მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუფორმა. შავაძე ამ ფაქტს, მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
„ექვსწლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა ბათუმის უნივერსიტეტმა და, ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს.
ბსუ-ში მივიღე მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი. 2018 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით 6 წელი ვიყავი დასაქმებული.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღების შემდეგ უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი. თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა.
რეალურად, ორი კვირის წინ პასუხისმგებელი პირი როგორც სალექციო საათებზე, ასევე სამუშაო დღეებზე შემითანხმდა და გასულ წელთან შედარებით ერთი ჯგუფის ნაცვლად ორ, სურვილის შემთხვევაში სამ ჯგუფთან მუშაობა შემომთავაზა.
დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საათები აღარ დარჩა, ამ დროს ჩემთან ერთად მომუშავე უცხო ენის 50-მდე მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.
გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება ვერ შეაფერხებს ბრძოლას, რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერების შვილების საუკეთესო მოვალისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება“, – ინფორმაციას როლანდ შავაძე თავადვე ავრცელებს.
„ბათუმელები“ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, მათი ვერსიით რა იყო მიზეზი როლანდ შავაძესთან თანამშრომლობის შეწყვეტის და უკავშირდება თუ არა ეს მის პოლიტიკურ აქტიურობას.
როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, შავაძეს კონტრაქტი შესაძლოა მეორე სემესტრიდან გაუგრძელონ.
„ეს არანაირად მის პოლიტიკურ აქტიურობას არ უკავშირდება, საუნივერსიტეტო ინგლისური ენის კურსები იწყება პირველ სემესტრში და დიდი ნაწილი იწყება მეორე სემესტრში.
მეორე სემესტრში რომ დაიწყება, გაუფორმდება ხელშეკრულება“, – გვითხრა ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო სამნიძემ.
თუ გასულ წელსაც ასე იყო, მაშინ ხომ უნდა ჰქონოდა როლანდ შავაძესაც ინფორმაცია, რატომ არ იცოდა ამის შესახებ? – ვკითხეთ მას.
ნინო სამნიძე ამბობს, რომ „ყოველთვის ერთნაირად არ არის“.
„მასწავლებელს უწევს ასე გადაანაწილოს საათები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე ვართ ყველა. მე ვუთხარი შავაძესაც და იცის, რომ მეორე სემესტრში ექნება საათები“.
მაშინ რატომ არის კონკურსი გამოცხადებული ათ ადგილზე, თუკი შავაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება ისევ იგეგმება? – ვკითხეთ ნინო სამნიძეს.
მისი თქმით, კონკურსი შავაძეს არ შეეხება.
„კონკურსის გარეშე საათებით ვერ დაიტვირთება ვერცერთი მასწავლებელი, თუ არ აქვს ჩვენთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. როლანდ შავაძეს კი სამ წელზე მეტი სტაჟი აქვს უნივერსიტეტში მუშაობის, ამიტომ მას კონკურსი არ შეეხება“, – ამბობს სამნიძე.