„რა გაგიხდათ ეს ლამპიონები, რომ ქუჩა გაანათოთ, ნათურები არ გაქვთ? ნულია განათება“ – წერს მოქალაქე „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე. იგი ასე ეხმაურება ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი მორიგი ავარიის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
ასობით კომენტარი დაწერეს სხვა მოქალაქეებმაც, სადაც ზუსტად აღწერეს, რა გამოწვევებია და რატომ არის სახიფათო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადაადგილება.
„ფრიდონ ხალვაშის გამზირი არის სასაკლაო. წვიმის დროს საერთოდ ვერ ამჩნევენ მგზავრებს, საცალფეხო ბილიკით ვერ გაივლი, იმიტომ, რომ ტრაქტორი, ტრაილერები სამშენებლო მასალა ალაგია, კანალიზაციის ჭები თავღიაა, განათება ძალიან დაბალი იყო და ორი წელია ისიც გამორთო. კარგი სპორტსმენი უნდა იყო, რომ გზა რომ გადაკვეთო. გარე განათება მაინც ჩართეთ…“
„ყველაზე საშინელი გზაა, ბაბუაჩემი ცხენით რომ დადიოდა, ისევ ისეთია, უფრო უარესი“ – წერენ მოქალაქეები.
სანამ ბათუმისა და ხელვაჩაურის საკრებულოები ადმინისტრაციული საზღვრების დადგენაზე ხარჯავენ დიდ ძალისხმევას, მოქალაქეებს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებული ვითარება აღელვებთ.

მოქალაქეების გამოხმაურება
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე „ბათუმელების“ არქივში სტატიებსა და ფოტორეპორტაჟებს იპოვით 2017 წლიდან, სწორედ იმ დროიდან მოყოლებული გეგმავს და ჰპირდება მოსახლეობას „ოცნების“ მთავრობა, რომ იზრუნებს, რათა გზამ სტანდარტული, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი / ბათუმი / 30.06.2019

ფრიდონ ხალვაშის გამზირი – 2023 წელი
მოქალაქეები „ბათუმელებს“ ასევე წერენ, რომ ასფალტი დაზიანებულია, შუქნიშნები არ მუშაობს და რაც მუშაობს, არასაკმარისია:
„შარაბიძეების გადასასვლელთან, სადაც ოთხმხრივი გზაა, შუქნიშანი არ არის, არც სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებია“ – წერს მოქალაქე „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე.
მოქალაქეები ასევე ჩივიან, რომ ქუჩას ტროტუარი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე სამუშაოების დროს ხეები სწორედ იმ მოტივით დაჭრეს, რომ ტროტუარი უნდა მოეწყოთ.

სამაგიეროდ გზის პირას სავალი ნაწილი სავაჭრო დახლებად იქცა, აქ ადგილები დაიკავეს სავაჭრო ობიექტებმა, რომლებიც სამშენებლო მასალებს, რკინის კონსტრუქციებს, თივას, ბოსტნეულს და სხვა, შერეულ საქონელს ყიდიან:
„ტროტუარი რომ არ არის, ეს ხომ დიდი პრობლემაა, მაგრამ გზის გასწვრივ საერთოდ არ არის თავისუფალი ადგილი, ერთ მონაკვეთზე ავტომანქანების შეკეთების სერვისებია, სადაც ძველი მანქანები ჩააყენეს, მეორე მხარეს მთელი ზაფხული საზამთრო და ნესვი ჰქონდათ გამოფენილი, იქვე მაცივრებიც, ვერ გაივლიდი.
ოდნავ ზევით, გამგეობის შენობამდე ტრაილერები ჩააყენეს, იქვე თივა დააწყვეს და ყიდიან, ვერც აქ გაივლი.
ქვემოთკენ თუ წახვალთ, საქორწინო დარბაზების შესასვლელები უნდა გადალახოთ, სადაც ვინ სად გარბის და გამორბის ვერ გაიგებ, სულ რაღაც ხდება.
პრემიერი რომ იყო ჩამოსული, იუსტიციის სახლი რომ გახსნა, ხომ გახსოვთ. მოდით აბა და ფეხით გაუყევით გზას აქედან ხელვაჩაურის მერიამდე, ტალახში მოგიწევთ ცურვა“ – გვიხსნის ბეგლარ ძნელაძე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მცხოვრები.
მოქალაქეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „ქუჩა ჩაბნელებულია“.

მოქალაქეების კომენტარები
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებულ პრობლემებზე ისევ იმსჯელეს ბათუმის საკრებულოს 30 სექტემბერს გამართულ სხდომაზე.
ამჯერად საკრებულოს წევრმა ოპოზიციიდან, სულიკო გოგოლიშვილმა გაამახვილა ამ საკითხზე ყურადღება და სთხოვა საკრებულოს, რადგან ამ გზას საქართველოს გზების დეპარტამენტი კურირებს და არა მერია, იქნებ მერმა დეპარტამენტს მიმართოს, რომ დროულად მოახდინონ რეაგირებაო.
„ყველამ კარგად ვიცით, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა ამ ქუჩაზე. სამწუხაროდ, გვყავს დაღუპული ადამიანები. ვფიქრობ, ბათუმის მერიამ უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურებს, რომ მოხდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის ან კამერების დამონტაჟება, რომ პრევენცია მოხდეს. ასევე, არ არის ამ მონაკვეთზე ე.წ. ზებრები. ასფალტის საფარი დაზიანებულია, საფეხმავლო ბილიკი გარე განათება, სანიაღვრე არხი საერთოდ არ არსებობს“ – თქვა სულიკო გოგოლიშვილმა, რომელიც „გახარიას პარტიის“ წევრია.
ეს ის შემთხვევა იყო , როცა „ოცნების“ უმრავლესობამ არ უარყო, რომ პრობლემა ნამდვილად მწვავედ დგას დღის წესრიგში:
„ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ამას“ – უპასუხა მას მინდია გოგუაძემ „ოცნებიდან“ და ისიც დასძინა, რომ სამუშაოები პრობლემების გამოსასწორებლად უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო მაისურაძემ კი აღნიშნა, ბათუმის მერი ნამდვილად არის კოორდინაციაში შესაბამის უწყებებთან და მე თვითონ ვარ ამის შემსწრეო – დასძინა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 2021 წელს 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე იყო გაფორმებული.
კომპანიამ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტის ნაწილი 2023 წელს აყარა და ხელახლა დააგო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდა გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრ სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე. ნაწილი რეაბილიტაციის გარეშე დატოვეს, თუმცა რეაბილიტირებული მონაკვეთიც უკვე დაზიანებულია.
„ბათუმელებმა“ შემსყიდველ უწყებას, საქართველოს გზების დეპარტამენტს ჰკითხა, როდის იგეგმება გზის დასრულება, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება და გარე განათების მოწყობა.
დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ „ობიექტი იმყოფება საგარანტიო პერიოდში, კონტრაქტორ კომპანიას უკვე მიცემული აქვს დავალება და ყველა ხარვეზს, მათ შორის გარე განათების საკითხს აღმოფხვრის. სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს“.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, შპს „ერ ტე დე“, 2013 წელს, თბილისშია რეგისტრირებული. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ის პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველიცაა.
შპს „ერ ტე დე“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა.კომპანიამ ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ჟურნალისტ ბექა ყორშიას სატირული სიუჟეტით „გუთენ ტრაქენის მეთოდზე“.
რაც შეეხება ბათუმის მერიის ჩართულობას.
„ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია წყალარინების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 6000-იანი დიამეტრის მილის, 4–6 მეტრის სიღრმეზე, მიწისქვეშა ქსელის სახით განთავსება.
ამ სამუშაოების წინასწარი განხორციელება აუცილებელია იმისთვის, რომ ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ არ გახდეს საჭირო გზის საფარის ხელახალი გადათხრა. ამ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წყალარინების ქსელის მოწყობის აქტიური სამუშაოების დაწყება 2027 წელს არის დაგეგმილი.“ – განმარტეს მერიაში.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი






