დღეს, 2 დეკემბერს, ღამის პირველ საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა ჯევაიში დააკავეს.
როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა მიშა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის დაკავებული ჯევაიში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება და მამუკა ჯევაიშის გარდა, ხომ არ არიან დაკავებულნი აქციის სხვა მონაწილეებიც ბათუმში, თუმცა სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა.
საპროტესტო მსვლელობა ბათუმში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ათასობით მოქალაქე ჯერ ევროპის მოედანზე შეიკრიბა, შემდეგ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
საიას ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.
ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, ხალხი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებს.
საპროტესტო აქციები დაგეგმილია დღესაც. უნივერსიტეტებში გაფიცულნი არიან სტუდენტებიც.