მთავარი,სიახლეები

რამდენად ეფექტურია ივანიშვილის ტრიუკები – „გადარჩნენ, რომ ტრამპი არ არის ხელისუფლებაში“

25.09.2024 •
რამდენად ეფექტურია ივანიშვილის ტრიუკები – „გადარჩნენ, რომ ტრამპი არ არის ხელისუფლებაში“

„დაინახეს, რომ აღარ ყოფნით უკვე „დავით გარეჯი“ გაზარდეს ფსონები, გადავიდნენ უფრო დიდ თემებში. მათ უნდათ, რომ სრულ ისტერიამდე მიიყვანონ ყველაფერი,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მას ივანიშვილის ტრიუკებზე ვესაუბრეთ, რაც მუშაობს, ან ვერ იმუშავა და „ქართულმა ოცნებამაც“ თაროზე შემოდო.

მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საუბარი წამოიწყეს, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთო, თუმცა დღეს ისინი ამ თემას საერთოდ აღარ ახსენებენ, ისევე, როგორც „დავით გარეჯი საქართველოა“. შეგახსენებთ, რომ ეს „ოცნების“ მთავარი გზავნილი იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, არჩევნების შემდეგ კი, პრობლემის მოსაგვარებლად ივანიშვილის ხელისუფლებას ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.

ივანიშვილის რომელი ტრიუკი მუშაობს ამ არჩევნებზე და რომელი არ მუშაობს? – „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

  • ბატონო გია, ივანიშვილი მოსახლეობის წინასაარჩევნოდ დაშინებას ომით ცდილობს, თითქოს რუსეთია მშვიდობის გარანტი. ეს ის ტრიუკია, რომლის იმედიღა შემორჩა ივანიშვილს? წინასაარჩევნოდ გააქტიურებულ რამდენიმე გზავნილზე „ოცნებამ“ ლაპარაკი შეწყვიტა, მაგალითად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება… 

როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, თანხმდება ერთ საკითხში, რომ ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, რომლის შედეგადაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება, ანუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას. ჩვენ ამ არჩევნებზე ვაკეთებთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორთან დაკავშირებულ არჩევანს. ეს ერთგვარი რეფერენდუმია – ეს პრეზიდენტის ფორმულირება, ანუ მივდივართ ევროპისკენ, რაც კონსტიტუციით არის გამაგრებული, თუ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში?

ივანიშვილმა შემოგვთავაზა ალტერნატიული რეფერენდუმი: ომი, თუ მშვიდობა. მას ამით მისთვის ძალიან არაკომფორტული ფორმულირების გადაფარვა სურს. ის კიდევ უფრო ფუნდამენტურ რაღაცას შეეხო და პოზიციონირებს, როგორც მშვიდობის ერთადერთი გარანტი. ის ოპოზიციას აბრალებს იმას, რომ თითქოს ოცნებობენ ომის დაწყებაზე საქართველოში.

ახლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ ამის ახსნას ამომრჩევლისთვის, რომ ივანიშვილის შემოთავაზებული რეფერენდუმი არის ყალბ შეკითხვაზე აგებული და სინამდვილეში ასე არ დგას ეს საკითხი. პირიქით არის დიდწილად, რადგან მშვიდობა მოაქვს ზუსტადაც ევროპას, ნამდვილი ომის პარტია კი, რუსეთშია ჩაბუდებული. ამას ხედავს მთელი სამყარო ჩვენს გარდა.

გია ხუხაშვილი

ძალიან რთულია ბრძოლა სახელისუფლებო პროპაგანდასთან, მათ ბევრად მეტი რესურსები აქვთ. როცა საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს დიდი, კონტრპროპაგანდით ამის გადაფარვა, განსაკუთრებით რეგიონებში საკმაოდ პრობლემურია. ამიტომაც არის საჭირო ოპოზიციის მხრიდან ინტერაქტიური ურთიერთობა ამომრჩეველთან: ჩასვლა, დალაპარაკება, კითხვებზე პასუხის გაცემა, ასე რომ, ბურთი ახლა ოპოზიციის მოედანზეა. მ

მთავარი თემაა: ამომრჩეველი საარჩევნო უბნისკენ რომ წავა, რომელ კითხვაზე პასუხის გასაცემად წავა? აქ უკვე პროპაგანდას რაც შეეძლო, ყველაფერი გაკეთა. ახლა ეს კონტრპროპაგანდა და ინტერაქტიური ურთიერთობაა საჭირო ოპოზიციის მხრიდან, რომ ამომრჩეველი სწორ კითხვაზე პასუხის გასაცემად წავიდეს არჩევნებზე.

რაც შეეხება სხვა ურაპატრიოტულ და ფსევდორელიგიურ თემებს, ვითომ-ვითომ ტრადიციების დაცვას, ამ საკითხებმა დაკარგა ეფექტურობა. იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, ვნახეთ ზატულინის კომენტარები, დაივიწყეთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიო. ეს ილუზიაც ვერ შექმნეს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რაღაც გეგმა აქვთ. ერთადერთი დარჩათ ეს ომი და მშვიდობა, რომ ქართველ ამომრჩეველში ღრმად ჩაბუდებულ კონფორმიზმს შეუწყონ ხელი. მათ სურთ ადამიანებს ათქმევინონ, ოღონდ მშვიდობა იყოს და წყალსაც წაუღია ყველაფერი.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, ბუნებრივია, ყალბი პროპაგანდა მოქმედებს. ნუ ვიტყვით, რომ ეს პროპაგანდა არ ზემოქმედებს ადამიანებზე, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, რომ ამ ზომბირების მდგომარეობიდან ამომრჩეველი გამოვიყვანოთ.

  • თქვენი დაკვირვებით, რის მიხედვით არჩევს ივანიშვილი ტრიუკებს წინასაარჩევნოდ? გამოჩნდა, რომ „ოცნების“ გზავნილმა, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთო, არ იმუშავა, ასევე, 2024 წლის არჩევნებზე „ოცნება“ საერთოდ აღარ ახსენებს „დავით გარეჯი საქართველოა“, რაც წინა არჩევნებზე მთავარი გზავნილი იყო. 

ყველაფრის მოსინჯვა ხდება. ფაქტობრივად, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არანაირი ფასეულობითი არჩევანი არ აქვს. ისინი ნებისმიერ ხავსს ეჭიდებიან, რამაც შეიძლება თეორიულად რაღაც შედეგი მაინც მოუტანოს.

ნახეთ უტიფრობის დონე – როდესაც გინდა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, მეორე მხარესთან ჯერ კონსულტაცია გაიარე. მათ ხომ უნდა სცოდნოდათ საპატრიარქოს პოზიცია წინასწარ? ისინი თანამშრომლობენ საკმაოდ კარგად, მაგრამ იმდენად გათავხედებულები არიან, რომ არც კი ჩათვალეს საჭიროდ, წინასწარ ლაპარაკი საპატრიარქოსთან ამ თემაზე და მიიღეს იქიდანაც ცივი შხაპი.

დავით გარეჯზე საუბრის შემდეგ და წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ფსონები გაიზარდა, წინა არჩევნებზე, სხვათა შორის, კარგად ამუშავეს ეს თემა. ახლა ვიღას ახსოვს დავით გარეჯი? ცხადია, რომ ესეც იყო საარჩევნო ტრიუკი. ახლა დაინახეს, რომ აღარ ყოფნით „დავით გარეჯი“ – გაზარდეს ფსონები, გადავიდნენ უფრო დიდ თემებში. მათ უნდათ, რომ სრულ ისტერიამდე მიიყვანონ ყველაფერი, რომ ჰიპნოზის ქვეშ ამყოფონ საზოგადოება, ყალბი შიშებით და შფოთვებით აცხოვრონ. ეს არის მათი ამოცანა.

ერთადერთი კოზირი დღევანდელი ხელისუფლების არის ის, თუ ოპოზიცია იქნება ნაკლებად ადეკვატური და ვერ მოახდენს რეალური უპირატესობის რეალიზებას. თუ ეს ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ეს არის ხელისუფლების ძალა.

  • ლიბერალური ძალები დასავლეთში მარცხდებიან“ – ესეც ივანიშვილის ერთ-ერთი ტრიუკი იყო, თუმცა პირიქით მოხდა. აქ რა ვერ გათვალა ივანიშვილმა, თქვენი აზრით? 

ესეც აღარ მუშაობს, ცხადია, რადგან როდესაც პრემიერ-მინისტრს ბოდიში და სადილზე აღარ ეპატიჟებიან, თუ კიდევ ვინმეს სჯერა, რომ ისინი მარცხდებიან და აქ ვიღაც იმარჯვებს, ძნელად წარმოსადგენია.

რეალურად არც ტრამპია ამათთვის საჩუქარი. ჩემი აზრით, გადარჩენილები არიან, რომ ტრამპი არ იყო ხელისუფლებაში. ტრამპი ბევრად უფრო ხისტად იმოქმედებდა იმ ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც რაღაც ომის პარტიაზე საუბრობს და რევოლუციებზე აშშ-ის მხრიდან. ბაიდენი რბილია ამ ყველაფერთან მიმართებით.

ვფიქრობ, ხელისუფლებაში არაადეკვატურობის ხარისხმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მეჩვენება, რომ ეს უკვე სრული საგიჟეთია. თანმიმდევრულობას და მწყობრ პოლიტიკას ვეღარ ვხედავ.

___

ამ თემაზე:

აღარ არის დავით გარეჯი „ოცნებისთვის“ საქართველო? – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: