მთავარი,სიახლეები • •

„თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს კარგად იცის“ – სიკორსკი

30.09.2026
„თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს კარგად იცის“ – სიკორსკი

დღეს, 30 სექტემბერს, ვარშავაში, მზია ამაღლობელს გადასცეს პოლონეთის მთავრობის დაარსებული ლეხ ვალენსას „სოლიდარობის პრიზი“.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი და თავად ლეხ ვალენსა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილი პოლონური მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი.

მზია ამაღლობელის სახელით, პოლონეთის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისგან ჯილდო „ბათუმელების“ წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო.

„წელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადაეცა მზია ამაღლობელს, ქართველ ჟურნალისტს, სიტყვის თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლისთვის. სამწუხაროდ, მან ჯილდო პირადად ვერ მიიღო, რადგან 2025 წლიდან პატიმრობაში იმყოფება.

თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს ძალიან კარგად იცის“ – დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პლატფორმა X-ზე დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი და „ბათუმელების“ წარმომადგენელი ირმა დიმიტრაძე

 

ლეხ ვალენსას სოლიდარობის პრიზი

მზია ამაღლობელის დაჯილდოებას სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურა ლეხ ვალენსა.

„ახლა საქართველოს დახმარების ჯერია.

ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო – მზია ამაღლობელს.

ის არის კორუფციასთან მებრძოლი ქართველი ჟურნალისტი, ორი დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალების დამფუძნებელი. 2025 წელს მას პოლიტიკური მოტივით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, რითაც იგი დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარი გახდა“, — დაწერა ლეხ ვალენსამ სოციალურ ქსელში.

ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2014 წელს დაარსდა.

ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.

პრემიის ლაურეატებს შორის არიან: ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი (2014); რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჟანა ნემცოვა (2015); ბელარუსი დისიდენტი პაველ ლატუშკო (2024) და კუბელი დისიდენტი, მოძრაობა – „ქალები თეთრებში“ ლიდერი, ბერტა სოლერ ფერნანდესი (2025).~

მთავარ ფოტოზე: ლეხ ვალენსა და რადოსლავ სიკორსკი. 

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელს გადასცეს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: