მთავარი,სიახლეები

„წადით არჩევნებზე… ემიგრანტებმა განსაკუთრებული სიტყვა უნდა ვთქვათ“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველები

25.09.2024 •
„წადით არჩევნებზე… ემიგრანტებმა განსაკუთრებული სიტყვა უნდა ვთქვათ“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველები

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა. არჩევნების მოახლოების ფონზე უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვებს, ცდილობენ გაცვალონ ინფორმაცია, ერთმანეთს შეახსენონ მნიშვნელოვანი თარიღები და ყველა გზა გამოიყენონ, რათა ბევრმა მათგანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ფეისბუქჯგუფი „თაობები ქვეყნისთვის“. ემიგრანტები დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით მართავენ აქციებსაც. ასეთი ბოლო აქცია ემიგრანტებმა 23 სექტემბერს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გამართეს.

„ბათუმელები“ რამდენიმე ემიგრანტს ესაუბრა მოახლოებულ არჩევნებზე. ზოგიერთი მათგანი არჩევნებში მონაწილეობას ახერხებს, ზოგიერთი კი – ვერა. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ვკითხეთ, რატომაა ეს არჩევნები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

მიხეილ სარჯველაძე გერმანიაში ცხოვრობს. ის პოლიტოლოგია. საუბრის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად აპირებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„გადამწყვეტი, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეალურად, სისტემური კონფლიქტის ნაწილია – ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლაკმუსის ტესტია, რომლის მიმართ დამოკიდებულებაც გამოხატავს ამა თუ იმ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს სახელმწიფოთა ავტორიტარულ ბანაკში ხედავს და მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, მსურს, რომ ამ პროცესს შევეწინააღმდეგო.

თუ გადავხედავთ საქართველოს ბოლო ასი წლის ისტორიას, მარტივად დავადგენთ, თუ რამხელა ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას ერთპიროვნულმა მმართველობამ. თუ გვსურს ვიყოთ დემოკრატიული, სუვერენული და დაცული სახელმწიფო, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას ამ ეტაპზე ალტერნატივა არ გააჩნია” – გვეუბნება მიხეილ სარჯველაძე.

მისი თქმით, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში, ცხოვრება უმარტივებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ბევრი ემიგრანტის შემთხვევაში სხვაგვარადაა.

„მე პირადად სირთულეები არ შემხვედრია, თუმცა ვხედავ, რომ ემიგრანტების გარკვეული ნაწილი არ არის ინფორმირებული, თუ როგორ უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. გარდა ამისა, საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფებიან, არსებობს შიში, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომამ შესაძლოა მათთვის სამართლებრივი შედეგები გამოიწვიოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან ვალდებულებას და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ კუთხით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება”.

მიხეილი მიიჩნევს, რომ ახლა მოქალაქეების ბედთან ერთად სახელმწიფოს მომავალიც წყდება.

„არ მსურს საქართველო გახდეს ავტორიტარული სახელმწიფო, რომელშიც მოქალაქეებს ადამიანთა ვიწრო ჯგუფი შეგვიზღუდავს თავისუფლებას.

ჩვენი ქვეყანა ამჟამად გარდამავალ ეტაპზეა და ჩვენზე – ამომრჩეველზეა დამოკიდებული მისი ბედი.

„ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში მხოლოდ ის ხალხი ისუნთქებს თავისუფლად, ვინც ავტორიტარული სისტემის ნაწილი იქნება. ეს არ შეეხება მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლის ემოციებზე ზემოქმედებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ტყუილებით, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს, ან თითქოს „ქართული ოცნებაა“ საქართველოში მშვიდობის გარანტი.

იმედია, ჩვენი საზოგადოება მიხვდება ამ პრიმიტიული პროპაგანდის ბოროტ ზრახვებს და არ დაუშვებს საქართველოს ავტორიტარული სახელმწიფოების ორბიტაზე გადასვლას.

ოპოზიციის გამარჯვებისა და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების შემთხვევაში შანსი იზრდება, რომ საქართველო შეძლებს დაუბრუნდეს დასავლურ კურსს და ჯერ კიდევ შეძლოს იმ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად წარმოიქმნა.

თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება გააყალბოს არჩევნები და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გააგრძელებს სვლას ავტორიტარული ბანაკისკენ, საქართველო დაკარგავს წვდომას ძალიან ბევრ სიკეთეზე, რომელსაც ქვეყანა დასავლელი პარტნიორებისგან იღებს და როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა”.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ის იცნობს ბევრ სტუდენტს, რომლებიც არ ცხოვრობენ გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულოები არსებობს და შესაბამისად, ამ ახალგაზრდებისთვის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაადგილება დროის თუ ფინანსების თვალსაზრისით დიდ გამოწვევას წარმოადგენს. „თუ გავითვალისწინებთ ქართველების დიდ რაოდენობას, რომლებიც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, დროა, რომ ემიგრანტებმა მიიღონ საფოსტო გზით არჩევნებში მონაწილეობის უფლება“ – მიიჩნევს ის.

მიხეილ სარჯველაძე

სალომე სალაძე ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში წლებია ცხოვრობს და გარდა იმისა, რომ მუშაობს, მეორე მაგისტრატურას ამთავრებს ვენის უნივერსიტეტში.

„არჩევნები არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა, მოქალაქეებმა გადავწყვიტოთ, როგორი ქვეყნის ქონა გვსურს”, – ამბობს სალომე. მისი თქმით, ის აუცილებლად წავა არჩევნებზე და ამისკენ მოუწოდებს ირგვლივმყოფებსაც.

სალომე ხმის მისაცემად საკონსულო აღრიცხვაზე წელს არ დამდგარა არჩევნებზე, რადგან ეს წლების წინ გააკეთა საელჩოში და მას შემდეგ ყველა არჩევნებში, ვენაში გახსნილ საარჩევნო უბანზე აძლევს ხმას.

მისი თქმით, თავს პრივილეგირებულადაც კი მიიჩნევს, რადგან მისთვის სამოქალაქო ვალის მოხდა იოლია, სხვებისთვის კი არჩევანის გაკეთება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული:

„ადამიანები, რომლებიც დედაქალაქიდან დაშორებით ცხოვრობენ, შეიძლება გამოაკლდნენ ამ მნიშვნელოვან მოვლენას.

არის ქართველებით დასახლებული ავსტრიული ქალაქები, რომლებიც 3 და 4 საათის სავალზე მდებარეობს ვენიდან და იქ მცხოვრებ ქართველებს გაუჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა.

ავსტრიაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან ტერიტორიულად უფრო დიდ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო უბნები მხოლოდ დედაქალაქებშია გახსნილი. როგორც ვიცი, ასეთ ქალაქებში მცხოვრებმა ქართველებმა ცესკოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე თხოვნით მიმართეს, მაგრამ მათი ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეს განსაკუთრებით დააზარალებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ოჯახებში მუშაობენ ბავშვებთან თუ მოხუცებთან და ოჯახებიდან დიდი ხნით გამოსვლა და სხვა ქალაქში ხმის მისაცემად წასვლა არ შეუძლიათ“ – ამბობს სალომე.

სალომეს ვკითხეთ, მისი აზრით, რა უნდა შეცვალოს არჩევნებმა ქვეყანაში.

„საქართველოში ბევრი რამ არის უკეთესობისკენ შესაცვლელი, თუმცა, მთავარი, რამაც ამ ცვლილებებს საფუძველი უნდა ჩაუყაროს, არის ის, რომ ძალაუფლება აღარ იყოს ერთი პარტიის ხელში მოქცეული, რადგან საქართველოს ისტორიის ბოლო ათწლეულებმა გვაჩვენა, რომ ერთპიროვნული ძალაუფლებით მთავრობაში მოსული პარტიები, რაღაც პერიოდის შემდეგ, კარგავენ ბმას საზოგადოებასთან, აღარ უსმენენ მათ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც კი ბედავენ წასვლას.

 

სალომე სალაძე, სტუდენტი

ამ არჩევნებისგან, პირადად მე, ველი, რომ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თუნდაც ერთმანეთისგან პოლიტიკური იდეოლოგიით განსხვავებული პარტიებისგან, რომელთაც დისკუსიისა თუ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე უნდა იპოვონ ყველაზე კარგი გზა, ქვეყნის სამართავად და ჩვენი, მოსახლეობის ნების აღსასრულებლად.

გარდა ამისა, მოველი, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფადვე აღვადგენთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან გაფუჭებულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროატლანტიკურ საგარეო კურსს, რადგან, ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას არ ექნება ის, რაც ასე ძალიან მოგვწონს სხვა ევროპულ ქვეყნებში – გამართული ჯანდაცვა, მაღალი ხელფასები, კარგი განათლება თუ გამწვანებული გარემო”.

საუბრის ბოლოს, სალომე გვეუბნება, რომ იცნობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან უჭირთ დედაქალაქში ჩასვლა ხმის მიცემისთვის.

„ევროპულმა ქვეყნებმა წლების წინ გადაწყვიტეს ეს პრობლემა, რადგან, მათ საზღვარგარეთ მცხოვრებ თავიანთ მოქალაქეებს, საარჩევნო უბნებზე მისვლის გარდა შესთავაზეს წერილობით ან ონლაინ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ჩვენთანაც დაინერგება იგივე, თუმცა, ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა რაც გვაქვს, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის გადარჩენაა და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, სხვას ყველაფერს ფასი დაეკარგება”.

ზურაბ ბაკურაძე იურისტია. ის გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს და ხმის მისაცემად ბერლინში მოუწევს ჩასვლა, თუ საკონსულო აღრიცხვაზე გაგზავნილ მის განაცხადს საქართველოს საკონსულო დაადასტურებს. ზურაბი ახლა პასუხის მოლოდინშია.

ამბობს, რომ მისთვის არ არის დიდი პრობლემა ხმის მისაცემად სხვა ქალაქში ჩასვლა, მაგრამ ბევრ ემიგრანტს იცნობს, რომლებისთვისაც ეს ნამდვილად რთულია:

„გერმანიაში ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის ბევრი ლტოლვილი და არალეგალურად შემოსული. სამწუხაროდ, ყველა ქალაქში არ იხსნება საარჩევნო უბანი, მხოლოდ იქ, სადაც საელჩო-საკონსულოებია.

ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქ მიწის დატოვების უფლება არ აქვს, ზოგს პასპორტი აქვს ჩაბარებული, ზოგს ნდობა აქვს გამქრალი და არ უნდა საელჩოში მისვლა, არ უნდა რომ დაფიქსირდეს, ამას ემატება გადაადგილების ხარჯებიც, ზოგი უბრალოდ მუშაობს იმ დღეს და ვერ მიდის სხვა ქალაქში ხმის მისაცემად, ბევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ გადაადგილდება შორ გზაზე. ასეთ დროს კი მარტივად იკარგება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და საერთოდაც მის გადასარჩენად საჭირო ხმები.

ამ მოჩვენებითი „მშვიდობის“ პერიოდში საქართველო მოსახლეობის 30%-მა დატოვა, უკრაინაში ომის პირობებში კი უკრაინა მოსახლეობის -28%-მა. დასკვნა თვითონ გააკეთეთ. ემიგრაციამ განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვას ამ არჩევნებზე – ერთი, ხმის მიცემით და მეორე, ამ ხმების დაცვით.

თუ ჩემი აქ რეგისტრაცია გართულდა, გამორიცხული არაფერია კრემლისგან, მაშინ საქართველოში ჩამოვალ და ხმას მაინც მივცემ იქ”, – გვითხრა ზურაბ ბაკურაძემ.

მისი თქმით, არჩევანის გაკეთება ადამიანის ნებაა და ეს ბერკეტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ცვლილებების მოსაპოვებლად.

„ადრე ასე თუ ისე მესმოდა აპოლიტიკური ადამიანის, დღეს უკვე – ვეღარ, რადგან დღეს უმოქმედობის, სიზარმაცის და ინფანტილურობის გამო არჩევნებზე არ მისვლა, ნებით თუ უნებლიედ, შენი ქვეყნის გაუქმებაში თანამონაწილეობას ნიშნავს.

ასე დგას საკითხი დღეს – საქართველო ან იარსებებს ან არა. ასეთ დროს ფრაზა – „მე აპოლიტიკური ვარ და არ მივალ არჩევნებზე“ არის პირდაპირი გაგებით იდიოტობა. ტერმინი იდიოტი ძველი საბერძნეთიდან მოდის და ისეთი ადამიანების მიმართ გამოიყენებოდა, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრებისგან განზე იდგნენ”, – ამბობს ზურაბი და დასძენს, რომ თუ არჩევნებზე მაქსიმალურად ბევრი ამომრჩეველი მივა, „კრემლი, საქართველოში “ქართული ოცნების” სახით, ვეღარ შეძლებს არჩევნების გაყალბების გზით ქვეყნის კურსის შეცვლას“.

„ეს ცვლილება, პირველ რიგში ჩვენი, როგორც სახელმწიფოს გადარჩენის და შემდეგ, განვითარების გარანტიაა. გარდა ამისა, ეს ცვლილება დიდი დახმარება იქნება ჩვენი უკრაინელი დების და ძმების ტერორისტული რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რადგან დღეს საქართველო კრემლს აქვს მიტაცებული რუსი ოლიგარქის ხელით, რომელსაც ემსახურება მთელი სახელმწიფო სისტემა, ეს რუსი ოლიგარქი კიდევ თავის მხრივ კრემლის დავალების შემსრულებელია ყველა მიმართულებით. ამიტომ კრემლისთვის ამ არჩევნების მერე საქართველოს, როგორც საყრდენის გამოცლას უკრაინასთან ომში, დააჩქარებს უკრაინის გამარჯვებას ომში.

ზურაბ ბაკურაძე

მე პირადად ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული, სამართლიანი, არაძალადობრივი, ანუ ისეთი, როგორიც უნდა იყოს არჩევნები წესით, რადგან, როგორც ვთქვი, ამ არჩევნებს ატარებს კრემლი და კრემლის მეთოდებზე და ბოროტებაზე ყველამ კარგად ვიცით.

ვარდისფერი სათვალეებიდან ცქერის დრო არ არის, თუმცა მაქვს იმედი, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები დავიცავთ ჩვენს არჩევანს და ისე როგორც გვჩვევია ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, გავერთიანდებით და დავიბრუნებთ იმას რაც ჩვენია და რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია“ – თავისუფლებიდან დაწყებული დროებით ოკუპირებული ტერიტორიებით დამთავრებული“ – ამბობს ზურაბ ბაკურაძე. 

მიზეზები, რის გამოც ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა უჭირს, ან საერთოდ ვერ ახერხებს, ბევრია, თუმცა მთავარ პრობლემად უცხოეთში მცხოვრები ქართველები საარჩევნო უბნის სიშორეს, დროსა და ფინანსურ რესურს ასახელებენ.

48 წლის მანანა ბოლქვაძე 8 წელია რაც ემიგრაციაშია. ის იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობს. ქალმა ემიგრაციაში წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა ბათუმში, სამსახურში შემცირებაში მოყვა.

„ყველა ემიგრანტს გვინდა, მალე დავბრუნდეთ. სამწუხაროა, რომ ვერც არჩევნებზე წასვლას ვახერხებ. წინა არჩევნებზე ვიყავი რომში, რათა ხმა მიმეცა, მაგრამ ახლა ვერ ვახერხებ. ფლორენციაშიც რომ იყოს საარჩევნო უბანი, პირველი ვიქნები, ვინც არჩევნებზე მივა, მაგრამ სამსახურის გამო, დრო არ მაქვს რომში რომ ჩავიდე. რა თქმა უნდა, მეც მინდა არჩევანის გაკეთება. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვერ მოვახერხებ წელს, თანაც ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებზე.

მანანა ბოლქვაძე

როგორც რომში, ისე ფლორენციაში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და არამხოლოდ მე, არამედ ყველა ქართველს უნდა, რომ იყოს საარჩევნო უბანი აქ. ვფიქრობთ, რომ მოვითხოვოთ. რამდენიმე ქართველსაც გავუზიარე ეს… ხალხი დაღლილია ჯერ ემიგრანტობით, მერე საქართველოს ასეთი მდგომარეობით… ისიცაა, რომ ნდობა დაკარგა ხალხმა.

ისე არ არის, რომ ჩვენ საქართველოში არ ვართ და არ გვანაღლებს. ჩვენ ვართ აქ, მაგრამ ჩვენი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ყველა ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენ გვანაღვლებს საქართველოს ბედი. კი, ახლა აქ ვარ, შეიძლება 10 წელიც გავიდეს, მაგრამ ხომ უნდა ჩამოვიდე საქართველოში? მეც ისეთი საქართველო მინდა, როგორც ყველას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. ყველას ვთხოვ, წადით არჩევნებზე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მე არ მივდივარ, არა უშავსო, მაგრამ არა, შესაძლოა სწორედ შენი ერთი ხმა იყოს გადამწყვეტი” – ამბობს მანანა.

კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ბათუმიდან, ნინო დუმბაძე სავარაუდოდ ვერ მოახერხებს არჩევნებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი აქვს. ნინო გვიხსნის, რომ გერმანიის იმ მხარეში არ ცხოვრობს, სადაც საარჩევნო ოლქია, სხვა ქალაქში წასვლას კი ვერ მოახერხებს. მიუხედავად ამისა, ნინო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას მაინც აპირებს.

„სამედიცინო სფეროში ვარ და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი მაქვს, თან საარჩევნო ოლქი გერმანიის სხვა ფედერაციულ მხარეშია, მე სხვა მხარეში ვცხოვრობ. კარგი იქნებოდა, ელექტრონულად ყოფილიყო ხმის მიცემის შესაძლებლობა.

საზღვარგარეთ ყოფნის დროს უფრო მეტად შეიგრძნობს ადამიანი თავისი ქვეყნის საჭიროებას და უფრო მეტად უმძაფრდება სურვილი თავისი ქვეყნის გვერდში დგომის, კარგად ყოფნის და ამ შემთხვევაში თავისი მოქალაქებრივი პოზიციის დაფიქსირების”, – ამბობს ნინო.

ნინო დუმბაძე

ლია დეკანაძე „სოლიდარობის თემის“ თანადამფიძნებელი და სტუდენტია. ლია მაგისტრატურის მეორე კურსზე სწავლობს საზღვარგარეთ. ის ამ სემესტრს არგენტინაში გადის. მიუხედავად იმისა, რომ ლიას ძალიან უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მისი თქმით, სრულიად იაზრებს ამ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, სამწუხაროდ, ამას ვერ მოახერხებს.

„ძალიან პატარა საელჩო გვაქვს არგენტინაში. საკონსულო აღრიცხვაზე ძალიან ცოტა ადამიანია. სხვა ქვეყნებშიც ასეა, სადაც მცირე რაოდენობით საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ზუსტად ვიცი, რომ ვერ მოვახერხებ ხმის მიცემას ამ არჩევნებში. ოფიციალურად, 50 საქართველოს მოქალაქე არ ცხოვრობს არგენტინაში. ეს ჩემი პირველი არჩევნებია, რომელშიც ხმას ვერ ვაძლევ”, – ამბობს ლია.

ლია დეკანაძე, სტუდენტი

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ, მათი ჩართულობის გარეშე არჩევნები ვერ იქნება რეპრეზენტაციული და ვერ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას.

„საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უფრო რომ გამარტივებოდათ არჩევნებში მონაწილეობა, მნიშვნელოვანი იყო რეგისტრაციის, საკონსულო აღრიცხვასა და არჩევნებში მონაწილეობის სხვა დეტალებთან დაკავშირებით დროულად ჰქონოდათ ამომწურავი ინფორმაცია. უნდა ამოქმედებულიყო ცხელი ხაზები, სადაც იურისტები უფასო კონსულტაციებს გაუწევდნენ მათ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბევრ ემიგრანტს აშინებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სხვადასხვა მიზეზთა გამო (ხშირად იმ შემთხვევაში თუ ისინი სხვა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან) და ამგვარ კონკრეტულ შემთხვევებში სამართლებრივი რჩევები იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა სხვა სამართლებრივ რისკებს არ ქმნის.

მნიშვნელოვანია, რომ უბნების რაოდენობა გაიზარდოს იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება არ ავლენს პოლიტიკურ ნებას უზრუნველყოს და გაამარტივოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა

ჩემთვის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მის სრულ იზოლაციას შორის. ქვეყანაში მძაფრდება ავტორიტარიზმი, რეპრესიული აპარატი ამოქმედებულია სამოქალაქო საზოგადოების წინაშე, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები გამქრალი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ წინააღმდეგ აგორებულია სიძულვილის ენა, ხელისუფლება საზოგადოების ნამდვილ საჭიროებებსა და დაკვეთას უგულებელყოფს. ასეთ კრიზისულ მომენტში არჩევნებს რეფერენდუმის ბუნება აქვს და ამიტომაცაა ახლა მნიშვნელოვანი მასში აისახოს საზოგადოების ფართე ჯგუფების მონაწილეობა და გამოვლინდეს მათი თავისუფალი ნება”, – გვეუბნება ლია დეკანაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: