დღეს, 2 ოქტომბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პატიმრობაში დატოვა ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი პირები: ჯუმბერ შ. და ნოდარ ც.
სამშენებლო კომპანიისგან ერთ-ერთი დაზარალებულის, ზეინაბ მახარაძის შესახებ „ბათუმელები“ 2026 წლის აგვისტოში წერდა. ზეინაბ მახარაძის თქმით, ის ემიგრაციაში წავიდა, ბათუმში ბინა რომ ეყიდა, თანხას შეთანხმების მიხედვით იხდიდა, ბათუმში დაბრუნებულს კი, საკუთარი ბინა გასხვისებული დახვდა.
ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა 2019 წელს – 54.9 კვ.მეტრი. ზეინაბ მახარაძეს რეესტრში ბინა დარეგისტრირებული არ ჰქონდა. ეს სამოქალაქო საქმე სასამართლოშია 2025 წლის ნოემბრიდან, თუმცა ჯერ ერთი სხდომაც არ ჩატარებულა. ზეინაბ მახარაძის თქმით, მის მსგავსად იგივე სამშენებლო კომპანიამ სხვა მოქალაქეებიც დააზარალა.
სისხლის სამართლის ამ საქმეში 8 დაზარალებულია. პროკურატურის ვერსიით, „ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.
ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართობები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართობები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190 502 აშშ დოლარსა და 42 600 ლარს.
ზეინაბ მახარაძეც ამ საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულია. დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილებაში პროკურატურა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს იმას, რომ ზეინაბ მახარაძეს 17 502 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, 2300 აშშ დოლარი კი, ბინის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ უნდა გადაეხადა.
„…ჯუმბერ შ. და ნოდარ ც. დაზარალებულს უცხადებდნენ, თითქოს საქართველოში დადგენილი კანონმდებლობით, შეუძლებელი იყო ბინის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემა აღნიშნილი კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე, რის გამოც 2021 წელს აღნიშნული ბინა ზეინაბ მახარაძეს გადასცეს მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში, რის შემდეგაც მიღებული ბინა დაზარალებულმა საკუთარი ფინანსური სახსრებით სრულად გაარემონტა, ასევა აღჭურვა ავეჯით და ტექნიკით,“ – აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში დაზარალებულად ცნობის შესახებ.
___
ამ თემაზე:
ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა






