34-ე უბნის შედეგები გაბათილდა

 

ბათილად ცნობის მიზეზად საია შემდეგ არგუმენტებს ასახელებდა:

  1. ამ უბანზე არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა. ეს ფაქტი ჩანაწერთა წიგნში არ იყო აღნიშნული.
  2. კომისიის წევრები, ზოგ შემთხვევაში უმრავლესობა, ზოგჯერ კი ყველა კომისიის წევრი უბანს ტოვებდნენ.  საარჩევნო ყუთი მეთვალყურეობის გარეშე რჩებოდა. 
  3. ხმის დათვლის პროცესში  61 ბიულეტენი ბათილად სცნეს, იმიტომ  რომ ბიულეტენზე არ იყო რეგისტრატორის ხელწერა;
  4. რამდენიმე ბიულეტენებზე დამოწმებული ბეჭედი იყო კომისიის თავმჯდომარის და არა კომისიის წევრების.
  5. 61 ბიულეტენიდან, რომელსაც  კომისიის წევრის, ანუ რეგისტრატორის ხელმწერა არ ჰქონდა, 51 შემთხვევაში იყო მოხაზული №41.

 

ეს ფაქტობრივი გარემოებები კი ეჭვს იწვევდა, რომ ბიულეტენები საარჩევნი ყუთში ჩაყარეს.

 

 უბანზე  საიას დმაკვირვებლის  მისვლამდე 6 დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო უბნის გარეთ გაიყვანა – ფაქტს ყველა დამკვირვებელი ადასტურებდა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე.

 

 

გარეთ გაყვანის მიზეზი კი როგორც  თავმჯდომარე და დამკვირვებლები  განმარტავდნენ, ის იყო, გაერკვიათ, რომელმა დამკვირვებელმდა დარეკა ოქლში და თქვა, რომ უბნიდან გატანილია თავმჯდომარის ბეჭედი.

 

ოლქის თავმჯდომარის თქმით, ყველა კომისიის წევრს  მისცემენ შენიშვნებს, აგრეთვე, კომისიის იმ წევრებს, რომლებსაც ოლქი ნიშნავს, მომდევნო არჩევნებში აღარ მისცემენ მონაწილეობის უფლებას.

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში სამი უბნის გაბათილებას მოითხოვს

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ საარჩევნო დარღვევებზე გაკეთებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ უბნებზე ყუთში ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა.

 

”ოქმების შესაბამისად გვაქვს მტკიცებულება, რომ მოხდა არჩევნების გაყალბება და მოვითხოვთ ამ უბნების ნაწილის ბათილობას”- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგ უბნებზე არ ემთხვეოდა ერთ უბანზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი მერის, მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში ხმა მიცემულ ამომრჩეველთა რაოდნობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ  უბნების ნაწილის ხელმეორედ გადათვლა უნდა მოხდეს.

საია 103-ე უბანთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 103-ე საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ოლქი გადათვლის და უბანის შედგები არ გაბათილდება. ამ უბანზე დაფიქსირებული ხმების ოდენობას ბათუმი ოლქი ხელახლა გადათვლის.

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოლქის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. 

დისციპლინარული სასჯელი 103-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს

 

ოლქის გადაწყვეტილებით თავმჯდომარეს და ოთხ მთვლელს ერთი დღის ხელფასი, კომისიის სხვა წევრებს კი 5 დღის ხელფასი ჩამოაკლდებათ.

 

შეგახსენებთ, რომ ამ უბანზე ვერ მოხერხდა ოქმის შედგენა, დათვლილი ბიულეტენების მიხედვით კი რამდენიმე ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო ერთი საარჩევნო სუბიექტი, მითვლილი იყო სხვა სუბიექტზე.

 

კომისია ამ უბნის ბათლობის საკითხზე მსჯელობს, განიხილება ბიულეტენების ოლქის მიერ გადათვლის და ოლქის მიერ ოქმის შედგენის საკითხიც. ასეთ შემთხვევაში 103-ე უბნის შედგები არ გაბათილდება.

 

ქობულეთის საოლქო კომისია შორტებში ჩაცმული ამომრჩევლის უბნიდან გაძევებას განიხილავს

 

„ადამიანს შეუზღუდეთ ხმის მიცემის უფლება, ამის უფლება თქვენ არ გქონდათ“ – უთხრა ოლქის თავმჯდომარემ კომისიის თავმჯდომარეს, თომა ჯაშს.

სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა, კომისიის 13 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ ოთხმა წევრმა არ დაუჭირა. ამ შემთხვევაში კომისია მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა. 

 

Another brick in the wall, ანუ რა ხდება სკოლის კედლებს მიღმა

 

„შვარცის ზღაპარში „დრაკონი“ რაინდი ლანცელოტი დრაკონისგან დაპყრობილ ქალაქში ჩადის და იქაური მოსახლეობისგან ესმის – ერთადერთი, რაც დრაკონმა კარგი გააკეთა, ის არის, რომ ბოშები გაასახლა აქედანო… „მაგრამ ბოშები საყვარელი ხალხია“, – გაკვირვებულია ლანცელოტი. „რას ამბობთ, საშინელი ხალხია“, _ პასუხობს არქივარიუსი, – „მართალია, ცხოვრებაში არ მინახავს ბოშა, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ უცნაური ხალხია – ხეტიალი სისხლში აქვთ გამჯდარი… ბავშვებს იპარავენ…“ (ქვეყნდება ავტორის თანხმობით).

 

 

მოცემულ პასაჟს, შესაძლებელია, კონტექსტის მიხედვით სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეს, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბოლო ნაწილია, სადაც ზღაპრის ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლაში ასწავლეს. უდავოა, რომ თითოეული ჩვენგანი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს სკოლაში ატარებს. სკოლაშივე ვსწავლობთ სამყაროს აღქმას, შევიმეცნებთ და ვაანალიზებთ ჩვენთვის უცნობ მოვლენებს, ვეჩვევით ადამიანებთან ურთიერთობას და რაც მთავარია, გვიყალიბდება გარკვეული ღირებულებათა სისტემა, რომელიც, ვფიქრობ, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღივით აზის ჩვენს ცნობიერებას. სწორედ ამიტომ, კარგად მესმის ამ გმირის, რომელსაც ეზიზღება ბოშა, თუმცა იგი თვალით არასდროს უნახავს, ისევე როგორც, ჩვენს თანამემამულეებს ეზიზღებათ წიგნები, რომლებიც არასოდეს წაუკითხავთ, ფილმები, რომლებიც არასოდეს უნახავთ, ადამიანები, რომლებსაც პირადად არ იცნობენ, ანუ სძულთ ყველაფერი უცხო, განსხვავებული, რაც მათ მსოფლმხედველობასა და ღირებულებებს არ შეესაბამება. და იცით რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ, სკოლაში ასე გვასწავლეს.

 

 

ჩემი თუ არ გჯერათ, ციფრებს გადავხედოთ. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ევრონებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის ფარგლებში საქართველოს 2053 საჯარო სკოლიდან 27 557 დაწყებითი საფეხურის   პედაგოგი გამოიკითხა. ამ კვლევის თანახმად, მასწავლებელთა 46%-ზე მეტი ღიზიანდება, როცა ადამიანები მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ. პედაგოგთა 52%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა. რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით უფრო მძიმე სურათი იკვეთება, კერძოდ, გამოკითხულ მასწავლებელთა 83.8% მიიჩნევს, რომ არატრადიციული რელიგია (სექტები) საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ხოლო რესპონდენტთა 70%-ზე ოდნავ მეტი ფიქრობს, რომ მართლმადიდებლები პრივილეგირებული უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში. გამოკითხულთა 74.9% მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობები საფრთხეს უქმნიან ქვეყანას და საზოგადოებას, ხოლო 47%-ის აზრით, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება უნდა იყოს.

 

 

მკითხველი იკითხავს, რა დროს სკოლა და სასკოლო განათლებაა, ისეც ამდენი პრობლემა გვაწუხებსო. არჩევნები კარს მოგვადგა, ეკონომიკა ვერ ვითარდება, სამუშაო ადგილები არ იქმნება, ქმრები ცოლებს კლავენ, ქვეყანა ოკუპირებულია, უმცირესობების უფლებები ირღვევა, ჩრდილოელი დიდი ძმის როგორც განსვენებული, ასევე ჯერ კიდევ ცოცხალ ბელადთა სულები ჩვენი თანამოქალაქეების უგვანო სხეულებში ლამის ნიცშეს ზეკაცივით განსხეულებულები, ამაყად დაიარებიან დედაქალაქის ქუჩებში სამფეროვანი დროშების ფრიალით და ა.შ.

 

 

მაწუხებს, განა არ მაწუხებს? თუმცა, ყველა პრობლემის თავი და თავი მაინც სკოლა მგონია. სკოლა, რომლის მთავარ დანიშნულებად წლიდან წლამდე ერთგვაროვანი, ერთსახოვანი და ერთფეროვანი თაობის უხვად წარმოება ქცეულა. სკოლა, სადაც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი ღირებულება _ ადამიანი ეზიზღებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან რაღაცით განვსხვავდებით. სკოლა, სადაც ჩვენი შვილები იმ იმედით დაგვყავს, რომ თავისუფალ, პასუხისმგებლიან, შემწყნარებელ და ტოლერანტ მოქალაქეებად აღიზრდებიან და შესაბამის ცოდნას შეიძენენ. სინამდვილეში კი…

 

 

სინამდვილეში, საჭიროა თითოეული ჩვენგანის მეტი ჩართულობა, საკუთარი შვილების აღზრდაში აქტიური მონაწილეობა, რაც დილაობით სკოლაში მიყვანითა და საღამოს მიკითხვით არ უნდა შემოიფარგლოს. კარგად უნდა შევიხედოთ სკოლებში და ნანახმა აგვაღელვოს, აღგვაშფოთოს, გაგვაბრაზოს, თუ არადა, უფლება არ გვაქვს სხვა პრობლემებზე ვიწუწუნოთ, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა სკოლაა და მის კედლებს მიღმა არსებული რეალობა.

კანონდარღვევა რეაგირების გარეშე

2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის მოქალაქე შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის. იგი საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელია, ორგანიზაციის, რომელიც ბათუმში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლაზე, გადარჩენასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავს. როგორც აღმოჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე წმ. ბარბარეს ეკლესიის ფასადზე რემონტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონით აკრძალულია. მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განაცხადეს, რომ სააგენტოს სარემონტო სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, ეკლესიის წინამძღვარმა, გიორგი მამალაძემ კი „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სამუშაოები მეუფე დიმიტრის კურთხევით მიმდინარეობდა.

საპატრულო პოლიციაში კანონდარღვევაზე ინფორმაციის შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კანონდარღვევაზე ამ დრომდე მოკვლევა მიმდინარეობს.

კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, აკრძალულია უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის თვითნებური გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტის, მირზა ცეცხლაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით ჯარიმდება. მსგავს შემთხვევებზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს  8 ოქმი აქვს შედგენილი, მათგან სამი – 2014 წელს.

საკულტო ძეგლებზე ზედამხედველობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. შესაბამისი ზომების მიღებაც მათი კომპეტენციაა, თუმცა სააგენტოს ამ დრომდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, წმ. ბარბარეს ეკლესიის უკანონო ხელყოფის გამო არავისთვის მოუთხოვია პასუხი. სააგენტოში ამ დრომდე არ შესულა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების პროექტიც. სააგენტოს პრესსამსახურში კი „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს კითხვაზე, თუ რატომ არ რეაგირებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უკანონო სახეცვლილებაზე.

„იმ შემთხვევაში, როცა გაფრთხილება, არ არის ეფექტური, ბუნებრივია შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იფიქრონ უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონე ზომის გამოყენებაზე“ – ამბობს სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადვოკატირების საკითხებზე ხშირად მუშაობს.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანია, როცა კერძო და იურიდიული პირები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფისათვის ჯარიმდებიან, მაშინ როცა სასულიერო პირების დაჯარიმების შემთხვევები არ გვხვდება, სულხან სალაძე პასუხობს, რომ კანონმდებლობასთან მიმართებაში აბსოლუტურად ყველა თანასწორია და კანონი არ აკეთებს რაიმე განსაკუთრებულ დათქმას, საეკლესიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იქნება დარღვევა სახეზე, თუ საერო მნიშვნელობის ძეგლზე:

„პასუხისმგებლობის მომენტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დადგეს. რაც შეეხება გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხს, როდესაც შედის შეტყობინება დანაშაულის ნიშნების შესახებ, ეს უკვე არის საგამოძიებო ორგანოებისთვის გამოძიების დაწყების ვალდებულება და არა – უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში ხელისუფლება არ არის თანმიმდევრული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების ქმედება არ არის ეფექტური და დროული.“

საქართველოს შს სამინისტროს განმარტებით, ჯერ ისევ ძიების პროცესშია 5 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ეკლესიის ჩამონგრევის შესახებ საქმე, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ორიც დაშავდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, გამოძიება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება. ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 5 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით, ეკლესია უკანონოდ შენდებოდა. მშენებლობა შეთანხმებული არ ყოფილა არც საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ხუროთმოძღვრების ცენტრთან.

ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 15 ივნისს, ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანა „ფოლკსვაგენი“-ს ოთხივე საბურავი მოხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ იური ხ-მ ნაქურდალი საბურავები იმავე მარკის საკუთარ ავტომანქანაზე დააყენა. სამართალდამცველებმა სამივე პირი ბათუმში, მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. მოპარული საბურავები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით). 

დემოკრატიის ინსტიტუტი უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაუქმებას ითხოვს

 

გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

დემოკრატიის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს აჭარის უმაღლეს საბჭოში არსებული „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის“  გაუქმების მოთხოვნით. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის ივნისში ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია’’ შეიქმნა.

ადამიანის უფლებათა დაცვა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს: ა) საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება; ბ) კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა/კონტროლი; გ) ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკული თვალსაზრისით (სამართლებრივი დახმარება, ადვოკატირება). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებიდან არცერთ სფეროში არ გააჩნია უფლებამოსილება.

 

 

ადამიანის უფლებების დაცვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მით უფრო დეპუტატს, თუმცა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა იქმნება, მას შესაბამისი უფლებამოსილება და ინსტრუმენტები სჭირდება, რაც ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია. 

 

’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის’’ მე-8 მუხლის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს’’. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების (თავისი კომპეტენცია) ნუსხაში საერთოდ არ გვხვდება ადამიანის უფლებათა დაცვა, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თავისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ არსებობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია (კომისიის დებულების მე-5 მუხლი): ა) ადამიანის უფლებათა საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მის განხორციელებაზე მონიტორინგი; ბ) ადამიანის უფლებათა სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ადამიანის უფლებათა საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი.
’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება, ნორმატიული აქტით მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული საკითხები’’. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი, სწორედ ადამიანის უფლებებს ეხება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების მოწესრიგების, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში რაიმე სახის ნორმატიული აქტის მიღების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად კომისიის ’’საქმიანობის ძირითადი მიმართულებების’’ აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

 

როგორც ამავე კომისიის დებულებიდან ჩანს, კომისიის ფუნქცია მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით მუშაობაა, მაშინ როცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არსებობს სხვა მუდმივმოქმედი კომისიებიც, მათ შორის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რომლებიც თავისი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, თავისთავად მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია.

 

თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ არსებობა და ამ მიზნით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა რაიმე ლოგიკით გამართლებულია, ზუსტად იგივე არგუმენტით ამგვარი კომისია შეიძლება შეიქმნას აჭარის მთავრობაში, სამინისტროებში, საკრებულოში, გამგეობაში, დასუფთავების სამსახურში და ა.შ. საბიუჯეტო დაფინანსებით სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უნდა იქმნებოდეს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია’’ უნდა გაუქმდეს.“ – ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას დეპუტატი მედეა ვასაძე ხელმძღვანელობს, 2013 წელს მას მოქალაქე დოდო დიასამიძემ უჩივლა. იგი დეპუტატს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პროკურატურა ამ საქმეს ჯერ ისევ იძიებს.

 

მედეა ვასაძეს ასევე უჩივლა მისმა ყოფილმა თანაშემწემ, სოფიო კობალაძემ.

 

ბოლო, გახმაურებული ინციდენტი კი ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს უკავშირდება. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი მედეა ვასაძე  ჯაბა ანანიძეს საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“, ეთერში გასვლის შემდეგ დაუკავშირდა  და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.  

 

 აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა. 

„რა დღეში ხარ, პოემას წერ?“ – ამბავი 30-ე უბნიდან

30-ე საარჩევნო უბანი

კომისიამ კენჭისყრით გამოვლენილი რეგისტრატორი ჩაანაცვლა, მიზეზად კი „თვალის ტკივილი“ დაასახელა. საქართველოს იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა (საია) დასვა კითხვა თუ რა ვადით განხორციელდა ჩანაცვლება? – „ მე რა ვიცი, ორ საათში მოურჩება ამ კაცს თვალი?“- კითხვას კითხვითვე უპასუხა კომისიის თავმჯდომარემ ინგა დიასამიძემ. რის შემდეგაც „საიას“ დამკვირვებელმა მაკა დოლიძემ ჯერ ჩანაწერთა წიგნში შეიტანა ცვლილება, შემდეგ კი საჩივარი დაწერა.

დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „მომავლის არჩევანი“, საარჩევნო უბნის ეზოში ქალბატონების მობილიზება გააპროტესტა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „დაინახა ერთ-ერთი ქალბატონი სიებით“. ამ სიების მიხედვით, ის პერიოდულად სატელეფონო ზარებს ახორციელებდა. დამკვირვებელმა მიხეილ ფუტკარაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ქალბატონები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და არა მხოლოდ ამომრჩევლის უბანზე მოსვლას უწევდნენ ორგანიზებას, არამედ ზეწოლას ახდენდნენ ამომრჩევლზე.

ეზოში მობილიზებულებს კომისიის თავმჯდომარე  გაესაუბრა. უბანზე დაბრუნების შემდეგ კი მან განმარტა, რომ „რაც ხდება ეზოში, მას არ ეხება.“

ეზოში მობილიზებული ქალბატონებიდან ერთ-ერთს, დალი ქემოკლიძეს ცეკოს მიერ აკრედიტებული ბიჯი აღმოაჩნდა. ის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისდან“ იყო აკრედიტებული. კომისიის თავმჯომარემ მასზე თქვა, რომ „ეს ქალი მისი მეზობელია, მაგრამ მან არ იცის ვის ემსახურება ის“, პერიოდულად საარჩევნი უბანზე შესული დალი ქემოკლიძე თავმჯდომარესთან განცალკევებით საუბრობდა. მან „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.

მოგვიანებით დამკვირვებელმა აღმოაჩინა ისიც, რომ დალი ქემოკლიძე, როგორც დამკვირვებელი ჩანაწერთა წიგნში არ დაუფიქსირებიათ. კომისიის მდივანმა მიზეზად „დამკვირვებელთა შორის ზეპირი შეთანხმება დაასახელა.“

დალი ქემოკლიძის თანხმლები ერთ-ერთი ქალბატონი ვიდეო და ფოტო კამერების დანახვისას ასე რეაგირებდა: „საღამომდე აქ ვიქნები, ლამაზი ვარ და მიღებენ“. ამ ქალბატონებთან პერიოდულად კონტაქტობდნენ საარჩევნო უბნის ეზოს ჭიშკართან მდგომი მამაკაცები, რომლებმაც ფოტოაპარატის დანახვა გააპროტესტეს: „გოგო შენ რას იღებ? ამომრჩეველია მოსული და ნუ იღებ გაიგეე?“. ეს მამაკაცები ეზოში მყოფ ქალებთან ერთად დღის ბოლომდე დარჩნენ.

 

საიას დამკვირვებელმა კიდევ ერთი საჩივარი დღის ბოლოს კენჭისყრით გამოვლენილი მთვლელის ჩანაცვლების გამო დაწერა. ქალბატონმა, რომელსაც კენჭისყრით მთვლელის ფუნქცია ერგო განაცხადა, რომ კარგად ვერ ხედავს. ამასთან, შეუძლოდ იყო და მთვლელის ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა.

საიას დაკვირვებელმა მაკა დოლიძემ კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ „კენჭისყრით გამოვლენილი მთვლელის ჩანაცვლება დარღვევა იყო და ამის გამო საჩივარს დაწერდა.“ კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების შეთანხმება ოლქის თავმჯდომარესთან ტელეფონით სცადა, თუმცა უარი მიიღო.

უბანზე კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი ბიულეტენების დათვლის პროცედურა გახდა. კომისიამ გადაწყვიტა მაჟორიტარული, პროპორციული და მერების ბიულეტენები ცალ-ცალკე დაეხარისხებინა, ისე რომ გადაწყობისას კომისის წევრები არ აცხადებდნენ შემოხაზული ციფრის შესახებ ინფორმაციას.

საიას დამკვირვებელმა საჩივრის მომზადება დაიწყო, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარე დაუკავშირდა ბათუმის ოლქს და „საიას“ და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ჩანაცვლება მოთხოვა.

ადგილზე ოლქის თავმჯდომარესთან, კახა ჯაიანთან ერთად დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ, რის შემდეგაც დათვლის პროცედურა გაგრძელდა ისე, როგორც ამას „საიას“ დამკვირვებელი ითხოვდა. კომისიის თავმჯდომარემ კი აღიარა, რომ კომისია არასწორი მეთოდით ითვლიდა.

კამათი ბათუმის #3 საარჩევნო უბანზე [ვიდეო]

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ითხოვდა, რამდენიმე ადამიანს ხმამაღლა გამოეცხადებინა მიღებული ხმები დათვლის პროცესში. თავმჯდომარემ დამკვირვებელს მისცა გაფრთხილება, რომ დაატოვებინებდნენ უბანს. კომისიის წევრი უბნიდან გაგდების მუქარით თხოვდა „ბათუმელების“ კორესპოდენტს წაეშალა გადაღებული ვიდეო, ის ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა გადაღების უფლება, თავმჯდომარეს ეთანხმებოდნენ საიასა და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებიც, იურისტებთან განხორციელებული ზარის შემდეგ კორესპოდენტს მუშაობაში ხელს აღარ უშლიდნენ.  

 

კამათის ფონზე ხმის დათვლის პროცედურა მძიმედ მიმდინარეობდა, იყო პროცედურულ დარღვევებიც, რაზეც დამკვირვებლები არ რეაგირებდნენ.  

დამკვირვებელს საჩივრის დაწერა და ვიდეოგადაღება შეუზღუდეს [ვიდეო]

 

 

დამკვირვებელმა ვიდეოს გადაღებამდე რამდენჯერმე სცადა დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრის დაწერა, მაგრამ უბანზე არც ერთი საჩივარი არ გაატარეს რეგისტრაციაში. დამკვირვებლის მიმართ იყო სიტყვიერი მუქარაც ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.

 

 საჩივარს, ხვალ, 17 ივნისს, ხულოს 84-ე ოლქში განიხილავენ. 

ბათუმის მერობის კანდიდატები არჩევნებს აფასებენ

 

 

ალექსანდრე თევზაძე (საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“):  არსებით პრობლემას ვერ გამოვყოფ, გარდა იმისა, რომ ხალხის აქტიურობა იყო ნაკლები. ამის მიზეზები, ალბათ, კომპლექსურად უნდა ვეძებოთ. დაბალი აქტივობის შედეგი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის ანარეკლიც და ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობის იმედგაცრუების შედეგი. ვფიქრობ, ამაზე სამუშაოა, სხვანაირად ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბებთ სახელმწიფოს. 

 

მურმან ბერიძე (ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიცია): ყველაფერი რიგზეა, თუმცა იყო მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტები „ნაციონალებიდან“ და „ოცნებიდან“. ამომრჩევლის აქტივობაც იყო ძალიან დაბალი – 45 პროცენტი მოვიდა ამომრჩევლის, ეს ძალიან ცუდია. 

 

გიორგი დიასამიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“):  ჯერჯერობით პრობლემებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც მოვიდა არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირა. ასევე ვიტყვი, რომ სერიოზული დარღვევები მოხდა ბათუმში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. აქტივობა ამომრჩევლის გადასაწყვეტია და ვფიქრობ ნაკლები იყო, თუმცა მიზეზები არ ვიცით, ვერ გეტყვით.

 

თეიმურაზ მიქელაძე (დავით თარხან–მოურავი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი): მოგვიანებით დარეკეთ, ახლა არასწორი იქნება ჩემი მხრიდან შეფასებები.

 

დურმიშხან შაინიძე (საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“):  რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან იყო ხარვეზები, როგორც პროცესუალური, ასევე უბნებზე იყო აგიტაციის ფაქტები. ველოდებოდი უფრო მეტ ამომრჩეველს, რადგან პირდაპირი წესით მერის პირველი არჩევნები იყო. ველოდი უფრო მეტს თუნდაც იმ ადამიანებისგან, ვინც იმედგაცრუებულია წინა არჩევნებისგან, უნდა მოსულიყო და დაეფიქსირებინა პოზიცია, რადგან სახლში ჯდომით არაფერი არ იცვლება.

 

ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია): მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ყოფილა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები, მაგრამ ამას ვერ მოვსპობთ ჩვენ. კმაყოფილი არ ვარ ამომრჩევლის აქტიურობით. მიზეზი ერთია, ხელისუფლების უუნარობა, რომ დაპირებები არ შეასრულა.

 

 

დავით დიასამიძე („ირაკლი ღლონტი–რეფორმატორები“): ბევრი პრობლემა დავინახე. არათანაბარი მდგომარეობაა საარჩევნო სუბიექტებისთვის შექმნილი. თუმცა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ დამანახვა თუ რა არის ადამიანი და ვინ უნდა იყოს ქალაქის თავკაცი. აქტივობის კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ამომრჩეველი მოვიდა და გააკეთა არჩევანი და  მე ზოგიერთებივით ავტობუსით ხალხის ზიდვა არ დამჭირვებია და უფულოდ, მოსყიდვის გარეშე ჩავატარე ჩემი არჩევნები.

 

 

მერაბ ხიმშიაშვილი („ერთიანობის დარბაზი“): მნიშვნელოვანი პრობლემა ის იყო, რომ ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო, მარტივი მიზეზის გამო – ხელისუფლებას ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ ამომრჩეველი ჩართულიყო საარჩევნო კამპანიაში, რაც მიმაჩნია, რომ  არასახელმწიფოებრივია, რადგან ლეგიტიმაცია უფრო მაღალი უნდა იყოს. ასევე გამოვყოფდი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ზეწოლებსა და იმ სპექტაკლებს, რომელიც ამ ქვეყანაში ტარდება ეგზიტპოლების სახით.

 

 

გოჩა გუგუნავა („სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“): აქტივობა დაბალი იყო. მიზეზი ის არის, რომ ამომრჩეველმა ნდობა დაკარგა და ეს იყო ამ არჩევნების შედეგი.

 

 

ნუგზარ ჩხაიძე („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“): არჩევნების დღეს დიდი არაფერი დარღვევები არ ყოფილა, მაგრამ მანამდე არათანაბარი პირობები იყო შექმნილი. შედიოდნენ სახლებში „ოცნების“ აგიტატორები და ეკითხებოდნენ ვის აძლევ ხმას, რატომ აძლევ. ეს არის უკვე ამომრჩეველზე ზემოქმედება. ასევე, განცხადებები ღარიბაშვილის, რომ არ დავუშვებთ „ოცნების“ დამარცხებას, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რადგან წინასწარ გამოაცხადეს, რომ ვიგებთ და დეპრესიაში ჩააგდეს ხალხი, რომ თუ მაინც ეს იგებს, რატომ მივიდე არჩევნებზეო და ბევრმა აარიდა თავი.

 

ეს იყო ეშმაკური ფანდი, დაიწყეს დიდი ხნით ადრე მაიმუნობა. არათანაბარი დრო იყო ეთერში ჩვენთვის დათმობილი. მარტო ერმაკოვი იყო ეთერში. ყველაზე მცირე დრო ჩვენ გვქონდა. სამკაციან მიტინგზე წავიდოდა, მიყვებოდა ტელევიზია, ესეც იყო ფარული რეკლამა.  

 

 

გიორგი ერმაკოვი  („ქართული ოცნება“): ნორმალურად ჩატარდა არჩევნები, დემოკრატიულად, მნიშვნელოვან ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. მშვიდ ვითარებაში იყო ყველაფერი და პრობლემები არ დამინავს. ყველა პარტიის წარმომადგენლისა და კანდიდატებისთვის არჩევნებმა ჩაიარა თანასწორ გარემოში. აქტივობა იყო დაბალი, მაგრამ მაინც საკმარისი. პირველად ტარდებოდა ზაფხულში არჩევნები, კლიმატმაც არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ მშვიდ და კარგ გარემოში ჩაიარა არჩევნებმა.   

არჩევნები აჭარაში – არასამთავრობო სექტორის შეფასება

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორი ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში მშვიდი სიტუაცია იყო: „აჭარაში არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის დარღვევები, ისეთი, რომელმაც შეიძლება საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიოს, თუმცა იყო ბევრი პროცედურული და ტექნიკური ხასიათის გადაცდომა, დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა საარჩევნო უბნის გახსნიდან დღის ათ საათამდე. ეს ეხებოდა, ვთქვათ, საკონტროლო ფურცლის არადროულად ჩაგდებას, იყო ფაქტი, როცა პირველ მოქალაქეს ისე მიაცემინეს ხმა, რომ არ იყო საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩაგდებული. იყო შემთხვევა, როცა ჩვენი დამკვირვებლები არ შეუშვეს უბნებზე, მაგრამ ჩავრთეთ საოლქო და აღმოიფხვრა ეს პრობლემა.

ძირითადი, რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, ბათუმის რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება, იმისათვის, რომ აღერიცხათ რამდენი ადამიანი მივიდა არჩევნებზე. მე არ მინახავს, ისინი ეწეოდნენ  თუ არა პოლიტიკურ აგიტაციას, თუმცა ის, რომ უბანთან ახლოს იდგნენ, არ არის კანონდარღვევა. პრობლემა იყო ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ახლად ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, იყვნენ პოლიტიკური პარტიების სუბიექტები და მათი საქმე იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ აღერიცხათ უბანზე მისული ამომრჩეველი. ეს არის დამატებითი გზა პარტიებისთვის, ჰყავდეთ უფრო მეტი დამკვირვებელი უბანზე, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ჩვენგან განსხვავებით, აკვირდებოდნენ მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობას და მათი კვალიფიკაციაც არ იყო ისეთი, რაც მოეთხოვება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.“

მადონა ბერიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში მათმა ორგანიზაციამ ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევები დააფიქსირა: „ბათუმის მასშტაბით ჩვენ ყველა უბანზე გვყავდა დამკვირვებელი, დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიც არის: გადასატანი ყუთის სია ამოვიდა ისე, რომ არც ერთ ამომრჩეველს ხელი არ ჰქონდა მოწერილი, ამომრჩეველს კი ხმა  ჰქონდა მიცემული; აგიტაციის ფაქტი დავაფიქსირეთ; ასევე მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი; ამომრჩეველს ხელი დახვდა სიაში მოწერილი; იყო შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სიაში არ იყო ამომრჩეველი; #21-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება; ჩვენმა ორგანიზაციამ ამ დრომდე ბათუმში დაწერა ცხრა საჩივარი და ჩვენ ვითხოვთ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ასევე, ხაზს გავუსვამ იმას, რომ აქტიურად გამოიკვეთა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთებისა და საჩივრის დაწერის პრობლემა. რატომღაც ყველა საარჩევნო ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ეს დიდი პრობლემაა და ამ უფლებას უზღუდავენ დამკვირვებლებს.

ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებია და ჩვენ ვითხოვთ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებას იმ ადამიანების, ვის მიმართაც დაფიქსირდა შენიშვნები.“ მადონა ბერიძე ამბობს, რომ თითქმის იმავე ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

გია ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საიას აჭარაში 70 საარჩევნო უბნის დამკვირვებელი ჰყავდა:  „ძირითადად იყო ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რაც იყო გამოწვეული საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების არაკომპეტენტურობით. გასულ არჩევნებს რომ შევადაროთ, ძირითადად იმავე ტიპის, ტექნიკური ხასიათის დარღვევებია. არსებითია ის, რომ მომავალი არჩევნებისთვის უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი“-  ამბობს გია ქარცივაძე.

ქართული ოცნების მაჟორიტარები ბათუმის საკრებულოში

 

ირაკლი ჭეიშვილი, თამაზ თურმანიძე, თენგიზ აფხაზავა და ნატალია ზოიძე. კოალიციიდან საკრებულოში შევლენ:  „რესპუბლიკელი“ ზაურ ახვლედიანი, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ – ნინო ბერაძე, კონსერვატიული პარტიიდან -დიმიტრი დარჩია.

 

რაც შეეხება მაჟორიტარებს, საკრებულოში „ოცნება“ ამ დროისთვის  ცხრა მანდატითაა წარმოდგენილი. მეათე  მანდატით თეიმურაზ ყურაშვილი უნდა შესულიყო, თუმცა ამ უბნის შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიამ გააბათილა და საბოლოო შედეგი მეორე ტურის შემდეგ იქნება ცნობილი.

 

„ოცნების“ მაჟორიტარები არიან:  ჯაბა ბერიძე, ლევან კინწურაშვილი, თეიმურაზ ორაგველიძე,  თეიმურაზ ბასილაძე,  ირაკლი ჩავლეიშვილი,  კობა ჩხეიძე,  ვაჟა რამიშვილი,  ლაშა სირაბიძე,  ირაკლი მიქელაძე. 

ვინ რამდენი მანდატით შედის ბათუმის საკრებულოში

 

 

ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიცია ერთ მანდატს მიიღებს (4071 ხმა) და გიორგი ცინცქილაძე გახდება საკრებულოს წევრი (2459 ხმით),  სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზა“ ერთი მანდატით იქნება წარმოდგენილი (გია კაკაბაძე), „ერთიანობის დარბაზიც“ ერთ მანდატს მიიღებს. ერთიანობის დარბაზი რამაზ სურმანიძით იქნება წარმოდგენილი (2139 ხმა).  

 

ბათუმის საკრებულოში სულ 23 წევრია, აქედან ცხრა მაჟორიტარი „ოცნებიდან“ არის წარმოდგენილი.  „ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის თემურ ყურაშვილის მანდატის საკითხი, განმეორებითი ტურის ჩატარების შემდეგ გაირკვევა. ის  ბათუმის 103-ე უბანზე იყრიდა კენჭს, თუმცა უბნის შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  ბათილად გამოაცხადა. 

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

საჩივრები ბათუმის ოლქში

 

ოლქის იურისტის მალხაზ ბოლქვაძის ინფორმაციით „საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებსა და საარჩევნო მოხელეების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ეხება“

ბათუმის ოლქი საჩივრებს ხვალ განიხილავს. 

103-ე საარჩევნო უბანი გაბათილდება

„სასწაული უნდა მოხდეს რომ ყურაშვილი ვერ გავიდეს, თუმცა, კენჭისყრა განმეორებით მაინც გაიმართება, რადგან უბნის შედეგები დროულად ვერ დაჯამდა. იყო ხელისშეშლა და ქაოსი“-აცხადებს მალხაზ ბოლქვაძე.

მისივე ინფორმაციით, ხვალ ბათუმის 103 საარჩევნო უბანი ბათილად გამოცხადდება.


მალხაზ ბოლქვაძე

თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქედის მუნიციპალიტეტში

 

 

„მეორე ტური არ ჩატარდება“- აცხადებს საოლქოს თავმჯდომარე.

 

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს  როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ცხრა მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ესენი არიან: სილოვან ბერიძე და გენადი არძენაძე. დანარჩენ ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. 

 

პროპორციული სიის მონაცემები ჯერ-ჯერობით ოლქში არ არის: „აქ ალბათ სხვანაირი გადაანგარიშებაა საჭირო, ოცნება ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდეგ ბურჯანაძის „გაერთიანმებული ოპოციზია“. ოქმები დასაზუსტებელია და შეჯამების შემდეგ, ერთ კვირასი გვექნება საზუსტებული მონაცემები. 

 

 

ქედა

ხულოში მეორე ტური „ქართულ ოცნებასა“ და პატრიოტთა ალიანსს შორის გაიმართება

 

ხულოს ოლქში „ქართული ოცნების“ 9 მაჟორიტარმა გაიმარჯვეს. „ნაციონალების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ორ ოლქში – დაბა ხულოსა და ხიხაძირში; დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა ორ ოლქში – დეკანაშვილებსა და დიდაჭარაში; ვაშლოვანში გამარჯვება მოიპოვა ნინო ბურჯანაძის კანდიდატმა.

 

პროპორციული სიით „ქართულმა ოცნებამ“ 58%-ი მიიღო და 9 წევრს შეიყვანს საკრებულოში, ნაციონალურ მოძრაობას 3 მანდატი ექნება, 1 მანდატი – თარხან მოურავის პარტიას, 1 ან 2 წარმომადგენელი კი – ნინო ბურჯანაძეს.

 

ხულოს ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14 152 ამომრჩეველმა; ხულოში სულ 23 915 ამომრჩეველია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოლქის შედეგები

 

50 პოცენტით ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნება“,

 

18, 7 – ნაციონალური მოძრაობა.

 

15, 7 – ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიცია“

 

4,7  –  დავით თარხანმოურავის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

 

სხვა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს.

 

რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატს, ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნადიმ ვარშანიძე.

ამ მონაცემების მიხედვით ხელვაჩაურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე თურის ჩატარება საჭირო არ იქნება. 

ბათუმში მეორე ტური იქნება

 

მალხაზ ბოლქვაძე: „103 უბნიდან 102 დათვლილია. ამ ერთი უბნის მონაცემები სავარაუდოდ გაუქმდება. საბოლოო შედეგებით გიორგი ერმაკოვს („ქართული ოცნება“) 45,5 აქვს, გორგი დიასამიძეს – 17,5%.

 

ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატმა გაიმარჯვა. რაც შეეხება პოლიტიკურ სუბიექტებს საკრებულოში ექვსი პარტია შედის.

 

ქართული ოცნება ბათუმში გამარჯვებისთვის ემზადება

“ჩვენი გათვლებით კარგი შედეგებია, უბრალოდ ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით. დაგეგმილი არაფერი გვაქვს, სპონტანურად აღვნიშნავთ აუცილებლად. სავალდებულო არ არის ფოიერვერკი. ხახლი მოვა – ჩვენი მხარდამჭერები და ეს იქნება” – ამბობს გიორგი ერმაკოვის პრესსამსახური.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგებით ბათუმში გიორგი ერმაკოვი ლიდერობს

 

გიორგი ერმაკოვი (“ქართული ოცნება”) – 42, 6%,

გიორგი დიასამიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 14, 7%,

 

შეგახსენებთ, ეს არის რუსთავი 2-ის ეგზითპოლის შედეგები 18 საათის მონაცემებით. 

 

 

 

 

 

 

დაპირდა თუ არა არჩილ ხაბაძე გონიოს მოსახლეობას მიწებს ხმების სანაცვლოდ

 

ბათუმის მერობის კანდიდატის, გოჩა გუგუნავას შტაბის  განცხადებით, არჩილ ხაბაძემ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მიწის დარეგისტრირებას დაპირდა, რაც წინასაარჩევნო მოსყიდვაა.

 

„კომისია არის შექმნილი და ყოველ დღე ვმუშაობთ იმაზე, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ“- ეუბნება არჩილ ხაბაძე შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას.

 

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ საუბარში ერთვება შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ამბობს:  „თუ გინდათ არჩევნებამდე დავანაწილოთ ეს ნაკვეთები, რახან წამოიჭრა ეს საკითხი. მოიტანეთ რეალური სია, ცენტრალური ხელისუფლებიდანაც არის პოლიტიკური ნება და ბატონმა არჩილმაც ბრძანა“.

 

„არც ვყიდით (მიწას)და არც არაფერს ვუშვებით…“ -ამბობს ხაბაძე ჩანაწერში.

 

 

არჩილ ხაბაძემ, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირი კომენტარი, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გააკეთა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

 

„ არ მაქვს სურვილი აგონიაში მყოფი ოპონენტების პროვოკაციას ავყვე, მაგრამ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საჭიროდ ვთვლი გამოვეხმაურო გოჩა გუგუნავას განცხადებას, თითქოს გონიოს მოსახლეობას მიწების დაბრუნებას დავპირდი არჩევნებში ხმის მიცემის სანაცვლოდ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 13 ივნისს უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად მართლაც შევხვდი გონიოს მოსახლეობას მათივე თხოვნით და კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ სამთავრობო კომისია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მხოლოდ შესწავლისა და საბოლოო დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათ მოთხოვნებზე რეაგირება. არანაირი საუბარი არჩევნებზე და დაპირება მიწების დაბრუნებაზე არ ყოფილა. რაც შეეხება ოპონენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, ისიც ადასტურებს, რომ საუბარი არჩევნებს არ ეხებოდა“.

„ამომრჩევლებს ითვლიან როგორც ცხვრებს“ – ბრიფინგი სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის ოფისში

 

„დღეს ვიყავით ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე და თითქმის ყველგან დაგვხვდნენ მობილიზებული მმართველი პარტიის დამთვლელები. ისევ კორიდორში უწევთ ადამიანებს არჩევანს გაკეთება, მათ ითვლიან, როგორც ცხვრებს!“  -ეს განცხადება დღეს „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ბრიფინგზე ვიდეომასალაც წამოადგინეს, სადაც ჩანს, #16 უბანზე მობილიზებული სამარშუტო ტაქსი, რომელსიც ქალბატონები ისხდნენ ხელში სიებით.

 

 

ბრიფინგზე „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზეც ისაუბრეს. კერძოდ, ბათუმის 38-ე უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა ერთ-ერთ ამომრჩეველს 50 ლარი გადასცა. მმართველი პარტიის დამკვირვებელმა თანხის გადაცემის ფაქტი აღიარა, თუმცა უარყო, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა.

 

 

 

ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგი საარჩევნო დარღვევებზე

 

გიორგი კირთაძის თქმით, მათ დამკვირვებლებს დღის განმავლობაში ხელი ეშლებოდათ ვიდეო გადაღებაში, რაც კანონით დაუშვებელია, მისივე თქმით პრობლემები იყო საჩივრების დაწერასთან დაკავშირებითაც, კერძოდ კი, რამდენიმე უბანში მდივანი არ არეგისტრირებდა საჩივარს და არ იძლეოდა დამოწმებულ ცნობას.

 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ახლა ქართული ოცნება გეგმავს ე.წ. “კარუსელის” ჩატარებას – “მათ წინასაარჩევნოდ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ გაეგოთ, თუ რომელი ამომრჩევლები არ მივიდოდნენ უბანზე. მაგალითად #82 უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს, მის ნაცვლად ხმა უკვე მიცემული დახვდა” – ამბობს ის. თუმცა მათ მიერვე მოწედებული ინფორმაციით, ამ დარღვევაზე საჩივარი არ დაწერილა.

 

 

ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს ვიდეოკამერებით აკვირდება

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ვიდეოკამერებით იღებს. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს 40 კამერით აკვირდება. 

„ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან

ბათუმის #30-ე საარჩევნო უბანთან, რამდენიმე ათეულ მეტრის დაშორებით მოქალაქეების ჯგუფია მობილიზებული. ერთ-ერთი დამკვირვებელი, მიხეილ ფუტკარაძე ამბობს, რომ მათ სიები აქვთ და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები  არიან. „ბათუმელების“ ჟურნალისტს ერთ-ერთმა მოქალაქემ, დალი ქემოკლიძემ ცესკოს აკრედიტაცია წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის წამომადგენელია. ტელეფონზე საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მას აქვს კანონით იქ ყოფნის უფლება. პეროდულად იგი საარჩევნო უბანში ბრუნდება და კომისის თავმჯდომარეს განცალკევებით ესაუბრება.

„ქართული ოცნების“ კოორდნატორები არიან  #38 უბანზეც. უბანზე მისულ „ბათუმელების“ კორესპოდენტს დამკვირვებელმა უთხრა, რომ მან შენიშნა, როგორ გადასცემდნენ ფულს საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები მოქალაქეს. „ვალი გვქონდა მძღოლის და გადავუხადეთ“ – ასე განუმარტეს „ბათუმელების“ კორესპოდენტს ფულის გადაცემის მიზეზი ჯგუფის წევრებმა და საარჩევნო უბნიდან მოშორებით გადაინაცვლეს. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები.

„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ მათი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან შორიახლოს მოქალაქეების არჩევნებზე მისვლას უწევენ კოორდნაციას, მისი თქმით, ეს კანონის ჩარჩოებში ჯდება. ირაკლი ჭეიშვილი არ აკონკრეტებს, მათი რამდენი წარმომადგენელი მუშაობს დღეს ბათუმში საარჩევნო უბნებთან.

100 ბიულეტენი 103 ამომრჩეველს

 

12 საათის მონაცემებით რეგისტრირებული 103 ამომრჩველიდან უკვე ხმა მისცა 92 ამომრჩეველმა. კომისიის წევრები ასევე ამ უბნის ამომრჩველები არიან, თუმცა, ბიულეტენების სიმცირის გამო, რამდენიმე მათგანმა შესაძლოა ხმა ვერ მისცეს. 103 ამომრჩევლისთვის უბანზე 100 ბიულეტენია.

 

 

 

ქობულეთში მოკლე შორტით მისულ ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს

 

ქობულეთის #63 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც მოკლე შორტები ეცვა, უბანზე არ შეუშვეს.  აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაიწერა. 

თვითმმართველობის არჩევნები ქედაში

 

ქედის მუნიციპალტეტში სულ 31 საარჩევნო უბანია, ამ დროისთვის საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა. 
 
 

არჩევნები 2014 – ბათუმი [განახლებადი]


23:05 მას შემდეგ, რაც ოლქის თვმჯდომარე და საიას წარმომადგენლები #30 უბანზე მივიდნენ, დათვლის პროცედურა გაგრძელდა ისე, როგორც ამას საიას დამკვირვებელი მაკა დოლიზე ითხოვდა. იქამდე კომისიის წევრები ბიულეტენებს ახარისხებდნენ უხმოდ ისე, რომ არ აცხადებდნენ თუ ვინ რამდენი ხმა დააგროვა.


22:59 #30 უბანზე, ბათუმის ოლქის თავმჯდომარის კახა ჯაიანისგან კომისიის წევრებმა მიიღეს შენიშვნა – “გიწერენ საჩივარს ჩაიბარეთ, მიეცით ცნობა.”

 

22:50 #30 უბანზე იმყოფება ბათუმი ოლქის თავმჯდომარე კახა ჯაიანი და საიას წარმომადგენელი ნინო ტავლალაშვილი, ასევე “სამართლიანი არჩევნებიდან” მადონა ბერიძე. ისინი არკვევენ თუ, რატომ მოითხოვა კომისიის თავმჯდომარემ საიას დამკვირვებლის მაკა დოლიძის ჩანაცვლება.

 

22:40 #30 უბნის კომისიის თავმჯდომარემ დაურეკა ოლქის თავმჯდომარეს, საიას და “სამართლიანი არჩეევნების” დამკვირვებლების შესახებ და უთხრა რომ – მოაშოროს.  დამკვირვებლების მიმართ, შეურაცხმყოფელი წინადადებები ამ უბანზე მთელი დღეა ისმის. 

პრეტენზიები ამ დამკვირვებლების მიმართ, ოპოზიციური პოარტიების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ, იმის გამო რომ მათი მიზეზით პროცედურა გაჭიანურდა.


21:11  #30 უბანზე კენჭისყრით გამოვლენილი მთვლელი შეცვალეს, რის გამოც საიას დამკვირვებელი წერს საჩივარს. კომისიის წევრების მხრიდან მის მიმართ ისმის ფრაზები – “როგორ იქცევი, ასე არ შეიძლება, ყველაფერი წინ გაქვს”.

 

18:06 #29 უბანზე, 17 საათისთვის 1426-დან მხოლოდ 337-მა ამომრჩეველი მივიდა. ამ დრომდე ამ უბანზე საჩივარი არ დაწერილა.


17:50 ქედაში განსაკუთრებული აქტივობა წონიარისის თემში, საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ #29 უბანზე ფიქსირდება.

როგორც  ერ-ერთი ამომრჩეველი ამბობს, ამ უბანზე ამორჩევლები სოფლებიდან კანდიდატებს მოჰყავთ, ამ მაჟორიტარულ ოლქში ორი დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

ამავე უბანზე რეგისრატორმა, ჟუჟუნა გოგიტიძემ ამომრჩეველს ერთის ნაცვლად გამგებლობის ორი ბიულეტენი გადასცა, აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა შეიტანა


16:30 #38 უბანზე, მოქალაქემ ვერ იპოვა თავისი თავი სიაში, მისივე ვარაუდით ამის მიზეზი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა გახდა. მას ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.


16:01 #38 საარჩევნო უბანზე “მომავლის არჩევნების” დამკვირვებელს, კომისიის თავმჯდომარე არ აძლევდა ვიდეოს გადაღების საშუალებას, თუმცა მას შემდეგ რაც საჩივარი დაიწერა, მას მიეცა გადაღების უფლება.

 

15:02 ამ დროსთვის #17 უბანზე 1392-დან 292-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, #54 უბანზე 1368-დან 336-მა, ხოლო #18 საარჩევნო უბანზე 1474 ამომრჩევლიდან 320-მა. 


14:10 ამ დროისათვის რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შეინიშნება. ბათუმის #19 უბანზე სიაში 1416 ამომრჩევლიდან 180-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, #16 უბანზე – 1517 ამომრჩევლიდან 250-მა ამომრჩეველმა. 

 

13: 21 #53 უბანზე ჩანაწერთა წიგნში გაკეთებული საიას დამკვირვებლის შენიშვნის მიხედვით, დილის 8 საათისთვის უბანი მზად არ იყო გახსნისთვის, შევსებული არ იყო საკონტროლო ფურცელი და კომისიის თავმჯდომარემ ამ გამოაცხადა ბიულეტენების ოდენობა. ამ უბანზე 1264 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12 საათის მონაცემებით ხმა მისცა 148 ამომრჩეველმა. 


12:45 #13 საარჩევნო უბანზე 41 ნომრიანი მაისურით მოსულმა მოხუცმა მისცა ხმა, რის თაობაზეც შენიშვნა დაიწერა. უბანზე 1430 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან ხმა მისცა 185-მა ამომრჩეველმა. 

 

12: 20 ბათუმის #102 უბანთან ახლოს „დემოკრატიის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დამკვირვებლის, ბექა ექსეულიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზება შეინიშნებოდა. 

„სამარშუტო ტაქსით იყვნენ, დაახლოებით 15 ადამიანი. 20-25 მეტრის მოშორებით იდგნენ საარჩევნო უბნიდან, სიებით და ტელეფონზე რეკავდნენ, ხალხს მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისათვის“. მისი თმით, ისმოდა მოწოდებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაც. 

დამკვირვებლის თქმით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ უბანზე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ და მოისმინეს ინფორმაცია ამის შესახებ. ფაქტზე დაიწერა საჩივარი. 

უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მერაბ ბოლქვაძის თქმით, ამჟამად უბანზე სიმშვიდეა. საარჩევნო უბანზე 1246 ამომრჩეველია რეგისტირებული.

 

12: 10 ამ დროისთვის ერთი საჩივარია დაწერილი შუახევის მუნიციპალიტეტში, საჩივარი არასამთავრობო ორგანოზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ # 38 უბანზე დაწერა, უბანზე ერთდროულად შევიდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ლეიბორისტული პარტიების“ ორი წარმომადგენელი, არასამთავრობომ ეს ფაქტი გაასაჩივრა. 

12 საათის მონაცემებით შუახევში 15087 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 3 267 ამომრჩეველმა.


ერთი საჩივარი დაიწერა ხულოს #18 უბანზე, საჩივარი აქ საიას დამკვირვებელმა დაწერა, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელმოუწერელი ბიულეტენი მისცა, საჩივარის საფუძველზე რეგისტრატორი საარჩევნო უბნიდან მოიხსნა. 12 საათისთვის აქ 23 915 ამომრჩევლიდან არჩევანი 4 543 ამომრჩევლმა გააკეთა. 
 

12:09 #91 უბანზე ამომრჩეველი 11 საათის შემდეგ გააქტიურდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და წინა არჩევნებთან შედარებით აქტივობა დაბალია. ამ უბანზე რეგისტირირებული 1425 ამომრჩევლიდან ამ დროისათვის ხმა მისცა 248 ამომრჩეველმა. 


11: 45 #66 -ე უბანს გახსნისას მზად არ იყო საარჩევნო ბიულეტენები. უბანზე რამდენიმე შენიშვნა დაიწერა, მათ შორის: გაფრთხილებულ იქნა თავმჯდომარე; კომისიის წევრი, რომელიც საარჩევნო უბანზე ეწეოდა სიგარეტს და რეგისტრატორი, რომელმაც რამდენიმე ბიულეტენს წინასწარ მოაწერა ხელი, იმ მიზეზით, რომ ამომრჩევლის ნაკადი იყო დიდი და დროს დაზოგავდა, შენიშვნის შემდეგ მან ბიულეტენების ხელმოწერა შეწყვიტა. #66-ე უბანზე 1120 ამომრჩეველია. 

 

11:40  „რეფორმატორების“ დამკვრვებლის თქმით, ბათუმის #31-ე უბანზე, „ერთიანობის დარბაზის“ დამკვირვებელი ხმის მიცემს დროს კაბინაში ამომრჩეველს ორჯერ შეყვა. განმცხადებელს ამ საკითხზე საჩვარი ჯერ არ დაუწერია.

 

11:26 ბათუმის # 39-ე საარჩევნო უბანზე 123 ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე სულ რეგისტრირებულია 1416 ამომრჩეველი, შემოსულია 1350 ბიულეტენი. 

 

11:17 #10 უბანზე ამ დროსათვის ხმა მისცა 85-მა ამომრჩეველმა. უბანზე სულ 1516 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

 
 

11:00 #31 უბანზე ხმის მისაცემად მოსულმა მოქალაქემ საკუთარი თავი სიაში ვერ იპოვა. მისი თქმით, იგი ამ უბნის ამომრჩეველია, სიაში არიან მისი ოჯახის წევრები. ერთიან ელექტრონულ სიაში გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იგი ამომრჩეველთა სიაში საერთოდ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მოქმედი პირადობის მოწმობა და 2013 წლის საპრეზდენტო არჩევნებზე, მისი თქმით, ამ უბანზე მისცა ხმა.  

 

10:45  #9 უბანზე 1281 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 65-მა ამომრჩეველმა. უბანი 10 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. როგორც კომისიაში განმარტავენ, უბნის გვიან გახსნის მიზეზი გახდა ჟურნალისტის უბანზე დაშვების საკითხი. 

 

10: 15 ბათუმის #17 უბანზე არჩევნებს აკვირდებოდა მოქალაქე აკრედიტაციის გარეშე. მისი განმარტებით, იგი „პატრიოტთა ალიანსის“ წამომადგენელია. შენიშვნის შემდეგ მან დატოვა უბანი. 

 

10:07 ბათუმის #33-ე უბანზე ამ დროისათის 86-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე 1468 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

 

10:00 ბათუმის #46-ე უბანზე აქტივობა საკმაოდ დაბალია. ორი საათის მანძილზე აქ ხმა მისცა 45-მა ამომრჩეველმა. 

 

9:30 ამ დროსათვის ბათუმის #30-ე უბანზე აქტივობა მაღალია. უბანზე დაიწერა პირველი შენიშვნა დამკვირვებლის მიერ, რეგისტრატორებმა თვითნებურად გაცვალეს ადგილები. უბანზე სამართლიანი არჩევნებისა და კომისიის რამდენიმე წევრს შორის შელაპარაკება მოხდა, დამკვირვებლის შეკითხვებს კომისიის წევრები უხეშად პასუხობენ. ამ უბანზე 1453 ამომრჩეველია, ბიულეტენების რაოდენობა 1350-ა. 

 

Exit mobile version