მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ქუჩის გარდა – სასამართლო, პარლამენტი, პოლიცია, ყველაფერი ივანიშვილისაა“ – ლევან ღამბაშიძე

02.12.2024 •
„ქუჩის გარდა – სასამართლო, პარლამენტი, პოლიცია, ყველაფერი ივანიშვილისაა“ – ლევან ღამბაშიძე

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ფეისბუქზე წერს, რომ ერთადერთი სივრცე, რომელიც თავისუფალი დარჩა ივანიშვილის გავლენისგან, ქუჩაა და რადგან „ოცნება“ არ უსმენს საზოგადოებას, ამიტომ ხალხის ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმის.

„მანიფესტაცია არის რაღაცის ჩვენება. ეს რაღაცა არის მოქალაქეთა ნება.

წელს ჩვენ, რუსული კანონისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის გაპროტესტებისას, ივანიშვილის უკვე არალეგიტიმურ რეჟიმს ვაჩვენეთ ჩვენი ნება, რომ ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ნება გამოვხატეთ აბსოლუტურად მშვიდობიანად.

რა ქნა რეჟიმმა? მიიღო ორივე რუსული კანონი და ფეხზე დაიკიდა ჩვენი ნება.

ვინაიდან არჩევნები მოდიოდა, ჩვენ სახლში წავედით და პირობა მივეცით ჩვენს თავს რომ აუცილებლად ვიძიებდით შურს არჩევნების გზით, რომელიც ასევე მოქალაქის ნების მანიფესტაციაა.

და რა ქნა რეჟიმმა? გააყალბა არჩევნები – გააყალბა ჩვენი ნება.

ჩვენ ვცადეთ ამ დანაშაულის გაპროტესტება, მაგრამ არ ვიყავით საკმარისად ხმამაღალნი და რეჟიმმა ფეხებზე დაგვიკიდა.

აქ უკვე რეჟიმმა იფიქრა, რომ ჩვენ აღარ გვექნებოდა ჩვენი უფლებების, ჩვენი არჩევანის დაცვის შნო და ღიად გამოაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს და თუ ძალიან უნდა, იქით შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთან შემოერთება.

აქ უკვე გადაგვეკეტა და დავდექით ერთადერთ სივრცეში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ივანიშვილის – ქუჩაში.

სასამართლო ივანიშვილისაა, პარლამენტი ივანიშვილის მიტაცებულია, პროკურატურა მისია, პოლიცია მისია… ყველაფერი მისია – ქუჩის გარდა.

და ჩვენ ვცდილობთ მშვიდობიანად გამოვხატოთ ქუჩაში ჩვენი ნება.

და რას აკეთებს „ოცნება“ – არაფერს. სულ ფეხებზე ვკიდივართ. იცით რატომ? იმიტომ, რომ მისი ძალაუფლება ხალხის ნებაზე კი არა, ერთი ადამიანის ნებაზე დგას.

და რას შვება ხოლმე ადამიანი, როდესაც მისი არ ესმით? რას და ხმას უწევს. კი, დღეს ჩვენ ფეიერვერკებით ვყვირით. ვყვირით იმიტომ, რომ შანსი მივცეთ რეჟიმს, რომ მოგვისმინოს. უფეიერვერკოთ როგორც მოგვისმინა, ნანახი გვაქვს უკვე.

რას ვითხოვთ: ყველა დაკავებულის გამოშვებას და ხელახალ არჩევნებს. ეს ორივე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს და რაც შეიძლება სწრაფად.

პ.ს. დავით აღმაშენებლის აშენებული გელათი რომ ჩამოგირეცხათ და ხმა მიეცით მაინც, აი, ეგ ხალხი კომუნისტების აშენებულ პარლამენტის ბუფეტზე ნუ ამიწუწუნდებით, გთხოვთ“ – წერს ლევან ღამბაშიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: