ბათუმი,განათლება,მთავარი

„დავიცვათ ჩვენი მომავალი და კონსტიტუცია“ – ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგების პეტიცია

03.12.2024
„დავიცვათ ჩვენი მომავალი და კონსტიტუცია“ – ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგების პეტიცია

ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს.

„ჩვენ, ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები, სიღრმისეულად ვაცნობიერებთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის.

ჩვენი სკოლა, რომელიც დაარსდა 1904 წელს, იყო პირველი არა მარტო ბათუმში, არამედ მთელს აჭარაში, ის ყოველთვის ეწეოდა განათლების პროგრესს და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ის პრინციპები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლის საფუძველს წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა მრავალჯერ გამოხატა თავისი ურყევი ნება ევროპული ოჯახის წევრობისკენ. ამ გზის გაგრძელება არა მხოლოდ ეროვნული არჩევანია, არამედ კონსტიტუციური ვალდებულებაც.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ჩვენ, პედაგოგები: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს და მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების, მშვიდობისა და თავისუფლების გზაზე შეუცვლელი ნაბიჯი.

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, დაიცვას კონსტიტუციის 78-ე მუხლი და გააგრძელოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რაც ქართველი ხალხის არჩევანსა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს სრულად შეესაბამება.

ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხი ეკუთვნის არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

ბათუმის №2 საჯარო სკოლის ისტორიას თან ახლავს ეროვნული თვითმყოფადობისა და პროგრესის იდეალები. სწორედ ეს ღირებულებები გვავალდებულებს, ვიყოთ აქტიური მონაწილეები ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში.

ევროპა — ჩვენი არჩევანია! დავიცვათ ჩვენი მომავალი, ჩვენი კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება!“ – ნათქვამია ტექსტში.

  • რა ხდება?

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და ბათუმში, აქციაა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.

2 დეკემბერს აქციას შეუერთდა მოსწავლეთა ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სკოლებიდან. 3 დეკემბერს, 12 საათზე, მოსწავლეების აქცია ანონსდება ბათუმში, ევროპის მოედანზე.

________________

ფოტოზე: ბათუმელი მოსწავლეების საპროტესტო სტიკერები სკოლაში. ფოტო „ბათუმელებს“ მოსწავლეებმა მოაწოდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: