მთავარი,სიახლეები • • •

„თუ ექიმმა ჩაიდინა სამედიცინო გადაცდომა, რატომ არ განიხილავს ამას პროფესიული საბჭო?“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

02.10.2026
„თუ ექიმმა ჩაიდინა სამედიცინო გადაცდომა, რატომ არ განიხილავს ამას პროფესიული საბჭო?“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

ექიმი ვახტანგ კალოიანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ჯუმბერ ბოლქვაძის მიმართ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის კომენტარს ფეისბუქზე ეხმიანება.

დღეს, 2 ოქტომბერს, მიხეილ სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროტესტზე განაცხადა, რომ ექიმმა კლინიკაში პაციენტის მიღებაზე უარი თქვა, რაზეც „აუცილებლად იქნება სამართლებრივი რეაგირება“.

ექიმი ვახტანგ კალოიანი წერს, რომ გადაცდომა მართლაც თუ დაფიქსირდა, რატომ არ განიხილავს ამ ფაქტს პროფესიული საბჭო და რატომ მოსთხოვა ექიმს სამინისტრომ სამსახურიდან წასვლა.

„ვენდოთ ჯანდაცვის სამინისტროს და დავუშვათ, ეს სიმართლეა. ჯანდაცვის ბრძნული პოლიტიკის შედეგად ნაოპერაციები პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია ვერ ხდება სახელმწიფო კლინიკაში მაღალი თანამდებობის პირების ჩარევის გარეშე [ვისაც სახელმწიფო კლინიკების იმედი გაქვთ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეხედეთ და ბათუმის რესპუბლიკურის აღორძინების საგა გაიხსენეთ].

არ დაგავიწყდეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გააპარტახა კრიტიკული მედიცინა.

ექიმი ჩადის სამედიცინო გადაცდომას და ამას განიხილავს არა პროფესიული საბჭო [თავისთავად მანკიერი ორგანო], არამედ ადმინისტრაციას სთხოვენ ექიმის გათავისუფლებას.
არ დაგავიწყდეთ, ეს გახლავთ ხელისუფლება, რომელმაც საქართველო მსოფლიო ლიდერი გახადა გარდაცვლილებით კოვიდ 19 პანდემიის დროს და შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგო“, – წერს ვახტანგ კალოიანი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი, ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე მას თანამდებობის დატოვებას სთხოვს. სარჯველაძემ დღეს, 2 ოქტომბერს, ეს უარყო და თქვა, რომ ჯუმბერ ბოლქვაძეს თავად სურდა სამსახურის დატოვება სექტემბერში. 
პირველ ოქტომბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს ექიმებმა.

როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი ექიმები ჰყვებიან „ბათუმელებთან“, ეს ამბავი 2026 წლის ივნისში მოხდა – კლინიკაში უნდა შემოეყვანათ მძიმე პაციენტი, თუმცა საავადმყოფოს „ემერჯენის“ განყოფილებაში საკმარისი ადგილი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, როგორც ჯუმბერ ბოლქვაძემ თქვა, მათ ათვისებული ჰქონდათ განყოფილების სარეზერვო ინვენტარიც.

ექიმების თქმით, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორი დაჟინებით მოითხოვდა პაციენტის მიღებას.

ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში იყო და სატელეფონო საუბრისას გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორს არაერთხელ განუმარტა, რომ პაციენტის მიღება არ შეეძლო. ოპერატორმა მას მინისტრის შესაბამის ბრძანებაზე მიუთითა, ჯუმბერ ბოლქვაძემ კი ოპერატორს უთხრა, რომ რადგან ასეთია მინისტრის ბრძანება – „წაიყვანეთ მინისტრთან“.

ამავე თემაზე: „ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

მიხეილ სარჯველაძე კი ირწმუნება, რომ იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო, როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში და ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩაერია საქმეში, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა.

„ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს. ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“, – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: