სიახლეები

დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში – ISFED შოთა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვს

01.12.2024
დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში – ISFED შოთა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვს

„დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამედიცნო დაწესებულებაში“ – ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ შოთა ნარსიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შოთა ამ ორგანიზაციის მკვლევარია. „სამართლიანი არჩევნები“[ISFED] წერს, რომ მასზე სპეცრაზმმა იძალადა, შემდეგ კი დააკავეს:

„2024 წლის პირველი დეკემბრის გამთენიისას, მედიაში გავრცელებული კადრებით 01:39 საათზე, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს სამართლიანი არჩევნების უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია, რომელიც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიან პროტესტში.

პოლიციის მიერ გაზის გამოყენების შემდეგ, იგი ქუჩაზე იდგა, რა დროსაც მას სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ კერძოდ, უკნიდან კეფაში ჩაარტყეს, რა დროსაც ის წაიქცა. როდესაც იგი წამოდგომას ცდილობდა, მას კვლავ ჩაარტყეს ფეხი და მიწაზე საკმაოდ დიდ მანძილზე ათრიეს.  გაქცევის მცდელობის დროს გაეკიდნენ, მიიმწყვდიეს კედელთან და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

შოთა ნარსიას დაზიანებები მიაყენეს თირკმლის და ხერხემლის მიდამოებში. მას შემდეგ რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ნათლად ჩანს. ადვოკატთან საუბრის დროს, შოთა ნარსიამ აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი. ამჟამად იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.“

ორგანიზაციის განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შეწყვეტის არაერთი მოწოდების მიუხედავად, შსს აგრძელებს არაპროპორციული ძალის განსაკუთრებული სისასტიკით გამოყენებას და აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებს.

ორგანიზაცია ითხოვს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად შეისწავლოს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები. ორგანიზაცია მზად არის საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს იმ პოლიციელების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანო ქმედებებში.

„შოთა ნარსია გადაიყვანონ გამოკვლევაზე სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.“ – აცხადებს ISFED.

შოთა ნარსია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: