მთავარი,სიახლეები

ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია – EPAG

01.12.2024
ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია – EPAG

აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

„აღნიშნული მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია მკაფიო ვალდებულება – უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელყოფს როგორც კონსტიტუციურ ნორმას, ასევე უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ არჩევანს.

მიგვაჩნია, რომ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს იმ ევროპულ მომავალს, რომლისათვისაც წლებია ვიბრძვით.

მეტიც, ის ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია. შესაბამისად, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესის შეფერხებით ვკარგავთ იმ სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შესაძლებლობას, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს განვითარებასთან, პროგრესთან, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან.

ამასთან, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალისმიერი, არაპროპორციული მეთოდების გამოყენებას, რომლებიც უხეშად ხელყოფენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების საერთო რესურსი სწორედ ევროპული ოჯახის წევრობისკენაა მიმართული, იმ ეროვნული მიზნისკენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა განმტკიცებული და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელდა, რომელსაც ხელს აწერს 204 ადამიანი.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.

პოლიცია-სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება აქციის მონაწილეებს. ამ დროისთვის დაკავებული და დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: