მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელს, ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება. „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკის რეანიმაციულ და ემერჯენსის განყოფილებაში „საკმარისი ადგილები“ იყო და ემერჯენსის უფროსმა განზრახ არ მიიღო კლინიკაში ახალი პაციენტი.
საუბარია ექიმზე, რომელსაც 2026 წლის აგვისტოში „ოცნების“ მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჯუმბერ ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვება უშუალოდ მოსთხოვა. მინისტრს ეს მოთხოვნა რესპუბლიკურში, 2026 წლის აგვისტოში გამართულ მოულოდნელ შეხვედრაზე გაუჟღერებია, სადაც ის გადაუდებელი დახმარების ცენტრის [ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ] ფარული ჩანაწერით მისულა.
ამ ჩანაწერში ისმის, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიღებაზე „ემერჯენსის“ უფროსი, ჯუმბერ ბოლქვაძე უარს ამბობს და ოპერატორის შეკითხვაზე, თუ სად შეიძლება გადაიყვანონ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძე პასუხობს: „წაიყვანეთ მინისტრთან“.
ექიმების მტკიცებით, რეანიმაციულ განყოფილებაში არ იყო ადგილი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მისაღებად.
მიხეილ სარჯველაძის განცხადება დღეს, პირველ ოქტომბერს გავრცელდა:
„ბათუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც იმპულსურად შეიქმნა. ვითარება ასეთია: ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე მიზეზის დაუკონკრეტებლად განაცხადა უარი.
სრულიად უმნიშვნელოა, როგორ გააფორმა მან ეს ყველაფერი – მთავარია, რომ ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია. ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ასე რომ, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევდა. მიზეზად იმის დასახელება, თითქოს ადგილები არ იყო, აბსოლუტური ტყუილია.
იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო, როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ლამის მე და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩავერიეთ, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს.
ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ამის შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა, ისე რომ მისგან კაციშვილს არ მოუთხოვია, თავად მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. მან განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან წასვლას აპირებდა.
ჩემთვის მოულოდნელი იყო მოვლენების ასეთი განვითარება. ამ ყველაფრის ფონზე, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს და მან, სიმართლე გითხრათ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტს შევხვდი. როდესაც დოკუმენტირებულად მივაწოდე ინფორმაცია ყველა გარემოებაზე, მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები.
ამიტომ, ვიდრე ქარიშხლებზე ვისაუბრებთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს კატეგორიულად მიუღებელი მოვლენაა, რომელსაც სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვინმეს თუ არ უნდა, რა ფორმას ირჩევს თავდასაცავად და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გუშინ, 30 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის სამედიცინო პერსონალმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ გამართა, როცა იქ აჭარაში „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მივიდა.
ექიმების თქმით, ნიჟარაძემ ჯუმბერ ბოლქვაძეს მოსთხოვა უხმაუროდ დაეტოვებინა თანამდებობა. სამედიცინო პერსონალის თქმით, ეს მოთხოვნა უსამართლოა და თუ ჯუმბერ ბოლქვაძე კლინიკას დატოვებს, სოლიდარობის ნიშნად ისინიც შეწყვეტენ მუშაობას.
__
ამ თემაზე:






