ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ადვოკატები: ვგმობთ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება

01.12.2024
ბათუმელი ადვოკატები: ვგმობთ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება

დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან ბათუმელი ადვოკატები შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით იმ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება და მისი საპოლიციო დანაყოფები, საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. საქართველოს მომავალი ევროპაშია, ეს ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია და ამას ვერავინ წაართმევს ქართველ ერს.

ვგმობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელისშემშლელ ნებისმიერ განცხადებას და ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს არ დაუშვან ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ არაადამიანური მოპყრობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა. ვგმობთ პოლიციელთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ძალის გადამეტების ფაქტებზე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას.

დაუშვებელია მომიტინგეების დარბევა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს და ძალადობრივი გზით გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლა.“ –  ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადვოკატები ავრცელებენ.

  • რა ხდება?

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ანტირუსული საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს ბათუმშიც. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: