ავარია ერგესთან – ადგილზე დაიღუპა ქალი

დღეს, 18 ივნისს, ბათუმი-ახალციხის გზაზე, ხელვაჩაურის სოფელ ერგესთან ავარია მოხდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი შუახნის ქალი.

ავარიის შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

მეზღვაურთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო აკადემია ორგანიზებას ერთობლივად გაუწევენ და „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ჯამში 576 164 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. ასეთ გადაწყვეტილებამდე ღონისძიების ჩატარებას მხოლოდ სააგენტო გეგმავდა 534 239 ლარით.

ღონისძიება 2026 წლის 25 ივნისს ბათუმში გაიმართება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ „საქართველო 21 000-მდე მეზღვაურის სამშობლოა. მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ ასობით გემზე არიან დასაქმებულნი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ღონისძიების მასშტაბი და მნიშვნელობა, ვინაიდან მას დაესწრებიან ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საზღვაო სექტორის ლიდერები, დარგის ექსპერტები და ადგილობრივი პარტნიორები. მათი მაღალი ინტერესისა და ჩართულობის გათვალისწინებით, ღონისძიების სათანადო დონეზე ორგანიზება და ჩატარება სრულად პასუხობს საქართველოს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს, ხელს უწყობს ეროვნული საზღვაო სექტორის გაძლიერებას“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

სააგენტო ასევე წერს, რომ „ღონისძიების ორგანიზების სავარაუდო ღირებულების ობიექტურად დადგენის მიზნით, გამოცხადდა ბაზრის კვლევა. კომერციული წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ერთმა კომპანიამ… სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ღონისძიების მოწყობის დეტალური კონცეფცია, ვიზუალური და კრეატიული ხედვა, შესაბამისი რენდერები და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საორიენტაციო ბიუჯეტი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 409 553 ლარით, დღგ-ს ჩათვლით“.

აქ აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ღონისძიების ორგანიზებას მხოლოდ საზღვაო სააგენტო გეგმავდა და 534 239 ლარის გამარტივებული შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2026 წლის 16 ივნისს მიმართა. მეორე დღეს, 17 ივნისს, საზღვაო სააგენტომ ეს განაცხადი გააუქმა და ხელახლა მიმართა უწყებას – ამჯერად 409 553 ლარის დახარჯვის უფლების მისაღებად.

იმავე დღეს, ანუ 17 ივნისს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამაც ორი განაცხადით: პირველი – ტენდერის გარეშე 141 611 ლარის დახარჯვის ნებართვისთვის [საბავშვო/ახალგაზრდული აქტივობების დასაფინანსებლად] და მეორე – 25 000 ლარის მუსიკოს სალომე კორკოტაშვილისთვის [SALIO] გადასახდელად, რომელსაც „საზეიმო ღონისძიების პროგრამის მუსიკალური უზრუნველყოფა [ცოცხალი შესრულება]“ ევალება.

მომსახურებები, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შეისყიდის:

  • ღონისძიების კრეატიული კონცეფციის შემუშავება; დიზაინ-მომსახურება და საინფორმაციო/სარეკლამო მასალების [მოსაწვევები, ეკრანების კონტენტი] მომზადება.
  • ოფიციალური ნაწილის კონსტრუქციები და დეკორაციები: ძირითადი სცენის მოწყობა [აშენება, დახალიჩება, ტრიბუნა]; დიდი ლოგო კონსტრუქციით ლეერზე, ბადე ბანერი კონსტრუქციით, ლედ ეკრანის შეფუთვა და ლეერის სიმძიმეების შეფუთვა; საზეიმო დროშები და მეზღვაურების აღლუმის დროშები; სტუმრებისთვის განკუთვნილი სკამები.
  • ტექნიკური უზრუნველყოფა: გახმოვანების და განათების სისტემები; სასცენო კონსტრუქციები; ვიდეო სისტემები [ლედ ეკრანი, პირდაპირი ტრანსლაციის/ლაივის უზრუნველყოფა, პარტიკაბელი ლაივისთვის]; ენერგომომარაგება და დამხმარე ინვენტარი: გენერატორი.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული ინვოისების მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და აკადემიას შესაბამის მომსახურებას შპს „მოზაიკა პლიუსი“ გაუწევს და აღნიშნულ თანხასაც ამ კომპანიას გადაუხდიან.

საჯარო რეესტრის მიხედვით „მოზაიკა პლიუსი“ თბილისში 2008 წელს რეგისტრირებული კომპანიაა და მის წილებს ფლობენ: სალომე კობალაძე [40%], ანა ჩოდრიშვილი [40%] და ქეთევან ჟორჟოლიანი [20%]. კომპანიის დირექტორი სალომე კობალაძეა.

16 ივნისს შესყიდვების პორტალზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „მოზაიკის“ ინვოისი ატვირთა ჯამური ღირებულებით 534 238,63 ლარი.

მეორე დღეს, 17 ივნისს, სააგენტომ და აკადემიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის წერილი მიიღეს ღონისძიების უმოკლეს დროში ორგანიზება-ჩატარებაზე. სააგენტომ კი წერილობით აკადემიას მიმართა.

17 ივნისის წერილები / წყარო: შესყიდვების პორტალი

ამ წერილის შემდეგ, სააგენტომ შესყიდვების პორტალზე 16 ივნისის განაცხადი გააუქმა და 17 ივნისს ახალი განაცხადი და „მოზაიკის“ შეცვლილი ინვოისი ატვირთა. პორტალზე იმავე დღეს, 17 ივნისს გააკეთა განაცხადები საზღვაო აკადემიამაც.

16 და 17 ივნისის ინვოისები / დამკვეთი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო / წყარო: შესყიდვების პორტალი
17 ივნისის ინვოისი / დამკვეთი საზღვაო აკადემია / წყარო: შესყიდვების პორტალი

„სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის 25 ივნისის საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებული მასშტაბი და განსხვავებული სტილი შეძენოდა სწორედ საბავშვო/ახალგაზრდული აქტივობების ინტეგრირებით, განაპირობებს შესყიდვის გადაუდებელ აუცილებლობას დროის მცირე მონაკვეთში“ – წერს საზღვაო აკადემია.

„საქართველო, როგორც საზღვაო ტრადიციების მქონე ქვეყანა, 25 ივნისს – მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ 2011 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ ოფიციალურად გამოცხადდა.

ღონისძიების მიზანია გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ვაჭრობაში მეზღვაურთა უდიდესი წვლილის დაფასება, ქართველი მეზღვაურების პროფესიული საქმიანობის აღიარება, საზღვაო სფეროს პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, ავტორიტეტის კიდევ უფრო ამაღლება“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განაცხადში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აღნიშნული განაცხადების განხილვის ბოლო თარიღები 2026 წლის 22 და 23 ივნისია.

______________

მთავარ ფოტოზე: ილუსტრაცია კონცეფციიდან.

როგორ ჩახერგა და დაამახანჯა გონიო-კვარიათის სანაპირო ბათუმის მერიამ – ფოტორეპორტაჟი

„ჩახერგეს და დაამახინჯეს“, „წაართვეს და ვეღარ იბრუნებენ“ – ძირითადად ასეთი რეაქცია აქვთ მოქალაქეებს გონიოში მიმდინარე სამშენებლო პროცესზე საუბრისას. ასეთი რეაქცია აქვთ მათაც, ვინც ადრე ბათუმის მერიას ნებართვების გაცემის გაჭიანურებას საყვედურობდა. 

„დიახ, გვინდოდა, სასტუმროც გვინდოდა და რესტორანიც, მაგრამ ასე არა. ყველაფერი მათთვის? ჰაერიც აღარ გვაქვს, გასავლელი არ დაგვრჩა. მოდიან, კიდევ ეძებენ ადგილებს ასაშენებლად, მერია სულ თანახმაა. სხვა არაფერი აინტერესებთ. ნახა ვინმემ ბულვარი რა დღეშია? გაიარეთ აბა თქვენ და ნახეთ“, – საყვედურნარევი, გაბრაზებული ტონით გვეუბნება მოქალაქე. ის ბათუმის მერიას და მთავრობას საყვედურობს.

მან სახელი არ გვითხრა, არ არის საჭიროო – „კი არ ვმალავ, მე არაფრის არ მეშინია, მაგრამ არაა საჭირო, ხომ გითხარი“.

მოქალაქეს ვთხოვეთ აეხსნა, რას გულისხმობდა სიტყვებში – „ყველაფერი მათთვისაა“.

იგი გვიყვება, რომ დიდი სასტუმროების მფლობელები გონიოსა და კვარიათში მხოლოდ სასტუმროებს არ დასჯერდნენ და სანაპიროს „ბატონ -პატრონობა“ მოინდომეს:

„ვინც სასტუმრო ააშენა, პლაჟიც იმას უნდა, აქ ჩემი სტუმარი გამოვა და მე უნდა მოვემსახუროო. კაფეც მას უნდა, ჩემი სტუმარი სხვასთან რატომ ჭამსო. მალე ტაქსისაც არ გამოაძახებინებენ – ჩვენ წაგიყვანთო. ასე უნდა ექნა მთავრობას? დარეგულირება არ შეიძლებოდა? – ტელევიზორში რომ ლაპარაკობენ ხალხისთვის ვაშენებთო, ვაწყობთო, როგორაა ხალხის, ის კი არა ცოტა ზემოთ ახედეთ აშენებულებს, მაგათაც უნდათ პლაჟი, გააბამენ ალბათ ბაწარს მათი სტუმრები და ჩამოსრიალდებიან“. 

„თქვენ გახსოვთ, როგორი იყო ჩვენი სანაპირო? არ გემახსოვრებათ“, – გვეუბნება სამოც წლამდე კაცი კვარიათის სანაპიროზე. ის შეზლონგებზეა ჩამომჯდარი. „არ გახსოვთ ხომ?“ – გვიყურებს გამომცდელი მზერით და მაღლივი კორპუსების მწკრივზე მიგვითითებს -„ესენი არაფერი არ იყო“.

„აქედან დაგანახებდი ჩემს სახლს, მაგრამ აღარ ჩანს, იქაა, ამ კორპუსის უკან. მაღლა ხომ ხედავ დიდ სახელებს, ასეთი სახლები კი არ გვქონდა, ჩიტის ბუდეებივით იყო, ეზოებიდან ჩანდა მთელი სანაპირო, ნავებიც ჩანდა.

ახალგაზრდებს არ მოგწონდათ, მაგრამ ჩვენ მოგვწონდა“, – გვიყვება ნოდარი, ასე გაგვეცნო. გვარი არ გვითხრა, უცნაური მიზეზით – მეზობლები გადამეკიდებიანო. რატომ, ეს აღარ აგვიხსნა.

სარფი – აქ აქტიურად მუშაობენ ადგილების სამშენებლოდ ათვისებაზე
კვარიათის სანაპირო

თავისი ამბის მოყოლა თითქმის არავის სურს. ყველა, ვინც დაგველაპარაკა, მეზობლის ამბავს გვიყვება და მიმართულებას გვაძლევს: „იქ მიდი, ნინო იკითხე“, „იმ ჯიხურში შეიხედე“…

როგორც ირკვევა, სანაპიროზე ვინც მუშაობს, ან მუშაობდა, ყველამ კარგად იცის ერთმანეთის ამბავი, განსაკუთრებით – თუ ეს ადგილების გადანაწილებას ეხება.

„ბობოლები ცდილობენ ჩაგვყლაპონ, ისე როგორც ჩაყლაპეს „რაკუშკები“. არ ჩაყლაპეს? – აბა მითხარით, სად არის, დაშალეს და მორჩა. ეგონა მოაგვარებდა, მაგას ის კაცი ებრძვის“ – ზემოთკენ მიგვითითებს ნოდარი, სადაც სასტუმრო კომპლექსი „ლიცი“ მდებარეობს.

კომპლექსი „ლიცი“ დიმიტრი ტვილდიანის საკუთრებაა.

„ლიცის მფლობელი?“ – ვთხოვეთ დაზუსტება.  ნოდარი პასუხად ხელებს შლის. ხელის მოძრაობით გვანიშნებს იმასაც, რომ ჩვენთან საუბარი დაასრულა და მეტს არაფერს გვეტყვის.

იქ, სადაც ცნობილი კაფე „რაკუშკები“ იყო, არაფერი დაგხვდა ტალახის გარდა. ადგილზე გვითხრეს, რომ ყოფილი მოიჯარე ხელვაჩაურის მერიისგან პასუხს ამ დრომდე ელის, თუმცა უშედეგოდ – „მერიამ დაუნგრია მაგას, იჯარის ვადა ჰქონდა, ტყუილს არ ვამბობ. გადაამოწმეთ. მაინც დაუნგრიეს, რატომ? – ზემოთ რომ კაცია, იმას უნდა ეს ადგილი, საბაგიროს მოწყობა უნდოდა. მართალია თუ არა არ ვიცი, თქვენ გაარკვიეთ“.

მოქალაქის ნათქვამი საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ: ამონაწერის მიხედვით, ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხის #8-ში მცირე ზომის ადგილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. თუმცა, მისამართის მიხედვით, ის ბათუმია [რეესტრის ამონაწერი]. 2026 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ამ მიწის ნაკვეთის მოიჯარე შპს „ფრიდაა“ 2026 წლის სექტემბრამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შპს „ფრიდას“, ანუ კაფე „რაკუშკების“ მფლობელს მართლაც მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა.

„ფრიდას“ მეპატრონემ ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა.

მარჯვნივ ადგილი, სადაც კაფე იყო განთავსებული, მარცხნივ კაფე „რაკუშკების“ ფოტო, რომელიც ხელვაჩაურის მერიის მოთხოვნით დაშალა მეპატრონემ, მას შემდეგ, რაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა პლაჟზე არსებული სხვა ობიექტები.

საინტერესოა, რის საფუძველზე მოსთხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედ მოიჯარეს კომერციული ობიექტის დაშლა, როცა ბათუმის მერიამ იგივე მიზეზით ბულვართან შეუსაბამო შენობები შეინარჩუნა არგუმენტით – „მოქმედი ხელშეკრულებები აქვთო“.

ხელვაჩაურის მერიას ვკითხეთ, თუ მიმართა „ლიცის“ მეპატრონემ, დიმიტრი ტვილდიანმა საბაგიროს მოწყობის პროექტით – „ლიციდან“ სანაპირომდე. მერიიდან მოგვწერეს, რომ მსგავს პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

გონიოში აქტიურად განიხილავენ სასტუმრო „ვინდჰემის“ გაყიდვის ამბავსაც. „რუსებს მიყიდეს და ახლა მთელი პლაჟი მოინდომესო“ – გვიყვებიან გონიოში. ეს ამბავიც გადავამოწმეთ.

აპარტოტელის ტიპის 25-სართულიანი სასტუმრო „ვინდჰემი“ თითქმის დასრულებული პროექტია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს ადგილი 2018 წელს „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილმა თემურ ბიწაძემ იყიდა „აჭარა რეალ ისთეითისგან“.

2026 წლიდან ამონაწერის მიხედვით კი, ახალი მესაკუთრეები ფიქსირდებიან, მათ შორის მართლაც არიან რუსეთის მოქალაქეები – როგორც ჩანს, გონიოში სწორი ინფორმაცია აქვთ.

„ვინდჰემში“ გონიოს სანაპიროზე ყიდიან როგორც საინვესტიციო, ასევე საცხოვრებელ ბინებს.

„ვინდჰემი“ გონიოს სანაპიროზე

კომპანიის  ვებგვერდზე მითითებულია, რომ აპარტოტელი კერძო პლაჟს ფლობს, თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიას საიჯარო ხელშეკრულება არ აქვს. ყოველ შემთხვევაში რეესტრში დაფიქსირებული არ არის.

საქართველოს კანონმდებლობით, პლაჟის გაყიდვა დაუშვებელია: მისი გასხვისება კონკრეტული ვადით და მხოლოდ საიჯარო წესით შეიძლება. თუმცა „კარგმა მომლაპარაკებლებმა“, როგორც საკუთარ თავს ბიზნესის წარმომადგენლები უწოდებენ ხოლმე, მაინც იპოვეს გამოსავალი – 30-50 წლიან ხელშეკრულებებს აფორმებენ.

„ვინდჰემის“ გვერდით 7183 კვ.მეტრზე აპარტოტელს აშენებს შპს „პონტუს გონიო“ – პროექტი მასშტაბურია.

„პონტუს გონიო“ – მარცხნივ მიმდინარე მშენებლობა, მარჯვნივ – პროექტის რენდერი

მის გვერდით კი  შპს „ნექსთ გონიო +“ სასტუმროს მშენებლობას ასრულებს. აქ სასტუმრო „რედისონი“ უნდა განთავსდეს. კომპანიის თანამესაკუთრედ ფიქსირდება შპს „ვამოსი“. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „პონტუსი“ ნათია ვარშალომიძის საკუთრებაა.

კომპლექსი „ვინდჰემი“ გონიოს სანაპიროზე

გონიოში, სანაპიროსთან, თავისივე მშენებარე პროექტის წინ ახალ პროექტის დაწყებას გეგმავს შპს „გუმბათი“. კომპანია აქ ერთ ჰექტრამდე ფართობს აითვისებს სამშენებლოდ. ამ პროექტის გვერდით კი, კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს აშენებს „ნექსთ გარდენი.“

„გუმბათის“ მშენებარე პროექტი მარჯვნივ, მარცხნივ, შემოღობილ ადგილზე კი კომპანია ახალ პროექტს იწყებს
„გუმბათის“ ახალი პროექტის რენდერი

ამ პროექტის გაგრძელებაზე „ნექსთ გარდენის“ პროექტი ორი ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი, მშენებლობა დაწყებულია

კიდევ ერთი ამბავი რაზეც გონიოში ბევრს საუბრობენ ე.წ. მდიდრების უბნის მშენებლობაა.

„მდიდრების უბნის“ მშენებლობაზე გიყვებიან, როგორც აუცილებლად სანახავ ადგილზე გონიოში: „ქვემოთკენ იარე, ბათუმისკენ, სასტუმრო „მგზავრებს“ რომ გასცდები, ჩასახვევის შემდეგ, მდიდრების უბანია“ – გვიხსნის ერთი მოქალაქე, მეორე კი გვირჩევს დრო არ დავკარგოთ – „მაინც არ შეგიშვებენ, მოღობილია“.

ე.წ. მდიდრების უბანი გონიოში მართლაც სანახავი ადგილია, ამ პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, როგორც „ალიანს ჯგუფის“ ვილების პროექტზე გონიოში, შემდეგ პროექტი შეცვალეს, მიწის ნაკვეთი რამდენიმე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირეს და ცვლილების შემდეგ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს და  მშენებარე ვილას თავისი მფლობელი ჰყავს.

აქ სახლების კარკასების მშენებლობა თითქმის დაუსრულებიათ, ვილების წინ ფართობი კუსტარულად შემოუღობავთ და გაუმწვანებიათ.

ტერიტორიას დაცვა იცავს, შესვლის უფლება არ მოგვცეს, თუმცა გარედანაც კარგად ჩანს ყველაფერი. ზოგიერთი სახლის კარკასი შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც ჩანს, ტყუილად არ უწოდეს გონიოელებმა ამ ადგილს მდიდრების უბანი.

ე.წ. მდიდრების უბანი გონიოში – სამშენებლო ტერიტორია პრომენადამდეა შემოღობილი, ვილების წინ ზღვის ხედი იშლება. მართალია, მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გამწვანებაზე ზრუნვა უკვე დაუწყიათ.
ხედი „მდიდრების უბნიდან – გამწვანებული ადგილი სამშენებლო ტერიტორიიდან პრომენადამდე კერძო საკუთრება არ არის და მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, შესაძლოა მშენებელ კომპანიას საჯარო ხელშეკრულება ჰქონდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ეს საჯარო რეესტრის ამონაწერში უნდა იყოს დაფიქსირებული – ამ ეტაპზე მსგავსი ჩანაწერი არ იძებნება. მოაწყო თუ არა ვილების ეზო მუნიციპალურ საკუთრებაში მერიასთან შეთანხმებით მშენებელმა კომპანიამ, ამაზე „ბათუმელები“ ინფორმაციას მერიიდან გამოითხოვს.

პროექტის მიხედვით საპროექტო გეგმარებითი ერთეული საერთო ფართობით – 20 469 კვ.მ მდებარეობს ბათუმში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის პირველი ჩიხის 18 ნომერში, გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რომელიც ბათუმის ცენტრიდან დაშორებულია 12 კმ-ით. საპროექტო ტერიტორიას დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება  სანაპირო და შავი ზღვა.

აქ საცხოვრებელ სახლებს იშენებენ: „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის თემურ ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილი; შვილი – თემურ ბიწაძე; აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით ბალაძე, რომელიც ახლა „ალიანს ჯგუფის“ ერთ-ერთი დირექტორია; კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი აკაკი სონგულია; ერთ-ერთი ვილის თანამფლობელია ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი პარლამენტარი „ოცნებიდან“; შპს „ამბასადორის“ ერთ-ერთი დირექტორი გოჩა კამკია და ა.შ. 

მედეა ბოჭორიშვილის მშენებარე სახლი გონიოს სანაპიროზე

რაც შეეხება ადგილობრივების გულის ტკივილს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე – მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროს გასწვრივ ბევრი მაღალბიუჯეტიანი პროექტი ხორციელდება, სანაპირო მაინც მოუვლელი და დაზიანებულია.

მართალია, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია თავს იწონებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპირო უსახური ობიექტებისგან გაწმინდა, თუმცა, როგორც ჩანს ნარჩენების გატანაზე არავის უზრუნია, პლაჟზე იპოვით, როგორც ძველ ჩაიდანს, დამტვრეულ ჭურჭელს, ისე საპირფარეშოს ნარჩენს.

საპირფარეშო გონიოს სანაპიროზე
დაზიანებული პრომენადი
კომერციული ფართობის ნარჩენები

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებულია

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებულად დასახელდა. პროექტმა საერთაშორისო აღიარება ორ ნომინაციაში მოიპოვა: Best Luxury Coastal Masterplan Development და Best Luxury Urban Development in Georgia.

Luxury Lifestyle Awards უძრავი ქონების პრემიუმ კლასის სექტორში გამოარჩევს იმ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მაღალი კლასის საცხოვრებელ გარემოს ქმნიან. ყოვლისმომცველი კვლევისა და შეფასების პროცესის საფუძველზე, „ამბასადორი აილენდის“ დაჯილდოვებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ინოვაციურობას, ხარისხს, ხედვას და მის გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებლიანობას.

აღნიშნული მიღწევა ამბასადორის კუნძულის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ინოვაციური პროექტის, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი, რომელიც პირველ ხელვნურ კუნძულს წარმოადგენს შავ ზღვაში, ერთიან, ინტეგრირებულ გენერალურ გეგმაში აერთიანებს საცხოვრებელ, სტუმარმასპინძლობის, ბიზნეს, დასასვენებელ, გასართობ და საზოგადოებრივ სივრცეებს.

აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვება, სათანადოდ ასახავს პროექტის უფრო ფართომასშტაბიან ამბიციას: შეიქმნას ახალი ლოკაცია გლობალურ საინვესტიციო რუკაზე, რომელიც გააფართოებს ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს, რაც რეგიონში განვითარების სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.

შავ ზღვაში, პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“, მსოფლიოს წამყვან პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მათ შორისაა: ურბანული დაგეგმარების გლობალური ლიდერი, საინჟინრო კომპანია Arup, წამყვანი არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

თაღლითობისთვის დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს იაპონიიდან მანქანის ჩამოყვანას ჰპირდებოდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაჰპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42 110 ლარი გამოართვა, რაც სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ ისე მიისაკუთრა, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაანადგურეთ მოსკოველები, რომლებმაც დრონების იერიში გადაიღეს – რუსი პროპაგანდისტების ინიციატივა

რუსი პროპაგანდისტები ითხოვენ იმ მოსკოველების დასჯას, რომლებმაც მოსკოვის ნავთობის ქარხანაზე უკრაინის დრონებით თავდასხმის ვიდეოები გადაიღეს. კრემლის ფავორიტი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სალავიოვი ამ ადამიანების პირდაპირ განადგურების ინიციატივით გამოდის.

„მე კიდევ ერთხელ ვციტირებ გენერალი სინუსის დიდებულ სიტყვებს. აი, რა თქვა 1942 წლის 28 ივლისს იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა, სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისარმა: „ჩვენ უნდა დავამყაროთ ჩვენს არმიაში უმკაცრესი წესრიგი და რკინის დისციპლინა. პანიკიორები და ლაჩრები ადგილზევე უნდა განადგურდნენ.“

პანიკიორები და ლაჩრები უნდა… ადგილზე განადგურდნენ. ისტერიკა საჭირო არ არის. ფიქრია საჭირო. ფიქრია საჭირო“, – ეს ინიციატივა სოლოვიოვმა დღეს, 18 ივლისს გამოაცხადა თავის საავტორო გადაცემაში.

უკრაინული დრონები მოსკოვს 18 ივნისის ღამეს დაეხნან თავს.

კიდევ ერთმა რუსმა პროპაგანდისტმა, არმენ გასპარიანმა იმაზე ისაუბრა, რომ„უკრაინულ არხებზე“ მოსკოვში გადაღებული დაახლოებით 100 ვიდეო ნახა. გასპარიანმა თავის საავტორო გადაცემაში სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით მოძებნონ ვიდეოების გადამღები პირები და ორი თვით დააკავონ. შემდეგ კი, დაკითხონ და ღალატისთვის სისხლის სამართლით გაასამართლონ.

სომხური წარმოშობის რუსი პროპაგანდისტი დაჟინებით ითხოვს სისხლის სამართლის დევნის დაწყებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დრონებით თავდასხმა ვიდეოზე გადაიღეს:

„უმაღლესმა (მთავარსარდალმა) ხომ გითხრათ: „იმუშავეთ, ძმებო“. იპოვეთ ისინი. გარწმუნებთ, პირველივე დაკითხვაზე საჯდომის ნერვამდე გატყდებიან. მაშინვე საპროცესო შეთანხმების დადებას მოინდომებენ. 18 წლის ნაცვლად 15 რომ მისცენ? მე წინააღმდეგი არ ვარ, თხუთმეტიც არაა ურიგო. ამ უსარგებლო ნაბიჭვრებისგან რაიმე სარგებელი მაინც იქნება.

თხოვნა მაქვს სამართალდამცავ ორგანოებთან: გააკეთეთ ეს. გთხოვთ. ყველანი ძალიან გთხოვთ. ახლა თუ არ გამოდის ხოხლებს [დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ რუსული სიტყვა უკრაინელების მიმართ] რაიმე გავუკეთოთ, ხოხლ-არსებების ნებაყოფლობით დამხმარეებს ყოველთვის შეიძლება რამე მოუხერხო. მგონი, ორიოდე პროცედურა სრულიად საკმარისი იქნება. გარწმუნებთ, მომდევნო გადაღებაზე, უკვე ბევრად ნაკლები თვითშემოქმედი რეჟისორი იქნება“.

„ჩვენი ფართომასშტაბიანი სანქციები კვლავ მოსკოვის რეგიონს შეეხო: ამ კვირაში მოულოდნელად დარტყმა მიაყენეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ასევე, თავდასხმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამიზნეებზე. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს“, – დაწერა დღეს, 18 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორის კომპანია კვარიათში ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავენ [ფოტო]

შპს „გუმბათი რეზიდენსი“ კვარიათში, სანაპიროსთან ახლოს, თავისივე მშენებარე კომპლექსის წინ, ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლოდ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი [9454 კვ.მეტრი] კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა.

ახალი პროექტები დაიწყეს ან გეგმავენ სხვა კომპანიებიც, კვარიათში სანაპიროს პირველ ზოლში მაღლივი მშენებლობებისთვის ადგილების ათვისება გრძელდება. როგორც ჩანს, დაბალ სახლებს აქაც მასშტაბური პროექტებით ჩაანაცვლებენ, რის შემდეგაც სანაპიროს ამ ზოლშიც სიმჭიდროვესთან დაკავშირებული ისეთივე პრობლემები იჩენს თავს, როგორც ეს ბათუმშია.

დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს პარკინგის, საკანალიზაციო სისტემის, მზის სხივის გადანაწილების და სხვა  სახის გამოწვევები.

საპროექტო ტერიტორია
საპროექტო ტერიტორია

არქიტექტურული პროექტი ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ უკვე შეითანხმა.

რენდერი

პროექტი მოიცავს, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართობს, პარკინგის სივრცეს, ღია საცურაო აუზის მოწყობას მოსასვენებელი სივრცით და ტექნიკურ სართულს.

საპროექტო მიწის ნაკვეთი ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილსა და სვიმონ კანანელის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ჯამში 1200 საცხოვრებელ ბინას მოიცავს, აქედან 24 ბინა შშმ პირებისთვის არის მისაწვდომი.

სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთის წინ კომპანია უკვე ასრულებს კიდევ ერთი კომპლექსის მშენებლობას. რენდერის მიხედვით, ახალი პროექტი სამი ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს.

„გუმბათის“ მშენებარე პროექტი მარჯვნივ, მარცხნივ შემოღობილ ადგილზე კი ახალ პროექტს იწყებს

შპს „გუმბათი რეზიდენსის“ დირექტორი არჩილ ხაბაძეა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. ის ფლობს ასევე კომპანიის 30 პროცენტს. 70 პროცენტი კი „გუმბათის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების დამფუძნებელსა და მფლობელს ლაშა ბალაძეს ეკუთვნის.

ბიზნესმენი ლაშა ბალაძე „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. 2021 წლიდან დღემდე მან „ოცნებას“ 290 000 ლარი შესწირა.

არჩილ ხანაძე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პარლამენტში „ოცნებას“ წარმოადგენდა.

__

როგორ გახდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „გუმბათის“ პარტნიორი, ამაზე წაიკითხეთ აქ:

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ – მფლობელებმა ტერიტორია გაასხვისეს

 

უსკოს თავმჯდომარე პაატა კეშელავა იქნება – მისი ხელფასი 9 600 ლარია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკოს] თავმჯდომარედ, 13 ხმით და 5 წლის ვადით, აჭარაში „ქართული ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ პაატა კეშელავა აირჩია.

ამ საკითხს დღეს, 18 ივნისს, უყარეს კენჭი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. გახარიას პარტიის ორმა წევრმა „თავი შეიკავა“ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

უსკოს თავმჯდომარეობა კიდევ ერთ კანდიდატს – მარიამ გუგუნავასაც სურდა, თუმცა კომისიამ არჩევანი პაატა კეშელავაზე გააკეთა.

უსკოს თავმჯდომარე ბოლო 10 წლის განმავლობაში პარმენ ჯალაღონია იყო, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

უსკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 9 600 ლარია არასაარჩევნო წელს. ხოლო საარჩევნო პერიოდში, თავმჯდომარეს ეძლევა თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

ბათუმის ავტობუსებში კონტროლიორებს სამხრე კამერები ექნებათ ბილეთის შემოწმებისას

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში სამხრე კამერებით აღჭურვილი კონტროლიორები იქნებიან, რომლებიც უბილეთო მგზავრებს გააკონტროლებენ.

„კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერით აღიჭურვება ერთი თანამშრომელი, რომელიც პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებს.

ახალი სისტემა უზრუნველყოფს მგზავრთა უფლებების დაცვასა და  სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას“ – წერს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

ინსპექციის ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში  საფასურის გარეშე გადაადგილების 5 265 შემთხვევა გამოავლინა.

„მგზავრი ვალდებულია მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს“ – აცხადებს ინსპექცია.

მუნიციპალურ ინსპექციას ვკითხეთ, რამდენი ლარი დაიხარჯა კონტროლიორების სამხრე კამერებით აღჭურვისთვის, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ თანხებთან დაკავშირებული ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

____________

ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 388 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 038 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 779 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 44 240 ერთეული [+71]
  • MLRS – 1 877 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 431 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 357 589 ერთეული [+1 996]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 684 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 108 425 ერთეული [+431]
  • სპეცტექნიკა – 4 306 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 783 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა დრონებით [ფოტო/ვიდეო]

„ყირიმი კუნძულად გადაიქცევა. რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

 

ტრამპმა შესაძლოა უკრაინის შესახებ პოზიცია შეიცვალოს: ზელენსკის 2 „კოზირი“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ლანჩხუთში ავტობანის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი მალე გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

„სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება“, – აცხადებს დღეს, 2026 წლის 17 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ლესასა და ხაჯალიას შორის მდებარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი, მინიმუმ 6 წლის წინ, მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული.

„სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი, საერთო ჯამში, მოიცავს 12 კმ-იან, 4 ზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.“ – წერს დეპარტამენტი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და 2026 წლის 17 ივნისის მდგომარეობით მხოლოდ ორი მონაკვეთია დასრულებული/გახსნილი:

  • ლოტი 1 – სამტრედია-ჯაპანა [დაუსრულებელია]
  • ლოტი 2 – ჯაპანა-ლანჩხუთი [გახსნილია]
  • ლოტი 3 – ლანჩხუთი-ხაჯალია [დაუსრულებელია, გასული წლის დეკემბერში გაიხსნა ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი / დარჩენილი ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი კი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ მალე გაიხსნება]
  • ლოტი 4 – ხაჯალია-სუფსა [გახსნილია, თუმცა ამ დროისთვის დროებით ჩაკეტილია და შეზღუდვა 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება]

აღსანიშნავია, რომ ამ გზის სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე [ლოტი 1] 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. მანამდე, 2 წლით ადრე კი, ამ მონაკვეთის დასასრულებლად ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დონორების მიერ იყო დაფინანსებული.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი კომპანია Road Building ALTCOM LLC-ს უნდა აეშენებინა, ხოლო მესამე მონაკვეთი – Todini Costruzioni Generali S.p.A-ს. თუმცა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ კომპანიებმა თავის დროზე ვალდებულებები არ შეასრულეს. მაშინ „ბათუმელებს“ დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ მათ ყველა სასამართლო დავა მოიგეს.

ამ თემაზე ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან: რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი [მონიშნულია წითელი ხაზით], რომელიც „უახლოეს პერიოდში გაიხსნება“

„თუ მღვდელი გასწავლის, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ?“ – მასწავლებელი სკოლებში შექმნილ კლუბებზე

„ძალიან მარტივი შეხედულებაა ის, რომ თუ რელიგიური პირი გასწავლის, მორჩა, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ. თვითონ ეკლესიის შიგნით სჩადიან სასულიერო პირები დანაშაულს და არღვევენ მცნებებს. ეს კლუბები ნამდვილად ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მოსწავლეებს აღარ წაუცდებათ ხელი რაიმე ბოროტებისკენ“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია მანია განათლების სამინისტროს პროექტზე, რომელიც საჯარო სკოლებში სასულიერო პირების მიერ კლუბების შექმნას ითვალისწინებს.

რა რისკებს ხედავს პედაგოგი ამ პროექტში? – ნათია მანიას ამ თემაზე ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნათია, რას ფიქრობთ იმაზე, რომ საჯარო სკოლებში პატრიოტიზმი და ღირებულებები მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა უნდა ასწავლონ და სპეციალური კლუბები იქმნება ამისთვის. ღირებულებებს სკოლა ვერ ასწავლის დღეს?

ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს არის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის დაკვეთა და მოთხოვნა. რატომ ვფიქრობ ასე? მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფში ვარ გაერთიანებული და იქაც და ზოგადად, სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად, როცა რაიმე კრიმინალური შემთხვევა მოხდებოდა სკოლაში, ან მოსწავლე თუ ჩაიდენდა რაიმე დანაშაულს, შემხვედრია უამრავი კომენტარები, რომ „დააბრუნეთ რელიგიის გაკვეთილები“, „რელიგია დააბრუნეთ სკოლაში“, „ქრისტიანობა გვჭირდება“ და ასე შემდეგ.

როგორც ჩანს, ლიბერალური ღირებულებების მქონე საჯარო სკოლის იდეა საზოგადოების ნაწილში ნდობას არ იწვევს და უფრო მეტი ნდობა აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. შესაბამისად, საზოგადოების დაკვეთაა ასეთი, რომ ღირებულებებს მასწავლებელი ვერ ასწავლის, სკოლა ვერ ასწავლის და მოდით, ეს ასწავლოს სასულიერო პირმა.

  • რატომ აქვთ ამის განცდა, თქვენი აზრით?

ამას მრავალი მიზეზი აქვს. ჯერ იყო და საბჭოთა კავშირი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დაინგრეოდა, დაინგრა და შეირყა ადამიანების აწყობილი ცხოვრება. 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ძალიან მალე მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და საზოგადოებას თითქოს მიწა გამოეშალა ფეხქვეშ, ვეღარ ხედავდნენ მომავალს.

ჯერ პუტჩისტები მოვიდნენ, შემდეგ შევარდნაძე და მოკლედ არაფერი არ იყო მყარი, საიმედო. ადამიანებს რაღაცაზე უნდოდათ დაემყარებინათ თავიანთი რწმენა და ეს აღმოჩნდა ეკლესია. თვითონ ეკლესიაც ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ეს დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო ადამიანებში. რწმენა მისტიკურ, თვალით უხილავ ცნებებს ეყრდნობა და შესაბამისად, იმედგაცრუებაც უფრო რთულია. თუ რამემ ვერ გაამართლა შენი იმედი რელიგიაში, რაღაცამ დაგწყვიტა გული, ეს შეგიძლია ათასნაირად განმარტო.

ეკლესიის გაძლიერებასა და მისი ავტორიტეტის გამყარებას ჩვენმა მთავრობებმაც ძალიან შეუწყვეს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ, სააკაშვილის მთავრობაც ძალიან დაეხმარა ეკლესიას გაძლიერებაში ინსტიტუციურად და ფინანსურადაც.

თუმცა არსებობს საპირისპირო დამოკიდებულებაც: საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პირიქითაა, ეკლესიის ავტორიტეტი დაცემულია.

მასწავლებლების ავტორიტეტს რაც შეეხება, ცხადია ის არ უტოლდება ეკლესიის ავტორიტეტს საზოგადოების ნაწილში და ამისთვისაც მთავრობამ იმუშავა, რადგან მათი რეფორმები იყო გაუთავებელი, არათანმიმდევრული და ვერ მოიტანა შედეგი. მაგალითად, თავიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ვინც ვერ ჩააბარებდა პროფესიულ გამოცდას, წავიდოდა სკოლიდან. მაგრამ გამოცდები გაიწელა უზომოდ დიდხანს და ზოგმა მასწავლებელმა გამოცდის ჩაბარების გარეშეც მშვენივრად მიიღო სტატუსი და შეინარჩუნა ადგილი.

თუ თავის პროფესიაში არ არის მცოდნე მასწავლებელი, ის ვერც ღირებულებებს ასწავლის, ალბათ, ასე ფიქრობს საზოგადოება. ამით სარგებლობს მთავრობა და დაკვეთას ასრულებს – არ გაკმაყოფილებს მასწავლებელი? აგერ, ბატონო, მოგიყვანე სასულიერო პირი და ის ჩაუნერგავს ბავშვებს ღირებულებებს.

  • არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ვნახეთ, თავად სუს-ის ფაილებმაც აჩვენებს, რომ კორუფცია და ადამიანური სისუსტეები არც სასულიერო პირებისთვისაა უცხო.

ვფიქრობ საზოგადოების მოაზროვნე, საკუთარ თავთან გულწრფელი ნაწილი ამას კარგად ხვდება, რაღაც ნაწილი კი თვალს ხუჭავს. რატომ არ უნდა ჰყავდეს ჩვენს მღვდელს და ეპისკოპოსს კარგი მანქანა? – ასე პასუხობენ ისინი კრიტიკას. მესმის, რომ ესეც არის პროპაგანდის ნაწილი, ფაქტია, რომ პროპაგანდა მუშაობს და ჭამს ამას მოსახლეობის ნაწილი.

მე პირადად, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სასულიერო პირების საჯარო სკოლაში ამ ფორმით შეყვანა, რადგან ნამდვილად არ ვარ დადებითი აზრის სასულიერო პირების უმრავლესობაზე, რადგან თუ ქრისტეს ქადაგებენ, მაშინ ქრისტეს მოძღვრებაში მატერიალურ სიკეთეებს დიდი როლი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფუფუნებაში ცხოვრობენ და აშკარად ძალიან დიდ ქონებას ფლობენ პირადადაც და თვითონ ეს ინსტიტუციაც დიდ ქონებას ფლობს.

ამ ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, არ მომწონს იდეოლოგიზაცია და ბავშვების რელიგიური ინდოქტრინიზაცია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიაა, სკოლებში არ უნდა იყოს რელიგიური ინდოქტრინიზაცია. ეს უნდა იყოს გამორიცხული.

ზოგადად, რელიგიას ვერ გამოვრიცხავთ ადამიანთა ცხოვრებიდან, რადგან ასეთია ადამიანთა საზოგადოება, უმეტესობას სჭირდება სწამდეს ღმერთი და ვერც ავუკრძალავთ ვერავის სწამდეს, როგორც ეს  იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ სკოლა რელიგიის გარეშე უნდა იყოს.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ინდოქტრინაციის სახეს მიიღებს?

მართალი გითხრათ, მე არ დავსწრებივარ მათ გაკვეთილებს, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ვიფიქრო, რადგან ზოგადად, სასულიერო პირების უმრავლესობა ძალიან რადიკალურია და ზოგადად, ყველა რელიგიური მიმდინარეობა გვიმტკიცებს ხოლმე, რომ თვითონ არის ჭეშმარიტი და მეტი ჭეშმარიტება არ არსებობს.

ესენი საკუთარ თავს ხომ არ უღალატებენ? იგივე უნდა ილაპარაკოს სკოლაშიც. ხომ არ იტყვის – „არა ბავშვებო, მართლმადიდებლობა კარგია, მაგრამ ისლამიც კარგია, აგერ პროტესტანტებიც მშვენიერი ადამიანები არიან, ან რას ვერჩით ბუდისტებს?“ შესაბამისად, ეს თავისთავად ასე იქნება. ამას თავს ვერ აარიდებს რელიგიის მსახური.

  • გამოდის, იდეოლოგიური და პოლიტიკური პროპაგანდის იარაღი შეიძლება გახდეს ეს პროექტი ხელისუფლების ხელში?

შეიძლება გახდეს. არ ვიცი ზუსტად, ეს მიზანი აქვთ თუ არა. მე უფრო მარტივად ვუყურებ, რომ აი, საზოგადოებას უნდა და მოდი გავახაროთ.

  • საზოგადოებას სხვა რამეც უნდა. მაგალითად ის, რომ, მათი შვილები გამოკვებონ სკოლაში. თუმცა არ შეუსრულეს ეს მოთხოვნა. რატომ მაინც და მაინც ეს შესრულდა?

შვილების გამოკვება ფინანსებთან არის დაკავშირებული და ორგანიზებასთან, სასულიერო პირების შეყვანას კი გაცილებით ნაკლები რესურსები სჭირდება. სასულიერო პირებსაც მოსწონთ ეს, მრევლს იმრავლებენ და რატომაც არა.

  • კომენტარებს გადავხედე ფეისბუქში და ასეთ ფრაზებსაც წერდნენ – „ღვთის მცნებებით აღზრდილი ბავშვები აღარ გაიმეტებენ ერთმანეთს მოსაკლავად, დასაბულინგებლად“. ლიბერალიზმიც ხომ იგივე პრინციპებზე დგას, რომ არ უნდა დაჩაგრო სხვა, არ მიიტაცო სხვისი, პატივი სცე ადამიანის უფლებებს. თუ მღვდელი ეტყვის, რომ არ დაჩაგრო ან არ სცემო, ამით ძალადობა შემცირდება სკოლაში?

რელიგია არ დაიყვანება მხოლოდ მცნებებზე „არა იპარო“ ან „არა კაც კლა“. გაცილებით უფრო მრავლისმომცველია და რაც მთავარია, რელიგიაში არის დოგმატიკა. ის სასულიერო პირებიც კი, რომლებიც ცდილობენ რომ უფრო ლიბერალურები და თანამედროვეები იყვნენ, მრევლისგან იმსახურებენ ხოლმე რისხვას და ხდებიან კრიტიკის ობიექტები.

სასულიერო პირების სკოლაში შემოსვლით დანაშაული რომ მოიკლებს, მკვლელობები და ქურდობა რომ შემცირდება, ამის მოლოდინი არ მაქვს. მთელი შუა საუკუნეები ქრისტიანობა იყო გაბატონებული საქართველოში, თუნდაც ევროპაში, ფაქტობრივად რელიგიის გარშემო ტრიალებდა მთელი საზოგადოების ცნობიერება, სასწავლებლებშიც სწავლობდნენ კატეხიზმოს და ბიბლიას, და რა, არ ხდებოდა მკვლელობები?

ძალიან პრიმიტიულია მოსაზრება, რომ თუ რელიგიური პირი გასწავლის, მორჩა, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ. თვითონ ეკლესიის შიგნით სჩადიან სასულიერო პირები დანაშაულს და არღვევენ ამ მცნებებს. ამიტომ ეს ნამდვილად ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მოსწავლეებს აღარ წაუცდებათ ხელი რამე ბოროტებისკენ.

  • სხვადასხვა კვლევებში ვკითხულობთ, რომ ეკლესიას 90%-იანი ნდობა აქვს, რომ ქართველები მართლმადიდებელი ერი ვართ და ასე შემდეგ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძალიან მაღალია კორუფცია ამ ქვეყანაში, აღზევებულია კრიმინალური მენტალიტეტი. ეს როგორ უნდა ავხსნათ მაშინ?

არ ვიცი, მე არ მესმის ეს ლოგიკა. მაგრამ ჩემთვის ძალიან გასაოცარია ის, როცა ადამიანი ამბობს, რომ ძალიან მორწმუნეა, მაგრამ აქვს „ქურდული მენტალიტეტი“, მოსწონს საბჭოთა კავშირი და უყვარს სტალინი, რომელსაც მილიონები ჰყავს დახვრეტილი. როგორ ახერხებენ ამას არ ვიცი, გაოცებული ვარ.

როგორ შეიძლება მორწმუნე იყო და ამავდროულად ქურდული მენტალიტეტის მატარებელი. ანუ არსებობს ხალხი, რომელიც არ მუშაობს, არ ხნავს, არც თესავს, არაფერს აწარმოებს და ისე უნდა მისცეს ვიღაცამ ფული. როგორ არის ეს რელიგიასთან კავშირში, ვერ გეტყვით.

  • ვაჟა-ფშაველათი ვერ ასწავლიან ღირებულებებს, ან „ვეფხისტყაოსნით“? ძალიან ბევრი ნაწარმოებია, რომელიც საუბრობს პატრიოტიზმზე, მეგობრობაზე და ეს არ არის საკმარისი?

როგორც ჩანს, საზოგადოება თვლის, რომ არ არის საკმარისი. მხატვრული ლიტერატურა უბრალოდ გაჩვენებს: რა არის სწორი, რა არასწორი, დაგაფიქრებს, გიღვიძებს ემპათიას და არ წერია არსად, რომ თუ ცუდს ჩაიდენ, დაისჯები. ეს არ არის წარმმართველი მხატვრულ ლიტერატურაში. კარგი ლიტერატურა უბრალოდ იმას გაჩვენებს, რომ ადამიანი უნდა შეიყვარო და სხვას ტკივილი არ უნდა მიაყენო, რადგან ისიც შენნაირი ადამიანია. რელიგია კი ამას სხვა მხრივ უყურებს, რომ თუ შესცოდავ, ღმერთი დაგსჯის, ჯოჯოხეთში მოხვდები. როგორც ჩანს, საზოგადოება ფიქრობს, რომ ჯოჯოხეთის შიში თუ არ ექნებათ ბავშვებს, საჭირო ღირებულებების ჩანერგვისთვის ლიტერატურა არ ეყოფათ.

  • ჯოჯოხეთის შიშით რომ აღზრდი თაობებს, ის იაზროვნებს კრიტიკულად?

ჩემთვის არ არის ეს ნორმალური, მაგრამ ვიღაც თვლის, რომ სხვაგვარად არ გამოდის, თუ არ დააშინებ.

  • თუმცა ისტორიული გამოცდილება და რეალობა გვაჩვენებს, რომ ქვეყნები სადაც თეოკრატიული მმართველობაა (ირანის, ავღანეთის მაგალითი ავიღოთ თუნდაც), მიმართულია ადამიანების ჩაგვრაზე. ხომ არ შემოგვიბრუნდება საზიანოდ ეს ყველაფერი?

თეოკრატია კი არა, რელიგიური ელემენტების გადაჭარბებული მოძლიერებაც კი მაშინვე პრობლემას ქმნის ქვეყნებში. მაგრამ საქმე ის არის, რომ თვითონ საზოგადოება ამას სხვანაირად უყურებს.

ალბათ ასე ფიქრობენ, რომ ირანული თეოკრატია იმიტომ არ ვარგა, რომ მუსლიმურია და მართლმადიდებლური თეოკრატია კარგი იქნება. დღეს არ გვაქვს ასეთი მაგალითი წინ, რომ ამით იმსჯელონ, მაგრამ თუ გადახედავენ შუა საუკუნეების ისტორიას, თუნდაც მე-18, მე-19 საუკუნეს, რა დადებითი როლი ჰქონდა ჩვენს რელიგიას და რა – უარყოფითი, ამას ჩვენ არავინ გვასწავლის.

მსჯელობა მიდის მხოლოდ იქითკენ, რომ თუ ცუდები ვართ, იმიტომ ვართ, რომ საკმარისად რელიგიურები არ ვართ და საკმარისად არ გვწამს ღმერთი.

  • „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ისევ მოაქცია რუსული გავლენების ქვეშ და ხალხის ევროპულ არჩევანს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ანტიდასავლურ რიტორიკაში მას ხშირად ეხმარება ეკლესიაც. ვიცით მათი ბმა რუსულ ეკლესიასთან. არსებობს იმის რისკი, რომ „პატრიოტიზმის“ სახელით სკოლებშიც დაიწყონ ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება?

გარანტია რა თქმა უნდა, არ არსებობს. ესეც დამოკიდებული იქნება პიროვნებებზე, თვითონ იმ სასულიერო პირებზე, ვინც შევა სკოლაში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგადად ჩვენი ეკლესია ძალიან დამოკიდებულია რუსეთის ეკლესიაზე და პირდაპირ თანამშრომლობენ მათთან, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მიმართ სიმპათიები ჩაგვინერგონ ამ ღონისძიებებით. თუმცა, ზუსტად ასე მოხდება-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი.

  • რეპრესიული კანონების მეშვეობით ფაქტობრივად სამოქალაქო სექტორი გამოდევნეს სკოლებიდან, ამიტომ რამდენად რეალურია, რომ „ოცნება“ სკოლაში ისეთ ხალხს შეუშვებს, ვინც მათ იდეოლოგიას შეეწინააღმდეგება?

არა მგონია, ისეთი ვინმე შეუშვან სკოლაში, მათთვის არასასურველ პოლიტიკას რომ გაატარებს ან გააჩერონ იქ. აქ სხვა რამეც არის გასათვალისწინებელი. საკმაოდ მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და მულტიკულტურული საზოგადოება ვართ და ამ მხრივაც ასეთი პოლიტიკა არ არის სწორი.

ისეთებიც არიან, ვინც ამბობს, რომ „ეს მართლმადიდებლური ქვეყანაა“, „ჩვენ უმრავლესობა ვართ და სხვამ რაც უნდა ის ქნას“, სხვებს უფლება არ აქვთ პროტესტი გამოხატონ, მაგრამ როცა ბავშვებთან გვაქვს ურთიერთობა, ასეთი მიდგომა არ შეიძლება.

არასწორია, რომ ღირებულებებზე გელაპარაკება მაინცდამაინც მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი. თუ მართლმადიდებელი არ ვარ, გამოდის, რომ არ ვარ ღირებულებების მატარებელი?!

  • თანაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არჩევითია. ანუ ვიღაც შევა ამ კლუბში და ვიღაც არა. გამოდის, ბავშვების ნაწილს ასწავლიან პატრიოტიზმს და ღირებულებებს და ნაწილს არა? მაშინ როგორ გაუგებენ ეს ბავშვები ერთმანეთს?

ესეც საინტერესოა. ზოგადად, ინდოქტრინაციის მიზნით არა, მაგრამ სასულიერო პირების შესვლა სკოლაში იმ მხრივ, რომ გააცნო რელიგიური მრავალფეროვნება, გააცნო შენი რელიგიის ძირითადი პოსტულატები, რა არის კარგი ამ რელიგიაში და თან ბავშვებს ერთმანეთის რელიგიების მიმართ შიშისა და უცხოობის გრძნობა ჩაუქრო, ამ მხრივ ცუდი არ იქნებოდა. აქ ვგულისხმობ სხვა რელიგიების წარმომადგენლების შესვლასაც სკოლაში.

ამ შემთხვევაში არც სეკულარიზმის პრინციპი დაირღვეოდა და ბავშვებსაც აღარ ექნებოდათ შიშები განსხვავებულის მიმართ.

თუ რამეს ვაშავებთ რელიგიის სახელით, ეს არ უნდა მოვუთმინოთ ერთმანეთს მაგრამ, თუ მშვიდობიანი ხალხი ვართ და არაფერს ვაშავებთ, უნდა შეგვეძლოს თანაცხოვრება განსხვავებული რელიგიის, კულტურის მქონე ადამიანებთან და მეტ-ნაკლებად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთის რელიგიას და განხორციელებულა კიდეც მსგავსი პროექტები სკოლებში (ქართულ სკოლებში არ ვიცი) როცა მაგალითად კათოლიკე, პროტესტანტი, მართლმადიდებელი, მუსლიმი, იუდაისტი სასულიერო პირები თავიანთ რელიგიურ სიმბოლოებს აცნობდნენ ბავშვებს, რომ იცოდეს ვთქვათ ბავშვმა რა ნიშნავს ჯვარი, დავითის ვარსკვლავი თუ ნახევარმთვარე … უყვებოდნენ მოკლედ რელიგიაზე და ასე შემდეგ.

  • ჩვენ ვიცით, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონით სკოლა თავისუფალი უნდა იყოს რელიგიური გავლენებისგან, აკრძალულია რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენება. ეს კლუბები არ მოდის ამ კანონთან წინააღმდეგობაში?

საჯარო სკოლის კონცეფციას როგორც უნდათ ისე შეცვლიან, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ ახლა. შესაძლოა ცვლიან კიდეც, საბოლოოდ მშვენივრად მოიყვანენ შესაბამისობაში.

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 5-დან 19 ივლისის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი გაიმართება.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.

წელს ფესტივალი მეშვიდედ ტარდება. წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი.

5 ივლისი | ფესტივალის გახსნა – პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბა“. მთავარ პარტიებს მარიამ ლომჯარია და ავსტრალიის ბალეტის წამყვანი სოლისტი დავი რამოსი შეასრულებენ.

7-8 ივლისი | პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ემა ჰოუსი და აიტორ არიეტა, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები მარიამ ელოშვილი და მასააკი გოტო.

10 ივლისი | ალექსანდრ კრეინის „ლაურენსია“, ვახტანგ ჭაბუკიანის ლეგენდარული ქორეოგრაფიით, ნინო სამადაშვილისა და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილის მონაწილეობით.

12 ივლისი | საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პროგრამა საბალეტო გალათი დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო ვარსკვლავები.

17-19 ივლისი | ფესტივალი დახურვა – პინა ბაუშის ლეგენდარული დასი Tanztheater Wuppertal Pina Bausch  სპექტაკლით „Masurca Fogo“.

თიბისი მრავალი წელია ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ერთგული მხარდამჭერია. ბრენდი ხელს უწყობს ისეთ კულტურულ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებას მსოფლიო დონის ხელოვნებასთან აკავშირებს და ქვეყნის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას ემსახურება. სწორედ ამ მიზანს ეხმიანება თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალის მხარდაჭერაც.

რაში დასჭირდა „ოცნებას“ პატიმრებით ციხეების გადავსება? – ინტერვიუ

„რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც ერთგვარ იარაღს,“ – მიიჩნევს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პატიმრების რაოდენობის ზრდაზე.

ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება ციხეებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება იყო – 2025 წელს პატიმრების რაოდენობამ სამ დაწესებულებაში უკვე გადააჭარბა ლიმიტს, ანუ ციხეები გადავსებულია.

„2025 წელს შეინიშნება პატიმართა რაოდენობის ზრდა [22,6%] პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%- ით იყო შევსებული და 14-დან 5 დაწესებულებაში იყო პატიმრების საერთო [11 153] რაოდენობის 79%  [8 795]. ამასთან, №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა,“- აღნიშნულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში.

რა ტიპის ქვეყნები ხდებიან ლიდერები პატიმრების სიმრავლით? – „ბათუმელები“ უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. ის საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველია და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.

  • ბატონო უჩა, ბოლო მონაცემებით, 3 დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობა დასაშვებ ლიმიტს აღემატება. რაზე მეტყველებს პატიმრების რაოდენობის მკვეთრი ზრდა? 

ყოველთვის, როდესაც იზრდება პატიმართა რაოდენობა, როდესაც გადატვირთულობა ჩნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვლილია. პირველ რიგში, სისხლის სამართლის პოლიტიკა არის რეალურად გამკაცრებული, არაპროპორციული სასჯელებია და ალტერნატიული, ანუ არასაპატიმრო ღონისძიებების ნაკლებობაა.

ეს ნიშნავს იმას, რომ რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც იარაღს რეპრესიებისთვის. იყო ადრეც, როდესაც იზრდებოდა რაოდენობა პატიმრების, შემდეგ მცირდებოდა. დღეს ვხედავთ, რომ გადატვირთულობაა რამდენიმე დაწესებულებაში. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ უკვე და ადგილობრივი უფლებადამცველებიც.

ამას არაერთი თანმდევი შედეგი აქვს, მაგალითად, წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობა და ამოცანა იყო ამ გავლენების შემცირება. როდესაც დიდია დაწესებულება და გადატვირთულია, ამ დროს სუბკულტურა ძლიერდება. რეალურად არ ხდება გადასვლა მცირე დაწესებულებებზე, სადაც რისკის მიხედვით არიან პატიმრები გადანაწილებული სხვადასხვა დაწესებულებაში.

მეორე: რადგანაც პატიმრების რაოდენობა გაზრდილია, პერსონალი სიმწირე კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. წლების წინ იყო უკმარისობა მთელი რიგი პროფესიების, მაგალითად, ფსიქოლოგების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. ასევე, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამები ყოველთვის ცოტა.

პატიმრების რაოდენობა კი გაიზარდა იგივე ბაზაზე, იგივე ინფრასტრუქტურის პირობებში.

არაფორმალური მმართველობის გაძლიერების გარდა, უმნიშვნელოვანესია სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები. ამ პირობების უზრუნველყოფის საშუალება უკვე აღარ არის: თუ ადრე იყო 500 პატიმარი, დღეს იქ 1000 პატიმარია.

ამ პროცესში მთავარი პრობლემა მაინც არის ხელისუფლების შეცვლილი პოლიტიკა.

უჩა ნანუაშვილი
  • გამოდის, რომ „ოცნება“ ციხეებს ავსებს პატიმრებით. მაშინ, როცა ციხეებში არსებულ პრობლემებზე საუბრით თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში და სამართლიანობის აღდგენის დაპირებით? 

ერთი მხრივ, იზრდება ციხეებში პატიმრების რაოდენობა და მკაცრდება პოლიტიკა, მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელიც თავის დროზე სწორედ ციხეებში არსებული მდგომარეობის საპროტესტო ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში, პირიქით მოქმედებს.

მაგალითად, იგივე ნარკოპოლიტიკა ვხედავთ როგორ შეიცვალა ბოლო წლებში. წარმოიდგინეთ, 5 ათასზე მეტი პატიმარი სწორედ სხვადასხვა ნარკოდანაშაულის საქმეზეა ციხეში. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს სწორედ იმის გამოა, რომ პოლიტიკა შეიცვალა, როცა მანამდე იყო შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება.

ასევე, იშვიათად ხდება იგივე ეკონომიკურ დანაშაულზე გირაოს, ანუ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ გათავისუფლების მექანიზმი მოშლილია. ცალკეა შეწყალების კომისია, რომელიც არ მუშაობს – გაუმჭვირვალედ მუშაობს და გაუგებარია, ვის ათავისუფლებენ, არანაირი კომისია აღარ არსებობს: ეს ინსტიტუტი პრაქტიკულად განადგურებულია. თუ ვინმეს იწყალებენ, რა მიზეზით, რის საფუძველზე ხდება შეწყალება – ესეც უცნობია საზოგადოებისთვის.

არსებობს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმიც, რომელიც წინა წლებში ასე თუ ისე მაინც მუშაობდა. ჩვენ თუ ახლა ვნახავთ ციფრებს, დავინახავთ, როგორ არის ეს მაჩვენებელი შემცირებული. მაგალითად, 2019 წელს პირობით ვადამდე გაათავისუფლეს 1279 პირი, 2025 წელს – 195 ადამიანი. 2019 წლამდე კიდევ უფრო მაღალი იყო ეს მაჩვენებელი.

ეს არის ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგი, მათ შორის, შერჩევითი სამართლის, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანია დღეს უკანონოდ ციხეებში. პატიმრობიდან გათავისუფლების ეს მექანიზმი განსაკუთრებით პრობლემური ჩანს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეს უწყობდა ხელს განტვირთვას, დროებით ვადამდე გათავისუფლებული პატიმარი, ან შეწყალებული. დღეს ეს ყველაფერი მოშლილია.

  • როცა ამ მექანიზმებს არ იყენებს „ოცნების“ ხელისუფლება, როცა არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ვხედავთ რეპრესიულ პოლიტიკას, ამ დროს სახალხო დამცველი გამოსავალს ხედავს ახალი ციხეების აშენებაში – სულ მცირე 4-5 ახალი დაწესებულება უნდა აშენდესო… რას ნიშნავს სახალხო დამცველის ამგვარი პოზიცია? 

უფლებადამცველებს უფრო სხვა მიდგომა გვაქვს. ვფიქრობ,  ციხის აშენებით არ გვარდება პრობლემა, პირიქით – მწვავდება. პრობლემა გვარდება კანონის ლიბერალიზაციით, ალტერნატიული სასჯელების გამოყენებით, უფრო მეტი აქცენტით პრევენციაზე, მეტი აქცენტით არა დასჯაზე თუნდაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, არამედ მკურნალობაზე.

აქ საუბარია სახელმწიფოს რესურსების არასწორად გადანაწილებაზე. დღეს ცივილიზებული სამყარო სხვანაირ მიდგომებს ავითარებს. ბოლო პერიოდში, ევროპის ბევრ ქვეყანაში, საპატიმროები გაუქმდა იმის გამო, რომ იყენებენ სხვა ტიპის სასჯელებს: იქ აქცენტია პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე. ეს ჩვენ შემთხვევაში არ ხდება.

დღეს მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია არიან უკანონო პატიმრობაში და კიდევ ბევრი ასეთი ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის არანაირ საშიშროებას.

კიდევ ერთი საკითხია: ეკონომიკური დანაშაული. ადრე იყო საუბარი დეკრიმინალიზაციასა და სხვა მექანიზმების გამოყენებაზე. სინამდვილეში არაფერი შეცვლილა – რაღაც ჯარიმების გამო ადამიანები ისევ პატიმრობაში არიან.

მთავარი ალბათ ის არის, რომ  ხელისუფლება არ ებრძვის პრობლემებს, არ არის ფოკუსირებული ადრეული პრევენციის პროგრამებზე, არ მუშაობს გამომწვევ მიზეზებზე – სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, სოციალურ გარიყულობაზე.

  • რა ტიპის ქვეყანაში იზრდება პატიმრების რაოდენობა? – 2025 წელს ციხეში გვყავდა 11 ათასზე მეტი პატიმარი [22 767 მსჯავრდებულიდან], 2024 წელს – 9 098. ევროსაბჭოს პენიტენციური სტატისტიკის მიხედვით, რაც 2026 წლის მაისში გამოქვეყნდა, საქართველო პატიმრების სიმრავლით ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა [პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – აზერბაიჯანი, მესამეზე – მოლდოვა]. 

საქართველო პატიმრების სიმრავლით მოწინავეა საკმაოდ დიდი ხანია. ეს ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა არასწორად იყენებს სახელმწიფო. ამ გზით სახელმწიფო ცდილობს რეპრესიული სისტემის მშენებლობას. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უფრო მეტად მუშაობდეს იმ კუთხით, რომ აღარ მოხდეს დანაშაული ქვეყანაში, მოხდეს იგივე დანაშაულის პრევენცია, ან იმუშაონ რეაბილიტაციაზე, სახელმწიფო მხოლოდ ხისტი მეთოდებით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას.

ეს უფრო მეტ პრობლემას იწვევს და უფრო მეტ გაუცხოებას… რეალურად მსგავსი პოლიტიკა არ უწყობს ხელს პრობლემის მოგვარებას, პირიქით ხდება.

„ყირიმი კუნძულად გადაიქცევა. რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა YouTube არხ PRESSING-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული მალე იზოლირებული აღმოჩნდება დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო.

„ყირიმის იზოლირება ხდება დრონების გამოყენებით და უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, ყირიმი კუნძულად გადაიქცევა. ამან შეიძლება რუსებისთვის ძალიან მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

ფედოროვმა თქვა, რომ 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში უკრაინამ გასულ წელთან შედარებით 300%-ით მეტი დრონი შეიძინა, რომლებსაც უკრაინა რეგულარულად იყენებს აზოვის რეგიონზე თავდასხმებისთვის.

„ჩვენ გამოვაცხადეთ ლოჯისტიკური ლოკდაუნი. ეს ნიშნავს დამატებით პირდაპირ დაფინანსებას იმ დანაყოფებისთვის, რომლებიც Middle Strike დრონებს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასობით ათას Middle Strike დრონს ვყიდულობთ, ჩვენ ასევე ვანაწილებთ თანხებს იმ დანაყოფებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მათი სწრაფად განლაგება და შეძენა.

ასე რომ, რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება, რომელთან გამკლავება ძალიან რთულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა. ლოჯისტიკა გადაიჭრება, ყირიმი იზოლირებული გახდება და ეს გავლენას ახდენს აღმოსავლეთზე. არსებობს პირდაპირი კორელაცია იმას შორის, თუ რამდენად ძლიერად ვურტყამთ ლოჯისტიკას და რამდენი თავდასხმა ხდება ფრონტის ხაზზე“.

„ლოჯისტიკური ლოკდაუნი“ არის გამოთქმა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფიოდოროვი იყენებს. 27 მაისს მან გამოაცხადა ე.წ. შუალედური დარტყმების შესახებ – ესაა დარტყმები მტრის პოზიციებზე 150-300 კილომეტრის რადიუსში, რომლის მიზანია რუსული ლოჯისტიკური და სამხედრო პოტენციალის სისტემატურად განადგურება ოპერატიულ სიღრმეზე.

ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც თავდასხმის ქვეშ მოექცა. უკრაინის დრონებმა სამხედრო და სატვირთო მანქანებს, განსაკუთრებით საწვავის ავზებს შეუტიეს.

ასევე, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს ყირიმისკენ მიმავალ რკინიგზასა და ხიდებს. ივნისის დასაწყისში თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ ჩონჰარის ხიდს – ნახევარკუნძულსა და უკრაინის მატერიკულ ნაწილს შორის ერთ-ერთ მთავარ გადასასვლელს. ამის შემდეგ, ამ მონაკვეთზე ტვირთის გადაზიდვა პონტონური ხიდით ან გადამისამართებით გახდა საჭირო.

ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპირებული ყირიმი საწვავის სერიოზულ კრიზისს განიცდის. ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები დადგა, ყირიმში დაიწყეს საწვავის ლიმიტირებულად გაყიდვა, საწვავის დეფიციტი აისახა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზეც – მედიის ცნობით გაჩერდა დაახლოებით 400 ავტობუსი. კრიზისი აისახა საკვებ პროდუქტზეც და ტურისტულ სეზონზე სპეციალისტების თქმით, ეს სულ უფრო შესამჩნევი იქნება.

გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ უჩივის – პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ, 16 ივნისს, გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო  ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც „მედია ჩეკერი“ წერს, ხაინდრავა „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანისთვის 10 000 ლარს ითხოვს.

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, სადაც წერია, რომ ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობს.

„სარჩელში წერია, რომ 20 დეკემბრის სადავო სიუჟეტში – „ბოდიშიდან შენდობამდე – რაში უხდიან ოლიგარქის საყვარელ რეჟისორს, გოგა ხაინდრავას მილიონს“ არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რის მაგალითადაც მოყვანილია ფრაზები:

1) „ბოლო წლების საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია მმართველ ძალასთან. მას სხვადასხვა ეთერებში ხშირად ვნახულობთ, პროპაგანდისტული განცხადებებით, მათ შორის ბილწსიტყვაობითაც გამოირჩევა“

2) „დედოფლისწყაროში გოგა ხაინდრავა მთელს სოფელს ფლობს“.

ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „არაერთი არსებითად მცდარი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები“ გავრცელდა 17 იანვრის სადავო სიუჟეტითაც – „ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი – შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“.

„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

ახალ ბულვარში პლაჟი აღარაა, რა ელის ბათუმის სანაპიროს? – ინტერვიუ პროფესორთან

„თუ არ შეიტანეს ინერტული მასალა სანაპიროზე და პლაჟი ხელოვნურად არ გაამაგრეს, რა თქმა უნდა, სანაპირო ხაზი გაირეცხება… მაგალითად, ადლია-ანგისის მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ადგილია, შეიძლება, 5-7 წელიწადში ბეტონის ბორდიურებამდეც კი წაირეცხოს სანაპირო,“ – ამბობს გეომორფოლოგი ზურაბ ჯანელიძე, მას ბათუმის სანაპიროს პრობლემაზე ვესაუბრეთ: ბათუმის ახალ ბულვარში, ვრცელ მონაკვეთზე პლაჟი აღარ დაგხვდებათ.

ბათუმში სანაპირო ზოლს პერიოდულად ამაგრებენ ინერტული მასალით, თუმცა წელს ტენდერი შეწყდა. „ოცნების“ მთავრობის არგუმენტით, მდინარე ჭოროხში ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ვერ იპოვეს.

რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს პლაჟის დაკარგვის პროცესი? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა გეომორფოლოგთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ ჯანელიძესთან.

  • ბატონო ზურაბ, ამ ზაფხულს ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილში დამსვენებელს პლაჟი აღარ დახვდება. ტენდერის შეწყვეტის ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაწერეს, ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდაო. რას ნიშნავს ეს ამბავი? 

ბათუმში სანაპირო ხაზი ირეცხება და ეს დიდი ხნის პრობლემაა. ბათუმის სამხრეთ ნაწილი არ ირეცხება მხოლოდ: გონიო, კვარიათი, სარფი. ამას გეომორფოლოგიური თავისებურება აქვს და ეს ბუნებრივად, ნაპირგასწვრივ დინებებზეა დამოკიდებული, ასევე მდინარეების შემოტანაზე. რეალურად, გაგრიდან მოყოლებული ბათუმის ჩათვლით, მეტ-ნაკლებად მთელი სანაპირო ხაზი ირეცხება. სამწუხაროდ, ეს ასეა.

ე.წ. წონასწორობის პროფილი დაირღვა განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში: ქობულეთი ინტენსიურად ირეცხებოდა, დღეს ქობულეთი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ახლა მწვავე მონაკვეთია ადლია-ანგისა.

სანაპირო ხაზზე გარკვეული პერიოდულობით საჭიროა ინერტული მასალის განთავსება, რომ ტალღურმა რეჟიმმა შემდეგ ეს სანაპირო ხაზი კვებოს. მექანიზმი ასეთია: ინერტული მასალა განთავსდება სანაპირო ზონაში, სადაც ზვირთცემის არეალია. შემდეგ ტალღები ამ ინერტულ მასალას მიმოაბნევს და ამაგრებს პლაჟს.

საჭირო არ არის ყოველწლიურად ამ ინერტული მასალის სანაპიროზე შეტანა, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით ამის გაკეთება აუცილებელია.

არ ვიცი დეტალურად, წელს რა როგორ მოხდა, რომ უფრო მეტი გითხრათ.

შემიძლია გითხრათ ის, რომ ახალი ბულვარის ეს მონაკვეთია ყველაზე მოწყვლადია. ამ მონაკვეთში ყველაზე ინტენსიურად ირეცხება სანაპირო ზოლი. ეს არის აეროპორტის დასახლება, ადლია-ანგისის ტერიტორია. 50-70 წლის წინაც იყო ეს პრობლემა. ბათუმის სანაპიროზე, ასე ვთქვათ, ყველაზე ფაქიზი ადგილი ეს არის.

  • არის ეს დაკავშირებული მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალის მასობრივად ამოღებასთან? არსებობს მოსაზრება, რომ ბუნებრივად არის შესაძლებელი ბალანსის შექმნა. 

ბუნებრივად დაბალანსება გამოიმუშავებს ე.წ. წონასწორობის პროფილს. წონასწორობის პროფილი რომ გამოიმუშაო, თანამედროვე სანაპირო ხაზიდან ალბათ უნდა გაირეცხოს და შევიდეს ზღვა 150-200 მეტრით მაინც. ზოგადად კარგია, რომ ბუნებრივი პროფილი განვითარდეს, მაგრამ ეს განვითარდება მოხდება ბულვარის ხარჯზე. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის არის შესატანი ინერტული მასალა სანაპიროზე.

კაშხლების აშენებამდე ჭოროხს ჩამოჰქონდა ინერტული მასალის 80%-ზე მეტი, რაც სანაპიროზე რჩებოდა, მაგრამ კაშხლების აშენებამ თურქეთში გადაკეტა ინერტული მასალის შემოდინება.

ბათუმის ახალი ბულვარი

რაც შეეხება ინერტული მასალის სანაპიროზე შემოტანას – რეალურად დღეს კარიერების პოვნა დიდი პრობლემაა. კარიერი რას ნიშნავს: ინერტული მასალა უნდა ამოიღო და ბუნებრივი გარემო უნდა მოიშალოს.

ამ დროს პლაჟი უნდა გამყარდეს მდინარის ჩამოტანილი მასალით – სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს უნდა იყოს ბუნებრივად დამუშავებული მასალა. მოგეხსენებათ, არის ლოდნარი, ლოდები, ხრეში, ქვიშა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სჭირდება გათვლა – ნებისმიერი ადგილიდან მასალის წამოღება და მერე სანაპიროზე განთავსება, არ იქნება ეფექტური. ინერტულ მასალას შესაბამისი ფრაქციულობა უნდა ჰქონდეს. ეს საკმაოდ რთული საკითხია.

  • მაგრამ იგივე მდინარე ჭოროხიდან იღებენ მასობრივად ინერტულ მასალას, მათ შორის, ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად. ამ დროს დამაჯერებელია არგუმენტი: სანაპიროს გასამყარებლად ხრეში ვეღარ ვიპოვეო? 

ვერ გეტყვით. მე ვიცი ის, რომ არსებობს კარიერების სერიოზული პრობლემა და როგორც უკვე აღვნიშნე, ფრაქციულობა არის შესარჩევი. მაგალითად, მანდ რომ ქვიშა და სილა დაიყაროს, ეს ნაპირს ვერ გაამაგრებს. დააკვირდით, ბათუმში რიყნარი პლაჟია, ქობულეთიდან კი, თანდათან ქვიშიანი პლაჟი იწყება, ფოთთან, გრიგოლეთთან უკვე ქვიშიანი პლაჟია. ამას თავისი სპეციფიკა აქვს. ქვიშა რომ დაიყაროს სანაპიროზე, ეს ქვიშა ბათუმის კრიტიკულ მონაკვეთს ვერ უშველის, რადგან სხვა ფრაქციაა.

ხელოვნური კუნძულისთვის კი, რა მასალას ყრიან, არ ვიცი, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.

  • რომ ამოიღონ ინერტული მასალა და შესაბამისად დამუშავდეს? 

ასე არ ხდება. ბუნებრივი მასალაა საჭირო. ფრაქცია ნიშნავს ინერტული მასალის გრანულომეტრიულ სისქეს. მაგალითად, ფოთთან სხვა ფრაქციულობაა საჭირო, ქობულეთთან – სხვა.

  • თქვენი აზრით, რეალურია არგუმენტი: ჭოროხის კალაპოტში შესაბამისი მასალა ვერ ვიპოვეთო? 

ჭოროხის კალაპოტი დიდი ხანია მუშავდება, ფაქტობრივად, ამოწურულია. ვიცი, რომ ეძებენ მასალას სხვა მდინარეებზე: სუფსაზე, რიონზე.

ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება ასე მკაფიოდ, პირიქით, შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ არის ინერტული მასალის მოპოვების საშუალება, მაგრამ ძალიან ძვირია ტრანსპორტირება. ცხადია, აქ საუბარი არ არის ერთ და ორ ვაგონზე.

  • რა მასშტაბისაა პლაჟის გაქრობის საფრთხე, თუ ინერტული მასალა სანაპიროზე არ შეიტანეს? 

თუ არ შეიტანეს ინერტული მასალა სანაპიროზე და პლაჟი ხელოვნურად არ გაამაგრეს, რა თქმა უნდა, სანაპირო ხაზი გაირეცხება.

იმედს ვიტოვებ, შესაბამის სამსახურებში, მათ შორის, გარემოს სააგენტოში ამ პრობლემის შესახებ კარგად იციან. იმედს ვიტოვებ, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

  • თუ არ შეიტანეს დროულად ინერტული მასალები სანაპიროზე, შეიძლება ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩეს? 

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში წაირეცხება, კი ბატონო.

მაგალითად, ადლია-ანგისის მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ადგილია, შეიძლება, 5-7 წელიწადში ბეტონის ბორდიურებამდეც კი წაირეცხოს სანაპირო.

როცა ბათუმში 5-6 ბალიანი შტორმებია, ხედავთ, ეს როგორ ურტყამს სანაპიროს. შესაბამისად, შტორმული ღელვები სანაპიროს წარეცხავს.

  • რას აჩვენებს ბოლო ტენდენციები: რა სახის პოლიტიკა სჭირდება სანაპირო ზოლს? 

ეს მეთოდი – მყარი მასალის პლაჟებზე განთავსების – ქართული ნოუ-ჰაუა. საბჭოთა პერიოდში, 80-იან წლებში საქართველოში არსებობდა ნაპირდაცვა, ეს იყო სამეცნიერო-პრაქტიკული სამსახური. მაშინ ეს მეთოდი დაინერგა უკრაინაში, რუსეთში, კუბაში, რუმინეთში, ბულგარეთში.

მაშინაც მწვავედ იდგა სანაპიროს გამაგრების პრობლემა. გასული საუკუნის 60-იან წლებში აღარ იყო ქობულეთის სანაპირო, ადლია-ანგისის ძველი უბნები ახლა საერთოდ აღარ არსებობს – წყალშია. მაშინ დაიწყეს ამ მეთოდის გამოყენება და გაამართლა: ადლია-ანგისაზე 50-დან 100 მეტრამდე სიგანის პლაჟებიც კი გაჩნდა.

შემდეგ იყო მძიმე 90-იანები, როცა სანაპიროს ვერ იცავდნენ, 2000-იანი წლებიდან კი, ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო პერიოდულად ნაპირების გამაგრება. დღეს რომ ნაპირებია ქობულეთში, ეს პროცესი ზუსტად 2000-იან წლებში დაიწყო. ასე რომ,  ნაპირის დაცვა პერმანენტულად ყოველთვის ხორციელდებოდა და ხორციელდება.

დღეს უკვე პრობლემაა იმ მასალის მოძიება, რომლითაც უნდა შეივსოს ეს პლაჟები.

  • იმიტომ, რომ მდინარეებიდან ამოღებულ მასალას აქტიურად იყენებენ მშენებლობებისთვის? 

ვერ გეტყვით, შეიძლება ასე იყოს, არ ვიცი.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ სანაპიროს გამაგრებაზე ეფექტურად მუშაობს ინერტული მასალის ლოკალურად შეტანა – იქ, სადაც სუსტი წერტილებია. დღეს ჩანს, რომ ყველაზე სუსტი წერტილია ადლია-ანგისას მონაკვეთი. აქ აუცილებელია ინექცია, რომ პლაჟი გამაგრდეს და გადარჩეს.

ამ თემაზე:

ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო 

Concerns Grow Over Elene Khoshtaria’s Health in Prison

Lawyers for imprisoned opposition leader Elene Khoshtaria report her health has deteriorated significantly in prison, warning that inadequate treatment could cause irreversible harm. Authorities insist she is receiving proper medical care.

Concerns intensified on June 17 when Khoshtaria’s lawyer, Shota Tutberidze, and Droa’s executive secretary, Giga Lemonjava, reported a significant decline in her health over the past four months.

Tutberidze said Khoshtaria suffers from severe joint pain, mobility issues, and recurring movement restrictions, sometimes preventing her from writing and forcing her to use a walking stick. He alleges prison authorities have failed to provide systematic treatment.

“Elene Khoshtaria has been unlawfully imprisoned for ten months. Four months ago, her health began to deteriorate noticeably. During each visit, we observe symptoms that may indicate a serious and alarming condition,” Tutberidze said.

Tutberidze noted that Khoshtaria initially did not want her health issues publicized but decided to speak out after concluding that prison administrators were not paying sufficient attention to her case.

He added that two weeks ago, lawyers requested a treatment plan and a meeting with penitentiary officials, but have received no response—an absence he says demonstrates the authorities’ indifference to their legal obligations.

Tutberidze also noted that Khoshtaria’s treating doctors in Turkey reviewed her records and warned that without proper treatment, her condition could worsen and potentially become irreversible—possibly leaving her unable to walk unaided. Their recommendations were sent to the prison medical service two months ago.

The Special Penitentiary Service denied the allegations, accusing Tutberidze of spreading misinformation. Officials said most of Khoshtaria’s diagnoses predate her imprisonment and are chronic conditions with periodic flare-ups.

Authorities said Khoshtaria has been examined by multiple specialists and undergone various tests, including MRI scans, and is receiving care in line with clinical guidelines. The Penitentiary Service states there has been no deterioration in her health.

Khoshtaria’s political party, Droa, rejected the agency’s response, arguing that authorities failed to respond to requests for a treatment plan or proper consultations. They emphasized that while the illnesses predated her arrest, the problem is a lack of systematic care for these chronic conditions.

Tamar Oniani, chair of Georgian Young Lawyers’ Association (GYLA), argues that the state remains responsible for Khoshtaria’s health, regardless of when her illnesses began. Oniani said this actually strengthens the argument that her imprisonment is disproportionate.

“Where health risks are foreseeable, any deterioration in custody is attributable to the state,” Oniani wrote. “The Penitentiary Service’s claim that Khoshtaria’s health problems are chronic and predated her imprisonment does not justify her treatment. If anything, it strengthens the argument that her imprisonment is disproportionate.”

She described Khoshtaria as a political prisoner, arguing her detention stems from political expression and that less severe alternatives to imprisonment were available.

After news of her health became public, Khoshtaria addressed supporters in a short letter from Rustavi Women’s Prison, thanking them for their solidarity but urging them not to worry about her.

“In the fight against the Russians, I am prepared for far more than this.

Needless to say, I have no intention of engaging in any discussions with Russia’s illegitimate institutions, proving anything to them, or, even more so, asking them for anything. They can do whatever they want.

Pain is bearable; evil is not.

I am neither the first nor the last to face this, but I promise them one thing: I will not let a single unlawful act go unanswered, and they will pay the price.

“I can’t run, but I can fight,” she wrote. 

Elene Khoshtaria, leader of the opposition party Droa and mother of four, has been imprisoned since September 2025 for writing an inscription on an election banner for Tbilisi Mayor Kakha Kaladze.

She was charged with damaging property after writing “Russian Dream” on the banner. Prosecutors estimated the damage at GEL 570. The court set bail at GEL 5,000, which Khoshtaria refused to pay, choosing to remain in custody in protest.

She was later sentenced to 18 months in prison.

In March 2026, the European Parliament adopted a resolution calling for the immediate release of Khoshtaria and other political prisoners in Georgia, describing the charges as politically motivated and linked to freedom of expression.

Another Georgian Opposition Leader, Elene Khoshtaria, Arrested Over Protest Act

„ყველაფერი დაგვეწვა“ – ოჯახი 5 ბავშვით უსახლკაროდ და დახმარების გარეშე დარჩა

ქედაში, სოფელ ბზუბზუში, ლევან მალაყმაძის 8-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა.

შემთხვევა 9 ივნისს მოხდა. ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა 8 სულიანი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი. ოჯახში 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.

„ბაღჩაში ვიყავით. ყველაზე პატარა, წლინახევრის შვილი მყავდა უფროსთან დატოვებული, როცა ცეცხლი გაჩნდა. ბაღჩიდან რომ ამოვაღწიეთ, სახლიდან აღარაფერი იყო დარჩენილი. ახლა მეზობელთან ვაფარებთ დროებით თავს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ციცინო ბოლქვაძემ, ლევან მალაყმაძის მეუღლემ.

ოჯახს დაეწვა პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები. ქედის მერიიდან ჯერჯერობით დახმარება არ მიუღიათ. ოჯახი იმედოვნებს, რომ საჭირო დოკუმენტების აღდგენის შემდეგ მერია მათზე კომპენსაციას გასცემს.

ამ ეტაპზე კი ოჯახს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება – პირველად საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

ლევან მალაყმაძის თქმით, მას ანგარიში მხოლოდ ლიბერთი ბანკში აქვს.

მალაყმაძეების დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ლევან მალაყმაძის ლიბერთი ბანკის ანგარიშზე, მისი პირადი ნომრით, ან ოჯახის ახლობლის, თეონა მახარაძის ანგარიშზე.

გთავაზობთ ანგარიშის ნომრებს:

მიმღები: ლევან მალაყმაძე

ლიბერთი ბანკი: 61008005731

 

მიმღები: თეონა მახარაძე

საქართველოს ბანკი: GE16BG0000000603557220

თიბისი ბანკი: GE23TB7227745068100050

გთხოვთ, ჩარიცხვის დანიშნულებაში მიუთითოთ: „სახლი“.

პაატა კეშელევა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩიეს.

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად აჭარის უმაღლეს საბჭოში სპეციალური კომისია იყო შექმნილი.

უსკოს თავმჯდომარეობა ორ კანდიდატს სურდა – მარიამ გუგუნავას და პაატა კეშელავას.

კომისიამ არჩევანი სწორედ ამ ორი კანდიდატიდან გააკეთა.

მარიამ გუგუნავა 2020 წლიდან უსკოს წევრია, რაც შეეხება პაატა კეშელავას, ის 2007 წლიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსად მუშაობდა.

უსკოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატს ხვალ, 18 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უყრიან კენჭს.

უსკოს თავმჯდომარე ბოლო 10 წლის განმავლობაში პარმენ ჯალაღონია იყო, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მორიგ ჯერზე კი განაცხადი აღარ შეიტანა.

უსკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 9 600 ლარია არასაარჩევნო წელს. ხოლო საარჩევნო პერიოდში, თავმჯდომარეს ეძლევა თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

ტრამპმა შესაძლოა უკრაინის შესახებ პოზიცია შეიცვალოს: ზელენსკის 2 „კოზირი“

დასავლური მედიის თანახმად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს ტრამპის მხარდაჭერა მოიპოვოს, მაშინ, როდესაც ევროპა მომავალ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილს ეძებს.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუშაობას ფართოდ აშუქებს უკრაინული მედიაც. მედიის მიხედვით, ზელენსკი ცდილობს, აშშ-სგან მოიპოვოს სამომავლო მხარდაჭერა და დაარწმუნოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ომის დასრულებაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. 

Sky News-ის ცნობით კი, კიევმა, ფრონტზე არსებული ვითარებისა და რუსეთის ეკონომიკაში პრობლემების წყალობით საამისოდ ახალი არგუმენტები მოიპოვა.

უკრაინული მხარე იმედოვნებს დაარწმუნოს ტრამპი, რომ უკრაინას შეუძლია წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე და ომში ინიციატივის ეტაპობრივად ხელში აღება. ამავე დროს, დამატებით არგუმენტად შეიძლება გამოდგეს რუსეთის ეკონომიკის სირთულეები, რომელიც სანქციებისა და სამხედრო ხარჯების ზეწოლის ქვეშაა.

ანალიტიკოსების აზრით, ტრამპი ტრადიციულად მხარს უჭერს იმას, ვისაც ძლიერ მოთამაშედ მიიჩნევს. ამიტომ, უკრაინის სამხედრო წარმატებების დემონსტრირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თეთრი სახლის მომავალ პოზიციაზე ომთან დაკავშირებით.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ზელენსკიმ ასევე შეხვედრების სერია გამართა დასავლელ ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან.

მედიის თანახმად, ევროპელი ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ის პოლიტიკის პოტენციურ ცვლილებას. ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ამჟამად უკრაინის უმსხვილესი ფინანსური დონორია, რომელიც უზრუნველყოფს მისი ბიუჯეტის საჭიროებების მნიშვნელოვან ნაწილს და სამხედრო დახმარებას.

ევროპის მხრიდან კიევის მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ ტრამპის მიერ არაერთი კრიტიკის შემდეგ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მან საკმარისი გააკეთა ომის დასრულების მიზნით მომავალ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი რომ შეასრულოს.

თუმცა, დამკვირვებლები მათ აფრთხილებენ, რომ ტრამპი ცნობილია დიპლომატიური პროცესების პირადად კონტროლის სურვილით. ამიტომ, ევროპელ პარტნიორებს, სავარაუდოდ, მაინც მოუწევთ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ ისინი რუსეთთან პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართოს.

გუშინ ზელენსკი G7-ის სამიტის ფარგლებში პირისპირ შეხვდა დონალდ ტრამპს. მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ შეხვედრას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრებოდნენ.

2,5 მილიონით ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა. 

დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია დღგ-ს გარეშე. მთლიანობაში რა თანხა იქნება საჭირო „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამ დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბათუმი, „მაგნოლია“ / 17.06.2026

„შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და მთლიანად ურბანულ გარემოსა და ტურისტულ მიმზიდველობაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს შენობის ფასადის მდგომარეობა, რომელიც ვიზუალურად არ შეესაბამება თანამედროვე ქალაქის იერ-სახეს და საჭიროებს სათანადო განახლებასა და რეაბილიტაციას.

ქალაქის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანია განხორციელდეს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს როგორც კონსტრუქციულ გამაგრებას, ასევე, ფასადის მოწესრიგებასა და ესთეტიკურ გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია საკონკურსო დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ცალკეული დაზიანებები მეორე ხარისხისაა, თუმცა „არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია ამ ეტაპზე დასაშვებია.“

ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი უნდა განხორციელდეს „მაგნოლიას“ ფასადების, სახურავების, აივნებისა და სხვა ხისა თუ ლითონის გარე მორთულობებისა და ფასადების სარესტავრაციოდ.

ბათუმი, „მაგნოლია“ / 17.06.2026

„სასურველია პროექტი მაქსიმალურად აერიდოს ინტერიერის სამუშაოებს და თანმდევ გართულებებს. თუმცა, არადამაკმაყოფილებელი კონსტრუქციული მდგრადობის გამო აუცილებელი გამაგრებითი ღონისძიებების განხორციელების (საძირკველი, მზიდი კონსტრუქციები) შემთხვევაში, პროექტით უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (მათ შორის ინტერიერშიც, საჭიროების შემთხვევაში), არსებული პრობლემით, ან დაგეგმილი სამუშაოებით გამოწვეული შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნულია საკონკურსო დავალებაში.

რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისას კონკურსში გამარჯვებულმა უნდა გაითვალისწინოს შენობაზე მიშენებებიც: „სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობაზე ადგილი აქვს უნებართვო მიშენებებს და დარღვეულია შენობის იერსახე. მრავლადაა გვიანდელი მიშენებები და დაშენებები, გვიანდელი აივნები, კიბეები. გვიანდელი მშენებლობის შეცვლა-რეაბილიტაცია, თუ შესაძლო დემონტაჟი, ერთიანი სარეაბილიტაციო კონცეფციის ფარგლებში უნდა იქნას გათვალისწინებული.“

კონკურსის პირობის მიხედვით, გასაწევი მომსახურება შედგება 3 ძირითადი ეტაპისგან, რომლებიც ეტაპობრივად ჩაბარდება დამკვეთს. მომსახურების მიწოდების პირველი ორი ეტაპის საერთო ვადა 6 თვეა, რაც აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერიდან:

ბათუმში, „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადების ეტაპები / წყარო: კონკურსი

კონკურსში წინადადებების მიღება 2026 წლის 11 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება.

ბათუმი, „მაგნოლია“ / 17.06.2026
  • „მაგნოლიას“ გვერდით ადრე ე.წ. „ლუჟკოვის სახლი“ იდგა, რომელიც დაანგრიეს და აქ ახლა ცათამბჯენებს აშენებს „ალიანს სიტი“. დაახლოებით 7 წლის წინ „მაგნოლიას“ დანგრევაზეც იყო საუბარი.

ამ თემაზე:

გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 386 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 033 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 24 775 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 44 169 ერთეული [+5]
  • MLRS – 1 874 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 427 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 355 593 ერთეული [+2 052]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 677 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 107 994 ერთეული [+486]
  • სპეცტექნიკა – 4 303 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 783 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კობახიძის განკარგულებით კვირიკეში მთას შლიან – წიაღისეულს ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მთას შლიან, მოპოვებულ ქვებს და ლოდებს კი, ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის იყენებენ.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც „ხელოვნური კუნძულის“ პროექტს ახორციელებს, „ოცნების“ მთავრობამ ერთი განკარგულებით კვირიკეში 21 ჰექტარი ტერიტორია გამოუყო. აქ კომპანიას ლიცენზიის გარეშე, ჯამში, 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] მოპოვების უფლება მისცეს.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის კი „ამბასადორს“ სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 365 ათას 217 ლარის გადახდა დაავალეს.

განკარგულებაზე ირაკლი კობახიძეს ხელი 2025 წლის 6 მაისს აქვს მოწერილი.

ვრცლად: ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ქობულეთში 1,5 მლნ კუბურ მეტრ მასალას მოიპოვებს ულიცენზიოდ

წიაღისეულის [ქვა-ლოდების] მოსაპოვებლად 209 373 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია „ამბასადორს“ სახელმწიფომ, 1 წლით – სარგებლობის უფლებით გადასცა, თანაც „ხე-ტყის [მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მცენარეების] ჭრის უფლებით“.

შორიდანაც კი ჩანს, რომ დღეს ტერიტორია უკვე გადათხრილია და მოშიშვლებული:

ხელოვნური კუნძულისთვის გადათხრილი ტერიტორია კვირიკეს მიმდებარედ [მარცხნივ]. ფოტო გადაღებულია 2026 წლის ივნისში ქობულეთის შემოვლითი გზიდან / მარჯვნივ – იგივე ადგილი 2025 წელს სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობი, ცალკე საკადასტრო ერთეულად სახელმწიფომ 2025 წლის აგვისტოში დაირეგისტრირა.

იმავე წელს, ამ ტერიტორიაზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ სარგებლობის უფლებაც დაარეგისტრირეს.

2026 წლის 21 მაისის ამონაწერით, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ამბასადორის“ სარგებლობის უფლება უკვე მოხსნილია და ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.

განკარგულებაში წერია, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა უნდა განახორციელოს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ.

დაასრულა თუ არა კომპანიამ წიაღისეულის მოპოვება მითითებულ ტერიტორიაზე? რა რაოდენობის წიაღისეული მოიპოვა ჯამში? აქვს თუ არა ვალდებულება კომპანიას განახორციელოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელი ღონისძიებები? კონკრეტულად რა? რა პერიოდში? დაწყებულია თუ არა ასეთი ღონისძიებების გატარება? – ამ კითხვებზე პასუხს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსგან ველოდებით და მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

ხელოვნური კუნძულისთვის გადათხრილი ტერიტორია კვირიკეს მიმდებარედ [ეს ადგილი რომ კვირიკეს მიმდებარედაა ქობულეთის მერიაშიც დაგვიდასტურეს]. ფოტო გადაღებულია 2026 წლის ივნისში ქობულეთის შემოვლითი გზიდან
„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის წიაღისეულს ლიცენზიის გარეშე ქობულეთის სოფელ ხალაშიც მოიპოვებს, ქვიშა-ხრეშს კი, მდინარე ჭოროხის დელტაში.

ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანასაც აშენებს.

ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ „ამბასადორმა“ გეგმები შეცვალა. ბეტონის ქარხნის ინერტული მასალით მომარაგებას კი კომპანია კვირიკესა და ხალას კარიერებიდანაც გეგმავს.

„ინერტული მასალა დატვირთული იქნება ხალას და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში“, – წერია სკრინინგის განცხადებაში.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

 

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

პოლიციელების ძალადობაზე საახლობლოშიც ბევრი მსმენია – ხალხი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე

რას ამბობენ მოქალაქეები ბათუმის ქუჩებში პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის და წამების შემთხვევებზე? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

პოლიციელების ძალადობაზე ჩემს საახლობლოშიც ბევრი მსმენია - ხალხი პოლიციის შენობებში ცემის ფაქტებზე

„მოგვატყუეს, პროგრამა შეგვიცვალეს, კონტრაქტი დაგვირღვიეს“- თსუ-ს სტუდენტების პროტესტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები, მათი 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 3-წლიანად გადაკეთებას აპროტესტებენ. სტუდენტების თქმით, ისინი მოატყუეს, როცა თქვეს, რომ „ოცნების“ რეფორმა არ გავრცელდებოდა რეფორმამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე.

სტუდენტები თსუ-ს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის.

ის, რომ საბაკალავრო პროგრამების შემცირება 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებსაც შეეხებოდათ, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ 13 მაისს ისაუბრა პარლამენტში გამოსვლისას.

მათი ინიციირებული ნორმატიული ცვლილება გულისხმობს 240 კრედიტის შემცირებას 180 კრედიტამდე. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ სტუდენტები.

„ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს – ქრისტინე მექვაბიძეს, ბულუდ მამედოვს და სანდრო კვიციანს ესაუბრა, რომლებიც გასულ წელს გახდნენ პირველკურსელები და წესით, „ოცნების რეფორმა“ არ უნდა გავრცელებულიყო მათზე.

ქრისტინე მექვაბიძე – „ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა ისე გადაგვიკეთეს სამწლიანად, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არანაირი კომუნიკაცია ამ საკითხზე არ ჰქონია ჩვენთან ადმინისტრაციას.

თავდაპირველად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი მოქმედ პირველკურსელებს, მოქმედ სტუდენტებს არ შეეხებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიყავით ამისთვის მზად, რადგან უკვე დაწყებული გვქონდა სწავლა ოთხწლიანი პროგრამით და სამწლიანი პროგრამა შუა გზაში დაგვეწია“.

ბულუდ მამედოვი – „მე როგორც ვიცი, თავიდან იყო ნათქვამი, რომ „რეფორმა“ არ შეეხებოდა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. გაგვაცნეს კიდეც პროგრამები. კონკრეტულად ჩვენ, პოლიტიკის მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს გაგვაცნეს პროგრამები დაახლოებით ერთი კვირის წინ და არ ყოფილა იქ ამაზე საუბარი.

სანამ პროტესტი გაჩნდებოდა და დავიწყებდით პეტიციაზე ხელმოწერებს, მანამდე ვთხოვეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა მეილებზე გადმოგვიგზავნეს მიჭრილ-მოჭრილი პროგრამები, ათობით მნიშვნელოვანი საგანია პროგრამიდან ამოღებული“.

სანდრო კვიციანი – „რაც შეეხება თვითონ პროგრამებს, მაგალითად პოლიტიკის მეცნიერებაზე ამოღებულია ისეთი საგანი, როგორიცაა გამოყენებითი ეკონომიკა, რომელიც ერთი სემესტრი ისწავლებოდა. ამოღებულია გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა. მაქსიმალურად დავიწროებულია ისეთი თემატიკა, რომელსაც ანალიტიკური აზროვნება სჭირდება.

მაგალითად, გვქონდა ასეთი საფაკულტეტო პროგრამა – „სოციალური კვლევის მეთოდები“, რომელიც პრაქტიკულად წინასწარ გამზადებს იმისთვის, როგორ უნდა ჩაატარო რაოდენობრივი, თვისობრივი კვლევა, რაც აუცილებელია ჩვენს პროფესიაში. როცა ამას იღებენ, ჯერ ჩვენთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.

არ მოგვცეს საშუალება ჩვენი აზრი გამოგვეხატა ამ საკითხებზე. პირდაპირ გამოგვიქვეყნეს და გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შეასრულოთო. ჩვენ გვსურს 4-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა, რაზეც ჩავაბარეთ თავის დროზე და მოვითხოვთ, რომ იგივე პროგრამა დაგვიტოვონ“.

სტუდენტებს ვკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ ამ დრომდე ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შემცირებაზე, ეს ხომ ბევრად ადრე დააანონსა „ოცნების“ ხელისუფლებამ? – სტუდენტების თქმით, აქამდე მხოლოდ იმას ისმენდნენ, რომ ცვლილება არ შეეხებოდათ „რეფორმამდე“ ჩარიცხულ სტუდენტებს. „ახლა კი ფაქტობრივად, კონტაქტი დაგვირღვიეს“, – ამბობს ქრისტინა.

„დაახლოებით აპრილის ბოლოსკენ გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ინფორმაცია. მანამდე არ ვიცოდით, რადგან უნივერსიტეტისა და საკუთარი ფაკულტეტების დეკანებისგან ინფორმაცია არ მიგვიღია. არ აქვთ სტუდენტებთან უშუალო კონტაქტი.

პრობლემა სწორედ ეს არის, რომ პროგრამა შეგვიცვალეს, კონტრაქტი დაგვირღვიეს ყველანაირად. არც შეხვედრები ჩატარებულა, რომ სადმე ჩვენი აზრი გამოგვეხატა. როცა ჩვენი ინიციატივით შევხვდით შესაბამის პირებს და ვიკითხეთ, რატომ შეგვიმცირეს 240-კრედიტიანი პროგრამა 180-კრედიტამდე, აქამდე სად იყავით, დაგაგვიანდათო, – ასე გვიპასუხეს“, – ამბობს ქრისტინა.

ბულუდ მამედოვი – „ყველა მიმართულებას აქვს თავისუფალი კრედიტები. მაგალითად მე, პირველ სემესტრშივე გავლილი მქონდა ორი საგანი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია და მეტყველების კულტურა, რომელიც ავტომატურად ავსებდა ამ თავისუფალ კრედიტებს.

მეტყველების კულტურა საერთოდ გააუქმეს და გაგვიუქმეს კვლევის მეთოდებიც, სოციალური მეცნიერების მიმართულებაზე, როგორც სანდრო ამბობდა. არავინ გვეუბნება, სად ჩაიწერება ამ გაუქმებული საგნებიდან მიღებული თავისუფალი კრედიტები. მხოლოდ ის გვესმის, რომ „რაღაცას იზამენ“.

სანდრო კვიციანი – „სად არის ჩვენი ხმა, სად არის ჩვენი ინტერესები დაცული? მე, მაგალითად, მსურდა კონფლიქტოლოგიის გავლა, რომელიც გაგვიუქმეს და არასწორია, რომ ეს უფლება შეგვიზღუდეს. პრობლემაა ისიც, რომ ფაკულტეტი გაგვიუქმეს – ფაქტობრივად მილევად რეჟიმშია გადასული. 2027 წლიდან დიპლომატთა აკადემია გაიხსნება და ჩვენი ფაკულტეტი ალბათ იქ გადავა“.

ქრისტინე მექვაბიძე – „მე ჟურნალისტიკის მიმართულებით ვსწავლობ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკა არ არის მილევად მიმართულებებს შორის, პრობლემა მაინც რჩება ის, რომ საშუალოდ 30-40 საგანია ამოღებული პროგრამიდან.

ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ განათლების დონე დაიწევს, რომელიც ისედაც დაბალია ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის რეფორმა, „დეფორმაა“, როგორც უწოდეს მას, რადგან 180-კრედიტიანი პროგრამით განათლების მაღალი ხარისხით მიღება გამორიცხულია“.

სანდრო კვიციანი – „მთავარი არგუმენტი, რაც გვესმის პროგრამების შემცირებაზე არის ის, რომ „აი, ევროპაშიც არის სამწლიანი პროგრამები“. მაგრამ იმას არ ითვალისწინებენ, რომ იქ სკოლებია 12, 13-წლიანი და ხარისხის დონეც ბევრად მაღალია“.

ქრისტინა მექვაბიძე – „ჯამური რაოდენობა ევროპაში სწავლის გამოდის 16 წელი და ჩვენთან არა. კონკურენციას ვერ გავუწევთ“.

ბულუდ მამედოვი – „სამწლიანზე გადასვლა მოხდა ძალიან სწრაფად, ჩემი აზრით. ოთხწლიანი უფრო მისაღებია, რადგან უფრო გამართულია სტრუქტურულად. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით ამ ყველაფერში? სათანადოდ არ არიან სტუდენტები ინფორმირებული. ახლახან მქონდა საუბარი სტუდენტებთან და ძალიან ბევრმა არ იცის, რომ სამწლიან პროგრამაზე გადავყავართ.

მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ვესაუბრებოდი და იმათაც კი არ ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია.

დეზინფორმაცია ან ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს იმას, რომ სტუდენტები არ იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის.

ქრისტინე მექვაბიძე – „ფაკულტეტის დეკანი გვეუბნება, თავის დროზე რატომ არ დაიწყეთ პროტესტი, სანამ თქვენ შეგეხებოდათო. პირველი კურსის პირველი სემესტრელები ვიყავით, როცა ამ „რეფორმის“ გატარება დაიწყეს და ბევრი რამ არ ვიცოდით. ჯერ ადაპტაციის პროცესში ვიყავით და არ ვიყავით გათვითცნობიერებული.

ჩვენ დაგვირღვიეს კონტრაქტი და ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომლის გასაჩივრების უფლებაც გვაქვს. სწორედ ამიტომ ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ მივმართოთ სამართლებრივ გზას. ჯერ რექტორატის დონეზე შევეცდები, დაგვიკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. თუ არ გაითვალისწინეს, შემდეგ მივიღებთ სხვა ზომებსაც. 27 მაისს მივწერეთ ჯაბა სამუშიას, უკვე გავიდა 13 დღე და არ მიგვიღია პასუხი. ვითხოვთ ახსნა-განმარტებას – რატომ შეგვიმცირეს კრედიტები ჩვენთან შეთანხმების გარეშე. მივმართავთ განათლების სამინისტროსაც“.

ბულუდ მამედოვი – „ალბათ იცით, რომ გავავრცელეთ პეტიცია, სადაც 1500-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე მოგვიწერა ხელი. აქედან 40%-ი სტუდენტების ხელმოწერაა. ხელმოწერებს ვაგროვებთ გარეთაც.

ვითხოვთ მოგვცენ სტუდენტებს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალება და არ ვიყოთ შეზღუდულები არჩევანში“.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, თეონა მატარაძეს. ის მიიჩნევს, რომ სტუდენტები მოატყუა განათლების სამინისტრომ, რადგან უკან წაიღეს გივი მიქანაძის განცხადება, რომ თითქოს „რეფორმა“ არ გავრცელდებოდა წინა წლებში ჩარიცხულ სტუდენტებზე.

თეონა მატარაძე

„21 ოქტომბერს გივი მიქანაძემ განაცხადა სრულიად მკაფიოდ, რომ რეფორმასთან დაკავშირებით შესული ცვლილებები არ შეეხებოდათ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს. მან ეს დაპირება უკან წაიღო.

ამიტომ, არათუ სტუდენტებს, ჩვენც კი არ გვქონდა ამაზე ინფორმაცია. შესაბამისად, სტუდენტებს უფრო ადრე ვერ ექნებოდათ რეაქცია. ზოგადად, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს ის, რომ „თუ მე არ მეხება“, არ გვაქვს ხოლმე დროული რეაგირება პრობლემებზე – მაშინ, როცა ჩვენ გამოვდიოდით ამ რეფორმის წინააღმდეგ, სტუდენტების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ამ პროცესში არ აგვყვა.

როდესაც განათლების სისტემა ნადგურდება, არა მხოლოდ სტუდენტმა და ლექტორმა, არამედ ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აიმაღლოს ამაზე ხმა. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაშინ გვესმის პროტესტი, როდესაც უშუალოდ ზარალდებიან ადამიანები.

თუმცა სტუდენტების ეს პროტესტი, რომელიც ერთი კვირაა რაც დაიწყო, მაინც დასაფასებელია“, – ამბობს  თეონა მატარაძე.

პროფესორის თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უშლის სტუდენტებს ხელმოწერების შეგროვებაში: „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურობენ, მაგრამ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული ამ პროცესში.

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთოდ არ იცოდნენ, რომ პროგრამები 180-კრედიტიანი ხდება და რეაგირებაც იყო დაგვიანებული. თუმცა პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ამის მაგალითი იყო თსუ-სტუ-ს გაერთიანების უკან წაღება, ისევე როგორც ამის მაგალითი იყო დიუშენის ბავშვების თემა.

ეს პრობლემა შეეხო კერძო უნივერსიტეტებსაც. იმედი მაქვს, ისინიც ჩაერთვებიან ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების დამშვიდების პოლიტიკა მიდის და ერთ-ერთი არგუმენტი რაც მომისმენია, იყო ის, რომ თურმე მაგისტრატურაში თუ ჩააბარებენ საზღვარგარეთ, „დანართს“ არავინ უყურებს, რაც არ არის სიმართლე. რა თქმა უნდა, დანართს უყურებენ მაგისტრატურაში ჩაბარებისას.

ამოიღეს ლოგიკა, ფილოსოფია, სტატისტიკა, ეს საგნები აკადემიური სწავლებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტი პროფესიული სასწავლებელი არ არის და ამ საგნებიდან რომ 60 კრედიტი დააგროვეს სტუდენტებმა, ეს კრედიტები ჩახსნილია.

სტუდენტებს ეუბნებიან, რომ „როგორღაც გიღიარებთ“ – რა მექანიზმით, ამაზე პასუხი არ არის. მაშინ მოუწევთ გაზარდონ თავისუფალი კრედიტების რაოდენობა. ეს, პირველ რიგში, აზარალებს სტუდენტს, რადგან დანარჩენ ორ წელიწადში მას აღარ ექნება თავისუფალი კრედიტები და ვერაფერს ვეღარ აირჩევს.

ან მეორე სცენარი იქნება – უღიარებენ კრედიტებს პროფესიულ არჩევით საგნებში, რაც ასევე ძალიან დიდი პრობლემაა მათი დიპლომის დანართისთვის, რადგან პროფესიული საგნების ნაცვლად გავლილი ექნებათ საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საგნები. ეს პრობლემა აუცილებლად გამოჩნდება ორი-სამი წლის შემდეგ.

შეიძლება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ ამაზე თვალი დახუჭოს, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, უცხოეთში მაგისტრატურის სწავლისთვის აუცილებლად გამოიწვევს ბევრ პრობლემას.

ამას ემატება ერაზმუსით სწავლებაც – აქამდე ერაზმუსში მონაწილეობის უფლება სტუდენტებს ჰქონდათ ხუთი სემესტრის განმავლობაში. დამამთავრებელ სემესტრში ვერ მიდიან ერაზმუსით და ვერც პირველ კურსზე. იქიდან ჩამოტანილი კრედიტების ნაწილი მიდიოდა თავისუფალ კრედიტებში. ახლა ეს თავისუფალი კრედიტები აღარ ექნებათ სტუდენტებს, რადგან გადავსებული იქნება პროგრამა პირველი დონის საგნებით“, – ამბობს თეონა მატარაძე.

რაც შეეხება დავას სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის: „თუ დაამტკიცებენ (და ეს დამტკიცებადია) სტუდენტები, რომ ამ ცვლილებით მათ სწავლის ხარისხი გაუარესდა და ეს გამოიწვია ხელშეკრულების პირობების ცვლილებამ, ნამდვილად არის სამართლებრივი დავის საგანი“.

ავარია გონიოში – დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი

დღეს, 16 ივნისს, ავარია მოხდა გონიოში, გონიო-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე – ერთმანეთს ტრაილერი და მოტოციკლი დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო დახმარების სამსახურები.

„ის, რაც სკოლებში შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის“- ბექა მინდიაშვილი

„ის, რაც ახლა სკოლებში ამ ფორმით შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის სწავლება, არამედ ეს არის მცდელობა, შეიტანონ ერთგვარი იდეოლოგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს“- ასე ეხმაურება საჯარო კოლებში სასულიერო პირების შეყვანას თეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ბექა მინდიაშვილი ფეისბუქზე.

მისი თქმით, სკოლებში რელიგიის სწავლების დაბრუნებას საპატრიარქო წლებია ცდილობს, მაგრამ „ამჯერად საქმე სხვა მოვლენასთან გვაქვს“.

„2017 წელს ეს მცდელობა სასწავლო გეგმის შექმნაზე მუშაობის დაწყებამდეც კი მივიდა, მაგრამ მალევე დასრულდა, – იმდენად წარმოუდგენელ მოთხოვნებს აყენებდნენ, თუ რა უნდა ასახულიყო სასწავლო გეგმაში. მაგალითად, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ითხოვდა კაცობრიობის ისტორიის გადაწერას და მის გამართვას ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით და ა.შ.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, პირადად მეც და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით, ვეწინააღმდეგებოდით რელიგიის სწავლების შეტანას საჯარო სკოლებში სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოში რელიგიური განათლება უაღრესად პრობლემურ ხასიათს ატარებდა და არსებითად განათლების სამოქალაქო და აკადემიურ მიზნებს უპირისპირდებოდა, უგულებელყოფდა სკოლისა და რელიგიის გამიჯვნის, ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის მოთხოვნებს.

თავისთავად, რელიგიის აკადემიური სწავლება უმნიშვნელოვანესია და ის უნდა ატარებდეს როგორც ისტორიულ, ისე ფენომენოლოგიურ ხასიათს. უნდა მოიცავდეს მთელ მრავალფეროვნებასა და იმ რელიგიურ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სამოქალაქო თანაარსებობას: სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების პატივისცემის, სიყვარულის, თანასწორუფლებიანობის, უმცირესობისა და უმრავლესობის ურთიერთობის, სამოქალაქო გაბედულების, ქველმოქმედებისა და ემპათიის, შემწყნარებლობის ღირებულებებს – ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ყველა დიდ რელიგიაში საერთოა.

მაგრამ საქართველოში რელიგიის სკოლებში შეტანის წინააღმდეგ ჩვენ სწორედ იმ საფუძვლით გამოვდიოდით, რომ არ არსებობენ აკადემიურად და ღირებულებათა დონეზე სათანადოდ მომზადებული, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების მქონე პედაგოგები, რომლებიც რელიგიის შესახებ და რელიგიიდან სწავლებას შეძლებენ, არ არსებობდა სკოლებში სხვა აღმსარებლობისა და შეხედულებების მოსწავლეების დისკრიმინაციისგან დაცვის ეფექტური სისტემა

რა გააკეთეს ახლა? ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე აიღეს და პირდაპირ მართლმადიდებელი სასულიერო პირები შეიყვანეს სკოლებში. ოღონდ ისინი ასწავლიან არა რელიგიას, როგორც ასეთს, არამედ ფაქტობრივად რელიგიისა და ეთნიკური იდენტობის საფუძველზე ჩამოყალიბებული შეხედულებების ჰიბრიდს, რასაც ნაციონალიზმსაც ვერ დავარქმევ, რამდენადაც, შესაძლოა სწავლების ეს ფორმა, საბოლოო ჯამში, სწორედ ანტიეროვნულ მიზნებს ემსახურებოდეს.

ფაქტობრივად, სწავლების საფუძველი არის ის პარადიგმა, რომ ვიწრო ეთნიკური და არა ფართო ეროვნული იდენტობა და მართლმადიდებლობა ერთი და იგივეა და ამ ორ რამეს ერთობლივად მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს სწავლების ფორმა თითქოსდა კლუბურია და არაა სავალდებულო, ნებაყოფლობითია.

თუმცა, ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, თუ სასკოლო აკადემიური დროის მიღმა სკოლის სივრცეში რელიგია კლუბური ფორმით ისწავლება, მაშინ ეს უშუალოდ მოსწავლეების თავისუფალი ინიციატივა უნდა იყოს და არა განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს მხრიდან ასე მეთოდურად და დემონსტრაციულად თავსმოხვეული რამ.

ის, რაც ახლა სკოლებში ამ ფორმით შეაქვთ, არც რელიგიის სწავლებაა და არც პატრიოტიზმის სწავლება, არამედ ეს არის მცდელობა, შეიტანონ ერთგვარი იდეოლოგია, რომლითაც ქართული ოცნება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საჯარო სკოლებში რელიგიის საფარქვეშ სწორედ ამ იდეოლოგიური ჰიბრიდის სავალდებულო სწავლების ხასიათს მიიღებს და მძიმე გავლენას მოახდენს ბავშვების ცნობიერებასა და ფსიქიკაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რამდენად დისკრიმინაციულია ამგვარი სწავლების ფორმა სხვა რელიგიებთან მიმართებით და ამ კუთხით რამდენად პრობლემატური იქნება თავად სწავლების შინაარსი.

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველად, იდეოლოგიური და პოლიტიკური პროპაგანდა – აგიტაციის დაბრუნების მცდელობა საჯარო სკოლებში“- წერს ბექა მინდიაშვილი.

________________

ამ თემაზე: 

ივანიშვილის „ძალიან ღირებული რჩევების“ შედეგები განათლების რეფორმაში

ბათუმში 2 კვირით ჩაიკეტება ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 ივნისის საღამოს 9 საათიდან 30 ივნისამდე პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ინფორმაციით მიზეზი „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია“.

კერძოდ, ქუჩის ამ მონაკვეთზე „ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება“.

ლერმონტოვის ქუჩა [გორგასალისა და ჭავჭავაძის ქუჩებს შორის] 16 ივნისის საღამოს 9 საათიდან 30 ივნისამდე ჩაიკეტება / მონიშნულია წითელი ხაზით
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ ქალაქის მერიამ საუბარი 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.

ამავე მიზეზით ბათუმში ჩაკეტილია მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისიც.

ვრცლად:

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი 5 ივლისამდე ჩაიკეტა

 

გორის გვირაბებში 17-25 ივნისს მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

გორის გვირაბებში 17-20 და 22-25 ივნისს მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დაგეგმილია დაზიანებული საფარის აღდგენა [ორმოულის შეკეთება] და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე [გორის გვირაბები] სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 17 ივნისიდან 08:00 სთ-დან 20 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ხოლო, თბილისი-სენაკის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 22 ივნისიდან 08:00 სთ-დან 25 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც თბილისი-სენაკის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.“ – წერს გზების დეპარტამენტი.

 

მთავარი ფოტო: გორის გვირაბები/ფოტო: გზების დეპარტამენტი

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა – დაკავებულია ხუთი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოაცხადეს, დაკავებულია 5 პირი, კიდევ 2 პირზე კი ძებნა გამოცხადდა.

დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017 – 2025 წლებში ხელმძღვანელობდა. „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებამდე ის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა, იყო „მტკვარი ჰესის“ დირექტორიც.

სუს-ის ინფორმაციით, რკინიგზის საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და სხვა პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ყალბი სამსახურებრივი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

„2019 წლის შემოდგომაზე, სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა დირექტორმა, დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შეთანხმებულ გეგმის შესაბამისად უნდა უზრუნველყო სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის, შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა“, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ბრიფინგზე დღეს, 16 ივნისს.

დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ნავთობტანკერი SILVAR, რომელიც იანვარში ყულევში იმყოფებოდა

დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ნავთობტანკერი SILVAR [IMO: 9291262], რომელიც 2026 წლის იანვარში ყულევის პორტში იმყოფებოდა.

„დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR [IMO: 9291262], რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.

დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში,  თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები,“ – ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

სანქციების პაკეტში სულ 27 ტანკერი მოხვდა.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პოსტში კი ხაზგასმულია ნავთობტანკერ SILVAR-ის სანქცირება, რომელიც იანვარში ყულევში იმყოფებოდა.

SILVAR [IMO: 9291262] საქართველოს ნავსადგურში შემოსვლამდე სანქცირებული იყო უკრაინის მიერ, 2025 წლის 13 დეკემბერს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ნავთობტანკერი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედიოდა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა პორტალ „აი, ფაქტის“ გამოძიების მიხედვით, რომელიც ღია მონაცემთა წყაროებს დაეყრდნო, SILVAR-მა, რუსეთის ნოვორასიისკის ნავთობტერმინალი 29 იანვარს, გამთენიისას დატოვა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კი ნავთობტანკერის სიგნალი პირველად 30 იანვარს, ღამის 1 საათისთვის დაფიქსირდება. მანამდე, მონაცემები უცნობი იყო, რადგან რუსეთიდან გამოსვლის შემდეგ სიგნალის გადამცემი სისტემა გემს გათიშული ჰქონდა.

„აი, ფაქტის“ ცნობით, ტანკერმა ყულევში 24 000 ტონამდე ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩამოტვირთა (რაოდენობა გამოთვლილია გემის წყალში ჩაძირვის მაჩვენებელზე დაყრდნობით – გადმოტვირთვის შემდეგ ჩაძირვის მაჩვენებელი 12.6-დან 9.5-მდე შემცირდა).

„აი, ფაქტის“ გამოძიების შემდეგ, 2026 წლის 6 თებერვალს, განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელიც წერდა, რომ „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები (გაერო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი)“.

ნავთობტანკერი 2026 წლის 6 თებერვლის მონაცემებით, მხოლოდ უკრაინის მიერ იყო სანქცირებული.

თუმცა არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტანკერი, რომელიც უკრაინის მიერ სანქცირდება და მიიჩნევა როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი, შემდგომში აუცილებლად ხვდება ევროკავშირის, აშშ-ს ან დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ.

ვის [არ] შეხვდა ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ

აჭარის მთავრობის ფეისბუქის გვერდზე 13 ივნისს გამოქვეყნებული, ბოლო ხალი ამბავი გვამცნობს, რომ ბათუმში სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town-ი ოფიციალურად გაიხსნა. ამ ამბავთან ერთად აჭარის მთავრობა ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ გაჭრა წითელი ლენტი აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ინვესტორთან ერთად.

მთავრობის სოციალურ გვერდებზე უყვართ „ბრჭყვიალა“ პრეზენტაციების ფოტოების ატვირთვა, სადაც „ოცნების“ წევრები მდიდარ ბიზნესმენებთან ერთად იღიმიან. ასეთ დროს აანონსებენ ხოლმე ისეთი ძვირადღირებული პროექტების შესახებ, რომელიც ძირითადად მდიდარ უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი.

მოქალაქე ქვეყნის ნებისმიერი რეგიონიდან, თუ ის მდიდარი ბიზნესმენი ან პარლამენტარი არ არის, თუნდაც მსგავს სასტუმროში დასაქმებული, ნაკლებად შეძლებს აჭარაში ფეშენებელური დასვენების ხარჯებს გასწვდეს, ისევე როგორც აჭარის რეგიონიდან ვერ გასწვდება ოჯახი, მაგალითად ლოპოტაზე, თუნდაც მოკლევადიანი დასვენების ხარჯებს.

სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town-ი 2025 წლიდან მუშაობს, თუმცა, როგორც ირკვევა, ოფიციალური გახსნა არ ყოფილა და ლენტის გაჭრის ცერემონია ზურაბ პატარაძესთან ერთად შედგა.

12 ივნისს ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დასწრებია. მას დრო გამოუნახავს ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად.

აჭარის მთავრობის გვერდის თანახმად, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე უსაუბრიათ ზურაბ პატარაძესა და თინათინ რუხაძეს და  შეთანხმებულან, რომ ითანამშრომლებენ. იმავე გვერდის მიხედვით, „ოცნების“ კულტურის მინისტრი, მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან ერთად, აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეს 11 ივნისს ეწვია.

მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ და თინათინ რუხაძემ შეხვედრის დროს „სახელოვნებო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით პარტნიორობის საკითხები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს“.

რა გაიგო ამ პოსტიდან „ოცნების“ ამომრჩეველმა? რაზე იმსჯელეს ან რა გადაწყვიტეს? – მაგალითად ის, რომ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აღარ გაანადგურებენ?! ფასადის ერთ ნაწილს არ დატოვებენ მხოლოდ და ამას რეაბილიტაცია-რესტავრაციას აღარ დაარქმევენ?! ძეგლებს ცათამბჯენებით არ დაჩრდილავენ, მათ გადარჩენაზე იზრუნებს ვინმე?! – ამ კითხვებზე პასუხი აჭარის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის გაცემული.

ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ, „გაღრმავების“ შემდეგ რა შეიცვლება.

თამარ რუხაძე და ზურაბ პატარაძე შეხვედრის შემდეგ

აჭარის მთავრობის გვერდის მიხედვით, 11 ივნისს ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების – კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს – სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბს „ბათუმი 2010“ და ხელბურთის კლუბს „ბსბ ბათუმი“ გამორჩეული შედეგების და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

შეიძლება ითქვას, რომ დაჯილდოებები ერთ-ერთი საყვარელი თემაა სამთავრობო გვერდებისთვის. თუ დაინტერესდებით და ბათუმის მერიის გვერდსაც გადახედავთ, მიხვდებით, რომ დაჯილდოებებზე წასვლა ბათუმის არც თუ ისე კომუნიკაბელურ მერსაც კი მოსწონს.

აჭარის მთავრობის გვერდის მიხედვით, 10 ივნისს ზურაბ პატარაძე არქივის სამმართველოს ეწვია და იქ ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე დანიშნა. ამ დღეს მოინახულა ასევე N21-ე საჯარო სკოლის მშენებლობის დასრულების სამუშაოები, თუმცა ამ ინფორმაციაში არავინ წერს, რომ რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც სკოლების გაჭიანურებული სარეაბილიტაციო პროცესი, ასევე, საბავშვო ბაღების მისაწვდომობა.

2026 წელია და აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ 5 ახალ სკოლას აშენებენ, 3 სკოლას კი რეაბილიტაცია უტარდება. ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომლის დაუსრულებლობაზეც მშობელი წუხდა, 2022 წელს დაიწყო და 2024-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაერთხელ შეიცვალა დასრულების ვადები. მსგავს მდგომარეობაშია ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაც, სადაც 2026 წლის პირველ მარტს უნდა გახსნილიყო სკოლის კარი, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არც ამ სკოლაში დასრულდა დროულად. 

პატარაძე N21-ე საჯარო სკოლის სამუშაოებს ეცნობა

6 ივნისს ზურაბ პატარაძე გოდერძი შარაშიას ჩაერთო „იმედის“ ეთერში და აჭარაში ტურიზმის სექტორის აყვავების შესაძლებლობებზე ილაპარაკა. ზურაბ პატარაძეს არ დავიწყებია ქალაქის ინფრასტრუქტურული გამოწვევები და ამაზეც ისაუბრა, თუმცა გამორჩა ეთქვა, რომ თუ ბათუმში მოქალაქეები დასასვენებლად საქართველოს სხვა რეგიონებიდან ან დედაქალაქიდან გეგმავენ ჩასვლას, უმჯობესია თუ ავტომანქანით არ ჩამოვლენ, რადგან ქალაქში გასაჩერებელი ადგილი, ფაქტობრივად, არ არის.

ფეისბუქზე აჭარის მთავრობის გვერდის თანახმად, ზურაბ პატარაძე ახერხებს დაესწროს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით ეტაპს და გამარჯვებული ანსამბლების დაჯილდოების ცერემონიას; ქობულეთში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამოს, თუმცა, როგორც ამბობდნენ გარემოვაჭრეები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს,  ამის ფონზე, საწყენია, რომ ზურაბ პატარაძე მათ არ ხვდება.

გარემოვაჭრეები ბულვარში და მის მიმდებარედ ვაჭრობენ სუვენირებით, წვენებით, ხილითა და აქსესუარებით და ამით არჩენენ ოჯახს.

18 მაისის დილას, სუვენირებით მოვაჭრეები, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა.

ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, იმ საღამოს ზურაბ პატარაძესთან დალაპარაკება მოახერხეს: „სხვა გზა არ ჰქონდა, სახლში უნდა წასულიყო. დაგველაპარაკა და დაგვპირდა, რომ შეგხვდებოდა, მეორე დღეს შენობაში შეგვიყვანა ჯაბა სურმანიძემ და დეტალებზე შევთანხმდით“ – გვითხრა მან. 

ორი თვის განმავლობაში ზურაბ პატარაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა აჭარის ტელევიზიას, სადაც ისაუბრა გამოწვევებზე, რაც მისი წინა თავმჯდომარეობის დროსაც გამოწვევების ჩამონათვალში იყო. ეს გამოწვევებია – ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება.

ამის შემდეგ აჭარის მთავრობის გვერდზე ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის, „Swissôtel Kobuleti Beach Resort“-ის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნეს – რა თქმა უნდა, არც მსგავსი პროექტების დაანონსების და არც მას შემდეგ, აჭარის მთავრობას არავინ ახსენებს ადრე დაანონსებულ და „გაყინულ“ პროექტებს.

ზოგადად, ქობულეთში უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკააა, როცა პროექტებს პომპეზურად აანონსებენ და შემდეგ წლების განმავლობაში ვერ იწყებენ, ან იწყებენ და ვერ ასრულებენ, ან ინვესტორებად წოდებულები თავადაც ინვესტორებს ეძებენ აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ზურაბ პატარაძესაც დაუსრულებელი დახვდა რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც თავად დააანონსა 2017 წელს, მისი წინა თავმჯდომარეობის დროს.

პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ 28 აპრილს დაამტკიცა. ასევე დამტკიცდა აჭარის მთავრობის შემადგენლობაც. მას არცერთი მინისტრი არ შეუცვლია.

30 აპრილს ზურაბ პატარაძემ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენის – EBIT 2026-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ამ ორ თვეში ის რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურას ეწვია, მათ შორის იყო ბათუმის მერია და საკრებულო, ავიდა ხულოს მუნიციპალიტეტშიც. დანიშვნიდან 2 დღეში – 30 აპრილს კი ბათუმის ბულვარი მოინახულა, სადაც ნარდის მოთამაშეებს მიესალმა.

Freed Journalist Andrzej Poczobut Calls for Release of Fellow Sakharov Prize Laureate Mzia Amaglobeli

Belarusian journalist of Polish origin, Andrzej Poczobut, believes that receiving the European Union’s highest award influenced the decision to release him.

In 2025, while still imprisoned, Poczobut was awarded the European Union’s top human rights award — the Sakharov Prize for Freedom of Thought — jointly with Mzia Amaglobeli, founder of Netgazeti and Batumelebi..

“The point is that publicity is still something regimes fear,” Poczobut told Netgazeti.

Andrzej Poczobut also expressed hope that the Georgian authorities would release the other Sakharov Prize laureate, Mzia Amaglobeli.

“A journalist should be free. I hope that Mzia Amaglobeli will be released. I hope that political repression in Georgia will stop, that Georgia will continue developing its democracy and improve relations with the West,” Poczobut told Netgazeti.

At the same time, he said that Tbilisi is currently moving along the path Belarus took in 1994, when Alexander Lukashenko came to power.

“There is a saying: no matter what you give Russians, they will still build a Kalashnikov rifle. To paraphrase that, no matter what you give post-Soviet elites, they will build authoritarianism. I think this is something Belarus and Georgia have in common. Georgia’s government is heading in a dangerous direction — the same direction Belarus chose in 1994, unfortunately. Sometimes the consequences of decisions unfold over time. And I think… I hope Georgia’s authorities will not go as far as Belarus did,” Poczobut added.

Andrzej Poczobut is a Belarusian journalist and activist representing the Polish ethnic minority in Belarus. A critic of the Lukashenko regime, he has been detained several times, most recently in 2021, when he was sentenced to eight years in a penal colony. However, in April this year, he was released as part of a prisoner exchange between Belarus and Poland. Polish Prime Minister Donald Tusk welcomed Andrzej Poczobut upon his arrival in Poland.

He is currently in Strasbourg and is scheduled to address the European Parliament plenary session on June 17.

Earlier, he appeared before a joint meeting of the Committee on Foreign Affairs, the Subcommittee on Human Rights, and the Committee on Development, opening his remarks with an appeal to the Georgian authorities.

“I would like to address the Georgian authorities and call for the release of Mzia Amaglobeli. Journalists should be free, not in prison. I hope the Georgian authorities will release her,” Poczobut said.

During his speech at the joint committee meeting, Poczobut focused primarily on the rights of the Polish minority in Belarus and said that the only Polish association in Belarus had been declared illegal.

“A criminal case was also opened against me. This is the result of Lukashenko’s approach — his attack on the values that we, as Poles, represent. We represent Polish and European values. These values are very important to us, and this is precisely where our conflict with the Lukashenko regime lies,” Poczobut said.

Poczobut linked his imprisonment to his journalistic work. He said there is no freedom of speech in Belarus and that even critical voices on social media are punished.

“In prison, I met people whose only ‘crime’ was, for example, liking something on social media. This is the diagnosis of the situation in Belarus. Belarus is, without any doubt, a totalitarian state,” Poczobut added.

Other speakers at the committee meeting also called for Mzia Amaglobeli’s release, including David McAllister, Chair of the European Parliament’s Committee on Foreign Affairs.

“You all remember last year the European Parliament decided to award the Sakharov Prize to you, dear Mr. Poczobut, but also to Mzia Amaglobeli from Georgia in recognition of their steadfast commitment to democracy, human rights, and the freedom of expression and independence in her work as journalist despite the intimidation she facing.

We deeply regret that Ms. Amaglobeli remains imprisoned in Georgia. Let me recall that the European Parliament continues to call for her immediate and unconditional release and stands in unwavering solidarity with all those unjustly detained,” McAllister said.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 385 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 026 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 768 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 44 118 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 872 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 427 ერთეული [+7]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 353 541 ერთეული [+2 062]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 667 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 107 508 ერთეული [+417]
  • სპეცტექნიკა – 4 300 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 783 ერთეული [+50]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

  • 15 ივნისის ღამით რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, მათ შორის ბავშვი და ორსული ქალი. დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა.

ვრცლად: კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/620625/

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19 500 კუბ.მეტრ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზას“ დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცეს. 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში პარლამენტარის კომპანია დაახლოებით 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის.

„ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 10 ივნისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიყენებს შპს „გზა“ ულიცენზიოდ მოპოვებულ ქვიშა-ხრეშს.

„ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდინარე აკავრეთას ჭალა-კალაპოტში არსებული ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს გზა 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 19 500 კუბური მეტრი ინერტული მასალა [ქვიშა-ხრეში] ქედის მუნიციპალიტეტში [დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული, მდ. აკავრეთა]“, – წერია განკარგულებაში.

„გზა“-ს უფლება აქვს ქვიშა-ხრეში 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოიპოვოს.

ქედა, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილი მდინარე აკავრეთას კალაპოტში, სადაც შპს „გზა“ 19 500 კუბურ მეტრ ინერტულ მასალას ულიცენზიოდ ამოიღებს.

კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია ასევე, რომ „შპს „გზა“ ვალდებულია: უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „ბიჯი თრეიდის“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება“.

ამასთან, „გზა“ ვალდებულია, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმულით დაანგარიშებული თანხის – 25 435 ლარის გადახდა“.

ასევე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით.“

შპს „გზამ“ ამ ბოლოს 29-მილიონიანი ტენდერი მოიგო, რომელიც ბათუმში გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ თვლის, რომ აღნიშნული ტენდერის პირობები მოქმედი პარლამენტარის კომპანიაზე იყო მორგებული, რაც კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 დღის განმავლობაში შპს „გზასთან“ დაკავშირებული პირების აქტივობა ასე გამოიყურება:

  • 6 მარტი: მალხაზ დუმბაძე (შპს „გზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) პარტიას წირავს 30 000 ლარს.
  • 10 მარტი: ჯიმშერ ზოიძე (გიორგი ჭყონიას წილის მმართველი შპს „გზაში“) წირავს 15 000 ლარს.
  • 11 მარტი: ჯემალ ჭყონია (გიორგი ჭყონიას ბიზნეს-პარტნიორი) წირავს 15 000 ლარს.
  • 12 მარტი: გიორგი ჭყონია (კომპანიის მფლობელი, დეპუტატი) წირავს 60 000 ლარს.
  • 13 მარტი: შპს „გზა“ აფორმებს 29 163 899 ლარიან ხელშეკრულებას.“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ამ თემაზე ვრცლად:

დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა

 

 

Exit mobile version