მთავარი,სიახლეები

ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს დახურულ სივრცეში – საია

02.12.2024
ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს დახურულ სივრცეში – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განცხადებით, 2024 წლის 1-2 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის.

„ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას.

კვლავ ადგილი აქვს ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებასა და კამერების განზრახ დამტვრევას, ასევე ფიზიკურ ძალადობასა და დაკავებას [დაკავებულია ონლაინ-მედია მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი].

ყველაზე შემაშფოთებელია აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკა, რასაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე აქვს. აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, გამთენიისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ალყაში აქცევს და მშვიდობიან დემონსტრანტებს დევნის. აქციაზე დააკავეს ასევე IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.

გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს“ – აცხადებს საია.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციები გრძელდება დღესაც. გაფიცულია სკოლების და უნივერსიტეტების ნაწილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17 და 21 წლის პირები არიან დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: