„ეს ყველაფერი არის თავის შედარება ირაკლი კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა იზოლაციაშია, ფაქტობრივად. ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, არავინ არ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და აი, ამ სიტუაციაში ის პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს იყო დალაგებული, ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი და ასე შემდეგ“ – ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ ციხეში მყოფი „ოცნების“ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი წერილით „კობახიძეს ესპარინგება“.
ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი ციხიდან 29 სექტემბერს გაავრცელა, სადაც საზოგადოებას „შეახსენა“, რა ვითარებაში დაიკავა თანამდებობა მეორედ, 2021 წლის თებერვალში. ღარიბაშვილი წერს, რომ მაშინ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი, პანდემია და ვაქცინების დეფიციტი იყო, საუბრობს ჩაკეტილ ქვეყანასა და ეკონომიკაზე, ბიუჯეტის დეფიციტსა და ლარის კურსზე. მისი მტკიცებით, 2021 წელს „ჩამოშლილი ხელისუფლება“ ჩაიბარა და მალევე „დაასტაბილურა“ ვითარება.

ირაკლი მელაშვილი
„ჩემი აზრით, ეს წერილი იყო მიმართული საზოგადოებისადმი და პირადი პოლიტიკური კამპანიის დაწყებას ჰგავს, როდესაც ადამიანი თვითონ აქებს საკუთარ თავს და საზოგადოებას ახსენებს თავის დამსახურებას.
ზუსტად საპირისპირო შინაარსის წერილის დაწერა შეიძლება ღარიბაშვილზე. რა გაფუჭდა მის დროს — ასეთი წერილის დაწერაც შეიძლება.
ეს პოლიტიკური კამპანია არ ვიცი ვის მიმართ არის მიმართული. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ახსენებდეს თავს, რომ რა კარგი პრემიერი ჰყავდა და რა ცუდია ახლანდელი. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებში აწარმოებს თავის კამპანიას.
ის, ისევე როგორც ყველა, ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, ამჟამად არავინ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და ამ სიტუაციაში ღარიბაშვილი პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს დალაგებული იყო და ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი… ანუ, ეს ყველაფერი არის, სინამდვილეში, თავის შედარება კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა არის იზოლაციაში, ფაქტობრივად.
აი, ამით ცდილობს ღარიბაშვილი „ოცნების“ ამომრჩევლისთვის იმის თქმას, რომ ის იყო „ოცნების“ ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრი.
გახარია მოღალატე იყოო, წერს მაგასაც, კობახიძემ აი, ასეთ დღეში ჩაგვაგდოო. ბოლოში ხომ კითხვით ამთავრებს, კმაყოფილი ხართ, ახლა რაც ხდება? – ანუ კობახიძეს ესპარინგება ის და არა ივანიშვილს ან სხვა ადამიანებს, რომლებმაც მის დაჭერაზე გადაწყვეტილება მიიღეს. პირადად კობახიძესთან აქვს სპარინგი ამ წერილით გამართული.
ამ წერილის შინაარსიც არის ეს.
საინტერესო იქნება ახლა კობახიძე რას უპასუხებს ამ წერილზე“.
ამავე თემაზე:
ღარიბაშვილი ხალხს ეკითხება, ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – ახალი წერილი






