მთავარი,სიახლეები

უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა – სამართლებრივი დახმარების ქსელი პოლიციის ძალადობაზე

02.12.2024
უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა – სამართლებრივი დახმარების ქსელი პოლიციის ძალადობაზე

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2024 წლის 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი. დაკავებულთა ნაწილი ამ დროისთვის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულებს აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით.

კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი.

„დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, დაკავებულებისთვის ხელი ან ფეხი რომ მოეტეხათ.

მათ ზემდგომი პირი მიუთითებდა, რომ ჩაერტყათ ღვიძლის და კეფის არეში. ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: „ტრაკში გაგთხრით დუბინკას“, „მოწონდათ გვარამია და ხაზარაძე?“, „შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ***რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“.

ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი კაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო.

მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს.

სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას.

„ვგმობთ ამ არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას და მოვითხოვთ თითოეული დანაშაულის მყისიერ გამოძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: