აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეაჩერა ყველა გადაცემა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ლადო ტატიშვილმა დაუდასტურა.
მაუწყებლის დირექტორის თქმით, გადაწყვეტილება „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“ მიიღო, რომ გააშუქონ ყველა მნიშვნელოვანი ამბავი, თუმცა იგი ვერ აზუსტებს, რატომ არ შეიძლებოდა ტოქშოუებისა და პირდაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემების ფონზე ყველა მნიშვნელოვანი ამბის გაშუქება და ამავე დროს, იგი ვერ ამბობს, რა მასალა გავა ტელეეთერში ამ გადაცემების ნაცვლად.
„საგანგებო მდგომარეობაზე ვართ გადასული, შესაბამისად, რა როდის შეგვყავს, რა როდის გამოგვყავს, ბრიფინგია თუ რამე, არ დაგვრჩეს, ამის გამო ლაივგადაცემებია გაჩერებული. რომელიმე კონკრეტული არა, ყველა ლაივგადაცემა“, – გვითხრა ლადო ტატიშვილმა.
„ბათუმელების“ კითხვაზე, პირდაპირ ეთერში გადაცემების შეჩერების მიზეზი ხომ არ არის ის, რომ, მაგალითად, არ სურს კონკრეტული პირები იყვნენ მოწვეული ამ გადაცემებში, მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ „არავითარ შემთხვევაში“.
„პირიქით, საგანგებო მდგომარეობაზეა, ახლა პრიორიტეტი მთლიანად არის ნიუსი და მიმდინარე მოვლენები – სად ვინ როგორ რანაირად“, – გვითხრა მან.
როგორ შეიცვლება სატელევიზიო გადაცემების ბადე, რა გავა ამ გადაცემების ნაცვლად ეთერში? – ამ კითხვაზე ლადო ტატიშვილს პასუხის გაცემა უჭირს:
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან რთულია გიპასუხოთ, იმიტომ, რომ უცებ შეიძლება სადმე ბრიფინგი დაიგეგმოს, რამე აქციაზე მოხდა, ან კიდევ სადმე აქციაა და არეულ რეჟიმში მუშაობს ბადეც“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, აპირებს თუ არა მაუწყებელი აქციები ტელეეთერით გადასცეს, ლადო ტატიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიას არც ერთი მოვლენა არ დაუტოვებია გაშუქების გარეშე:
„თქვენ უყურეთ ბოლო დღეებში აჭარის ტელევიზიას?! სადაც კი რამე ხდება, თუ ჩვენი რესურსი თუ არ გვყოფნის, ეგრევე სხვა ტელევიზიების სიგნალს ვრთავთ, არაფერი არ გამოგვიტოვებია. ჩართეთ, დღეს დილიდან რაც კი იყო, სტუდენტების აქცია, დაჰყვებიან ჩვენი თანამშრომლები, ვიღებთ, ყველა [საინფორმაციო] გამოშვებაშია. თუ კი სადმე რამე იძაბება, ეგრევე ლაივში შეგვყავს, რა თქმა უნდა… ერთი წამი არ გამოგვიტოვებია არაფერი“.
მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ არ იცის, როდემდე იქნება ჩახსნილი გადაცემები ტელეეთერიდან. მისი თქმით, ეს ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციაზეა დამოკიდებული.
აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში რამდენიმე გადაცემა გადის. მათ შორისაა, მაგალითად, ჟურნალისტ ირინა ყურუას ყოველკვირეული პოლიტიკურ-სოციალური გადაცემა „სათქმელი“, რომელიც ღამის ეთერში გადის. ამ დროს ბრიფინგი იშვიათადაა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ სწორედ ღამით იძაბება ვითარება საქართველოში:
„მაგ დროს იძაბება ხოლმე ყველაზე მეტად. გუშინ, გუშინწინ… ათენებენ და აღამებენ აქ ჩვენი თანამშრომლები. აბსოლუტურად, მთლიანად ვართ დამოკიდებული მდგომარეობაზე. მდგომარეობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“.
„ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ შეიძლება დაძაბული სიტუაციის დროს გადაცემის პირდაპირ ეთერში, მაგალითად, საგანგებო ჩართვა, მაუწყებლის დირექტორმა ასე უპასუხა:
„ისეთი რაღაცები ხდება, ვრთავთ ყველაფერს და ვაჩვენებთ. ახლა კიდევ შედი, გამოდი… ყველაფერი [რესურსი] გადასროლილი გვაქვს აქციებზე, რომ რამე არ გამოგვრჩეს, ეთერში გვქონდეს. ამიტომ ვამბობ, გვირჩევნია ვაჩვენოთ ის, რა ვითარებაა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვრეაგირებთ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“.
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებია ბათუმშიც, სადაც აჭარის ტელევიზიის შენობასთან მივიდნენ აქციის მონაწილეები და პირდაპირ ეთერში ჩართვა მოითხოვეს. მათი მოთხოვნა მხოლოდ მეორე დღეს დაკმაყოფილდა.
პარალელურად, აჭარის ტელევიზიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. განცხადება არ გამოქვეყნებულა აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, მეტიც, ტელევიზიის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ესაა „ცალკეული თანამშრომლების“ განცხადება.
აქცია იყო აჭარის ტელევიზიასთან დღესაც, 2 დეკემბერს, სადაც აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ტელევიზიის მიერ პირდაპირ ეთერში დაგეგმილი გადაცემების შეჩერება. აქციის მიმდინარეობისას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არა აქცია, არამედ ძველი ქართული ფილმი გადაიცემოდა.
___________
ფოტოზე: ლადო ტატიშვილი. კადრი „პირველი არხის“ ვიდეომასალიდან