მთავარი,სიახლეები

„მარტო დედები არა, ბებიები, ბაბუები, ყველა დადგება ბავშვების გვერდით“ – დედები საპროტესტო აქციიდან

02.12.2024 •
„მარტო დედები არა, ბებიები, ბაბუები, ყველა დადგება ბავშვების გვერდით“ – დედები საპროტესტო აქციიდან

ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე აჭარის სამთავრობო უწყებებს რობოკოპების მწკრივი იცავს.

დღეს, 2 დეკემბერს, როცა საპროტესტო აქციებზე სტუდენტებთან ერთად მოსწავლეებიც გავიდნენ, დედებმა ხმა აიმაღლეს და ხელისუფლებას აფრთხილებენ, ხელი არ წაუცდეს მათ შვილებზე.

„ჩვენ, მშობლები, ფხიზლად ვაკონტროლებთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და არავის მივცემთ უფლებას მათზე იძალადონ. არ დაავიწყდეს ხელისუფლებას, დღეს ყველანი ხერხეულიძეების მშობლები ვართ, დიდ ბრძოლაში ევროპული მომავლისათვის და არც შვილებს დავანებებთ ვინმეს და არც მათ უკეთეს მომავალს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პედაგოგი ნაირა ჯანელიძე.

ის აქციაზე ხშირად შვილთან და შვილიშვილებთან ერთად არის.

„მიმდინარე მოვლენებმა დამარწმუნა, რომ ჩვენ ახლა გვყავს არა მხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და შეურაცხყოფა მიაყენა მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლებას, ამავე დროს და ამ ეტაპზე ისინი გადავიდნენ ჩასაფრების რეჟიმზე, ელოდებიან, როდის დაუშვებენ ახალგაზრდები შეცდომას.

ახალგაზრდები, რომლებიც უწყვეტ ჯაჭვში და სასტიკი ზეწოლის ქვეშ აპროტესტებენ რეჟიმს, ბუნებრივია, ემოციურად გადავსებულნი არიან და შეიძლება გაუჭირდეთ ყველა მოქმედების კონტროლი. ამას კი ვერაგულად გამოიყენებს ხელისუფლება“ – ამბობს ნაირა ჯანელიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ იმდენჯერ და იმ დოზით გადააჭარბა უფლებამოსილებას, რომ არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს:

„დიახ, პოლიციის ვალდებულებაა აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამ ბავშვების ერთ წვეთ ცრემლად არ ღირს ის მილიარდები და მილიონები , რომლის მაგიური ძალითაც ინარჩუნებენ ძალაუფლებას აწ უკვე თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლები. ამიტომ პოლიცია და ყველა ძალოვანი სტრუქტურა დროზე გამოფხიზლდეს და ვიდრე ჯერ კიდევ შეიძლება და არის რესურსი სამართლებრივ სივრცეს დაუბრუნდეს ქვეყანა გამოიყენონ ეს შანსი“.

„მარტო დედები არა, ბებიები, ბაბუები, ყველა გამოვა და დადგება ამ ბავშვების გვერდით“ – ამბობს ნანა კოსტავა, ბათუმის აქციების ერთ-ერთი აქტივისტის, თემო ტარიელაძის დედა.

„მე ჩემი შვილის გვერდით ვდგავარ და მინდა ყველა დედა იდგეს.

მე, როგორც მშობელი, სამი შვილის დედა, ვარ მათ გვერდით. ბევრი ვიცი ჩემს საახლობლოში, არ უნდა გარეთ გამოსვლა, იმიტომ, რომ არ დაინახონ და არ გაათავისუფლონ სამსახურიდან, მათი შვილები კი დგანან აქციაზე, დილის ხუთ საათამდე.

მაგრამ თუ ბავშვებს შეეხებიან, დღეს ათია, ხვალ 30, 50 იქნება. დღეს უკეთესი საქართველოს მომავალი წყდება. ახლაც მივდივარ აქციაზე, აგერ ვარ უკვე და ყველას ვეტყვი, რომ გამოვიდნენ გარეთ.

ხელისუფლებას იქით უნდა ეშინოდეს ამ გულანთებული მომავალი თაობის, ყველა მშობელი ერთად უნდა დავდგეთ და ასეც იქნება. ყველა დადგება შვილებთან, დარწმუნებული ვარ, ყველა დედა იქნება შვილის გვერდით. ყველა გამოვა, ბებიები და ბაბუები, ყველა“ – ამბობს ნანა კოსტავა.

_________________

მთავარ ფოტოზე: ნაირა ჯანელიძე აქციაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: