მთავარი,სიახლეები

გადასახადებს აღარ გადავიხდით – „რეზიდენტ ჰილ სოპრა“

01.12.2024
გადასახადებს აღარ გადავიხდით – „რეზიდენტ ჰილ სოპრა“

სასტუმრო „რეზიდენტ ჰილ სოპრა“ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პროტესტის ნიშნად გადასახადებს აღარ გადაიხდის.

„რეზიდენტ ჰილ სოპრა, სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს და გვჯერა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი ეროვნული და დემოკრატიული სტაბილურობის გარანტი.“ – ამ განცხადებასთან ერთად სასტუმროს მენეჯმენტი განმარტავს:

„გადასახადების გადახდის შეჩერება: თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას, ჩვენი სასტუმრო დროებით შეწყვეტს ყველა გადასახადის გადახდას სახელმწიფოს მიმართ, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი რესურსების გამოყენება ხელისუფლებისთვის, რომელიც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციას.

თანამშრომლების უფლებების დაცვა: ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება იქნება სრულად დაცული და გადახდილი, სახელმწიფოსგან დაუბეგრავად. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების უფლებები, მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებისა.

სოციალური პასუხისმგებლობა: თანხები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა მიემართოს სახელმწიფო გადასახადებისთვის, ჩვენ გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს რესურსები გამოვიყენოთ იმ პირების დასახმარებლად, რომლებიც ხმას აიმაღლებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე.

ჩვენი სასტუმრო აქტიურად დგას საზოგადოების გვერდით და ვცდილობთ, ჩვენი აქტივობებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი პროცესების გამართვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მტკიცედ დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან.“

  • რა ხდება?

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ბათუმში მეოთხე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: