საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ განიხილავს. სარჩელის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება მიუღია 29 ნოემბერს. ეს განჩინება დღეს, 3 დეკემებრს გამოქვეყნდა.

„არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“),“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

9 მოსამართლიდან ორმა – გიორგი კვერეჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. გადაწყვეტილება ამ მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი.

——————————-

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს განიხილავს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს წარმოებაში მიიღებს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. კონსტიტუციონალისტები, ასევე საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის ახალი მოწვევას დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება არ აქვს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით: „პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში“. 

მთავარი ფოტო: როინ გუნდაძე/ბათუმელები

10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე

ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ მას სპეცრაზმმა ჯერ სასტიკად სცემა, ტვინის გახვრეტით ემუქრებოდა, შემდგე კი გაძარცვეს – ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადეს და მოჰპარეს.

პოლიციის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ანტიევროპული აქციის მონაწილეების ვიდეოინტერვიუებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„მინიმუმ 10 პოლიციელი მირტყამდა, პოლიციას ვერ დავარქმევ მაგათ. ათი სპეცრაზმელი მირტყამდა ყველგან. უნდოდათ ჩემი ტელეფონი, ითხოვდნენ ჩემს პინს, წამართვეს ქურთუკი, არ ვიცი რატომ, სავარაუდოდ მოეწონა რომელიღაცას და გამხადეს ფეხსაცმელი. ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, დაიღლებოდნენ შემდეგ ამოდიოდა სხვა, ალბათ ვისაც უნდოდა ემოცია დაეხარჯა და შემდეგ ის მოდიოდა.

აქციაზე ნაცემი კაცი

იარაღით გვემუქრებოდნენ. პინკოდს თუ არ ვეტყოდი, თავს გამიხვრეტდნენ ამ იარაღით. სიტყვებსა და შეურაცხყოფებს ვერ აღვწერ“.

კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სისასტიკის კვალი სახეზეც ეტყობა, ჰყვება, რომ მას დაახლოებით 5 კაცი გონების დაკარგვამდე სცემდა:

„ბევრი მირტყეს, დაახლოებით ხუთი კაცი მცემდა, სანამ გავითიშებოდი. გათიშვის მერე კიდევ შემიყვანეს კორდონში. გარშემო ყველგან ეგენი იყვნენ. დარბევა რომ დაიწყეს, ალყაში მოგვაქციეს გარშემო – ფაქტობრივად, ვერ გავიქცეოდით. მერე იქ მკიდებს სხვა როგოკოპი ხელს და მივყავარ პარლამენტის უკან და მერე იქ მირტყამენ კიდევ“.

აქციაზე ნაცემი კაცი

მესამე დაზარალებული კაცი ჰყვება, რომ მის მიმართ ძალადობა არ იყო იმდენად სასტიკი, რასაც სხვების მიმართ იჩენდნენ:

„დროშა წამართვეს ამის ღირსი არ ხარო. ხელები ავწიე, რომ არ ვეწინააღმდეგებოდი მაგის ნიშნად და ხელები ჩაწიეო. გინების და შეურაცხყოფის კორიანტელი იყო სხვადასხვა ფორმის, შეურაცხყოფა სხვადასხვა სიტყვებით. ხელში ამიყვანეს და გამატარეს, იქ უკვე მირტყამდნენ, მაგრამ არ მირტყამდნენ ძლიერად, ჩუმად მირტყამდნენ, აი, ქვემოდან მირტყამდნენ, არ ვიცი რატომ. ეტყობა დრონს ერიდებოდნენ.

აქციაზე დაკავებული და ნაცემი კაცი

და როგორც კი დაკავების „მარშუტკაში“ შემაგდეს, 2 ან სამი იყვნენ რა. როგორ იყო იცით, ხელი მქონდა მაქსიმალურად გადაფარებული თავზე, ემბრიონის პოზაში ვიყავი, თავში ყველაზე ნაკლები რომ მომხვედროდა. ზემოდან მირტყამდნენ, აი ბურთს რომ დაჭეჭყავ ისე“.

ერთ-ერთი დაზარალებული ახალგაზრდა ქალია. ის ჰყვება, რომ თავში სავარაუდოდ მძიმე საგანი მოარტყეს:

„ვიდექი პარლამენტის კიბეებთან, ჯებირზე აბრახუნებდნენ აქციის მონაწილეები და სპეცრაზმი ჩასაფრებული იყო იქიდან.

აქციაზე ნაცემი ქალი

რაღაც ძალიან ქაოსური სიტუაცია და ხმაური იყო. როცა დაიძაბა სიტუაცია და მოტრიალება გადავწყვიტე, ზუსტად მაგ დროს ვიგრძენი, რომ თავი მტკიოდა საშინლად, მაგ დროს სისხლიც წამომივიდა. დიდი ალბათობით ეს იყო ქვა“.

არც ერთი მათი მოქნეული ხელი, არც ერთი ეგ შეურაცხყოფა ჩემს ღირსებას არ შეხებია. იმიტომ, რომ ესენი არიან რუსეთის, რუსული საქმის შემსრულებლები. მათ ხელში არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ძალადობას ძალიან დიდი მასშტაბი აქვს მიღებული და აუცილებლად უნდა აგონ ამ მარბიელმა რაზმებმა და ამ სისხლიანმა ვითომ და პოლიციელებმა პასუხი კანონის წინაშე.

აქციაზე დაკავებული ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე ჰყვება

___

 

დღეს, 3 დეკემბრის მდგომარეობით, პოლიციამ მიმდინარე აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათევენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი,  ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.

აქტივისტი დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს, ჩხრეკენ მის ბინას

დღეს, 3 დეკემბერს, თბილისში, ჩხრეკა მიმდინარეობს ბლოგერის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში.

ბინასთან ამ წუთებში [13:30] პოლიციაა მობილიზებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დოდი ხარხელის სახლთან პოლიცია იყო, თავდაპირველად მისმა ქმარმა გაავრცელა, მოკლე ხანში კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქტივისტი დაახლოებით ათმა პოლიციელმა შეაჩერა საბავშვო ბაღთან, მას შემდეგ, რაც მან შვილი ბაღში დატოვა.

ვიდეოში ისმის, რომ დოდი სთხოვს იქ მცხოვრებლებს, ჩართონ ლაივი და ასევე მისი სიტყვები – „რუსული ოცნება, რუსული ტერორი! მარტო იმიტომ, რომ აქციებზე ვდგავარ!“

მოგვიანებით ხარხელი პოლიციამ სახლში მოიყვანა. მის საცხოვრებელ კორპუსთან შეიკრიბნენ მისი მეგობრები და ჟურნალისტები. შსს არ ამბობს, რა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს აქტივისტის სახლში და მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

_____________

ფოტოზე: დოდი ხარხელის დაკავების კადრები

ნახეთ „ნეტგაზეთის“ პირდაპირი ჩართვა დოდი ხარხელის სახლიდან: 

„გაფიცული ვართ, სკოლაში პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან“ – ბათუმის მე-11 სკოლა

დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12-კლასელები გაიფიცნენ.

როგორც მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, გაფიცული მოსწავლეები სკოლის ეზოში არიან და არ ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს.

ისინი საპროტესტო აქციაზე წასვლას აპირებენ, რომელიც ბათუმში, ევროპის მოედანზე 12:00 საათზე არის დაგეგმილი.

„აქ პოლიციის გამოძახებით გვემუქრებიან, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები“ – ამბობენ მოსწავლეები.

ბათუმში მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ

საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

საქართველოს ათასობით მოქალაქე აპროტესტებს „ქართული ოცნების“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეაჩერეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა.

პოლიცია, სპეცრაზმი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდება. თბილისში დემონსტრაციების დასაშლელად სხელისუფლება იყენებს ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს. არიან მძიმედ დაშავებული და დაკავებული პირები.

კონსტიტუციონალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებიდან არის გასული და არღვევს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 745 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 780]
  • ტანკი – 9 486 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 19 419 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 20 976 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 019 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 917 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 855 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 666 ერთეული [+60]
  • სპეცტექნიკა – 3 627 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 122 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 600 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 897 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 957 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“პროგრესის” მოსწავლეები გაიფიცნენ და სკოლის ეზოში აქციას მართავენ

ბათუმში ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასწავლო პროცესი ჩაიშალა. უფროსკლასელების ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად საერთოდ არ მივიდა სკოლაში, ნაწილმა კი სკოლის ეზოში მოაწყო საპროტესტო აქცია.

დღეს, 12:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაგეგმილია ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია. სკოლის მოსწავლეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

გაფიცვის გამო ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასწავლო პროცესი ჩაიშალა

ამავე თემაზე:

ბათუმში მოსწავლეები აქციას აანონსებენ – 3 დეკემბერი, 12 საათი, ევროპის მოედანი

ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით – PHR

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა პროტესტს ეხმიანება ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR“. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბავშვებს მშვიდობიანი შეკრებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

„საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-17 მუხლი ანიჭებს ყველა ბავშვს უფლებას ისარგებლონ გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით.

აგრეთვე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს აღიაროს და დაიცვას ყველა ბავშვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ბავშვებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ მინიჭებული უფლებებით.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ბავშვის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებით სარგებლობის დროს უკანონო ჩარევისგან“ – აცხადებს ორგანიზაცია.

ამავე დროს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს ბავშვებს სამართლებრივი დახმარება მათი უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. ორგანიზაციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომრებზე: 591551220; 598668806.

______________

ფოტოზე: ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების გზავნილი დაფაზე.

დღეს გვაქვს არჩევანი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი თაობისთვის ასე ცხადი

ავტორი: გოგა გუგავა

___________________________________

მასწავლებლებო, პროფესორებო და არა მხოლოდ!

სასკოლო სასწავლო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორების მიერ შერჩეული სასწავლო მასალების გაცხრილვა, ცხადია, ტრაგედიის ტოლფასია. თუმცა, პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ გახდნენ გმირები, რომლებიც თუ ფიზიკური ძალით ვერა, გონებით და პიროვნული სიმტკიცით დაუპირისპირდებიან რეჟიმს.

მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათავისება, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში მასწავლებლები და პროფესორები მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან, როდესაც ცდილობენ სტუდენტებს მიაწოდონ უშრეტი ინფორმაცია და შემდეგ გამოუმუშაონ მათ მიღებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარი. არსებობს უამრავი სტრატეგია, რომელიც შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს გამოიყენონ ასეთ სიტუაციებში მანევრირებისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ზემო ხსენებულ პირობებში მოსწავლეებს ვასწავლოთ როგორ იფიქრონ და არა რა იფიქრონ. უნდა წავახალისოთ მათში კრიტიკული აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარები. გვახსოვდეს, რეჟიმმა აუტოდაფეც რომ მოაწყოს და აკრძალული წიგნები საჯაროდ დაწვას, პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ რეი ბრედბერის “431 ფარენჰაიტის” პერსონაჟებივით თავიანთი გონებიდან აღადგინონ განადგურებული წიგნები და მოსწავლეებამდე ამ გზით მიიტანონ.

ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ადამიანებს აიძულებენ ერთმანეთს უთვალთვალონ. ამ დროს კი არ არსებობს პრივილეგირებული ადგილი, საიდანაც მხოლოდ შენ აკვირდები სხვას. თავადაც არ ხარ დაცული იმისგან, რომ ვიღაცის დაკვირვების ობიექტი გახდები. მაშინ როცა კარის ჭუჭრუტანიდან იხედები და ძალაუფლებას გრძნობ, მაგრამ უკნიდან ფეხის ხმა გესმის, გბურძგლავს და ტანში ჟრუანტელი გივლის. ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ პროფესორ-მასწავლებლებმა პირველ რიგში ნდობა გააჩინონ მოსწავლეებში და შემდეგ დაიწყონ მათთან სიღრმისეულ საკითხებზე მუშაობა. ძალიან თხელია ყინული იქ, სადაც გადის ზღვარი შურისა და ბოღმის გამო დამბეზღებლად გახდომამდე, ამიტომ ამ ყინულზე მარტოებს ნუ დავტოვებთ მოსწავლეებს.

ცენზურა, რომელიც უკვე დიდი ხანია სხვადასხვა სახით თავს იჩენს ქართულ რეალობაში, ყველანაირი ხერხით ცდილობს თავისუფალი ნების ჩახშობას. ცენზორი ერთი შეხედვით პერსონიფიცირებული ბოროტებაა, რომელიც, თითქოს, ადამიანისგან დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ცენზორი ადამიანის თავში იდებს ბინას და ამ შემთხვევაში ადამიანი თავადვე ხდება საკუთარი თავის ცენზორი.

დღევანდელ ქართულ რეალობას კარგად ეხმიანება ალფონს დოდეს მოთხრობა “უკანასკნელი გაკვეთილი”, რომლის ფრანგ პერსონაჟს, პატარა ფრანცს და თავის კლასელებს, ერთ დღეს მასწავლებელი გამოუცხადებს, რომ მათ ბოლო გაკვეთილი აქვთ ფრანგულად, რადგან ბერლინიდან ბრძანება მოვიდა, რომ ელზასისა და ლორენის სკოლებში სწავლა მხოლოდ გერმანულად უნდა წარმოებდეს. ფრანცი და მისი თანაკლასელები, რომელთა შიშიც აქამდე მხოლოდ გაკვეთილზე ზმნის მიმღეობის წესების მოყოლა იყო, ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემის წინაშე დგებიან, რომელსაც ბოლომდე ვერც აცნობიერებენ. ფრანცი, რომელსაც გაკვეთილისთვის მიმღეობის წესები არ უსწავლია, დარცხვენილია და თავს მაღლა ვერ სწევს. მასწავლებელი ამაზე საერთოდ არ ბრაზობს და ფრანცს შემდეგ სიტყვებს ეუბნება:

ადამიანები ყოველდღე თავს ვეუბნებით: მაშ ასე! მე დრო კიდევ მაქვს, ხვალ ვისწავლი გაკვეთილს, და მერე შენ ხედავ, რაც ხდება… ეჰ! აი, ეს იყო ჩვენი ელზასის დიდი უბედურება – სწავლის ყოველთვის სახვალიოდ გადადება. ახლა იმ ხალხს უფლება აქვს, გვითხრას: როგორ აცხადებთ, რომ ფრანგები ხართ, როცა არ იცით არც ფრანგული ლაპარაკი და არც ფრანგული წერა!

ამ დროს ნაღვლიანი სახით მჯდარ ფრანცს სახურავზე მოღუღუნე მტრედების ხმა ესმის და თავისთვის ამბობს: განა მათაც აიძულებენ გერმანულად მღერას?

საქართველოში რამდენჯერმე იდგა მსგავსი საშიშროება, როცა ქართველი მოსახლეობის რუსულად ამეტყველებას ცდილობდნენ, თუმცა ბოლომდე არასდროს გამოსვლიათ და არც გამოუვათ, ვიდრე ქართველ ხალხს სული უდგას.

ნუ დაველოდებით ხვალინდელ დღეს, რომელიც დღევანდელი დღის გარეშე არ დადგება. დღევანდელი დღე არის საწინდარი ხვალინდელი მომავლისა. თუ იქამდე მივა საქმე მტერს ვათქმევინოთ, რომ ზარმაცები და არალოიალურები ვართ ერთმანეთის მიმართ, სინდისის ხმა, რომელიც წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და “სამართალდამცავების” ფარების ბრახუნზე გაცილებით შემაწუხებელია, ყურთასმენას დაგვიკარგავს, შიგნიდან შეგვჭამს და დაგვიტოვებს მხოლოდ სხეულს, სულის გარეშე.

ჩვენ ვართ ის მტრედები, რომლებსაც არ შეუძლიათ სხვანაირად მღერა. დამონებული და გალიაში დამწყვდეული მტრედი სხვანაირად არ მღერის, იგი უბრალოდ დუმს. განსხვავება ის არის მტრედსა და ადამიანს შორის, რომ ადამიანს ბოლომდე შეუძლია ბრძოლა და მავნებლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა ეს ისევ და ისევ ადამიანის არჩევანია.

ზემოთ ხსენებული მოთხრობის ბოლოს მასწავლებელი ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ თრგუნავს თავის თავში არსებულ თავისუფალ სულს, ცარცს იღებს და მსხვილი ასოებით დაფაზე წერს: გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!

დღეს ჩვენ, ქართველებს, გვაქვს არჩევანი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი თაობისთვის ასე ცხადი: ვირჩევთ მონობას ან თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ადამიანები ვაგრძელებთ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. დროა, რომ ყველამ ჩვენი წილი ცარცი ავიღოთ და დავწეროთ ჩვენ გულსა და გონებაში: გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!

_______________

ფოტოზე: გოგა გუგავა/facebook

„დავიცვათ ჩვენი მომავალი და კონსტიტუცია“ – ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგების პეტიცია

ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს.

„ჩვენ, ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები, სიღრმისეულად ვაცნობიერებთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის.

ჩვენი სკოლა, რომელიც დაარსდა 1904 წელს, იყო პირველი არა მარტო ბათუმში, არამედ მთელს აჭარაში, ის ყოველთვის ეწეოდა განათლების პროგრესს და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ის პრინციპები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლის საფუძველს წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა მრავალჯერ გამოხატა თავისი ურყევი ნება ევროპული ოჯახის წევრობისკენ. ამ გზის გაგრძელება არა მხოლოდ ეროვნული არჩევანია, არამედ კონსტიტუციური ვალდებულებაც.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ჩვენ, პედაგოგები: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს და მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების, მშვიდობისა და თავისუფლების გზაზე შეუცვლელი ნაბიჯი.

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, დაიცვას კონსტიტუციის 78-ე მუხლი და გააგრძელოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რაც ქართველი ხალხის არჩევანსა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს სრულად შეესაბამება.

ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხი ეკუთვნის არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

ბათუმის №2 საჯარო სკოლის ისტორიას თან ახლავს ეროვნული თვითმყოფადობისა და პროგრესის იდეალები. სწორედ ეს ღირებულებები გვავალდებულებს, ვიყოთ აქტიური მონაწილეები ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში.

ევროპა — ჩვენი არჩევანია! დავიცვათ ჩვენი მომავალი, ჩვენი კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება!“ – ნათქვამია ტექსტში.

  • რა ხდება?

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და ბათუმში, აქციაა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.

2 დეკემბერს აქციას შეუერთდა მოსწავლეთა ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სკოლებიდან. 3 დეკემბერს, 12 საათზე, მოსწავლეების აქცია ანონსდება ბათუმში, ევროპის მოედანზე.

________________

ფოტოზე: ბათუმელი მოსწავლეების საპროტესტო სტიკერები სკოლაში. ფოტო „ბათუმელებს“ მოსწავლეებმა მოაწოდეს.

ბათუმში მოსწავლეები აქციას აანონსებენ – 3 დეკემბერი, 12 საათი, ევროპის მოედანი

„მოსწავლეთა ევროპული გაერთიანება“ აცხადებს, რომ 3 დეკემბერს, 12 საათზე ევროპის მოედანზე იკრიბებიან ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

ჩვენთვის მიუღებელია ის რეალობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვითარდება და ეწინააღმდეგება ქართველი ერის ნებას, სურვილსა და ნათელ მომავალს! ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ აღსრულდება ქართველი ენის ნება, არ აღდგება დემოკრატია და აღარაფერი დაემუქრება საქართველოს ევროპულ მომავალს!

არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის, ბედნიერი და ნათელი მომავლისთვის, ისეთისთვის, როგორიც ჩვენმა ღირსეულმა წარსულმა და ახლანდელმა მტკიცე ერთიანობამ დაუოკებელი სულისკვეთებითა და ბრძოლით დაიმსახურა!

ჩვენ არ დავესწრებით საგაკვეთილო პროცესს და არ დავბრუნდებით სკოლებში მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ერის სურვილი!

სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და თანამედროვე საზოგადოებას შემოუერთდეთ მოსწავლეების მშვიდობიან პროტესტს, რომელიც გაიმართება ხვალ, 3 დეკემბერს, 12:00 საათზე, ევროპის მოედანზე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, პროტესტს უერთდებიან შემდეგი სკოლების მოსწავლეები [სია განახლებადია]:

ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №6 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №13 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №18 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა;
ქალაქ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია;
ქალაქ ბათუმის სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასი“;
ქალაქ ბათუმის კავკასიის ბიზნეს სკოლა;
ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“;
ქალაქ ბათუმის სკოლა „ევრო – 2000“.

„მარტო დედები არა, ბებიები, ბაბუები, ყველა დადგება ბავშვების გვერდით“ – დედები საპროტესტო აქციიდან

ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე აჭარის სამთავრობო უწყებებს რობოკოპების მწკრივი იცავს.

დღეს, 2 დეკემბერს, როცა საპროტესტო აქციებზე სტუდენტებთან ერთად მოსწავლეებიც გავიდნენ, დედებმა ხმა აიმაღლეს და ხელისუფლებას აფრთხილებენ, ხელი არ წაუცდეს მათ შვილებზე.

„ჩვენ, მშობლები, ფხიზლად ვაკონტროლებთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და არავის მივცემთ უფლებას მათზე იძალადონ. არ დაავიწყდეს ხელისუფლებას, დღეს ყველანი ხერხეულიძეების მშობლები ვართ, დიდ ბრძოლაში ევროპული მომავლისათვის და არც შვილებს დავანებებთ ვინმეს და არც მათ უკეთეს მომავალს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პედაგოგი ნაირა ჯანელიძე.

ის აქციაზე ხშირად შვილთან და შვილიშვილებთან ერთად არის.

„მიმდინარე მოვლენებმა დამარწმუნა, რომ ჩვენ ახლა გვყავს არა მხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და შეურაცხყოფა მიაყენა მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლებას, ამავე დროს და ამ ეტაპზე ისინი გადავიდნენ ჩასაფრების რეჟიმზე, ელოდებიან, როდის დაუშვებენ ახალგაზრდები შეცდომას.

ახალგაზრდები, რომლებიც უწყვეტ ჯაჭვში და სასტიკი ზეწოლის ქვეშ აპროტესტებენ რეჟიმს, ბუნებრივია, ემოციურად გადავსებულნი არიან და შეიძლება გაუჭირდეთ ყველა მოქმედების კონტროლი. ამას კი ვერაგულად გამოიყენებს ხელისუფლება“ – ამბობს ნაირა ჯანელიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ იმდენჯერ და იმ დოზით გადააჭარბა უფლებამოსილებას, რომ არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს:

„დიახ, პოლიციის ვალდებულებაა აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამ ბავშვების ერთ წვეთ ცრემლად არ ღირს ის მილიარდები და მილიონები , რომლის მაგიური ძალითაც ინარჩუნებენ ძალაუფლებას აწ უკვე თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლები. ამიტომ პოლიცია და ყველა ძალოვანი სტრუქტურა დროზე გამოფხიზლდეს და ვიდრე ჯერ კიდევ შეიძლება და არის რესურსი სამართლებრივ სივრცეს დაუბრუნდეს ქვეყანა გამოიყენონ ეს შანსი“.

„მარტო დედები არა, ბებიები, ბაბუები, ყველა გამოვა და დადგება ამ ბავშვების გვერდით“ – ამბობს ნანა კოსტავა, ბათუმის აქციების ერთ-ერთი აქტივისტის, თემო ტარიელაძის დედა.

„მე ჩემი შვილის გვერდით ვდგავარ და მინდა ყველა დედა იდგეს.

მე, როგორც მშობელი, სამი შვილის დედა, ვარ მათ გვერდით. ბევრი ვიცი ჩემს საახლობლოში, არ უნდა გარეთ გამოსვლა, იმიტომ, რომ არ დაინახონ და არ გაათავისუფლონ სამსახურიდან, მათი შვილები კი დგანან აქციაზე, დილის ხუთ საათამდე.

მაგრამ თუ ბავშვებს შეეხებიან, დღეს ათია, ხვალ 30, 50 იქნება. დღეს უკეთესი საქართველოს მომავალი წყდება. ახლაც მივდივარ აქციაზე, აგერ ვარ უკვე და ყველას ვეტყვი, რომ გამოვიდნენ გარეთ.

ხელისუფლებას იქით უნდა ეშინოდეს ამ გულანთებული მომავალი თაობის, ყველა მშობელი ერთად უნდა დავდგეთ და ასეც იქნება. ყველა დადგება შვილებთან, დარწმუნებული ვარ, ყველა დედა იქნება შვილის გვერდით. ყველა გამოვა, ბებიები და ბაბუები, ყველა“ – ამბობს ნანა კოსტავა.

_________________

მთავარ ფოტოზე: ნაირა ჯანელიძე აქციაზე

უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა – სამართლებრივი დახმარების ქსელი პოლიციის ძალადობაზე

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2024 წლის 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი. დაკავებულთა ნაწილი ამ დროისთვის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულებს აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით.

კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი.

„დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, დაკავებულებისთვის ხელი ან ფეხი რომ მოეტეხათ.

მათ ზემდგომი პირი მიუთითებდა, რომ ჩაერტყათ ღვიძლის და კეფის არეში. ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: „ტრაკში გაგთხრით დუბინკას“, „მოწონდათ გვარამია და ხაზარაძე?“, „შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ***რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“.

ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი კაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო.

მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს.

სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას.

„ვგმობთ ამ არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას და მოვითხოვთ თითოეული დანაშაულის მყისიერ გამოძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს რუსული სპეცოპერაცია – ემიგრანტების განცხადება

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები განცხადებას ავრცელებენ.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.

„საქართველოს არ ახსოვს უახლესი ისტორიის განმავლობაში მსგავსი კატასტროფული პოლიტიკური ვითარება. რუსეთის მხრიდან, ივანიშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია ახალი, ჰიბრიდული მეთოდით, რომლის მიზანია საქართველოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის მომავლის განადგურება და მისი იზოლაცია დემოკრატიული სამყაროსგან.

საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყოველდღიურად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი მთავრობა არ ყოფილა ასეთი ცინიკური და ასეთი ღია საკუთარ მოღალატეობრივ ზრახვებში.

შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა გვიბიძგებს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, მაქსიმალურად გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების საქმეში, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს და მათ ოჯახებს, ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს.

ამიტომ, ჩვენ, საქართველოს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები ურყევად ვაფიქსირებთ, რომ:

ევროკავშირი არის საქართველოს არა მხოლოდ ცივილიზაციური არჩევანი, არამედ ერთადერთი უალტერნატივო კულტურული, ინტელექტუალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სივრცე, სადაც შესაძლებელია საქართველოს, როგორც სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტის არსებობა, მისი კულტურული იდენტობის შენარჩუნება და განვითარება.

ამერიკის შეერთებული შტატები იყო და უნდა დარჩეს საქართველოს ერთგულ და უალტერნატივო პარტნიორად, რომლის მხარდაჭერით საქართველომ შეძლო, მიუხედავად ომებისა, რუსული ანექსიისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ არსებული სრული პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსისა, საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება.

დღეს, როცა შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი;

როცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ცალმხრივად შეჩერდა საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები;

როდესაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ, საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება;

როდესაც საქართველოში რუსეთის მხრიდან ხორციელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკური მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაცია;

როდესაც საქართველოში ყოველდღე აკავებენ ათობით მშვიდობიან მოქალაქეს, არბევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს –

ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას ჩვენი ძმებისა და დების – საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც დღეისათვის ერთადერთ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ინსტიტუტს, ვუცხადებთ სრულ ნდობასა და მხარდაჭერას.

მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერისკენ;

მოვუწოდებთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად;

კიდევ ერთხელ ვგმობთ “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას !

მოსახლეობაზე, მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას!

მიგვაჩნია, რომ საქართველოს გარდაუვალი მომავალი არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა, ევროკავშირში გაერთიანება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს, არ დაუშვან საქართველოში რუსეთის ახალი ჰიბრიდული ანექსიის პროექტის წარმატება! დაუწესონ ეფექტური სანქციები ივანიშვილსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს! დაუჭირონ მხარი ქართველ ერს და საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით დაეხმარონ საქართველოს, იბრძოლოს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და საკუთარი მომავლის გადარჩენისთვის“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ზაზა გომურაშვილი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, აშშ
  2. დავით ჭითანავა, სამოქალაქო ინჟინერი, აშშ
  3. ვერონიკა მეტონიძე, ადვოკატი, აშშ
  4. ლევან დარჯანია, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აშშ
  5. მამუკა გომართელი, უფროსი მეცნიერი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აშშ
  6. ნიკოლოზ სხირტლაძე, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების უფროსი მენეჯერი, Samsung, აშშ.
  7. რუსუდან ვაშაკიძე, მედია მკვლევარი, აშშ.
  8. მაია ადუაშვილი ჟურნალისტი. ნიდერლანდების სამეფო
  9. ირინა ზანდუხაძე ემიგრანტი. ფსიქოლოგი. ნიდერლანდების სამეფო
  10. ნატალია გაბუნია მევიოლინე. ნიდერლანდების სამეფო
  11. ნატალია ჩადუნელი ემიგრანტი. ნიდერლანდების სამეფო
  12. თეონა ფალავანდიშვილი, ეკონომისტი, შვეიცარია
  13. ვახტანგ აბაშიძე, გერმანია
  14. სოფიო კალატოზიშვილი
  15. ზაქარია ფურცხვანიძე, გერმანია
  16. ნანა ჭავჭანიძე, გერმანია
  17. ნუნუკა გოგრიჭიანი, ქიმიკოსი, ნიდერლანდების სამეფო
  18. ბიჭაშვილი ლალი ბელგიის სამეფო
  19. გიორგი ხარაშვილი, ფიზიკოსი, შვეიცარია
  20. ირმა მგელაძე, ფიზიკოსი, შვეიცარია
  21. ანა მათიაშვილი, გერმანია
  22. ანა ლო ბოსკო, მასწავლებელი, გერმანია
  23. თამარ ჩორგოლეიშვილი აღმოსავლეთმცოდნე ნიდერლანდების სამეფო
  24. თამარა ბარნოფფ ბარნოვი. ხელოვანი. უნგრეთი
  25. თამარი გამყრელიძე, ჰუმანიტარული მეცნიერებების/ახალი ტექნოლოგიები დოქტორი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგი, მეცნიერ-მკვლევარი, საფრანგეთი
  26. სოფო მაღალაშვილი. მხატვარი. უნგრეთი
  27. Ნინო ბჟალავა, Ხელოვანი. Საფრანგეთი
  28. თამარ ილურიძე, ჟურნალისტი
  29. კონსტანტინე ნაცვლიშვილი, აშშ
  30. ზურაბ ქათამაძე, კინორეჟისორი, აშშ
  31. გელა ლუკავა, საფრანგეთი
  32. ნონა ლუკავა საფრანგეთი
  33. ხათუნა ნაცლიშვილი სტეპკოვიჩი, ექიმი-თერაპევტი, აშშ
  34. სოფო ჯაჯანაშვილი, PR მენეჯერი, აშშ
  35. თინათინ კილაბერიძე, აშშ
  36. გიორგი ჭანტურიძე, პროექტის მენეჯერი, აშშ
  37. მაკა ქობალია, ქართულ-ამერიკული
  38. პროექტის “შინ” დამფუძნებელი, აშშ
  39. ლევან ნადირაშვილი, გარემოსდაცვის სპეციალისტი, აშშ
  40. ოთარი რურუა, სტუდენტი, ჩეხეთი
  41. ელენე თაბაგარი, მუსიკოსი, აშშ
  42. ერეკლე ვახრამოვი, იურისპრუდენციის დოქტორანტურის სტუდენტი, აშშ.
  43. თეა ხელაია, ჟურნალისტი, სონოგრაფერი. აშშ.
  44. მარინა კაიშაური, ასოციაცია თამარიელი
  45. ნინო ლოლაძე, სტუდენტი, უნგრეთი
  46. ირმა გვილია, სტუდენტი, უნგრეთი.
  47. ნინო ბორჩხაძე, აშშ “Unity Fund Georgia” CEO
  48. თეა წურწუმია, აშშ
  49. ვასილ ცისკარიშვილი, ექიმი
  50. ელენე კეკელია, დოქტორი, აშშ.
  51. თეკლე ფაცურია, სტუდენტი, იტალია
  52. ალექსანდრე ბიტ-სულეიმან, სტუდენტი, საფრანგეთი.
  53. მარიამ ბუზიაშვილი, გერმანია
  54. ნინო დიდავა. პედაგოგი, გერმანია
  55. ნათია ლეპსაია,გერმანია
  56. პარმენ მიქაძე, გერმანია, მუსიკოსი
  57. ნათია ლურსმანაშვილი, გერმანია
  58. მადონა ლიპარტელიანი, გერმანია, საგადასახადო მრჩეველი
  59. ნანა ბაღდავაძე, მხატვარი, ვაშინგტონი, აშშ
  60. სანდრო თაქთაქიშვილი, ფიზიკოსი, NASA, ვაშინგტონი, აშშ
  61. ეთერი ჭკადუა, მხატვარი, აშშ
  62. გოჩა ჭკადუა. არტისტი, აშშ
  63. გვანცა რიედერ, გერმანია
  64. თამარ ბიკაშვილი გერმანია,საფინანსო ინსტიტუტის დაცვის თანამშრომელი
  65. მარიამ რაგოვსკაია, აშშ
  66. დალი კიკვიძე, აშშ
  67. მზია ძამია, აშშ
  68. თამარა ბაქრაძე, აშშ
  69. დალი წაქაძე, სტუდენტი, აშშ
  70. ქეთევან ბაბუხადია აშშ
  71. გია ხუროშილი
  72. თამარ ტატუნაშვილი
  73. ნაზი ხუროშვილი
  74. ლია ტროშე
  75. ნანა ხიზანიშვილი, პროფესორი, აშშ
  76. ირაკლი ხიზანიშვილი, მსახიობი, აშშ
  77. ივანე ნანობაშვილი, სტუდენტი, ბელგია
  78. მაკა გიგაური, აშშ კალიფორნია
  79. თეონა გოგიჩაიშვილი, ხელოვანი, კურატორი, დოცენტი, გერმანია
  80. გულნარი მჭედლიშვილი, შვედეთი
  81. ლაშა გოგოძე, შვედეთი
  82. ნანა ტოგონიძე, შვედეთი
  83. გიორგი სეხნიაშვილი, შვედეთი
  84. მალხაზ კვამლაძე, გერმანია
  85. მაია ღონღაძე, იტალია
  86. ლია ბალახაშვილი, იტალია
  87. სოფიკო ბაკურიძე, შვედეთი
  88. ანი გამყრელიძე, შვედეთი
  89. ანა ხარძიანი, იურისტი, გერმანია
  90. ცოტნე ოქროსცვარიძე ,პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ნიდერლანდები
  91. სოფიო კუბლაშვილი, ექთანი, გერმანია
  92. ტატო ტარუღაშვილი, აშშ
  93. ციცინო ჩალახეშაშვილი იტალია
  94. მაია შუბერტი, სტომატოლოგიის დენტალ ჰიგიენისტი, გერმანია
  95. თაზო კუპრეიშვილი, ჟურნალისტი, აშშ
  96. ანა მდინარაძე, ექთანი, გერმანია
  97. ნინო ბაისონაშვილი, ოპალის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის მაგისტრი, ამავე უნივერსიტეტის ფრანგული ენის და ლიტერატურის დოქტრორანტი, პარიზი, საფრანგეთი
  98. ნინო სალუქვაძე-კვაჭანტირაძე , ხელოვანი, შვედეთი
  99. ელზა გორგიძე, საბერძნეთი
  100. ია მერკვილაძე, ჟურნალისტი, აშშ

განცხადება ღიაა, სია ახლდება.

_______________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 29 ნოემბერი

აჭარის ტელევიზიამ შეაჩერა გადაცემები პირდაპირ ეთერში – დირექტორის განმარტება

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეაჩერა ყველა გადაცემა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ლადო ტატიშვილმა დაუდასტურა.

მაუწყებლის დირექტორის თქმით, გადაწყვეტილება „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“ მიიღო, რომ გააშუქონ ყველა მნიშვნელოვანი ამბავი, თუმცა იგი ვერ აზუსტებს, რატომ არ შეიძლებოდა ტოქშოუებისა და პირდაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემების ფონზე ყველა მნიშვნელოვანი ამბის გაშუქება და ამავე დროს, იგი ვერ ამბობს, რა მასალა გავა ტელეეთერში ამ გადაცემების ნაცვლად.

„საგანგებო მდგომარეობაზე ვართ გადასული, შესაბამისად, რა როდის შეგვყავს, რა როდის გამოგვყავს, ბრიფინგია თუ რამე, არ დაგვრჩეს, ამის გამო ლაივგადაცემებია გაჩერებული. რომელიმე კონკრეტული არა, ყველა ლაივგადაცემა“, – გვითხრა ლადო ტატიშვილმა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, პირდაპირ ეთერში გადაცემების შეჩერების მიზეზი ხომ არ არის ის, რომ, მაგალითად, არ სურს კონკრეტული პირები იყვნენ მოწვეული ამ გადაცემებში, მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ „არავითარ შემთხვევაში“.

„პირიქით, საგანგებო მდგომარეობაზეა, ახლა პრიორიტეტი მთლიანად არის ნიუსი და მიმდინარე მოვლენები – სად ვინ როგორ რანაირად“, – გვითხრა მან.

როგორ შეიცვლება სატელევიზიო გადაცემების ბადე, რა გავა ამ გადაცემების ნაცვლად ეთერში? – ამ კითხვაზე ლადო ტატიშვილს პასუხის გაცემა უჭირს:

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან რთულია გიპასუხოთ, იმიტომ, რომ უცებ შეიძლება სადმე ბრიფინგი დაიგეგმოს, რამე აქციაზე მოხდა, ან კიდევ სადმე აქციაა და არეულ რეჟიმში მუშაობს ბადეც“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აპირებს თუ არა მაუწყებელი აქციები ტელეეთერით გადასცეს, ლადო ტატიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიას არც ერთი მოვლენა არ დაუტოვებია გაშუქების გარეშე:

„თქვენ უყურეთ ბოლო დღეებში აჭარის ტელევიზიას?! სადაც კი რამე ხდება, თუ ჩვენი რესურსი თუ არ გვყოფნის, ეგრევე სხვა ტელევიზიების სიგნალს ვრთავთ, არაფერი არ გამოგვიტოვებია. ჩართეთ, დღეს დილიდან რაც კი იყო, სტუდენტების აქცია, დაჰყვებიან ჩვენი თანამშრომლები, ვიღებთ, ყველა [საინფორმაციო] გამოშვებაშია. თუ კი სადმე რამე იძაბება, ეგრევე ლაივში შეგვყავს, რა თქმა უნდა… ერთი წამი არ გამოგვიტოვებია არაფერი“.

მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ არ იცის, როდემდე იქნება ჩახსნილი გადაცემები ტელეეთერიდან. მისი თქმით, ეს ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციაზეა დამოკიდებული.

აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში რამდენიმე გადაცემა გადის. მათ შორისაა, მაგალითად, ჟურნალისტ ირინა ყურუას ყოველკვირეული პოლიტიკურ-სოციალური გადაცემა „სათქმელი“, რომელიც ღამის ეთერში გადის. ამ დროს ბრიფინგი იშვიათადაა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ სწორედ ღამით იძაბება ვითარება საქართველოში:

„მაგ დროს იძაბება ხოლმე ყველაზე მეტად. გუშინ, გუშინწინ… ათენებენ და აღამებენ აქ ჩვენი თანამშრომლები. აბსოლუტურად, მთლიანად ვართ დამოკიდებული მდგომარეობაზე. მდგომარეობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“.

„ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ შეიძლება დაძაბული სიტუაციის დროს გადაცემის პირდაპირ ეთერში, მაგალითად, საგანგებო ჩართვა, მაუწყებლის დირექტორმა ასე უპასუხა:

„ისეთი რაღაცები ხდება, ვრთავთ ყველაფერს და ვაჩვენებთ. ახლა კიდევ შედი, გამოდი… ყველაფერი [რესურსი] გადასროლილი გვაქვს აქციებზე, რომ რამე არ გამოგვრჩეს, ეთერში გვქონდეს. ამიტომ ვამბობ, გვირჩევნია ვაჩვენოთ ის, რა ვითარებაა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვრეაგირებთ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“.

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებია ბათუმშიც, სადაც აჭარის ტელევიზიის შენობასთან მივიდნენ აქციის მონაწილეები და პირდაპირ ეთერში ჩართვა მოითხოვეს. მათი მოთხოვნა მხოლოდ მეორე დღეს დაკმაყოფილდა.

პარალელურად, აჭარის ტელევიზიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. განცხადება არ გამოქვეყნებულა აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, მეტიც, ტელევიზიის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ესაა „ცალკეული თანამშრომლების“ განცხადება.

აქცია იყო აჭარის ტელევიზიასთან დღესაც, 2 დეკემბერს, სადაც აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ტელევიზიის მიერ პირდაპირ ეთერში დაგეგმილი გადაცემების შეჩერება. აქციის მიმდინარეობისას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არა აქცია, არამედ ძველი ქართული ფილმი გადაიცემოდა.

___________

ფოტოზე: ლადო ტატიშვილი. კადრი „პირველი არხის“ ვიდეომასალიდან

გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ ის პროტესტის ნიშნად გაიფიცა და არ მუშაობს. სალომე აბაშიძე სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტია.

„საქართველო რუსეთის გუბერნია არ გახდება“, – აცხადებს სალომე აბაშიძე და თავის პროტესტს ასე ასაბუთებს:

„შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს.

10 წლის წინ დადებული საჯარო მოხელის ეს ფიცი იყო ჩემი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი. დღეს სწორედ ეს ფიცი მავალდებულებს გავემიჯნო კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, იმ ძალადობასა და უსამართლობას, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და გავიფიცო. ევროპა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზიდან გადახვევა არ გამოვა! საქართველო რუსეთის გუბერნია არ გახდება!“ – წერს სალომე.

___

დღეს, 2 დეკემბერს, გაფიცვის შესახებ სამინისტროს კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსმა, ლელა მიქელაძემაც დაწერა.

ბათუმში გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი

საზღვაო აკადემიის თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციული პერსონალისა და კურსდამთავრებულების სახელით ვრცელდება განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების პროცესებზე.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების ერთგულნი და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გულწრფელად და მშვიდობიანი გზით გამოხატავენ უკმაყოფილებას ევროინტეგრაციის პროცესების შეჩერების გამო.

საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარების პერსპექტივა ევროკავშირთან თანამშრომლობაშია!

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააკეთოს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების კონსტიტუციით აღიარებული უფლებების დასაცავად!“

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

  1. აბდულ კახიძე – აკადემიური პერსონალი
  2. ნინო ყურშუბაძე – აკადემიური პერსონალი
  3. გურამ შანიძე – მოწვეული პედაგოგი
  4. დიანა ფალავანდიშვილი – ბსსა კურსდამთავრებული
  5. ზურაბ სალაძე – მოწვეული პედაგოგი
  6. პაატა ადამია – ადმინისტრაციული პერსონალი
  7. ირინა ინწკირველი – ადმინისტრაციული პერსონალი
  8. მიშიკო ბერიძე – ბსსა კურსდამთავრებული
  9. ალექსანდრე შალიკაშვილი – ბსსა კურსდამთავრებული
  10. ლუკა შუშანიძე – ბსსა კურსდამთავრებული
  11. აკაკი ორმოცაძე – ბსსა კურსდამთავრებული
  12. ნანა ბერიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  13. მაია ტუღუში – აკადემიური პერსონალი
  14. გოჩა ჩიტიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  15. ვალერიან მარგალიტაძე – აკადემიური პერსონალი
  16. სოფიკო მანჯგალაძე – მოწვეული პედაგოგი
  17. ლაშა დიასამიძე – აკადემიური პერსონალი
  18. ლუიზა სიხარულიძე – აკადემიური პერსონალი
  19. ირაკლი შარაბიძე – აკადემიური პერსონალი
  20. ნიკა გალოგრე – ბსსა კურსდამთავრებული
  21. ირმა ძიმისტარიშვილი – ადმინისტრაციული პერსონალი
  22. თეიმურაზ კვაჭაძე – ბსსა კურსდამთავრებული
  23. მარიამ კიწმარიშვილი – ადმინისტრაციული პერსონალი
  24. ირინე ხალვაში – ადმინისტრაციული პერსონალი
  25. გიული აბულაძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  26. სულიკო ჩებინოვი – ბსსა კურსდამთავრებული
  27. ნიკა შილაძე – ბსსა კურსდამთავრებული
  28. გოჩა ჩინჩალაძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  29. თამთა თურმანიძე – ბსსა კურსდამთავრებული
  30. ჯემალ მუთიძე –  მოწვეული პედაგოგი
  31. ლუკა ჯოჯუა – ბსსა კურსდამთავრებული
  32. რუსუდან ყიფიანი – ადმინისტრაციული პერსონალი

განცხადება, რომელსაც ამ დროისთვის 32 ადამიანი აწერს ხელს, 2 დეკემბერს, დღის პირველ საათზე გამოქვეყნდა. ხელმოწერები გრძელდება.

____

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება პერიოდულად და სასტიკად არბევს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესიც კი შეაჩერა.

სტუდენტები გაიფიცნენ რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმშიც.

დღეს, 2 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის, ხელოვნების და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების სტუდენტები საზღვაო აკადემიასთან მივიდნენ და მოუწოდეს სტუდენტებს, გამოსულიყვნენ. აკადემიის სტუდენტთა მხოლოდ ნაწილი შეუერთდა სტუდენტების მარშს:

ბათუმში გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქალაძე გაიფიცა. მან გვითხრა, რომ დილით იმყოფებოდა სამსახურში და დახვდა ვითარება, რაც ბოლო წვეთი იყო მისთვის, ამიტომაც სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ გაფიცულია:

„ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება. მე ყოველთვის მქონდა ჩემი აზრი და ვაფიქსირებდი, მაგრამ ის, რომ თითქოს არაფერი ხდება…

ახალი მოადგილეების წარდგენისთვის ემზადებიან, ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის. მინისტრს არ შევხვედრივარ. მოადგილემ დამირეკა და ინფორმაცია მთხოვა, ვუთხარი, რომ სხვას სთხოვოს, რადგან გაფიცული ვარ. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ როგორც ძალადობას, ასევე არჩევნების გაყალბებას“ – უთხრა ლელა მიქელაძემ „ბათუმელებს“.

გაფიცვის შესახებ ლელა მიქალაძემ ფეისბუქის გვერდზეც დაწერა:

სქრინი

ლელა მიქალაძეს ვკითხეთ, რა განწყობაა სამინისტროში და აპროტესტებენ თუ არა მისი თანამშრომლები არჩევნების შედეგებს, და, ასევე, ძალადობას აქციის მონაწილეებზე. მან გვითხრა, რომ სხვის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი აქციებზე იმყოფებოდა, თუმცა მათ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.

„ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს“ – გურამ პეტრიაშვილის მიმართვა

ვახტანგ ლომთაძე ფეისბუქზე მწერალ გურამ პეტრიაშვილის მიმართვას ავრცელებს. გურამ პეტრიაშვილი ამ მიმართვით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ბათუმელები“  მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი:

რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან განთავისუფლებისთვის ვიბრძოდი!

ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს – 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში დავამარცხეთ კომპარტია, საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დავუბრუნეთ და მალევე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილის ისტორიული აქტით, აღვადგინეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!

დღეს კი, ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები!

რუსი პატრონების დავალებით გვიკლავენ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ჩვენ სისხლი დავღვარეთ, 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა!

დღეს, ხელმეორედ კლავენ რუსების მიერ მოკლულ ზვიადს და მერაბს!

მოკლედ, ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს!

ისევ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისათვის!

მე, 82 წლის კაცს, რომ შემეძლოს, ჩვენი ლამაზი და ლაღი ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი…

როგორ მშურს მათი კეთილი შურით, რომ მათსავით, როგორც ეროვნული მოძრაობისას, დღესაც არ შემიძლია სამშობლოს დამცველთა პირველ რიგებში ვიდგე!

თუმცა, ესეც ბუნების კანონია – ახლა მათი ჯერია სამშობლოსათვის ბრძოლისა!

მე მთელი არსებით მხარს ვუჭერ მოძმე უკრაინელ ერს, ჩვენს საერთო მტერთან, რუსეთის იმპერიასთან თავისუფლებისათვის ბრძოლაში!

რადგან უკრაინის თავისუფლება და გამარჯვება – საქართველოს თავისუფლებასა და გამარჯვებას ნიშნავს!

და როგორც ზვიადი და მერაბი დაჰქუხებდნენ:

ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერია!

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

გურამ პეტრიაშვილი,

30 ნოემბერი, 2024 წ.”

  • რა ხდება?

28 ნოემბრიდან ანტირუსული აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 200- ზე მეტი ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. პროტესტის მეხუთე დღეს გაფიცვის შესახებ განაცხადეს საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლისა და უნივერსიტეტების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.

 

ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს დახურულ სივრცეში – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განცხადებით, 2024 წლის 1-2 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის.

„ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას.

კვლავ ადგილი აქვს ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებასა და კამერების განზრახ დამტვრევას, ასევე ფიზიკურ ძალადობასა და დაკავებას [დაკავებულია ონლაინ-მედია მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი].

ყველაზე შემაშფოთებელია აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკა, რასაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე აქვს. აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, გამთენიისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ალყაში აქცევს და მშვიდობიან დემონსტრანტებს დევნის. აქციაზე დააკავეს ასევე IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.

გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს“ – აცხადებს საია.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციები გრძელდება დღესაც. გაფიცულია სკოლების და უნივერსიტეტების ნაწილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17 და 21 წლის პირები არიან დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბსუ-ს სტუდენტები გაიფიცნენ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა

დღეს, 2 დეკემბერს, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა უმეტესობა ლექციებზე დასასწრებად არ მივიდა.

მანამდე სტუდენტებმა გაავრცელეს განცხადება, რომ არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და პროტესტის ნიშნად არ შევლენ ლექციებზე.

„სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. რაც შეეხება სწრებადობას, სტუდენტთა გამოცხადების ხარისხი დაბალია. ქართულენოვან სექტორზე სწრებადობა არის მცირე, ინგლისურენოვანზეა ძირითადად,“ – უთხრეს „ბათუმელებს“  ბსუ-ს ადმინისტრაციაში.

დღეს, 2 დეკემბერს, 12:00 საათზე ბსუ-ს უნივერსიტეტის კიბეებთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. სტუდენტები აუდიტორიებში შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე წასვლას აპირებენ.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ბათუმში აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

დღეს, 2 დეკემბერს, ღამის პირველ საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა ჯევაიში დააკავეს.

როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა მიშა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის დაკავებული ჯევაიში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება და მამუკა ჯევაიშის გარდა, ხომ არ არიან დაკავებულნი აქციის სხვა მონაწილეებიც ბათუმში, თუმცა სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა.

საპროტესტო მსვლელობა ბათუმში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ათასობით მოქალაქე ჯერ ევროპის მოედანზე შეიკრიბა, შემდეგ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

საიას ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, ხალხი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებს.

საპროტესტო აქციები დაგეგმილია დღესაც. უნივერსიტეტებში გაფიცულნი არიან სტუდენტებიც.

 

 

მთავარი ფოტო: სპეცრაზმი აჭარის მთავრობის სახლთან. ფოტო: „ბათუმელები“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 743 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 790]
  • ტანკი – 9 478 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 19 397 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 20 953 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 019 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 886 ერთეული [+83]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 852 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 606 ერთეული [+99]
  • სპეცტექნიკა – 3 619 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 082 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 590 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 847 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 935 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება“ – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა.

„მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი.

სიმართლე კი იმდენად ცხადია, საჭიროა უბრალოდ თვალი გაუსწორო და დაინახო, რომ ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ – სახელმწიფომ გაიგონოს მათი ხმა.

ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა.

ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე“ – წერს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირკაშვილი ბოლო დღეებია ეხმიანება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. 29 ნოემბერს მან დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით.

„ქუჩის გარდა – სასამართლო, პარლამენტი, პოლიცია, ყველაფერი ივანიშვილისაა“ – ლევან ღამბაშიძე

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ფეისბუქზე წერს, რომ ერთადერთი სივრცე, რომელიც თავისუფალი დარჩა ივანიშვილის გავლენისგან, ქუჩაა და რადგან „ოცნება“ არ უსმენს საზოგადოებას, ამიტომ ხალხის ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმის.

„მანიფესტაცია არის რაღაცის ჩვენება. ეს რაღაცა არის მოქალაქეთა ნება.

წელს ჩვენ, რუსული კანონისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის გაპროტესტებისას, ივანიშვილის უკვე არალეგიტიმურ რეჟიმს ვაჩვენეთ ჩვენი ნება, რომ ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ნება გამოვხატეთ აბსოლუტურად მშვიდობიანად.

რა ქნა რეჟიმმა? მიიღო ორივე რუსული კანონი და ფეხზე დაიკიდა ჩვენი ნება.

ვინაიდან არჩევნები მოდიოდა, ჩვენ სახლში წავედით და პირობა მივეცით ჩვენს თავს რომ აუცილებლად ვიძიებდით შურს არჩევნების გზით, რომელიც ასევე მოქალაქის ნების მანიფესტაციაა.

და რა ქნა რეჟიმმა? გააყალბა არჩევნები – გააყალბა ჩვენი ნება.

ჩვენ ვცადეთ ამ დანაშაულის გაპროტესტება, მაგრამ არ ვიყავით საკმარისად ხმამაღალნი და რეჟიმმა ფეხებზე დაგვიკიდა.

აქ უკვე რეჟიმმა იფიქრა, რომ ჩვენ აღარ გვექნებოდა ჩვენი უფლებების, ჩვენი არჩევანის დაცვის შნო და ღიად გამოაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს და თუ ძალიან უნდა, იქით შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთან შემოერთება.

აქ უკვე გადაგვეკეტა და დავდექით ერთადერთ სივრცეში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ივანიშვილის – ქუჩაში.

სასამართლო ივანიშვილისაა, პარლამენტი ივანიშვილის მიტაცებულია, პროკურატურა მისია, პოლიცია მისია… ყველაფერი მისია – ქუჩის გარდა.

და ჩვენ ვცდილობთ მშვიდობიანად გამოვხატოთ ქუჩაში ჩვენი ნება.

და რას აკეთებს „ოცნება“ – არაფერს. სულ ფეხებზე ვკიდივართ. იცით რატომ? იმიტომ, რომ მისი ძალაუფლება ხალხის ნებაზე კი არა, ერთი ადამიანის ნებაზე დგას.

და რას შვება ხოლმე ადამიანი, როდესაც მისი არ ესმით? რას და ხმას უწევს. კი, დღეს ჩვენ ფეიერვერკებით ვყვირით. ვყვირით იმიტომ, რომ შანსი მივცეთ რეჟიმს, რომ მოგვისმინოს. უფეიერვერკოთ როგორც მოგვისმინა, ნანახი გვაქვს უკვე.

რას ვითხოვთ: ყველა დაკავებულის გამოშვებას და ხელახალ არჩევნებს. ეს ორივე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს და რაც შეიძლება სწრაფად.

პ.ს. დავით აღმაშენებლის აშენებული გელათი რომ ჩამოგირეცხათ და ხმა მიეცით მაინც, აი, ეგ ხალხი კომუნისტების აშენებულ პარლამენტის ბუფეტზე ნუ ამიწუწუნდებით, გთხოვთ“ – წერს ლევან ღამბაშიძე.

200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა შეტყობინება – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

„დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.

მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა იზოლატორებში“- ამბობს აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

„ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება.

პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას. დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია“.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დღესაც მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მოქალაქეები ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება აქციის მონაწილეებს. არასათანადო ძალის გამოყენებით დააკავეს აქციის მონაწილეები ბათუმშიც.

ბათუმის სასამართლომ აქციის მონაწილეებს პატიმრობა და 2000- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა – პროტესტი გრძელდება

ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია – EPAG

აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

„აღნიშნული მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია მკაფიო ვალდებულება – უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელყოფს როგორც კონსტიტუციურ ნორმას, ასევე უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ არჩევანს.

მიგვაჩნია, რომ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს იმ ევროპულ მომავალს, რომლისათვისაც წლებია ვიბრძვით.

მეტიც, ის ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია. შესაბამისად, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესის შეფერხებით ვკარგავთ იმ სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შესაძლებლობას, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს განვითარებასთან, პროგრესთან, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან.

ამასთან, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალისმიერი, არაპროპორციული მეთოდების გამოყენებას, რომლებიც უხეშად ხელყოფენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების საერთო რესურსი სწორედ ევროპული ოჯახის წევრობისკენაა მიმართული, იმ ეროვნული მიზნისკენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა განმტკიცებული და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელდა, რომელსაც ხელს აწერს 204 ადამიანი.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.

პოლიცია-სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება აქციის მონაწილეებს. ამ დროისთვის დაკავებული და დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი.

„ჩვენი ახალგაზრდების ჯალათად იქეცით“ – ნაირა გელაშვილის წერილი ივანიშვილს

მწერალი ნაირა გელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ნაირა გელაშვილის წერილს.

 

„საქართველოს ხელისუფლებას

ბატონ ბიძინა ივანიშვილს

აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ.

სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ გვამცნო, კერძოდ, რომ თქვენს მიერ მართულ სახელმწიფოს რაიმე დარგობრივი განათლება კი არა, წერა-კითხვის ცოდნაც არ სჭირდებოდა; რომ თქვენთვის მთელი საქართველო, მისი მიწა-წყალი მხოლოდ ბიზნესტერიტორია, ერთი დიდი ცეხი იყო, რომელსაც მოგება უნდა მოეტანა თქვენთვის და თქვენი მოკავშირე მდიდართა კლასისთვის; რომ თქვენ განამტკიცეთ წინა რეჟიმის მიერ დაფუძნებული ქართული ფეოდალური კაპიტალიზმი – მტაცებლური, დაუნდობელი, უიდეო და უიდეალო. რომ თქვენ და თქვენს გუნდს განათლება უბრალოდ გძულდათ!

და აი, ამ „სპორტული“ კურსის დაგვირგვინება – ამ დღეებში ყოფილი ფეხბურთელის პრეზიდენტად დანიშვნა, რომელიც მთავარი სათქმელი ის აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტობას არანაირი დიპლომი არ სჭირდება!

განა ეს საქართველოს ხალხისადმი თქვენი ქვეცნობიერი სიძულვილის, მისი დამცირების სურვილის გამოხატულება არ არის?

შემდეგ მეც და სხვებიც გაუთავებლად და, ცხადია, ამაოდ მოგიწოდებდით, შეგეცვალათ წინა რეჟიმის მიერ შემუშავებული ბარბაროსული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ლამის ყველა მდინარის გაყიდვას, მათ დაგუბებას და უდიდესი საფრთხის შემცველი გიგანტური ჰესების აშენებას, რაც ეკოლოგიური უბედურების საწინდარია, საერთოდ, და მით უფრო ჩვენს სეისმურად აქტიურ რეგიონში; ბიზნესგეგმა, რაც საქართველოს უნიკალური, ულამაზესი ბუნების განადგურებას ნიშნავს (ერთხელ პირად საუბარში მითხარით გამაოგნებელი ფრაზა, რომელიც მხოლოდ გვიან გავიაზრე, რასაც ნიშნავდა: „საქართველო არც ისე ლამაზიაო“. ასეთი რამ პირველად გავიგე ცხოვრებაში. ამით მეუბნებოდით, რომ ამ ბუნების გადაქცევა ტექნიკურ ლანდშაფტად არც ისეთი უბედურებაა).

სხვა საკითხები, რაზედაც საზოგადოებასთან ერთად, მე და ჩემი მეგობრებიც ვღელავდით, ვწერდით, ვლაპარაკობდით, მოგმართავდით, ეს იყო:

განათლების დონის უკიდურესი დაცემა, უმუშევრობა, სიღატაკე, მშიერი ბავშვები და სოციალურად სრულიად დაუცველი, მშიერი სტუდენტები (რომლებსაც ფულს ახდევინებთ სწავლაში და სამუშაო ადგილებს საერთოდ არ ჰპირდებით, სრულიად დაუცველებს ტოვებთ სასტიკი ცხოვრების წინაშე); კულტურის უძველესი ძეგლების გაპარტახება; ცუდი კვებითა და ცუდი ცხოვრებით მთელი ხალხის ერთიანად შერყეული ჯანმრთელობა და მათი ტანჯული სიარული თურქეთის საავადმყოფოებში; საქართველოს მიწის უკანონო გაყიდვა, რაც განუხრელად გრძელდება; განადგურებული სოფლის მეურნეობა და ამ ყველაფრის შედეგი: საქართველოს დაცლა ქართველებისაგან! მთლიანად დაცარიელებული სოფლები, ბოქლომდადებული ათიათასობით სახლი.

მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება უცხოთი, ისევე როგორც წინა რეჟიმის შემთხვევაში, თქვენს გააზრებულ მიზანს, გეგმას წააგავს: არ არის ხალხი, არ არის პრობლემა.

განსაკუთრებით უსაშველო და შეუქცევადი: თბილისის, ბათუმის და სხვა ადგილების ყველა მტკაველის გაყიდვა და მათი გადაქცევა ქვისა და შუშის ჯუნგლებად. ულამაზესი და უძველესი დედაქალაქის ჯოჯოხეთური დამახინჯება, მისი გარდაქმნა სიკვდილით სავსე ქალაქად. დაბოლოს, საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი რადიკალური დაპირისპირება მთელ დასავლეთთან – ევროპასა და ამერიკასთან, რომლებისგანაც უწყვეტად იღებდით ფინანსურ დახმარებას. და ამ დაპირისპირების მთავარი მანიფესტაცია: „გამჭვირვალობის“, ანუ, „აგენტების კანონი“- არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციის სურვილი, კრიტიკული აზრის ამოძირკვის მიზნით.

ეს ძალიან ჰგავს გადაწყვეტილებას, თავიდან მოიშოროთ ყველანაირი კონტროლი და მოთხოვნები დასავლეთის მხრიდან და გადააქციოთ საქართველო შავი ფულის უკონტროლო ოფშორულ ზონად, დაცემულ ქვეყნად თავისი ურიცხვი კაზინოებით, ნარკობიზნესითა თუ კრიპტოვალიუტით. აი, რა აღმოჩნდა თქვენი ოცნება.

და ეს მაშინ, როცა ამდენი წელი ახალგაზრდებს მხოლოდ „ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ უჭედავდით თავში და სხვა რაიმე მაღალი ეროვნული იდეა არც გაგიხმოვანებიათ. და აი, სწორედ ეს იქცა ბოლო წვეთად, რამაც ამდენი უკუღმართობის ამტანი, დაჩაგრული ახალგაზრდობის მოთმინების ძაფი გაწყვიტა, რასაც თქვენ და ძლიერ რვაფეხად ქცეული ფეოდალ-კაპიტალისტთა კლანი ვერასოდეს გაიგებთ, რადგან „მაძღარს მშიერიც მაძღარი ჰგონია“.

რადგან დაგავიწყდათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ღირსების განცდა ხალხში არ ისპობა და მოულოდნელად ამოხეთქს ხოლმე, თუნდაც სტიქიური პროტესტის სახით.

დაგავიწყდათ, რომ არსებობს ბოლო წვეთის ფაქტორი.

სავალალოდ გაუვიდა ყავლი თქვენს თავმოწონებას იმით, რომ „ნაცებზე“ უკეთესები ხართ. თქვენს აქტივში ხომ უკვე საკმარისზე მეტია ახალგაზრდების დალეწილი სახსრები, ხელ-ფეხი და თავყბა, ჩამსხვრეული კეფა და დათხრილი თვალები, შხამიანი აირით მოწამლული სასუნთქი გზები და ფილტვები, თქვენი ზონდერების მიერ წაქცეული ყმაწვილებისა და გოგონებისთვის მუცელში ჩაზელილი თუ ნიკაპში ამორტყმული წიხლები! სიცივეში ცივი წყლის ჭავლებითა და მომწამვლელი ნივთიერებით მათი გადაჯეგვა. ამით ხომ მათ ჯანმრთელობას ერთიანად არყევთ და შემდეგი დაავადებებისთვის იმეტებთ!

ოო, რა ამოფრქვევაა სიძულვილისა სხვისი შვილების მიმართ! რამხელა მარაგია დაფარული სადიზმისა!

ჩვენი ხელისუფლებები მართლაც რომ ქვეცნობიერი აგრესიის აუზები არიან!

რატომ პირდაპირ არ ელაპარაკებით ამ გამწარებულ, მართლა აღშფოთებულ ახალგაზრდებს, რატომ ვერც ერთი ვერ მიდიხართ მათთან, რატომ არ იწვევთ მოსალაპარაკებლად, რატომ ემალებით თქვენს სასახლეში, რატომ დასცინით, რატომ სწამებთ ცილს თქვენი სამარცხვინო, ყვითელი ტელევიზიებიდან? რატომ ასხამთ ცეცხლზე ნავთს, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მოიფიქროთ და შემხვედრი ნაბიჯები გადადგათ?

ამდენი მამები და დედები ხართ და ნუთუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი? ხელისუფლების წევრებო და მსახურებო, უფრთხილდით არამ ლუკმას, რომელსაც სხვების შვილების ჩაწიხვლით თქვენს შვილებს აჭმევთ! იგრძენით საერთო განსაცდელის, კატასტროფის სუნთქვა! შეჩერდით! ნუთუ ფიქრობთ, რომ ან ღმერთი, ან ხალხი გაპატიებთ ტანჯვით გაზრდილი ბავშვების, გოგონებისა და ბიჭების – ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ამ პირუტყვულ გადაჯეგვას, ხელ-ფეხის მსხვრევას?

ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გზას. როგორ მოხვედით (ფულით ნაყიდ თანამდგომელ ინტელექტუალთა წყალობითაც) – იმ საყოველთაო, სახალხო სიყვარულიდან და ნდობიდან, რაც 2012 წელს გეხვიათ გარს, – დღევანდელ დღემდე, როცა ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯალათად, ჰეროდედ იქეცით და ვეღარ ძღებით მათი სისხლის ღვრითა და წამებით. ნუთუ კაციაჭამია ზონდერებისა და ანგარებიანი, პირმოთნე მხარდამჭერთა ამარა აპირებთ ცხოვრებას?

გამოერკვიეთ ამ მოჯადოებიდან და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯი კომპრომისისკენ, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც ახლა სისასტიკისკენ მოგიწოდებენ. ისინი არაფერზე აგებენ პასუხს. ჩვეულებრივ, პირველი პირები ისჯებიან ყველაზე მეტად. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა.

ნაირა გელაშვილი, 28 ნოემბერი, ღამე“.

ბათუმელი ადვოკატები: ვგმობთ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება

დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან ბათუმელი ადვოკატები შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით იმ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება და მისი საპოლიციო დანაყოფები, საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. საქართველოს მომავალი ევროპაშია, ეს ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია და ამას ვერავინ წაართმევს ქართველ ერს.

ვგმობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელისშემშლელ ნებისმიერ განცხადებას და ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს არ დაუშვან ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ არაადამიანური მოპყრობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა. ვგმობთ პოლიციელთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ძალის გადამეტების ფაქტებზე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას.

დაუშვებელია მომიტინგეების დარბევა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს და ძალადობრივი გზით გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლა.“ –  ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადვოკატები ავრცელებენ.

  • რა ხდება?

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ანტირუსული საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს ბათუმშიც. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.

 

„ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს“ – ბსუ-ს ლექტორებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დააფიქსირონ პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის მისიაში დეკლარირებული აქვს სახელმწიფოებრივი ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება, ამიტომ ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას!

უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა, ასევე, ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობას და ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს!

ვიყავით, ვართ და ვრჩებით კონსტიტუციის პრინციპების, ქართველი ხალხის არჩევანისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგულნი.

მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს დააფიქსირონ თავისი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით!

საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

1. ინგა შამილიშვილი;
2. ლელა თურმანიძე;
3. ლაშა ბაჟუნაიშვილი;
4. ლეილა ახვლედიანი;
5. ნელი ახვლედიანი;
6. ირაკლი ბარამიძე;
7. მარინა ქორიძე;
8. მაია ბარამიძე;
9. გვანცა საბაშვილი;
10. ლაშა ზარგინავა;
11. ელგუჯა წითლიძე;
12. თამარ ხაჟალია;
13. გულადი ფარტენაძე;
14. ნინო გორგილაძე;
15. ფირუზ ბოლქვაძე;
16. ნინო ფილია;
17. ნათია ხარატი;
18. ნატალია ჩაკვეტაძე;
19. ირაკლი გორგილაძე;
20. სოფიო ბერიძე;
21. მადონა მიქელაძე;
22. ია თურმანიძე;
23. კახაბერ ქაშიბაძე;
24. მაია მერკვილაძე

ხელმომწერთა სია განახლებადია. 

ბსუ-ში ხვალ, 2 დეკემბერს, ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები და ლექტორები უნივერსიტეტის ეზოში აპირებენ შეკრებას.

ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ აქციის დღეებში შეჩერდეს სწავლის პროცესი. პეტიციას, რომელიც manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 600-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს.

ბსუ არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაპროტესტება უშუალოდ უნივერსიტეტის შენობაში, უწყვეტი საპროტესტო აქციით დაიწყო. სტუდენტების ჯგუფმა 9 დღე და ღამე გაათენეს უნივერსიტეტის შენობაში და შემდეგ თბილისში შეუერთდნენ აქციას.

გუშინ დაკავებული 44 პირიდან 26-ს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2024 წლის 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 125 პირი მოინახულეს.

„81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა [რეაგირება არ ისურვა 11-მა]). 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად, დაზიანებები ხილულად სახის არეში.

საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც – ავტომობილში ყოფნის დროს.

დაკავებულების განმარტებით, აქამდე უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მათ მიმართ ხორციელდებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ხოლო შემდეგ, მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხდებოდა.

საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების [მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული თანხით და სხვა] ჩამორთმევაზე მიუთითებს, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია.

სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც  ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების დამატებითი ინფორმირება“ – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81

დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში – ISFED შოთა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვს

„დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამედიცნო დაწესებულებაში“ – ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ შოთა ნარსიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შოთა ამ ორგანიზაციის მკვლევარია. „სამართლიანი არჩევნები“[ISFED] წერს, რომ მასზე სპეცრაზმმა იძალადა, შემდეგ კი დააკავეს:

„2024 წლის პირველი დეკემბრის გამთენიისას, მედიაში გავრცელებული კადრებით 01:39 საათზე, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს სამართლიანი არჩევნების უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია, რომელიც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიან პროტესტში.

პოლიციის მიერ გაზის გამოყენების შემდეგ, იგი ქუჩაზე იდგა, რა დროსაც მას სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ კერძოდ, უკნიდან კეფაში ჩაარტყეს, რა დროსაც ის წაიქცა. როდესაც იგი წამოდგომას ცდილობდა, მას კვლავ ჩაარტყეს ფეხი და მიწაზე საკმაოდ დიდ მანძილზე ათრიეს.  გაქცევის მცდელობის დროს გაეკიდნენ, მიიმწყვდიეს კედელთან და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

შოთა ნარსიას დაზიანებები მიაყენეს თირკმლის და ხერხემლის მიდამოებში. მას შემდეგ რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ნათლად ჩანს. ადვოკატთან საუბრის დროს, შოთა ნარსიამ აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი. ამჟამად იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.“

ორგანიზაციის განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შეწყვეტის არაერთი მოწოდების მიუხედავად, შსს აგრძელებს არაპროპორციული ძალის განსაკუთრებული სისასტიკით გამოყენებას და აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებს.

ორგანიზაცია ითხოვს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად შეისწავლოს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები. ორგანიზაცია მზად არის საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს იმ პოლიციელების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანო ქმედებებში.

„შოთა ნარსია გადაიყვანონ გამოკვლევაზე სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.“ – აცხადებს ISFED.

შოთა ნარსია

 

2600 მასწავლებლის პეტიცია: თუ ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ

ქართველი მასწავლებელი ავრცელებენ პეტიციას, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დუმილი დანაშაულია.

„რეჟიმი ასუსტებს და საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს მასწავლებლებს. დღეს დუმილი დანაშაულია“- აცხადებენ მასწავლებლებია.

პეტიციას ამ დროისთვის 2 600-ზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს. ხელმომწერთა სია ახლდება.

„ჩვენ, საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ვგმობთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას, დემონსტრანტების უკანონო დაკავებას. დღეს დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!

უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკანა პლანზე სწევს რეჟიმი, ასუსტებს, საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს და სისტემის პროპაგანდისტულ სქემაში რთავს მასწავლებლებს, ამ პირობებში, მასწავლებლების ხმა უნდა ისმოდეს ბევრად უფრო ხმამაღლა და მქუხარედ!

მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ვდგავართ მათ გვერდით.

საქართველოს ევროპული კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ვთვლით, რომ დღეს მომავალი თაობების ევროპული მომავლის დაცვა სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანის პირდაპირი მოვალეობა და უპირველესი ამოცანაა!

ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ ამ ბრძოლაში სწორ მხარეს, ჩვენივე მოსწავლეების ინტერესების დასაცავად.

თუკი ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ!

მივიჩნევთ, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ ქვეყნის მომავლისა და ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად“ – წერია პეტიციის ტექსტში.

  • რა ხდება?

საქართველოს ქალაქებში მეოთხე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ განცხადებამ იმაზე, რომ აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე.

ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება თბილისში სასტიკად არბევს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, დაკავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. არიან მძიმედ დაშავებულებიც.

„ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“ – Fulbright-ის სტიპენდიატები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) მონაწილეები განცხადებას ავრცელებენ. ისინი გმობენ პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასტიკი და არალეგიტიმური ძალის გამოყენებას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას.

განცხადებაში ნათქვამია:

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის, „ფულბრაიტის უცხოელ სტუდენტთა პროგრამის“, მონაწილეები ვიზიარებთ საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას და ხაზგასმით ვგმობთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას – გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი.

ამავდროულად, კატეგორიულად ვგმობთ პროტესტის მონაწილეთა მიმართ არალეგიტიმური და სასტიკი ძალის გამოყენებას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ქალაქებსა და საზღვარგარეთ მიმდინარე სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, მათ შორის, გაფიცულ სტუდენტებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დასაცავად.

დღეს, საქართველო რთულ გზაგასაყარზე იმყოფება, სადაც დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოლო დასავლური სამყაროსგან იზოლირება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ტოვებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების, მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის განვითარებას იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რამეთუ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, რომლის ფუნდამენტიც თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობაა.

ვთხოვთ საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს, დროულად მიიღონ ის საჭირო დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს კონსტიტუციური უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 50 პირი აწერს ხელს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ლადო ჯავახიშვილი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
  2. ნაია ბეგაშვილი, ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და მონაცემთა ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  3. იაკობ დადვანი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  4. გვანცა დოლბაია, ნოტრ დამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
  5. მერი ქადაგიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  6. სალომე ცეცხლაძე, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  7. თეკლა გაგოშიძე, მიდლბერის საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  8. სალომე აფხაზიშვილი, სამხრეთ ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა, 2018-2020 წელი
  9. ნათია მეზვრიშვილი, ცინცინატის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა, 2016-2017 წელი
  10. დემეტრე შანშიაშვილი, რანსელიერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
  11. ნიკოლოზ გაჩეჩილაძე, მინესოტას უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი.
  12. მარიამ ჟორჟოლიანი, კლარკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
  13. ნოდარ კვაჭანტირაძე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მშენებლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
  14. ნათიკა ქანთარია, მინესოტას უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
  15. მარიამ მალიძე, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა,  2023-2024 წელი
  16. მარიამ ლაცაბიძე, მინესოტას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
  17. ლუკა ლაზიშვილი, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამა, 2024-2026 წელი
  18. ელიზბარ ხვიჩია, ტეხასის A&M, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2023 – 2025 წელი
  19. მარიამ პირველი, პიტსბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა, 2023-2024 წელი
  20. ანა არგანაშვილი, ტეხასის უნივერსიტეტის, ადამიანის უფლებების პროგრამა, 2019-2020 წელი
  21. ნათია ჯავახიშვილი, ორეგონის უნივერსიტეტი, 2023-2028 წელი
  22. ანიტა თვაური, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი (შIU), მედიის კვლევებისა და თეორიის სამაგისტრო პროგრამა, 2014-2016 წელი
  23. სალომე სულაბერიძე, ოჰაიოს უნივერსიტეტი,(OU) კინო რეჟისურა, 2023-2026 წელი
  24. ეთერი გვრიტიშვილი, კოლორადოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
  25. არჩილ ბერიძე, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
  26. თეა ნათელაური, ტულეინის მედიცინის სკოლა, სამედიცინო გენეტიკის და დიაგნოსტიკური გენომიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
  27. მარიამ კახიძე – მინესოტას უნივერსიტეტის ჰუბერტ ჰამფრის სკოლის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა 2024-2026 წელი
  28. სოფიკო ბერიაშვილი, მერილენდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
  29. თათული ოქრიაშვილი, ვილამეტის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, 2018-2020 წელი
  30. გულიკო მაჭარაშვილი, Uჩონნ (Uნივერსიტყ ოფ ჩონნეცტიცუტ), ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2024
  31. წელიალექსანდრე ხარატიშვილი, ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
  32. მარიამ გამდლიშვილი, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი, კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
  33. ანა მაზმიშვილი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
  34. ირინა მაჭავარიანი, მიზურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა, 2021-2022 წელი
  35. ელენა დარჯანია, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
  36. მარიამ ჩაჩავა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
  37. მარიამ ცისკარაშვილი, ტულეინის უნივერსიტეტი, ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2021 წელი
  38. ქეთევან მაისურაძე, ბოსტონ კოლეჯის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
  39. ბექა კირტავა, კოლუმბია კოლეჯ ჩიკაგო, კინო და ტელე პროდიუსინგის სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
  40.  ანა ჩხეიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2017-2019 წელი
  41. სალომე ბახსოლიანი, ლოიოლას უნივერსიტეტი ნიუ ორლეანში, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
  42. ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამა რთლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
  43. ალექსანდრე ხუნჯუა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლა, 2018-2020 წელი
  44. ნინო მათეშვილი, ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტის გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა (კონცენტრაცია დემოგრაფიასა და ა GIS-ში) 2020-2022 წელი
  45. გუგა ბურდული, Temple University, გამოთვლითი მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
  46. ალექსანდრე ონიანი, Bentley University ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
  47. არკადი აკოფიანი, Iowa State University, ელექტროინჟინერიის, კერძოდ მიკროელექტრინჟინერიისა და ნახევარგამტარების სამაგისტრო პროგრამა 2020-2022 წელი
  48. ქეთევან ხვედელიძე, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (RIT) ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
  49. ქეთევან ჩადუნელი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. 2019-2020 წელი
  50. მარიამ ბეგიაშვილი, ბრენდაის უნივერსიტეტი, საერთაშორისო მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2017 წელი

______________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი

დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი – აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების მიმართვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამერიკაში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს პეტიციით მიმართავენ გააკეთონ სწორი არჩევანი და იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რაც მათ ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის

„დიპლომატია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც თქვენ, დიპლომატებს, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში დასახული მიზნებისა მშვიდობიანი გზით მოგვარების საშუალებას გაძლევთ.

„დიპლომატია ძალადობის შეკავების ხელოვნებაა“ ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა თქვა, ცივი ომის ეპოქაში. საქართველო კი სწორედ ასეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ერის ფიზიკურ არსებობას.

თქვენ გევალებათ, რომ იმოქმედოთ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს. ეს მუხლი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, თქვენ, დიპლომატებს გავალდებულებთ, რომ „მიიღოთ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმაც დაგანახათ, რომ ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების 93% ზე, რომელსაც მიეცა თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების უფლება, გამოხატა თავისი ურყევი ნება, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიული სამყაროს ნაწილად. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა „რუსულ ოცნებას“.

თქვენ, დიპლომატები, დგახართ არჩევანის წინაშე: ან შეასრულოთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანება და გახდეთ სამშობლოს ღალატის მონაწილე, ან შეასრულოთ ქართველი ხალხის ისტორიული ნება.

თქვენ უნდა აირჩიოთ ღირსების, მაღალი ზნეობრიობის და პატრიოტიზმის გზა, რომელიც კანონის პრინციპებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას მოითხოვს. ბევრმა თქვენმა კოლეგამ დღეს უკვე აჩვენა მაღალი პროფესიონალიზმი, გაბედულება და თავდადება და ღიად გამოხატა თავისი სახელმწიფოებრივი პოზიცია.

პატივცემულო დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი. გამოიყენეთ თქვენი ავტორიტეტი და უფლებამოსილება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, პროგრესის და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად.

მოგიწოდებთ, რომ როგორც, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა დიპლომატებმა, საჯაროდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია, დაგმეთ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკა და ძალადობა ქართველი ხალხის მიმართ. დადექით დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე“ – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 114 ხელმოწერა აქვს.

____________

ფოტოზე: ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ნიუ იორკში, 17 ნოემბერი. ია მერკვილაძის ფოტო

გადასახადებს აღარ გადავიხდით – „რეზიდენტ ჰილ სოპრა“

სასტუმრო „რეზიდენტ ჰილ სოპრა“ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პროტესტის ნიშნად გადასახადებს აღარ გადაიხდის.

„რეზიდენტ ჰილ სოპრა, სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს და გვჯერა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი ეროვნული და დემოკრატიული სტაბილურობის გარანტი.“ – ამ განცხადებასთან ერთად სასტუმროს მენეჯმენტი განმარტავს:

„გადასახადების გადახდის შეჩერება: თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას, ჩვენი სასტუმრო დროებით შეწყვეტს ყველა გადასახადის გადახდას სახელმწიფოს მიმართ, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი რესურსების გამოყენება ხელისუფლებისთვის, რომელიც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციას.

თანამშრომლების უფლებების დაცვა: ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება იქნება სრულად დაცული და გადახდილი, სახელმწიფოსგან დაუბეგრავად. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების უფლებები, მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებისა.

სოციალური პასუხისმგებლობა: თანხები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა მიემართოს სახელმწიფო გადასახადებისთვის, ჩვენ გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს რესურსები გამოვიყენოთ იმ პირების დასახმარებლად, რომლებიც ხმას აიმაღლებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე.

ჩვენი სასტუმრო აქტიურად დგას საზოგადოების გვერდით და ვცდილობთ, ჩვენი აქტივობებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი პროცესების გამართვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მტკიცედ დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან.“

  • რა ხდება?

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ბათუმში მეოთხე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.

Exit mobile version