ვახტანგ ლომთაძე ფეისბუქზე მწერალ გურამ პეტრიაშვილის მიმართვას ავრცელებს. გურამ პეტრიაშვილი ამ მიმართვით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ბათუმელები“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი:
რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან განთავისუფლებისთვის ვიბრძოდი!
ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს – 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში დავამარცხეთ კომპარტია, საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დავუბრუნეთ და მალევე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილის ისტორიული აქტით, აღვადგინეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!
დღეს კი, ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები!
რუსი პატრონების დავალებით გვიკლავენ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ჩვენ სისხლი დავღვარეთ, 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა!
დღეს, ხელმეორედ კლავენ რუსების მიერ მოკლულ ზვიადს და მერაბს!
მოკლედ, ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს!
ისევ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისათვის!
მე, 82 წლის კაცს, რომ შემეძლოს, ჩვენი ლამაზი და ლაღი ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი…
როგორ მშურს მათი კეთილი შურით, რომ მათსავით, როგორც ეროვნული მოძრაობისას, დღესაც არ შემიძლია სამშობლოს დამცველთა პირველ რიგებში ვიდგე!
თუმცა, ესეც ბუნების კანონია – ახლა მათი ჯერია სამშობლოსათვის ბრძოლისა!
მე მთელი არსებით მხარს ვუჭერ მოძმე უკრაინელ ერს, ჩვენს საერთო მტერთან, რუსეთის იმპერიასთან თავისუფლებისათვის ბრძოლაში!
რადგან უკრაინის თავისუფლება და გამარჯვება – საქართველოს თავისუფლებასა და გამარჯვებას ნიშნავს!
და როგორც ზვიადი და მერაბი დაჰქუხებდნენ:
ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერია!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
გურამ პეტრიაშვილი,
30 ნოემბერი, 2024 წ.”
- რა ხდება?
28 ნოემბრიდან ანტირუსული აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 200- ზე მეტი ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. პროტესტის მეხუთე დღეს გაფიცვის შესახებ განაცხადეს საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლისა და უნივერსიტეტების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.