მთავარი,სიახლეები

10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე

03.12.2024 •
10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე

ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ მას სპეცრაზმმა ჯერ სასტიკად სცემა, ტვინის გახვრეტით ემუქრებოდა, შემდგე კი გაძარცვეს – ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადეს და მოჰპარეს.

პოლიციის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ანტიევროპული აქციის მონაწილეების ვიდეოინტერვიუებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„მინიმუმ 10 პოლიციელი მირტყამდა, პოლიციას ვერ დავარქმევ მაგათ. ათი სპეცრაზმელი მირტყამდა ყველგან. უნდოდათ ჩემი ტელეფონი, ითხოვდნენ ჩემს პინს, წამართვეს ქურთუკი, არ ვიცი რატომ, სავარაუდოდ მოეწონა რომელიღაცას და გამხადეს ფეხსაცმელი. ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, დაიღლებოდნენ შემდეგ ამოდიოდა სხვა, ალბათ ვისაც უნდოდა ემოცია დაეხარჯა და შემდეგ ის მოდიოდა.

აქციაზე ნაცემი კაცი

იარაღით გვემუქრებოდნენ. პინკოდს თუ არ ვეტყოდი, თავს გამიხვრეტდნენ ამ იარაღით. სიტყვებსა და შეურაცხყოფებს ვერ აღვწერ“.

კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სისასტიკის კვალი სახეზეც ეტყობა, ჰყვება, რომ მას დაახლოებით 5 კაცი გონების დაკარგვამდე სცემდა:

„ბევრი მირტყეს, დაახლოებით ხუთი კაცი მცემდა, სანამ გავითიშებოდი. გათიშვის მერე კიდევ შემიყვანეს კორდონში. გარშემო ყველგან ეგენი იყვნენ. დარბევა რომ დაიწყეს, ალყაში მოგვაქციეს გარშემო – ფაქტობრივად, ვერ გავიქცეოდით. მერე იქ მკიდებს სხვა როგოკოპი ხელს და მივყავარ პარლამენტის უკან და მერე იქ მირტყამენ კიდევ“.

აქციაზე ნაცემი კაცი

მესამე დაზარალებული კაცი ჰყვება, რომ მის მიმართ ძალადობა არ იყო იმდენად სასტიკი, რასაც სხვების მიმართ იჩენდნენ:

„დროშა წამართვეს ამის ღირსი არ ხარო. ხელები ავწიე, რომ არ ვეწინააღმდეგებოდი მაგის ნიშნად და ხელები ჩაწიეო. გინების და შეურაცხყოფის კორიანტელი იყო სხვადასხვა ფორმის, შეურაცხყოფა სხვადასხვა სიტყვებით. ხელში ამიყვანეს და გამატარეს, იქ უკვე მირტყამდნენ, მაგრამ არ მირტყამდნენ ძლიერად, ჩუმად მირტყამდნენ, აი, ქვემოდან მირტყამდნენ, არ ვიცი რატომ. ეტყობა დრონს ერიდებოდნენ.

აქციაზე დაკავებული და ნაცემი კაცი

და როგორც კი დაკავების „მარშუტკაში“ შემაგდეს, 2 ან სამი იყვნენ რა. როგორ იყო იცით, ხელი მქონდა მაქსიმალურად გადაფარებული თავზე, ემბრიონის პოზაში ვიყავი, თავში ყველაზე ნაკლები რომ მომხვედროდა. ზემოდან მირტყამდნენ, აი ბურთს რომ დაჭეჭყავ ისე“.

ერთ-ერთი დაზარალებული ახალგაზრდა ქალია. ის ჰყვება, რომ თავში სავარაუდოდ მძიმე საგანი მოარტყეს:

„ვიდექი პარლამენტის კიბეებთან, ჯებირზე აბრახუნებდნენ აქციის მონაწილეები და სპეცრაზმი ჩასაფრებული იყო იქიდან.

აქციაზე ნაცემი ქალი

რაღაც ძალიან ქაოსური სიტუაცია და ხმაური იყო. როცა დაიძაბა სიტუაცია და მოტრიალება გადავწყვიტე, ზუსტად მაგ დროს ვიგრძენი, რომ თავი მტკიოდა საშინლად, მაგ დროს სისხლიც წამომივიდა. დიდი ალბათობით ეს იყო ქვა“.

არც ერთი მათი მოქნეული ხელი, არც ერთი ეგ შეურაცხყოფა ჩემს ღირსებას არ შეხებია. იმიტომ, რომ ესენი არიან რუსეთის, რუსული საქმის შემსრულებლები. მათ ხელში არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ძალადობას ძალიან დიდი მასშტაბი აქვს მიღებული და აუცილებლად უნდა აგონ ამ მარბიელმა რაზმებმა და ამ სისხლიანმა ვითომ და პოლიციელებმა პასუხი კანონის წინაშე.

აქციაზე დაკავებული ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე ჰყვება

___

 

დღეს, 3 დეკემბრის მდგომარეობით, პოლიციამ მიმდინარე აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათევენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი,  ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: