მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

დღეს გვაქვს არჩევანი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი თაობისთვის ასე ცხადი

03.12.2024 •
დღეს გვაქვს არჩევანი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი თაობისთვის ასე ცხადი

ავტორი: გოგა გუგავა

___________________________________

მასწავლებლებო, პროფესორებო და არა მხოლოდ!

სასკოლო სასწავლო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორების მიერ შერჩეული სასწავლო მასალების გაცხრილვა, ცხადია, ტრაგედიის ტოლფასია. თუმცა, პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ გახდნენ გმირები, რომლებიც თუ ფიზიკური ძალით ვერა, გონებით და პიროვნული სიმტკიცით დაუპირისპირდებიან რეჟიმს.

მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათავისება, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში მასწავლებლები და პროფესორები მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან, როდესაც ცდილობენ სტუდენტებს მიაწოდონ უშრეტი ინფორმაცია და შემდეგ გამოუმუშაონ მათ მიღებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარი. არსებობს უამრავი სტრატეგია, რომელიც შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს გამოიყენონ ასეთ სიტუაციებში მანევრირებისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ზემო ხსენებულ პირობებში მოსწავლეებს ვასწავლოთ როგორ იფიქრონ და არა რა იფიქრონ. უნდა წავახალისოთ მათში კრიტიკული აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარები. გვახსოვდეს, რეჟიმმა აუტოდაფეც რომ მოაწყოს და აკრძალული წიგნები საჯაროდ დაწვას, პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ რეი ბრედბერის “431 ფარენჰაიტის” პერსონაჟებივით თავიანთი გონებიდან აღადგინონ განადგურებული წიგნები და მოსწავლეებამდე ამ გზით მიიტანონ.

ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ადამიანებს აიძულებენ ერთმანეთს უთვალთვალონ. ამ დროს კი არ არსებობს პრივილეგირებული ადგილი, საიდანაც მხოლოდ შენ აკვირდები სხვას. თავადაც არ ხარ დაცული იმისგან, რომ ვიღაცის დაკვირვების ობიექტი გახდები. მაშინ როცა კარის ჭუჭრუტანიდან იხედები და ძალაუფლებას გრძნობ, მაგრამ უკნიდან ფეხის ხმა გესმის, გბურძგლავს და ტანში ჟრუანტელი გივლის. ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ პროფესორ-მასწავლებლებმა პირველ რიგში ნდობა გააჩინონ მოსწავლეებში და შემდეგ დაიწყონ მათთან სიღრმისეულ საკითხებზე მუშაობა. ძალიან თხელია ყინული იქ, სადაც გადის ზღვარი შურისა და ბოღმის გამო დამბეზღებლად გახდომამდე, ამიტომ ამ ყინულზე მარტოებს ნუ დავტოვებთ მოსწავლეებს.

ცენზურა, რომელიც უკვე დიდი ხანია სხვადასხვა სახით თავს იჩენს ქართულ რეალობაში, ყველანაირი ხერხით ცდილობს თავისუფალი ნების ჩახშობას. ცენზორი ერთი შეხედვით პერსონიფიცირებული ბოროტებაა, რომელიც, თითქოს, ადამიანისგან დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ცენზორი ადამიანის თავში იდებს ბინას და ამ შემთხვევაში ადამიანი თავადვე ხდება საკუთარი თავის ცენზორი.

დღევანდელ ქართულ რეალობას კარგად ეხმიანება ალფონს დოდეს მოთხრობა “უკანასკნელი გაკვეთილი”, რომლის ფრანგ პერსონაჟს, პატარა ფრანცს და თავის კლასელებს, ერთ დღეს მასწავლებელი გამოუცხადებს, რომ მათ ბოლო გაკვეთილი აქვთ ფრანგულად, რადგან ბერლინიდან ბრძანება მოვიდა, რომ ელზასისა და ლორენის სკოლებში სწავლა მხოლოდ გერმანულად უნდა წარმოებდეს. ფრანცი და მისი თანაკლასელები, რომელთა შიშიც აქამდე მხოლოდ გაკვეთილზე ზმნის მიმღეობის წესების მოყოლა იყო, ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემის წინაშე დგებიან, რომელსაც ბოლომდე ვერც აცნობიერებენ. ფრანცი, რომელსაც გაკვეთილისთვის მიმღეობის წესები არ უსწავლია, დარცხვენილია და თავს მაღლა ვერ სწევს. მასწავლებელი ამაზე საერთოდ არ ბრაზობს და ფრანცს შემდეგ სიტყვებს ეუბნება:

ადამიანები ყოველდღე თავს ვეუბნებით: მაშ ასე! მე დრო კიდევ მაქვს, ხვალ ვისწავლი გაკვეთილს, და მერე შენ ხედავ, რაც ხდება… ეჰ! აი, ეს იყო ჩვენი ელზასის დიდი უბედურება – სწავლის ყოველთვის სახვალიოდ გადადება. ახლა იმ ხალხს უფლება აქვს, გვითხრას: როგორ აცხადებთ, რომ ფრანგები ხართ, როცა არ იცით არც ფრანგული ლაპარაკი და არც ფრანგული წერა!

ამ დროს ნაღვლიანი სახით მჯდარ ფრანცს სახურავზე მოღუღუნე მტრედების ხმა ესმის და თავისთვის ამბობს: განა მათაც აიძულებენ გერმანულად მღერას?

საქართველოში რამდენჯერმე იდგა მსგავსი საშიშროება, როცა ქართველი მოსახლეობის რუსულად ამეტყველებას ცდილობდნენ, თუმცა ბოლომდე არასდროს გამოსვლიათ და არც გამოუვათ, ვიდრე ქართველ ხალხს სული უდგას.

ნუ დაველოდებით ხვალინდელ დღეს, რომელიც დღევანდელი დღის გარეშე არ დადგება. დღევანდელი დღე არის საწინდარი ხვალინდელი მომავლისა. თუ იქამდე მივა საქმე მტერს ვათქმევინოთ, რომ ზარმაცები და არალოიალურები ვართ ერთმანეთის მიმართ, სინდისის ხმა, რომელიც წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და “სამართალდამცავების” ფარების ბრახუნზე გაცილებით შემაწუხებელია, ყურთასმენას დაგვიკარგავს, შიგნიდან შეგვჭამს და დაგვიტოვებს მხოლოდ სხეულს, სულის გარეშე.

ჩვენ ვართ ის მტრედები, რომლებსაც არ შეუძლიათ სხვანაირად მღერა. დამონებული და გალიაში დამწყვდეული მტრედი სხვანაირად არ მღერის, იგი უბრალოდ დუმს. განსხვავება ის არის მტრედსა და ადამიანს შორის, რომ ადამიანს ბოლომდე შეუძლია ბრძოლა და მავნებლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა ეს ისევ და ისევ ადამიანის არჩევანია.

ზემოთ ხსენებული მოთხრობის ბოლოს მასწავლებელი ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ თრგუნავს თავის თავში არსებულ თავისუფალ სულს, ცარცს იღებს და მსხვილი ასოებით დაფაზე წერს: გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!

დღეს ჩვენ, ქართველებს, გვაქვს არჩევანი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი თაობისთვის ასე ცხადი: ვირჩევთ მონობას ან თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ადამიანები ვაგრძელებთ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. დროა, რომ ყველამ ჩვენი წილი ცარცი ავიღოთ და დავწეროთ ჩვენ გულსა და გონებაში: გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!

_______________

ფოტოზე: გოგა გუგავა/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: