2026 წლის იანვრიდან „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] 2026 წლიდან 16 000 ლარი იქნება [წელს არის 14 600 ლარი].
მინისტრის ხელფასი 2026 წლიდან იქნება 13 600 ლარი [ნაცვლად 12 410 ლარისა]. 13 600 ლარამდე გაიზრდება აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძისა და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელფასებიც.
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარით არის განსაზღვრული. 2025 წელს აღნიშნული სარგო 1 460 ლარით იყო განსაზღვრული.
საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კი პირდაპირ კავშირშია თანამდებობის პირების ხელფასებთან, რადგან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები 2025 და 2026 წელს [ბიუჯეტის კანონპროექტით განსაზღვრული საბაზო სარგოს გათვალისწინებით]

საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაზრდის პარალელურად იზრდება მერის და საკრებულოს ხელფასებიც.
მაგალითად, ბათუმის მერის ხელფასი იზრდება 840 ლარით და ნაცვლად 8 760 ლარისა, 2026 წლის იანვრიდან იქნება 9 600 ლარი.
ანალოგიურად გაიზრდება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც და არსებული 8 760 ლარის ნაცვლად, 2026 წლის იანვრიდან 9 600 ლარი იქნება.

სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებულია თანამდებობრივი სარგოები თბილისის მერიასა და საკრებულოში, სადაც მერის და საკრებულოს თავმჯდომარის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არის არა 6, არამედ – 8,5, ხოლო ყველაზე დაბალია ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში და არის 4.
მართალია, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი მუნიციპალიტეტების შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარს ადგენს, თუმცა საკრებულოები როგორც წესი ამტკიცებენ ადგილობრივ ბიუჯეტებს, სადაც სწორედ ეს ზედა ზღვარია გათვალისწინებული ხელფასის ოდენობის დადგენისას.






