მთავარი,სიახლეები • •

რატომ გახდა მუსიკოსი პროპაგანდის სამიზნე

01.10.2026
რატომ გახდა მუსიკოსი პროპაგანდის სამიზნე

2026 წლის სექტემბრის ბოლოს მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, იგივე კორძი (KORDZ) პროპაგანდის კამპანიური თავდასხმისა და აგრესიის ობიექტი გახდა.

მასზე საუბარსა და ცილისმწამებლურ განცხადებებს დიდ დროს უთმობენ პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები, ფეისბუქგვერდები და თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები. მათ შორისაა ირაკლი კობახიძე, რომელმაც მუსიკოსის შესახებ ისაუბრა აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოფნისას 25 სექტემბერს. კობახიძემ კორძი ფაშიზმის წახალისებაში დაადანაშაულა. კობახიძის განცხადების შემდეგ ეს რიტორიკა სხვადასხვა ფორმულირებით ითარგმნა სოციალურ ქსელებში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი გვერდებისა და პროფილების მხრიდან.

რატომ გახდა კორძი თავდასხმის სამიზნე?

ამჯერად ეს რეაქცია მოჰყვა 26 სექტემბერს, გორში, ფესტივალ „კამარას“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტს. მუსიკოსზე თავდასხმები, მისი „რადიკალიზმსა“ და „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში დადანაშაულება დაიწყო კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე და თანდათან გამძაფრდა. საბოლოოდ, ღონისძიების ორგანიზატორმა, „დანიის კულტურის ინსტიტუტმა“ კონცერტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზად კი „უსაფრთხოების რისკები“ დაასახელა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კორძი აგრესიის სამიზნე ხდება.

2025 წლის ივლისში მუსიკოსს ფიზიკურად დაესხა თავს 4 ადამიანი. როგორც მაშინ კორძმა დაწერა, ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ მას „მობანდიტო ტიპები“ მიუახლოვდნენ, აგინეს და გაეკიდნენ. მუსიკოსი მათ გაექცა და როგორც წერს, ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი, სადაც კარი ჩაკეტეს და ასე დაიცვეს თავი თავდამსხმელებისგან. მაშინ ეს თავდასხმა დაუკავშირდა კორძის მიერ შესრულებულ სიმღერას „ოლე, ოლას“, რომელიც ხშირად ისმის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამართულ, პროევროპულ აქციებზე. ასევე 2025 წელს, კორძზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, იგივე საფუძვლით, თავს დაესხნენ მსახიობს, ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ სოლისტს ვანიკო თარხნიშვილს, რამდენიმე თვით ადრე კი – ამავე ჯგუფის წევრ დავით გაბუნიას.

„ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის 2024 წლის ნოემბერში დაწყებულ უწყვეტ პროევროპულ აქციებზე. სიმღერის ტექსტი შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას. ეს სიმღერა სხვადასხვა დროს შეუსრულებიათ როგორც კორძს, ისე “გამოუვალ მდგომარეობას”. თავად კორძმა სიმღერის შესახებ ისაუბრა 2025 წლის აპრილში, ციურიხში, ერთ-ერთ კლუბში დაკვრისას. მან თქვა, რომ სიმღერის ტექსტი მოისმინა შემთხვევით, ქუჩაში, ადამიანებისგან, რომლებმაც ცნობილი მელოდიის ტექსტი „ქართული ოცნების“ მმართველობას დაუპირისპირეს. უცნობია, ვის ეკუთვნის ტექსტი, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო აქციებზე და რომელზეც ასე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების” წევრები.

კამპანიურ თავდასხმებს გამოეხმაურა კორძის დედა, მუსიკოსი თამრიკო კორძაია. მისი შეფასებით „ქართულმა ოცნებამ“ მისი შვილი „ამოირჩია“ საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმად. სწორედ ევროკავშირია პროექტ „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფინანსური მხარდამჭერი, რომლის ფარგლებშიც იმართება ფესტივალი „კამარა“.

„ეს ყველაფერი გადავიდა ტერორის, მობინგის, ადამიანის განადგურების სრულად ახალ ხარისხში”, – ამბობს კორძის დედა, თამრიკო კორძაია ვიდეომიმართვაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რატომ „ამოირჩია“ „ქართულმა ოცნებამ“ მუსიკოსი კორძი? რატომ ხდება ხოლმე ერთი ადამიანი, ხშირად – ხელოვანი, პოლიტიკური, პროპაგანდისტული თავდასხმების ობიექტი?

ამ საკითხზე “ბათუმელები” ესაუბრა მთარგმნელს, საქართველოს პენ-ცენტრის წევრს, ნინო ბექიშვილსა და ფილოსოფოსს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი მაისურაძეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ კორძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის „ტიპური სცენარი“ კრიტიკულად განწყობილი, სოციალურად აქტიური ადამიანების წინააღმდეგ იმგვარი მმართველობის პირობებში, როგორიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა.

„იმ ტიპის ავტორიტარიზმში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვხედავთ, რომ ადამიანების დასასჯელად ხელისუფლება იყენებს ერთი მხრივ პოლიციას, მეორე მხრივ კი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ადამიანებს, ე.წ. ტროლებს და, ასევე, მედიას.

ის, რაც კორძს თავს ხდება, არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ერთ-ერთი შედეგი.

წინა ხელისუფლების დროსაც ყოფილა ამგვარი შემთხვევები, როცა რაღაცნაირად, მთელი პროპაგანდისტული მედია დარაზმულან კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ეს გაცილებით უფრო მსუბუქად იყო.

ადამიანების ამოჩემება, ტროლ-ბოტების მიქსევა და არა მხოლოდ ფიზიკური ანგარიშსწორება, “ქართული ოცნების” ჩვეულებრივი მართვის სტილია. ეს მათ ეხმარება, რომ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება. ასევე, მოსახლეობის გარკვეულ ფენებში ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან. მოკლედ, რასაც 10 წლის წინ აკეთებდა [„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“], დღეს ამას აკეთებს ხელისუფლება, ხელისუფლების მიერ წახალისებული მედია და ტროლ-ბოტები, რომლებიც ამაში ფულს იღებენ”, – ამბობს ნინო ბექიშვილი.

„უმაღლესი თანამდებობის პირები ცილს სწამებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, საშინელ იარლიყებს აკერებენ ხელოვანს და ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ხელოვანი მათდამი კრიტიკულად არის განწყობილი, არ ეთანხმება და ემიჯნება მათ პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე… უმაღლეს დონეზე ხდება მანიფესტაცია იმისა, რომ ეს არის ბინძური ცილისწამების კამპანია და ადამიანის სტიგმატიზაცია.

ტიპური სცენარია, რომლის სამიზნე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს ცნობილი სახე, ხელოვანი. იმიტომ, რომ ხელოვანები, განსაკუთრებით მუსიკალური სცენის წარმომადგენლები, რომლებიც მასობრივ პუბლიკაზე გადიან, მათთვის წარმოადგენენ საფრთხეს.

უკვე მიგვაჩვიეს იმას, რომ მაღალი თანამდებობის პირების ძირითადი საქმიანობაა ცილისწამება, სიმართლის და სინამდვილის დამახინჯება, ადამიანების შეურაცხყოფის მიყენება უკიდურესი ფორმებითაც კი.

რა სიტყვებით, რა ფორმებითაც მათ ალექსანდრე კორძაიას [კორძი] ცილი დასწამეს და შეურაცხყოფა მიაყენეს – ფაშისტი უწოდეს… წარმოგიდგენიათ, როგორ გააუფასურეს ასეთი სიტყვები?! რა მიზნით? – იმის გამო, რომ ადამიანის დისკრედიტაცია მოახერხონ. მერე, ამას მოჰყვება მათი ბოტების შემოსევა სოციალურ ქსელებში. აი, ეს არის მათი ხელწერა”, – ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. 

გიორგი მაისურაძე

მან გაიხსენა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კულტურის სფეროს კრიტიკულად განწყობილი წარმომადგენლების მიმართ და განმარტა, რატომ ხდებიან მსგავსი თავდასხმების ობიექტები ხშირად სწორედ ხელოვანი ადამიანები:

„ამ ქვეყნის მოსპობა დაიწყო სწორედ კულტურის სფეროს მოსპობიდან, არა?!

მერე მიადგნენ განათლების სფეროს. წარმატებით ანგრევენ განათლების სისტემას, როგორც კულტურის სისტემის დიდი ნაწილი სრულად გაანადგურეს და გააპარტახეს.

მათი სამიზნე განსაკუთრებით არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და ა.შ., რადგან ეს ადამიანები თავიანთი საქმიანობით განასახიერებენ და ქმნიან ამ ქვეყნის კულტურას, მათ აქვთ შესაბამისი ინტელექტუალური რესურსები, ამათი [„ოცნების“] პოლიტიკა კი არის ყველანაირი კულტურის, განათლების, ინტელექტუალური სფეროს განადგურებისკენ მიმართული, იქეთკენ, რომ წაართვან ყველანაირი ავტორიტეტი ასეთ ხალხს და ქვეყანა აქციონ ბარბაროსულ, უკულტურო გარემოდ.

ვხედავთ, რომ წარმატებულად ახორციელებენ ამას.

შესაბამისად, ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს ინტელექტი, თავისუფალი აზროვნება, სინდისის განცდა და მორალური შემაკავებლები აქვს, მათთვის პირდაპირ აღიქმება მტრად.

კორძის შემთხვევა არც პირველია და სანამ ეს სისტემა არსებობს, არც უკანასკნელი იქნება. აბა, მათ სხვა რა უნდა აკეთონ?! რა, საერთაშორისო დონეზე ვინმე სერიოზულად ელაპარაკება?! რამე პოზიტიურს აკეთებენ?! გაფუჭების, დანგრევის, მოსპობის, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის გარდა. ეს პოლიტიკოსები იმისთვის არსებობენ, რომ ცილი სწამონ ხალხს და ტყუილები ავრცელონ”, – ამბობს გიორგი მაისურაძე.

ნინო ბექიშვილი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საზოგადოებისთვის უფრო ცნობილ ადამიანებზე თავდასხმებით სისტემა ცდილობს თვითცენზურის გაჩენას რიგით მოქალაქეებს შორის.

„გავიხსენოთ, არჩევნების წინ რა გაუკეთეს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს … როგორი სიძულვილის კამპანია ააგორეს. არჩევნების შემდეგაც რამდენიმე შემთხვევა იყო. კორძი მარტო არ არის ამ ამბავში. ცოტა ხნის წინ იყო ონისე ოქრიაშვილის ამბავი, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იცით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალიან გაიძვერაა. თითქოს ებრძვის „ელიტას“. პროპაგანდა ქმნის ისეთ სურათს, რომ ეს ტერორი ჩვეულებრივ ხალხზე არ ვრცელდება, რაც ნამდვილად არ არის ასე.

ჯერ ერთი, რიგითი მოქალაქეების ამბავი ჩვენამდე არ აღწევს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ძალადობას განიცდიან ის თინეიჯერები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, სხვანაირად აცვიათ და ა.შ., სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ძალადობას ძალიან ბევრი ქვედინება აქვს. რაღაცები, დროთა განმავლობაში, ამოდის ზედაპირზე, როგორც არაერთხელ გვინახავს.

გარდა ამისა, ზუსტად ასე იქმნება ავტოკრატიებში თვითცენზურა.

ზოგადად, რეგიონებში გაცილებით უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე დედაქალაქში და დიდ ქალაქებში. აქ კიდევ მოიძებნება სივრცეები თავისუფალი სიტყვისთვის, თავისუფალი მუსიკისთვის, მხატვრობისთვის და ა.შ. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორც საქართველოს პენ-ცენტრის თანამშრომელს. ჩვენ სულ დავდიოდით რეგიონებში, გვქონდა პროექტები. არჩევნებამდეც ჭირდა – ყველა არც მაშინ გვიშვებდა, მაგრამ დღეს უკვე თითქმის ყველა კარი დაკეტილია. ეს კარგა ხნის ამბავია, გუშინ არ დაწყებულა”, – ამბობს ნინო ბექიშვილი.

ნინო ბექიშვილი

ნინო ბექიშვილი პარალელს ავლებს რუსეთში განვითარებულ მსგავს მოვლენებთანაც. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობადი და კრიტიკული ადამიანების მიმართ მსგავსი ორგანიზებული თავდასხმები – როგორც ფიზიკური, ისე სოციალური ქსელების საშუალებით, ხშირად გამოიყენება პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რეჟიმების მიერ.

„ეს ძალიან გამოცდილი მეთოდია რუსეთში, ბელარუსში და ა.შ.

პუტინმა მთელი პარადიგმა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის ადრეულ ეტაპზე მოსკოვის, პეტერბურგის და დიდი ქალაქების მოსახლეობა შედარებით თავისუფალი იყო, მერე ნელ-ნელა მოუჭირა, კანონებით და იგივე მეთოდებით.

მაგალითად, 70 წლის იყო არაჩვეულებრივი რუსი მწერალი, ლუდმილა ულიცკაია, როცა დახვდნენ და ბრილიანტის მწვანით შეუღებეს სახე.

იმავენაირად მოქმედებს ლუკაშენკოც. ყველა პოსტ-საბჭოთა ავტორიტარი დიქტატორი მიმართავს ამ მეთოდს. იგივე ხდება ზუსტად საქართველოშიც. ამათ ახალი არაფერი მოუგონიათ”, – ამბობს ნინო ბექიშვილი.

გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმების კამპანიური ხასიათის მიუხედავად, ეს ქცევა, შესაძლოა, ვერ იყოს მხარდაჭერილი და მოწონებული თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შორისაც.

„როგორც ჩანს, ეს გათვლილია ადამიანთა იმ კატეგორიაზე, რომლებსაც ასეთი სიბინძურეების მოსმენა და ადამიანების ფეხქვეშ გათელვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება სიამოვნებს, აღაგზნებს და ბედნიერს ხდის. 

მე მაინც მგონია, რომ ბევრი არ არის ამ კატეგორიის ადამიანი.

შალვა პაპუაშვილიც და ირაკლი კობახიძეც სანიმუშოები არიან ცილისწამებაში. მხოლოდ და მხოლოდ ღვარძლი და ბოროტება მოდის მათგან, მათი პირიდან და ხელიდან.  მე ძალიან მეეჭვება, რომ თვითონ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანებისთვის – ანგარებით თუ უანგაროდ – ეს პიროვნებები რამე ავტორიტეტს წარმოადგენდნენ, ან მათი აზრი საინტერესო იყოს”, – ამბობს გიორგი მაისურაძე.

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: