„მე ვარ დავით ალექსიძე, გორში დავიბადე და გავიზარდე. თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, რამდენიმე წელი საქართველოში ექიმად ვმუშაობდი. ერთ დღეს კი ავდექი და წამოვედი ბერლინში, ევროპული ცხოვრება მინდოდა, არ ვიყავი ყოველდღიურობით კმაყოფილი – იმით, რაც საქართველოში ხდებოდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც წამოვედი. ვიფიქრე, რომ აქ უფრო გამიადვილდებოდა“, – ასე იწყებს თავის ამბის თხრობას დავით ალექსიძე, რომელთან ინტერვიუც ბერლინის ერთ-ერთ კაფეში ჩავწერეთ. დავითი უკვე სამი წელია გერმანიაშია.
- დავით, თქვენი მოლოდინები გამართლდა აქ ჩამოსვლის შემდეგ?
აქ ჩამოსვლის შემდეგ დავინახე, რომ ევროპაში ადამიანები ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ გაგებით, რომ აქვთ საკუთარი საქმე და სამსახური. ამ საქმისა და სამსახურის გარეთ კი აქვთ საკუთარი პირადი დრო. ეს მე აქ მკაფიოდ დავინახე და გავიაზრე. აქვთ შესაძლებლობები ოჯახებთან ერთად გავიდნენ სადმე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მწვანე სივრცეა, შეგიძლია შენი სივრცე იპოვო – მთავარი ესაა. აქ არ გაწუხებს არც გაჭირვება და არც ამისგან გამოწვეული პრობლემები. აქ არის კულტურა, სპორტი და სხვადასხვა აქტივობა, რაც ძალიან მომწონს.
- „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომ ევროპა გარყვნილებაა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენი დაკვირვებით?
მე ევროპაში გარყვნილებას ვერ ვხედავ. აქ ადამიანები თავისუფლები არიან, ისინი იცავენ საკუთარ პირად სივრცეს. აქ, ვინც გავიცანი – ჩემი მეგობრები, უფროსი ადამიანები, ოჯახები – ყველგან უფრო დიდი სიყვარულია, ვიდრე ჩვენთან. ჩვენთან ეს მხოლოდ სუფრაზეა – აი, მაგალითად, თუ სამეზობლო შეიკრიბება ან რამდენიმე ადამიანი. ამ დროს არის ქალების მიმართ დამამცირებელი მოპყრობები, ბევრჯერ მინახავს.
რა თქმა უნდა, ეს ბოლო დროს უკეთესობისკენ შეიცვალა. აღარ არის ისეთი ჩაკეტილი სივრცე და ტაბუდადებული თემები, როგორც ადრე იყო. ევროპა არაა გარყვნილი, პირიქით, მას ძალიან დიდი ღირებულებები აქვს, რომლებიც ჩვენც უნდა გავიზიაროთ. ევროპა გაძლევს შესაძლებლობებს. შესაძლებლობები კი უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში.
ევროპა არ არის სხვა, უცხო კულტურა. ჩვენ ვართ ევროპელები. აქ ვარ, მეტ-ნაკლებად გავეცანი აქაურობას და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბუნებით ევროპელები ვართ. ჩვენთან აზიური გავლენები ყოველთვის დიდი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ევროპელებად დავრჩით და ჩვენთვის ევროპელობა უპირატესია.
ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც სხვისი დაჩაგვრა ან დაზიანება გვიყვარს. გვიხარია, როდესაც სხვებიც კარგად არიან. ვინც არ უნდა იყოს გვიყვარს, სტუმართმოყვარეები ვართ. ეს კი ევროპული, მაღალი მორალური თვისებების მქონე ერისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენ გვჭირდება სივრცე, სადაც მივიღებთ განათლებას, თავისუფლად ვისუნთქავთ და არავინ გვესვრის იარაღს.
- საქართველოში რუსული კომპანიების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რა იწვევს ამას და რას ნიშნავს ეს?
ვინ არიან რუსები? ჩემი პასუხი ასეთია – რუსები არიან ჩვენი მტრები. ვინც მე მესვრის, ჩემს ოჯახს ესვრის, ჩემს მეზობელს, ნაცნობს ესვრის, მოვა, სილას გამარტყამს, დამბომბავს, ტერიტორიას წამართმევს, ხალხს დამიხოცავს და ყველანაირად შეეცდება, რომ არ განვვითარდე, ჩემი მტერია.
რუსები ქვეყანაში შემოუშვეს. მტერი არ უნდა შემოუშვა შენს სახლში, შენს ოჯახში. ამის მიუხედავად მაინც შემოუშვეს. თუ შემოუშვეს, უნდა შემოეშვათ, როგორც ტურისტები. თუმცა მათ მისცეს ქვეყანაში ყოფნის და ცხოვრების უფლება. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ არა მტერთან მიმართებაში. კომფორტული პირობები შეუქმნეს. ამიტომაც არ მიკვრის, რომ ამდენი კომპანიაა უკვე. რეალურად მათთვის ერთადერთი შანსი საქართველოა, საზღვარგარეთ რომ გავიდნენ, ფული გამოიტანონ და გაათეთრონ.
შესაძლოა ამან საქართველოს ეკონომიკაზე რაღაც მომენტში დადებითი გავლენა იქონიოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამად არ ღირს. აქ დიდ საფრთხესთანაც გვაქვს საქმე. გუშინ წავიკითხე, რომ იანდექსმა გადასცა საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები რუსეთის სახელმწიფოს.
ესე იგი, შენზე ყველაფერი იცის შენმა მტერმა. დღეს კი ყველაზე ღირებული ინფორმაციაა, რაც შენი მოწინააღმდეგის სისუსტის ნახვაში გეხმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოება და ამ ინფორმაციის დაფარვაა. ამის ნაცვლად კი ვხედავთ, რაც მოხდა. ეს ჩემთვის გამოცხადებული ღალატის ქრონიკაა.
ისტორიის წიგნებში როდესაც ვკითხულობდი ღალატზე, ვფიქრობდი – ვა, ეს როგორ შეიძლება, მაგრამ ისტორიაში უფრო მეტი მოღალატეა, ვიდრე გვგონია ან ჩანს.
- როგორი მოლოდინები გაქვთ არჩევნებზე?
დიდი მოლოდინები მაქვს. ობიექტურად ეს არის გზაგასაყარი ჩვენს უახლოეს ისტორიაში. ეს არის ჩვენი შანსი, ერთხელ და სამუდამოდ რუსული წრიდან გამოვიდეთ, სადაც, ჩემი გამოცდილებით, სულ მცირე 36 წელია ვტრიალებთ. თითქოს ვერ ვწყდებით, მაგრამ რეალურად გვინდა, რომ მოვწყდეთ, რის საშუალებასაც არ გვაძლევენ.
იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის სათავეში არიან, არ ესმით რა არის კეთილი და ბოროტი მხარე, რა არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის. ეს არ აინტერესებთ. არ ვიცი, ეს ხალხი ასე როგორ დაბრმავდა. ვფიქრობ, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. მგონი მხოლოდ გვარები აქვთ ქართული, სხვა მხრივ კი რუსები არიან – ქცევით, ყოველდღიურობით. არ არსებობს ამხელა პროტესტები იყოს და ერთი კითხვაც არ დაუსვა შენ თავს – ღირს ეს ამად?
ვფიქრობ, მათი მიზანია კარგად ცხოვრება, კონტროლი და საკუთარი თავის სხვებზე მაღლა წარმოჩენა. აი, ზუსტად აქ ავიწყდებათ, რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. ჩვენ ვართ მოკვდავები, ვინც განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაზღვრულ გარემოში ვცხოვრობთ. საქართველო კი არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც გვიყვარს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დედამიწის ამ პატარა ნაგლეჯზე შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა ბედნიერი იქნება.
საქართველოში მცხოვრებ ქართველებს ვეტყოდი, რომ თუ გენატრებათ დედები, მამები, ნათესავები – აუცილებლად მიდით არჩევნებზე. იმავეს ვეტყოდი საზღვარგარეთ მყოფებზეც – თუ გენატრებათ ისინი, მიდით არჩევნებზე.
ახლა არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს საზღვრების ჩაკეტვას, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას. ამ შემთხვევაში იქნება ორი საქართველო – საზღვრებს გარეთ და საზღვრებს შიგნით მყოფი საქართველო.
ადამიანები შეძლებენ დაბრუნებას, თუმცა აქაურობას ვეღარ დატოვებენ. ამ ფაქტის მიღება კი ევროპაში მცხოვრებ ადამიანს ძალიან გაუჭირდება. თავისუფალი სივრციდან დიქტატორულ სამყაროში შებიჯება მიუღებელია. ამიტომ ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი აღარ დაბრუნდება.
იგივე მოხდა საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, საზღვრის სხვადასხვა მხარეს დარჩნენ ადამიანები და ერთმანეთს ვეღარ ნახულობდნენ. ძალიან მტკივნეული იქნება, საყვარელ ადამიანს რომ ვეღარ ჩაეხუტები.
ამაზე უნდა იფიქრონ ადამიანებმა და შემდეგ უკვე ძალიან მარტივი გადასაწყვეტია – მიხვდებიან, რომ არჩევნებზე წასვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
- რატომ ტოვებენ ადამიანები საქართველოს?
სოციალური პრობლემების გამო. ყველა ინდივიდუალურია, ყველას თავისი პრობლემა აქვს. მე, პირადად, სანამ წამოვიდოდი სამი სამსახური მქონდა. ჩნდება კითხვა, თუ რატომ ვიყავი სამ სამსახურში.
ერთი ან ორი სამსახური არ არის საქართველოში იმის გარანტი, რომ შენ თვიდან თვემდე თავს გაიტან – ძალიან დაბალია ანაზღაურება, დაუფასებელია შრომა. ეს ასე იყო ყოველ შემთხვევაში ჩემს სფეროში. ყველა სფერო მაინც ერთმანეთს ჰგავს საბოლოო ჯამში. დაბალი ანაზღაურებაა, დიდ ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ რესურსს გასცემ, ეს ყველაფერი კი არ გიფასდება და არ გიბრუნდება უკან.
ამ დროს სხვა პრობლემებიც არსებობს – ნარკომანია, ბანკები, აზარტული თამაშები. პირველ რიგში მაინც ბანკები ალბათ. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ადამიანი კი ამას უკვე ვეღარ უმკლავდება, თუნდაც თვითონ არ იყოს ამ ყველაფერში ჩართული. მისი რომელიმე ოჯახის წევრი, მეზობელი, ნაცნობი ან ნათესავი შეიძლება იყოს ჩართული. ყველას გინდა, რომ დაეხმარო, მაგრამ ვერ ახერხებ. ამ ადამიანებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
უამრავი დაპირება ისმის პარტიებისგან, მაგრამ ამ მწვავე პრობლემებზე არავინ საუბრობს – საიდან დაიწყო, რატომ ვართ ასეთ დღეში, რატომ წავიდა ამდენი ადამიანი ქვეყნიდან. ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ მხრივ. ადამიანებიც ძალიან დაიღალნენ.
მე, პირადად, 36 წლის მანძილზე, 90-იანებიდან მოყოლებული სულ პრობლემებთან მიწევს გამკლავება, არაფერი არ იცვლება. მივხვდი, რომ შენი სიცოცხლე არაფრად ღირს ასეთ გარემოში. რუსული სამყაროს დამახასიათებელიც ზუსტად ისაა, რომ ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს ფასი.
ასეთი სოციალური პრობლემების მქონდე ადამიანი, რა თქმა უნდა, შესაძლოა არ იყოს მენტალურად მდგრადი და ძალიან უჭირს დამოუკიდებლად თავის გატანა. ამის შემდეგ ხვდება, რომ სულ სხვა რაღაც უნდა. 21-ე საუკუნეა და ვიცით, სად რა ხდება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – რატომ უნდა ვიცხოვრო ასე, როდესაც ჩემი შესაძლებლობები ნორმალურად ცხოვრების საშუალებას მაძლევს. ამის გამო ვერავის ვერ გავამტყუნებ, რომ ტოვებენ ქვეყანას.
სამი წელია წამოვედი და ჩემი თავი აქ მაინც არ წარმომიდგენია სიბერეში. ჩვენ „გეორგია“ იმიტომ გვქვია, რომ მაინც ჩვენს მიწაზე მიჯაჭვული ხალხი ვართ. ვფიქრობ, ყველა მაინც დაბრუნდება უკან, სამშობლოში.