვს, ამბობს, რომ გასულ თვეში სოციალური შემწეობაც შეუჩერეს:

„სოციალურიც აღარ მაქვს… ასეთ გაჭირვებულ ადამიანს სოციალურიც შეჩერებაზე გაუშვეს, 22-ში თანხას ვერ ავიღებ. მაყვალს დავკრეფ აგერ და წავიღებ და ჩავაბარებ. დღეს უნდა მომეკრიფა, მაგრამ გაწვიმდა.

სასადილოს უფროსმა მითხრა, რომ ორი კაცის საჭმელს არ დაგამადლიო და მაძლევს, მაგრამ ფაქტობრივად არ მეკუთვნის,“ – გვიყვება მზია მეგრელიშვილი.

მზია მეგრელიშვილი წლების წინ თავშესაფარში ცხოვრობდა, შემდეგ ნაქირავებ ბინაში იყო შვილთან ერთად ხელვაჩაურში, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. 2025 წელს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გამოხატული პროტესტის შემდეგ, წინასაარჩევნოდ მზია მეგრელიშვილი ხელვაჩაურის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორად დაასაქმა, თუმცა არჩევნების შემდეგ, იგი გაათავისუფლეს. მზია მეგრელიშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. 2026 წლის 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი კიდევ ერთხელ მივიდა აჭარის მთავრობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს გვითხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში, ანუ სამ წელიწადში ჯამურად მიღებული აქვს 13 800 ლარი. ამ დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი მარტო 1 თვეში 13 600 ლარია.

„იმის ჯანმრთელობაც აღარ მაქვს, რომ ბაზარში დავჯდე…

ჩემი შვილი 14 წლისა, 15-ს ათავებს მალე… ბავშვს არაფერი ნორმალური არ უნახია ამ ქვეყანაზე. წარმოიდგინეთ, თავშესაფრიდან ქირაში, ქირას რომ ვერ იხდი და ყოველდღე რაღაც კამათი და ჩხუბია. შვილო, მოითმინე, შვილო, მოითმინე – ყოველთვის ხომ ბავშვი არ მოითმენს, არა?“ – ასრულებს მზია მეგრელიშვილი.


ამ თემაზე:

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია

ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის გაფართოების შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის საზღვრების კორექტირების საკითხი. ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური სამუშაო ჯგუფებიც კი შექმნეს და „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ.

საზღვრების საკითხს გვერდი ვერც ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ აუარა. როგორ განვითარდეს ბათუმი – არსებულ, თუ შეცვლილ საზღვრებში? – ამ მხრივ გენგეგმის სამუშაო ვარიანტი ბათუმის მერიას რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს.

ერთ-ერთ ალტერნატივას „საფუძვლად უდევს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოვლენილი კონფლიქტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმართებაში“ – წერია „ქალაქ ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში“ [გენგეგმის პროექტის სგშ].

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ამჟამინდელი მდგომარეობით ხელვაჩაურის დასახლება მთლიანად მოქცეულია ქალაქ ბათუმის საზღვრებში, რაც საოპერაციო, მართვის და მენეჯმენტის საკითხებში გაურკვევლობას ქმნის.

წარმოდგენილი ვარიანტის შემთხვევაში, გეგმარებითი ჯგუფი მოიაზრებს ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შორის საზღვარი გაიმიჯნოს მშენებარე საავტომობილო შემოვლითი გზაზე – ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით“.

კონკრეტულად: „მახინჯაურის დასახლებაში, ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრისა და შემოვლითი გზის თანაკვეთიდან ბონი-გოროდოკის უბანში სატრანსპორტო კვანძზე; ბონი-გოროდოკის სატრანსპორტო კვანძიდან ფერიის მთისა და მახვილაურის გავლით, გარშემოსავლელ გზაზე, ბათუმი-ახალციხის გზის კვეთაზე არსებულ სატრანსპორტო კვანძზე; ამ უკანასკნელიდან სამომავლო სარფისკენ მიმავალი მაგისტრალური გზის შუა ხაზზე ჭოროხამდე“.

აღნიშნული ვარიანტის/ალტერნატივის მიხედვით „ქალაქი თითქმის მთლიანად იერთებს ფერიის მთის ნაწილს, სადაც ადმინისტრაციული საზღვარი რიგით ქუჩაზე გადიოდა და ამ გზის პირზე მცხოვრები მოსახლეობის ერთი ნაწილი ირიცხება ბათუმის რეგისტრაციაში, ხოლო მეორე – არა.

აღნიშნული ცვლილებით ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი იცვლება დაახლოებით 30 ჰექტარით [ნამატი]. ქალაქს აკლდება ხელვაჩაურის დასახლებისა და სამრეწველო უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი [მთლიანი ქალაქის ტერიტორიის 7%], სანაცვლოდ ჩრდილოეთით ემატება დაახლოებით 200 ჰა ტერიტორია.

ამ ტერიტორიის მომატება სტრუქტურულად მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს ქალაქისთვის, ვინაირად აღნიშნულ მონაკვეთში ბათუმის ყველაზე ფართო მონაკვეთი მხოლოდ 1.5 კმ-ს შეადგენს, რაც ძალიან რთულს ხდის სანაპიროზე არსებული გზის ალტერნატიული პარალელური კავშირის ჩამოყალიბებას განაშენიანების სიღრმეში.

შეკავშირებულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გრძივი კავშირი ემატება ქალაქს ფაღავა-ნონეშვილი-გოგოლი-ბაგრატიონი-მთისძირი-გაგარინი-ჯაყელი-შარაშიძის მონაკვეთის გაძლიერებით, ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთამდე“.

ამ ალტერნატივისგან განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობენ ბათუმის და ხელვაჩაურის საკრებულოები.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით ბათუმს უნდა გამოაკლდეს 145,4 ჰექტარი ტერიტორია, რომლის საზღვარი უნდა დაიწყოს ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩისა და ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის კვეთიდან, ჩაუყვება 1 ქუჩას და შეუერთდება ფრიდონ ხალვაშის გამზირს, რომელიც გაგრძელდება მახოს ხიდამდე, მახოს ხიდიდან გაუყვება ჭოროხის ქუჩას, შეუერთდება ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის 1 შესახვევს, გადავა ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე და შეუერთდება გრიგოლ რობაქიძის ქუჩას.

მიუხედავად ასეთი ალტერნატივისა, სგშ-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმჯობესია საზღვრები არ შეიცვალოს, ვინაიდან „ძირეული საკითხების რეალიზება შემოთავაზებული ალტერნატივებიდან საკმაოდ ხანგრძლივი და დიდ ფინანსებთან დაკავშირებული პროცესია“.

„შესაბამისად, ყველაზე ოპტიმალურ, სიცოცხლისუნარიან ვარიანტად გეგმარებითი ჯგუფი მიიჩნევს, ბათუმი განვითარდეს არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში პოლიცენტრულად, გრძივი და განივი კავშირების გაძლიერებით“ – ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ქალაქის პოლიცენტრულ განვითარებასთან დაკავშირებით კი დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ისტორიულად ბათუმი ჩამოყალიბდა როგორც საკმაოდ კომპაქტური, ერთი მთავარი ცენტრის გარშემო შექმნილი დასახლება, თუმცა გვიანი საბჭოთა პერიოდისა და, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის ბოლო ორი ათწლეულის ურბანულმა ზრდა-განვითარებამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა ქალაქი.

მისი ტერიტორიული განფენილობის ერთგვარმა „გაწელვამ“ სანაპირო ზოლის გასწვრივ, განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებების [გონიო, კვარიათი] და ყოფილი ხელვაჩაურის რაიონის ზოგიერთი ტერიტორიის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევამ, კორექტივები შეიტანა მისი გეგმარებითი სტრუქტურის შესახებ შეხედულებებსა და საჭიროებებში ქალაქის ცენტრის, შუალედური ზონისა და პერიფერიის ხელახალი გააზრების შესახებ.

დიდი ქალაქებისათვის დამახასიათებელი ასეთი ტრანსფორმაცია გავლენას ახდენს ქალაქის სტრუქტურულ მოწყობაზე, რაც ჩვეულებრივ მისი მონოცენტრული ფორმიდან პოლიცენტრულად გარდაქმნას უკავშირდება.

ის გულისხმობს ქალაქის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთშემავსებელი არეალის საკმაოდ მაღალი ინტენსივობით განვითარებას და უფრო მრავალფეროვანი ფუნქციებით დატვირთვას, ვიდრე ეს დამახასიათებელია დანარჩენი ურბანული ქსოვილისათვის“.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი აცხადებს, რომ „პოლიცენტრული სისტემის იერარქიაში ყველაზე დაბლა მდგომი არეალებია საუბნო ცენტრები, რომელთა ძირითადი მიზანი და ამოცანა საუბნო დონეზე მოთხოვნათა დაკმაყოფილება და პირველადი სერვისებით უზრუნველყოფაა. მსგავსი ტიპის ცენტრებად  კი წარმოდგენილია: მახინჯაურის საუბნო ცენტრი, ხელვაჩაურის საუბნო ცენტრი და გონიოს საუბნო ცენტრი“.

ხელვაჩაურის საუბნო ცენტრთან დაკავშირებით სგშ-ს ანგარიშში წერია, რომ რადგან „ხელვაჩაურის დასახლება ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, კონფლიქტური მდგომარეობა იქმნება გადაწყვეტილებების მიღებისა და ოპერირების თვალსაზრისით. ამ გაურკვევლობამ მნიშვნელოვანი უკმაყოფილებები დააგროვა ადგილობრივ მოსახლეობაში და მისი გაკეთილშობილებისკენ გადასადგამი ნაბიჯები კიდევ უფრო ნათელი გახადა.

შესაბამისად, აუცილებელია ხელვაჩაურის დასახლების გააქტიურება და გაძლიერება საუბნო ცენტრად, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის სერვისების უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული, არამედ მაღალმთიან აჭარასთან დამაკავშირებელი ერთგვარი სადგური და შემკრები იქნება, რაც მას განსხვავებულ და გამორჩეულ ნიშას მისცემს“.

აღსანიშნავია, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არც ბათუმის გენგეგმის დამტკიცებას ჩქარობს და არც ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავშირებით საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას. გენგეგმის შემუშავებაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, ხოლო საზღვრების შეცვლაზე ბათუმის საკრებულო 2019 წელშიც იყო მზად.

ბათუმის მერიას გენგეგმის შესამუშავებლად „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ ხელშეკრულება 2021 წელს 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული და აქედან უკვე გადახდილი აქვს 1 796 904 ლარი.

ხელვაჩაურის მერიამ კი მუნიციპალიტეტების „საზღვრების დემარკაციის რუკა“ და სხვა დოკუმენტები „იდეა დიზაინ ჯგუფს“ დაამზადებინა მიმდინარე, 2026 წელს, რაშიც  7 670 ლარი გადაუხადა.

როგორც ჩანს ბათუმის გენგეგმა „სადაო ტერიტორიას“ ბათუმის საზღვრებში მოიაზრებს, ხელვაჩაურის და ბათუმის საკრებულოებში კი ამ „სადაო ტერიტორიის“ ხელვაჩაურისთვის დაბრუნებას განიხილავენ.

ამ თემაზე:

ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს

კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს გირაო შეუფარდეს

დღეს, 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებული ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა. გირაოს გადახდის შემთხვევაში ისინი დღესვე გათავისუფლდებიან.

კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. კობა ფარტენაძის თქმით, ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზე იძალადეს  და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდება დაკავებულებს წარუდგინეს „სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის“ მოტივით, თუმცა ეს არ არის მაკვალიფიცირებელი გარემოება. ამით პროკურატურა მიანიშნებს დანაშაულის მოტივზე.

პროკურორის თქმით, ზურაბ კონცელიძემ ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კობა ფარტენაძეს, კონკრეტულად კი, მაისურზე მოქაჩა, ხელი მოუჭირა და ამით დაზარალებულმა ტკივილი განიცადა.

მეორე ბრალდებულმა, გიორგი აფციაური კი კობა ფარტენაძეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაემუქრა დაჭრით.

„კონფლიქტი არაა ამოწურული…“ – ეს მთავარ გარემოებად დაასახელა პროკურორმა, როცა იგი ასაბუთებდა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას.

„პირველივე კომუნიკაციის შედეგად ისინი თავად გამოცხადდნენ პოლიციაში… წარმოდგენილია ბოდიშის წერილები“, – პროკურორს მიმართა ადვოკატმა ზურაბ კონცელიძემ. მან ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება.

ზურაბ კონცელიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებულები აქამდე ნასამართლევი არ არიან.

ბრალდებულებს ასევე იცავს ადვოკატი სალომე ღოღობერიძე.

„ბოდიშს მოვიხდი“ – ორივე ბრალდებულმა ერთნაირი პოზიციით მიმართა მოსამართლეს.

ორივე ბრალდებულს დაეკისრა პოლიციაში გამოცხადების ვალდებულება, ასევე აეკრძალათ დაზარალებულთან კომუნიკაცია.

უკრაინული დრონები ნოვოროსიისკის პორტს დაესხნენ თავს – ზელენსკი

რუსული მედიის ცნობით, 12 აგვისტოს ღამეს ასობით უკრაინული დრონი დაესხა თავს ნოვოროსიისკის, ანაპას, გელენჯიკისა და ტიუმენის რეგიონებს რესუთში.

რუსეთში, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, კონდრატევის განცხადების თანახმად, ნოვოროსიისკში დრონის ნამსხვრევები 21 საცხოვრებელ სახლსა და ოთხ საწარმოს მოხვდა, არიან დაშავებულები.

კურორტ გელენჯიკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დრონებით თავდასხმის გამო.

„როიტერის“ ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ნოვოროსიისკში მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა.

„გაერთიანებულმა მარცვლეულის კომპანიამ“ დაადასტურა თავდასხმა და ინფრასტრუქტურის დაზიანება და განაცხადა, რომ თანამშრომლები არ დაშავებულან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმა ნოვოროსიისკში საზღვაო ბაზაზე განხორციელდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე, ნავმისადგომებსა და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურაზე.

ზელენსკიმ დღეს, 12 აგვისტოს, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს თავდასხმას ნოვოროსიისკის პორტზე:

„ამ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს ნოვოროსიისკში საზღვაო ბაზის განადგურების მიზნით, რომელიც ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

ჩვენმა „პალიანიცას“ დრონებმა, „ნეპტუნის“ რაკეტებმა და საზღვაო უპილოტო სისტემებმა ზუსტად დაარტყა სამიზნეებს. დადასტურებულია დარტყმები საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე, ნავმისადგომებსა და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურაზე“ – წერს ზელენსკი.

_______

ფოტო: telegram

 

წელს საქართველოში 41 ადამიანი დაიკარგა, მათგან 16 პირს ისევ ეძებენ – სტატისტიკა

საქართველოში დაკარგულ პირთა ბაზაში 1017 პირია აღრიცხული. სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს 1973 წლიდან დღემდე დაკარგულთა შესახებ მონაცემებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით უცნობია 1017 პირის ადგილსამყოფელი.

რეგიონების მიხედვით, ბოლო 53 წელიწადში ყველაზე მეტი, 342 ადამიანი თბილისში დაიკარგა.

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით პოლიციამ დაკარგულთაგან მხოლოდ 9 პირის პოვნა მოახერხა.

რაც შეეხება 2026 წლის სტატისტიკას, მარტო ბოლო 6 თვეში, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე, საქართველოში 41 ადამიანი დაიკარგა. შსს-მ იპოვა 25 დაკარგული, 16 პირს კი ისევ ეძებენ.

ბოლო 6 თვეში, თბილისში 20 ადამიანი დაიკარგა, აქედან პოლიციამ 15 იპოვა, 5 პირს კი ისევ ეძებენ.

5 პირი დაიკარგა იმერეთში, პოლიციამ ვერცერთი მათგანის პოვნა ვერ შეძლო, 2 პირი დაიკარგა გურიაში, ვერც მათი პოვნა ხერხდება ამ დრომდე.

გენდერულ ჭრილში, უფრო მეტი კაცია დაკარგული, ვიდრე ქალი.

დაკარგულთაგან 94 % საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 6% – უცხო ქვეყნის.

აშშ-ში ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

7 აგვისტოს აშშ-ი სასამართლომ პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის თავს არიდებისა და ხომალდის გაჩერების შესახებ ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო.

გამოცემა maritime-executive წერს, რომ განაჩენს წინ უძღოდა ივნისში კაპიტნის მიერ დანაშაულის აღიარება ერთ-ერთ ბრალდებაში, რაც გულისხმობდა აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro-ს მიერ მიცემული სვლის შეჩერების ბრძანების შეუსრულებლობას.

სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა, სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაციით.

„47 წლის საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე ტანკერ Bella 1-ს 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე მეთაურობდა. Bella 1 ვენესუელისკენ მიემართებოდა, როდესაც აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro ხომალდის შეჩერებას შეეცადა. ცარიელი ტანკერი არ დაემორჩილა სანაპირო დაცვის ბრძანებებს და ატლანტის ოკეანის გავლით გაიქცა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Bella 1-ს დაედევნა, რომელმაც ატლანტის გადაკვეთისას განაცხადა, რომ სახელი შეიცვალა და „მარინერა“ დაირქვა, და, ასევე ირწმუნებოდა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ გადავიდა. ხომალდი საბოლოოდ 7 იანვარს შეაჩერეს და აშშ-ის სარდლობის ქვეშ შოტლანდიაში გადაიყვანეს“ – წერს გამოცემა.

ტანკერზე 28 ადამიანი იმყოფებოდა: უკრაინის 17 მოქალაქე, საქართველოს 6 მოქალაქე, ინდოეთის 3 მოქალაქე და ორი – რუსეთის მოქალაქე. ყველა მათგანი, კალანდაძისა და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის გარდა, გაათავისუფლეს. კალანდაძის მეუღლემ სცადა მისი დაკავების კანონიერების გასაჩივრება ბრიტანეთის სასამართლოში, თუმცა სარჩელი უარყოფილ იქნა.

აშშ-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში 2000 წელს აგებული ტანკერი ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ ირიცხებოდა. გამოცემა წერს, რომ 2023 წელს, ვიდრე  ტანკერი Bella 1-ის სახელით გამოჩნდებოდა, მან ხუთი სახელი და სხვადასხვა მფლობელი შეიცვალა.

აშშ-ის პროკურატურა კაპიტან კალანდაძის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებში აცხადებდა, რომ კალანდაძის მეთაურობის პერიოდში ტანკერმა აზიაში დაახლოებით 1.8 მილიონი ბარელი ირანული წარმოშობის ნავთობი გადაზიდა აზიაში და გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში კალანდაძე Bella 1-ის საქმიანობის დასაფარად შენიღბვის გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა; მათ შორის – ტანკერი ცურავდა გათიშული ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემით და ფარავდა Bella 1-ის სახელწოდებას სხვა ხომალდზე ირანული ნავთობის გემიდან გემზე გადატვირთვის დროს.

ფოტოზე: ტანკერი „მარინერა“

 

ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სასმელი წყლისა და ლიმონათის ზუგდიდში მდებარე საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

სააგენტო წერს, რომ სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლიაში“ არაგეგმიური ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურული გაუმართაობა.

„ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“ – წერს სააგენტო.

______

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

პირველკლასელებისთვის სკოლის ფორმები პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე გაიყიდება

განათლების სამინისტროს მიერ დაარსებული შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ცნობით, სკოლის ფორმები უკვე საქართველოშია და პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მოხდება, II-VI კლასელებისთვის კი სასკოლო ფორმების მიღება ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება.

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა.

სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით.

სად, რა მისამართებზე იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმების შეძენა, ამის შესახებ “საგანმანათლებლო რესურსები“ ინფორმაციას ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებს.

„საგანმანათლებლო რესურსების“ ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.

ამავე დროს, სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა:
  • მოკლე: 25 ლარი;
  • გრძელი: 25 ლარი.

შესაბამისად, მოსწავლის ერთი ფორმის [კომპლექტის] შესაძენად მშობელს მინიმუმ 95 ლარი დასჭირდება.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ;

  • 1. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
  • 2. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
  • 3. მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის პროცესს განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს, რომელიც პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.

სკოლის ფორმები, რომელსაც წელს საქართველოს საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩააცმევენ, პოლიესტერისგან იქნება შეკერილი. 

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.

საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე და დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.

„საგანმანათლებლო რესურსებს“ ფორმების შესაძენად 45 658 840 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მისცა.

ამავე თემაზე: 

თუ მშობელი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, განსაზღვრული იქნება მექანიზმები – მიქანაძე

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 461 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 259 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 127 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 47 773 ერთეული [+60]
  • MLRS – 2 022 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 561 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 456 339 ერთეული [+1 767]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 203 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 132 931 ერთეული [+388]
  • სპეცტექნიკა – 4 516 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

200 მილიონი ლარი პროექტებისთვის: ტენდერები გამოცხადდა, ობიექტები უცნობია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯამში 200 მილიონი ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა პროექტირება-რეაბილიტაცია-მშენებლობებზე, თუმცა, კონკრეტულად სად და რომელ ობიექტებზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ აქვს.

ტენდერები პრეისკურანტითაა გამოცხადებული და გამარჯვებულს „ერთი ხელშეკრულების ფარგლებში [Design-Build მეთოდით] დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტების მომზადება და შემდეგ სამშენებლო სამუშაოების ჩატარება“ ევალება.

მომსახურების ვადა ორივე ტენდერში ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით პროექტის მოკლე აღწერა ასეთია:

„ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი საპროექტო მომსახურება და სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპოლოგიის ობიექტების ახალ მშენებლობას, არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, მათ შორის სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული/შეწყვეტილი სამუშაოების დასრულებას.

განსახორციელებელი პროექტები შეიძლება მოიცავდეს [თუმცა არ შემოიფარგლება] საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს, მათ შორის: საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი დაწესებულებებს; კულტურის ობიექტებს; ლანდშაფტური მშენებლობის, საქალაქო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ობიექტებს; ასევე ისტორიული და ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას“.

ტენდერებში კონკრეტული ობიექტები ჩამოთვლილი არაა, თუმცა ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ დამკვეთი, ანუ მუნიციპალური განვითარების ფონდი ცალკეულ ობიექტებზე მომსახურების გაწევის თაობაზე გასცემს წერილობით დავალებას. ეს დავალება კი შეიძლება გაიცეს ერთდროულად, რამდენიმე ობიექტზეც.

„მიმწოდებელი ვალდებულია, ესკიზების/პროექტების მომზადებისას, გაითვალისწინოს სარეაბილიტაციო ობიექტების იერსახის განახლება [საჭიროების შემთხვევაში], ამ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული ან/და კულტურული თავისებურებების და არქიტექტურის თანამედროვე/ინოვაციური
მიდგომების შესაბამისად“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.

თითოეული ობიექტის შემთხვევაში პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად ტენდერში გამარჯვებულს ვადა 3 თვე ექნება. ეს არის პირველი სტადია. შემდეგ დაიწყება მეორე სტადია – სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება.

„მეორე სტადიაზე შესასრულებელი სამუშაოების ვადები თითოეული ობიექტისათვის განისაზღვრება პირველ სტადიაზე მიმწოდებლის მიერ მშენებლობის ორგანიზების პროექტის ფარგლებში მომზადებული და შემსყიდველის მიერ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის საფუძველზე“ – წერია დავალებაში.

ტენდერებში წინადადებების მიღებას რაც შეეხება:

  • აღმოსავლეთ საქართველოს შემთხვევაში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება
  • დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში კი წინადადებების მიღება 2026 წლის 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება

თითოეულ ტენდერში „შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება“ 100 მილიონი ლარია.

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ტენდერებიდან

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მრავალმილიონიან ტენდერებს აცხადებს, როგორც ცალკეულ ობიექტებზე ასევე ცალკეული მუნიციპალიტეტების მასშტაბითაც.

მაგალითად, 2023 წელს ფონდმა 200-მილიონიანი ტენდერი მხოლოდ ბათუმის ისტორიულ ნაწილში მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა. კონკრეტული ქუჩები და შენობები არც ამ ტენდერში იყო წინასწარ შერჩეული.

ამ პროექტის შესახებ ვრცლად ნახეთ ბმულზე: ძველი ბათუმის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა – დაიხარჯა 180 მილიონი ლარი

მანამდე, ასევე ბათუმში, ფონდმა გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი დაიწყო 2021 წელს – თვითმმართველობის არჩევნებამდე.

ეს კონკრეტული პროექტი 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ დასრულდა და 25 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, პროექტის პომპეზურად გახსნიდან მალევე, 2025 წლის ზაფხულში, ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა.

ვრცლად: გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა

ბათუმთან დაკავშირებით ფონდს კიდევ ერთი „ზოგადი“, თუმცა არა ტენდერი, არამედ კონკურსი აქვს გამოცხადებული 5 მილიონი ლარით, რომელიც ბათუმის ბულვარს ეხება.

ვრცლად: რას გეგმავს მთავრობა ბათუმის ბულვარში – 5.5 მილიონიანი კონკურსი ღარიბაშვილის განკარგულებით

კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობს: „ნს სტუდიო“, „დვ დეველოპმენტი“ და „ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალი“. კონკურსი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ამ კონკურსის ფარგლებში მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის დაპროექტებაც იგეგმება.

ამ თემაზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

 

 

„დღეს, შინდისში, კობახიძემ დაადასტურა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი არ შეიძლება“

 

„კობახიძის ეს განაცხადი ვნებით ვერ ავნებს საქართველოს ინტერესებს დიდ სურათში, მაგრამ ეს შეფასებები უკვე გამოყენებულია და შემდეგშიც აუცილებლად გამოიყენებს მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მას ვესაუბრეთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: „ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამ უნდა აიღოს“.

რამდენად აზიანებს ირაკლი კობახიძის განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს? – „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი დიპლომატია, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი:

  • ბატონო ვალერი, რამდენად ცვლის საქართველოს დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოცემულობას ირაკლი კობახიძის განაცხადი – „8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი… 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“. ამ განცხადების შემდეგ ცხინვალის პოზიციაა: „კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამ უნდა აიღოს“. 

დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რასაც ლაპარაკობენ ცხინვალში: ცხინვალში ლაპარაკობენ იმას, რასაც დაუწერენ მოსკოვში. სუბიექტურობა ცხინვალის რეჟიმს ნამდვილად არ გააჩნია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გამონათქვამები გამოიყენება ცხინვალში, მოსკოვსა და სოხუმში საიმისოდ, რომ გაამყარონ საკუთარი პოზიციები, შესაბამისად დაასუსტონ საქართველოს პოზიციები. ეს კი, მინიმუმ, ვნებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებს.

ამიტომ, ვისაც დღეს ხელისუფლების სადავეები ხელში უჭირავს, უნდა დაფიქრდეს, როდესაც ცდილობს, ნებსით თუ უნებლიეთ დააკნინოს საქართველოს ინტერესები, რომ ამას გამოიყენებენ ცხინვალში, გამოიყენებენ სოხუმშიც.

ეს ტრაგიკული მოვლენები 7 აგვისტოს და შემდგომ პერიოდში უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოების გაძლიერების და გამთლიანების წინაპირობა. ამ დღეებმა, იმ პატრიოტიზმმა, იმ შეუპოვარმა, თავდადებულმა ბრძოლამ, რაც ჩვენ ვიხილეთ მაშინ საქართველოში, ჩვენი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის თავდადებამ, წინააღმდეგობამ – ამ ყველაფერმა უნდა შთაგვაგონოს, რომ ჩვენ უკეთესად გავიაზროთ ვინ ვართ, რა ვართ და რა გვინდა საკუთარი ქვეყნისთვის.

  • თქვენი დაკვირვებით, რისკენ იყო მიმართული ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე? 

უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ვერანაირად ვერ დაიწყებდა ომს 8 აგვისტოს – საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი 7 აგვისტოს დილით ადრე გადმოკვეთეს რუსეთის რეგულარულმა საჯარისო ფორმირებებმა, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ ე.წ. სამშვიდობო შენაერთებთან. მათი როლი ცალკე გასაანალიზებელია.

  • ეს დაადასტურა ტალიავინის კომისიამ? 

მკაფიოდ ამასთან დაკავშირებით ტალიავინის კომისიაში არაფერი არ არის ნათქვამი და ზუსტად ამაზე მიუთითებს „ქართული ოცნება“. სამაგიეროდ, არის უამრავ რუსულ წყაროში აღიარებული 7 აგვისტო. ერთ-ერთი ასეთი საქმეა რუსი ჯარისკაცის, ვლადიმერ სელიპეტოვის საქმე. ეს რუსი ჯარისკაცი დაიღუპა 7 აგვისტოს დილის 5 თუ 6 საათზე, ჯავის რაიონის ტერიტორიაზე – დაახლოებით 155 მეტრით იყო დაშორებული როკის გვირაბის სამხრეთით მდებარე შესასვლელთან.

რატომ ვამბობ ასეთი სიზუსტით, რომ იყო 155 მეტრი? – ეს დაადგინა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელმაც სპეციალური გამოძიება აწარმოა. ამ ახალგაზრდა კაცის [1986 წელს იყო დაბადებული და ჯარში გაიწვიეს 2007-ში] მშობლებს მისი დაღუპვის შედეგად კომპენსაცია არ გადაუხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რის გამოც დავა დაიწყეს მშობლებმა.

ამ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დიახ, ვლადიმერ სელიპეტოვი დაიღუპა საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს დილის 5 საათზე, ოღონდ ის დაიღუპა არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად, არამედ უბედური შემთხვევის გამოო. შესაბამისად, მშობლებს უარი ეთქვათ კომპენსაციის გაცემაზე.

ეს არის ძალიან ცნობილი შემთხვევა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმას, რომ რუსეთის სამხედრო ფორმირებები როკის გვირაბით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე დილით, 7 აგვისტოს. ამ კოლონებმა საქართველოს სიღრმეში გააგრძელეს მოძრაობა და სხვა გამოსავალი არ დარჩა საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ შეეწინააღმდეგებოდა რუსეთის ღია აგრესიას.

ამიტომაც, საკუთარი ქვეყნის ასე დადანაშაულება უხარიათ მოსკოვში, ცხინვალში და სოხუმში.

  • მართალია, ირაკლი კობახიძემ გამიჯნა საქართველო და იმდროინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორი დიპლომატიური დატვირთვა ექნება ამ გზავნილს დასავლეთში, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში? 

არ არის სიმართლე, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა. ამიტომაც, ეს არანაირად არ დააზიანებს საქართველოს იმიჯს. ეს არის მხოლოდ მცდელობა ამ დაზიანების, მაგრამ ვერ დააზიანებს – ჩვენმა პარტნიორებმა და, საერთოდ, მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის, ვინ და როგორ, როდის და რამდენი ხანი აწარმოებდა ომს საქართველოს წინააღმდეგ.

7 აგვისტოს იყო შემოჭრა, შესაბამისად 8-ში საქართველო ომს ვერ დაიწყებდა – ეს იყო მხოლოდ პასუხი იმ საჯარისო ფორმირებების შემოჭრაზე საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც განახორციელა რუსეთმა. ისევ ვიმეორებ, ამ რეგულარულ ქვედანაყოფებს არაფერი საერთო სამშვიდობოებთან არ ჰქონდათ. ცალსახად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმით ეს იყო აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ.

რატომ ვერ შეარყევს ეს ჩვენს იმიჯს? – იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის სინამდვილეში რა არის რუსეთი და რა პოლიტიკას აწარმოებს: ის ესხმის მეზობლებს და არა მხოლოდ საქართველოს. ეს დაადასტურა ძალიან მნიშვნელოვანმა დოკუმენტმა – ვგულისხმობ ოთხი წამყვანი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებას: გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის განცხადებას, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ 7-ში შემოიჭრა საქართველოში რუსეთი და რუსეთმა დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დაიწყო ომი, შემდგომ არ შეასრულა 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება და ასე შემდეგ.

ამიტომაც, რაც არ უნდა თქვას ვინმემ, რომ თითქოსდა საქართველომ დაიწყო ომი, ეს საქართველოს იმიჯზე ნამდვილად ვერ მოახდენს ზემოქმედებას, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის სინამდვილეში რა მოხდა.

გულსატკენია ეს და სულ ვფიქრობ: რისთვის იყო ეს ნათქვამი? – პირველი, რაც მომდის თავში, ეს არის პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. სურვილი, რომ ოპოზიციური ძალა წარმოაჩინოს ნეგატიურად, მაგრამ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, ვინც ამაზე საუბრობს, რომ საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში, მინიმუმ, დიპლომატიურად რომ ვთქვათ, ვნებს საქართველოს ინტერესებს. ეს იმით დასტურდება, რომ ეს პროქსი რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე რუსეთი, ხშირად ეყრდნობიან ამ გამონათქვამებს და იმეორებენ.

  • ამ რიტორიკის გარდა, კიდევ როგორ შეიძლება კობახიძის ეს განცხადება გამოიყენოს კრემლმა? 

ვერ გამოიყენებს, ეს არის რიტორიკისთვის მხოლოდ, ნეგატიური რიტორიკისთვის საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე. ამის მორიგი დადასტურებაა ისიც, რომ ნაურუმ გაიწვია საკუთარი ცნობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. ახლა ვინ დარჩა? სირია, ვენესუელა და ნიკარაგუა.

თუ ელემენტარული ძალისხმევას გაიღებს საქართველოს ხელისუფლება, შეიძლება ვენესუელამ და სირიამ ძალიან მარტივად გაიწვიონ ამ ორი წარმონაქმნის ცნობა. ეს ორი ქვეყანა სულ უფრო დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც. ამიტომაც, ელემენტარული კომუნიკაციების აღდგენა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ძალიან მარტივად უზრუნველყოფდა რუსეთის დიპლომატიურ კუთხეში მომწყვდევას, რომელსაც ხელში მარტო ნიკარაგუა შერჩებოდა.

ნიკარაგუა არის იზოლირებული რეჟიმი და ძალიან სუსტი პოზიციები გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.

ამიტომაც, კობახიძის ეს განაცხადი ვერ ავნებს საქართველოს ინტერესებს დიდ სურათში, მაგრამ ეს შეფასებები უკვე გამოყენებულია და შემდეგშიც აუცილებლად გამოიყენებს მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

  • განცხადება გაავრცელეს კრემლიდან და მოუწოდეს საქართველოს, რომ გაფორმდეს ძალის არგამოყენების შეთანხმება თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორისო.

გაგახსენებთ, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება იყო: საქართველო უარს ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ძალისმიერი სამხედრო მეთოდებით. შემდგომ ეს გაიმეორა „ქართული ოცნების“ მთავრობამ და ძალიან კარგი, რომ ეს გაიმეორა. ეს არის ამომწურავი პასუხი რუსეთის ამ კვაზი შემოთავაზებაზე.

ჩვენ ხომ რეალობაში ომი არ გვიწარმოებია: არც აფხაზებს ვეომებოდით და არც ოსებს. ჩვენ ვომობდით რუსებთან. ამიტომ ჩვენი კონტრშეთავაზება მათ წინადადებაზე [სხვათა შორის, ეს თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამაც გააკეთა] უნდა იყოს ის, რომ თავდაუსხმელობის და ძალის გამოყენებაზე უარის თქმის ხელშეკრულებას მოვაწეროთ რუსეთთან და არა ამ პროქსი რეჟიმებთან.

ჩვენ რა ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ გინდა სოხუმთან და ცხინვალთან? ეს იქნება მხოლოდ მათი ირიბი აღიარება და ზუსტად ამისთვის უნდათ ეს რუსებს.

  • თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს მსგავსი განცხადებებით რეალურად ივანიშვილი? მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გაშავების მორიგი მცდელობაა ეს საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე? 

„ოცნება“ ამ ნარატივს დიდი ხანია  ატარებს. გახსოვთ ხომ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გამოსვლა, საკუთარ თავში უნდა გამოვნახოთ ძალა და ბოდიში უნდა მოვიხადოთო… ამ ნარატივს ხშირად იმეორებს ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, თუ კახა კალაძე.

ვფიქრობ, დასკვნა უნდა გაეკეთებინათ აქამდეც, რომ ამ ნარატივებმა ვერანაირად შეცვალა განწყობები საქართველოში.  ჩემი აზრით, ცდილობენ განწყობების შეცვლას, საკუთარი გავლენების გაძლიერებას, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო თამაშია.

  • გამორიცხავთ რუსეთის დავალებას, რომ შეიძლება ამზადებდნენ საზოგადოებას საქართველოში, მაგალითად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ? 

არ ვფიქრობ, რომ ამას „ქართულ ოცნებაში“ სერიოზულად განიხილავდნენ, რადგან იქაც ჰყავთ კარგი ანალიტიკოსები, რომლებსაც ესმით, რომ იქნება ეს „ოცნება“, თუ ნებისმიერი სხვა ძალა, ვინც აქეთკენ გადადგამს ნაბიჯს, ან თუ ტერიტორიული მთლიანობის წინაპირობის აღსრულების გარეშე დაიწყებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარს, ის მეორე დღეს მთავრობა აღარ იქნება.

თუ დავაკვირდებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ძალიან კარგად ჩამოყალიბებული – კარგი ლექსიკით. იქ იყო პირდაპირი მითითება იმაზე, რომ რუსეთი არის აგრესორი და მან დაიწყო ომი. იქ არ არის არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს გადახედილი. იყო მადლობა მეგობრებისადმი ჩვენი პრინციპული მხარდაჭერისთვის.

იქ იყო ასევე გამახვილებული ყურადღება 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების აუცილებელ შესრულებაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მე დადებითად ვაფასებ, აი, იმ გამონაკლისის გარდა: 7 და 8 აგვისტო.

მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ეს არის 7 აგვისტო. უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც არის მითითებული 7-8 აგვისტოს მოვლენები, შემდგომ უკვე თავისი რიტორიკაა ჩართული, სააკაშვილის რეჟიმი და ასე შემდეგ, მაგრამ თარიღი – 7 აგვისტო რუსების განცხადებაშიც კი გაჩნდა, რადგან ამის უარყოფა შეუძლებელია.

მე მოგიყევით სელიპეტოვის შესახებ, მაგრამ არსებობს დენის ვეჩინოვის საქმე, ალექსანდრე პოპოვის და სხვა რუსი სამხედროების საქმეები. ამას რუსეთი ვერ უარყოფს.

მით უმეტეს, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამ ქვეყნებთან მაინცადამაინც კარგი ურთიერთობა არ გვაქვს – გაიხსენეთ, ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება გერმანიის, ან დიდი ბრიტანეთის მიმართ, ელჩების გამოძახება და ასე შემდეგ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ნამდვილი და ღირსეული პარტნიორები ღირსეულად იქცევიან და საქართველოს მხარს უჭერენ, ხაზს უსვამენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას და იმას, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ეს აგრესია.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი 8 აგვისტო?  

7 აგვისტო ანგრევს „ოცნების“ მთელ კონცეფციას, რაც ამ თემაზე აქვს. საფუძველი ეცლება მთელ სპეკულაციას იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი. როცა ამბობ, რომ 7 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის რეგულარული ჯარი და ამის შემდეგ იწყება სამხედრო მოქმედებები, ვეღარანაირად დაადანაშაულებ საქართველოს – საქართველოს ტერიტორიაზე იყო შემოსული მტერი. ამიტომაც, 7 აგვისტო ძალიან აღიზიანებთ მმართველ პარტიაში და ცდილობენ მას დაუპირისპირდნენ.

ეს ჩანაწერები დაზვერვასაც აქვს ხომ რადიოსაუბრების? არსებობს სერგეი ბაღაფშის 7 აგვისტოს განცხადება და ბევრი სხვა მტკიცებულება. უნდა თუ არ უნდა, სამწუხაროდ, ბატონი ირაკლი კობახიძე უპირისპირდება არა მხოლოდ სიმართლეს, არამედ იმ სიმართლეს, რომელიც კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უპირველეს ყოვლისა, იციან ჩვენმა ჯარისკაცებმა…

მე არ მაქვს ექსპერტიზა, რომ დავსვა დიაგნოზი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ლოგიკასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ხშირად ეს ლოგიკა არ მესმის. „ოცნება“, როგორც პარტია, ძალიან დახურულია. ცდილობს, საკუთარ მთავარ არგუმენტად აქციოს „გამჭვირვალობა“, ამ დროს თვითონ არის ძალიან დახურული სისტემა, რომელიც არ პასუხობს არანაირ გამჭვირვალობის კრიტერიუმებს. ამიტომაც ჩვენ ხშირად გვიწევს რაღაც ვარაუდებით საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ხდება ამ პარტიაში.

არანაირი ლოგიკა არ აქვს იმას, რომ უპირისპირდები სიმართლეს, უპირისპირდები პრაქტიკულად ყველას, რუსეთის გარდა და ამბობ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, როცა მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ 7-ში შემოიჭრნენ ისინი და შენ თავი დაიცავი.

სხვათა შორის, დღეს, შინდისში ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ რუსეთთან არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე არ შეიძლება საუბარი, ვიდრე არ იქნება აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა წინსწრებად. ეს რომ ასე მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული, ძალიან კარგია.

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან, რომელშიც 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 18 წელი გავიდა.

2008 წლის 11 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან შეტაკება მოხდა ქართველ და რუს სამხედროებს შორის.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელ ასეულს დაუპირისპირდა.

სოფელ შინდისის მცხოვრებთა გადმოცემით, რუსი სამხედროები სოფელში ქართული დროშებით შევიდნენ და ქართველ ჯარისკაცებს შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრება მოუწყვეს.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ქართული ოცეული რუსულ ასეულს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ებრძოდა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ რუსულმა ასეულმა მათ ხელთ არსებული თითქმის ყველა სახის იარაღი გამოიყენა. რუსი სამხედროები ისროდნენ მათ შორის ტანკებიდან (T-72) და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან.

რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე:

  1. ალექსანდრე ონიანი
  2. ემზარ წილოსანი
  3. ვეფხვია ჯიშკარიანი
  4. ზვიად კაცაძე
  5. თეიმურაზ ბერიძე
  6. ილია გაბუნია
  7. ილია შეყლაშვილი
  8. ირაკლი ჯანელიძე
  9. კახა კოშაძე
  10. ლევან მელქაძე
  11. მარლენ ბარამია
  12. მიხეილ დვალიშვილი
  13. ნიკოლოზ ფორჩხიძე
  14. რომან ზოიძე
  15. რუსლან წულაძე
  16. ფელიქს კაკაურიძე 
  17. შმაგი კუპატაძე
მემორიალური დაფა შინდისის გმირების მემორიალიდან, 2021 წლის ფოტო. 2026 წლის 11 აგვისტოს მემორიალზე მისულ ოჯახებს დაფა ჩამოხსნილი დახვდათ.

ქართული ჯარისკაცებიდან ცოცხლად მხოლოდ ხუთი მებრძოლი გადარჩა – ოთარ კალმახელიძე, თენგიზ ცანავა, გიგა მურვანიძე და მირზა მალაზონია.

მძიმედ დაჭრილი ხუთი მებრძოლი სოფელ შინდისის მკვიდრმა ბადრი (ახმეტა) ხუციშვილმა გადაარჩინა.

დაღუპულთა პატივსაცემად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია დგას.

შინდისის გმირების მემორიალური საფლავი სოფელ შინდისში, სქრინი 2014 წელს გადაღებული ფილმიდან “შინდისის გმირები”
მოგვიანებით შინდისის გმირების მემორიალი მოაწესრიგეს, 2022 წელს კი სოფელ შინდისში გმირების მონუმენტიც დადგეს

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს.

აგვისტოს 5 დღიანი ომის დროს დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი.

150 ათასზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა. ათობით სოფელი რუსმა სამხედროებმა მთლიანად გადაწვეს და იქ ცხოვრება ახლა შეუძლებელია.

საქართველოს 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

___

რას ჰყვება რომან ზოიძის დედა დაღუპული შვილის შესახებ

„ოცნების“ დეპუტატმა თავისი 8 კომპანია შვილებს მიჰყიდა – ფასი საიდუმლოა

ბიზნესმენმა და „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ რვა კომპანიაში საკუთარი წილები შპს „ჯი აი კაპიტალს“ განვადებით მიჰყიდა. „ჯი აი კაპიტალი“ გიორგი ჭყონიას შვილების კომპანიაა. რაც შეეხება ნასყიდობის ფასს – მხარეები არ ასაჯაროებენ, რადგან კომერციულ საიდუმლოებად დატოვეს.თუმცა, დეპუტატს ამ ფასის დაფიქსირება წესით მაინც მოუწევს, როცა 2026 წლის ფინანსურ დეკლარაციას შეავსებს.

ლია და თეა ჭყონიებმა 2026 წლის 22 მაისს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს შპს „თ გ ჰოლდინგი“, რომელსაც ამავე წლის ივნისის დასაწყისში სახელწოდება შეუცვალეს და „ჯი აი კაპიტალი“ დაარქვეს. კომპანიის მეწილეებიც და დირექტორებიც ლია და თეა ჭყონიები არიან.

გიორგი ჭყონიასა და „ჯი აი კაპიტალს“ შორის „წილის [წილების] ნასყიდობის ხელშეკრულება“ 2026 წლის პირველ ივლისს გაფორმდა.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გიორგი ჭყონია მის საკუთრებაში ფლობს ერთეულ წილებს შემდეგ კომპანიებში:

  1. შპს „მობილია ბათუმი“ – 50 ერთეული (50%) წილი
  2. შპს „ფიგოილი“ – 50 ერთეული (50%) წილი
  3. შპს „შატო კვირიკე“  – 100 ერთეული (100%) წილი
  4. შპს „გზა“ – 100 ერთეული (100%) წილი
  5. შპს „ბათუმი ცენტრალი“ – 45 ერთეული (45%) წილი
  6. შპს „შალე კვირიკე“ – 100 ერთეული (100%) წილი
  7. შპს „სახლი ძველ ბათუმში“ – 100 ერთეული (100%) წილი
  8. შპს „თაუერ გრუფი ურეკი“ – 40 ერთეული (40%) წილი

გიორგი ჭყონიას შვილების კომპანიამ ზემოთ აღნიშნული წილები სრულად იყიდა.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, „ზემოხსენებულ კომპანიებში წილების ნასყიდობის ღირებულება წარმოადგენს, კომერიცულ საიდუმლოებას და ის განისაზღვრება, მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით“.

დამატებითი შეთანხმება კი, ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

რაც შეეხება ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი კომპანიების წილების ღირებულების განსაზღვრას, ხელშეკრულებაში წერია, რომ ამას საფუძვლად დაედო კომპანიებში გიორგი ჭყონიას კუთვნილი წილების საბაზრო ღირებულების 2026 წლის 10 ივნისის ანგარიში, რომელიც შპს „ექსპერტ აუდიტის“ მიერ არის გაცემული.

ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, წილების ყიდვით „მყიდველზე გადადის ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა, გამყიდველმა განაცხადა, რომ ნასყიდობის საგანი არ არის ყადაღადადებული, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო [არაკომერციულ] იურიდიულ პირთა რეესტრიდან. გამყიდველი ადასტურებს, რომ გასაყიდ წილთან მიმართებაში არ არსებობს რაიმე მიმდინარე ან პოტენციური სასამართლო, საარბიტრაჟო, ადმინიტრაციული ან სხვა სახის დავა და/ან საჩივარი“.

აქ აღსანიშნავია, რომ კომპანიების ის წილები, რომლებიც გიორგი ჭყონიამ საკუთარი შვილების კომპანიას მიჰყიდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ „ბანკ ქართუშია“ დაგირავებული.

ამასთან, წილების ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია: „მხარეები აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია „ხელშეკრულების საგნის“ სამართლებრივი მდგომარეობა და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიები არ გააჩნიათ“.

ასევე:

„ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად [განვადების პირობების შესაბამისად] უნაღდო ანგარიშსწორების წესით დამატებითი შეთანხმების პირობების შესაბამისად…

ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე მყიდველის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება, როგორც შეზღუდული უფლება, კერძოდ: მყიდველი არ არის უფლებამოსილი ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე გაასხვისოს ან და დააგირაოს ნასყიდობის საგანი, გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე.

მყიდველს გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე ეკრძალება, იმდაგვარ პარტნიორთა კრებებზე მონაწილეობის მიღების უფლება, სადაც განიხილება საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების [უძრავ-მოძრავი ქონება] განკარგვა/გასხვისება მათ შორის ნებისმიერი სახთ ვალდებულებით დატვირთვა ან/და ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.

მხარეები თანხმდებიან, რომ ზემოხსენებული ვალდებულებები წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობად ვალდებულებებს და მისი შეცვლა ან/და სხვაგვარი ფორმულირება აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე დაუშვებელია“.

ზემოთ აღნიშნული კომპანიების გარდა გიორგი ჭყონია წილებს კიდევ ათამდე კომპანიაში ფლობს. საჯარო რეესტრის ბოლო, 2024-2026 წლების ამონაწერების მიხედვით, ამ კომპანიებში: „შენი სახლი“, „კაფე ცენტრალი“, „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისი“, „ივერტრანსი“, „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტ“, „კრიპტო ჰოუმ“, „კოხი ჯგუფი“, „მაისი 2020“, „მეგობარი“ – სხვადასხვა წილები კვლავ გიორგი ჭყონიას საკუთრებაშია.

2026 წელს გიორგი ჭყონიამ წილები ასევე გაასხვისა სამ კომპანიაში. საჯარო რეესტრში ატვირთული დოკუმენტების მიხედვით:

  • შპს „დიდი სახლის“ 50 პროცენტი წილი გიორგი ჭყონიამ 2026 წლის ივლისში 1 ლარად მიჰყიდა აკაკი თევდორაძეს;
  • შპს „თ.გ. ჯგუფის“ 50 პროცენტი წილი ასევე 2026 წლის ივლისში 1 ლარად მიჰყიდა რუსლან ქართველიშვილს;
  • შპს „ცენტრალ მენეჯმენტ გრუპის“ 100 პროცენტი წილი კი 1000 ლარად მიჰყიდა სოფიო წულაძეს.

გიორგი ჭყონიამ 2026 წლის მაისში ახალი კომპანიაც – „თაუერ ჯგუფი პარკი“ დაარეგისტრირა, რომლის 100 პროცენტ წილს თავად ფლობს. ამ კომპანიის დირექტორი კი მისი შვილი ლია ჭყონიაა.

გიორგი ჭყონიამ „თაუერ ჯგუფი პარკის“ საწესდებო კაპიტალში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც შეიტანა და ის კომპანიის საკუთრებად დაარეგისტრირა.

დოკუმენტის მიხედვით ეს ქონებაა: ბათუმში, 26 მაისის 17 ნომერში მდებარე ბინა [106,46 კვ.მ], ნახევარსარდაფი [380,9 კვ.მ] და სარდაფი [5,38 კვ.მ].

„პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საწარმოს განთავსებული კაპიტალი/საწესდებო კაპიტალი, განისაზღვროს და მეწარმეთა და არასამეწარმეო [არაკომერციული] იურიდიულ პირების რეესტრში დარეგისტრირდეს 544 490 ლარით“, – წერია გადაწყვეტილებაში.

  • გიორგი ჭყონიას კომპანიები ამ დრომდე მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენტენდერებს იგებდნენ, ამ კომპანიების წარმომადგენლები და თავად გიორგი ჭყონია კი „ქართულ ოცნებას“ სოლიდურ თანხას სწირავდნენ.

ამ თემაზე ვრცლად: დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა

ამავე თემაზე:

გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს

Exit mobile version