კვირის ამბები

როგორ გავირუჯოთ სწორად

17.08.2014 • 8611
როგორ გავირუჯოთ სწორად

 

– მედიცინაში არ არსებობს ტერმინი ,,ჯანმრთელი გარუჯვა’’. ამდენად, მზის სხივები არც ისე სასარგებლოა, როგორც ჩვენ გვგონია. თუმცა მზის სხივების ქვეშ ყოფნის დროს, ანუ გარუჯვისას წარმოიქმნება მელანინი, ეს კი ისეთი პიგმენტია, რომელიც იცავს ორგანიზმს დასხივებისგან. ამიტომ რაღაც დოზით, რა თქმა უნდა, აუცილებელიცაა მზის სხივების მიღება, ოღონდ წესების დაცვით. უნდა ვიცოდეთ მზის სხივების მიღების სწორი დრო და ინტერვალი. მზის სხივებს აქვს აკუმულაციური ანუ შემკრები თვისება, მაგალითად, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი ხნით ვართ მზის ქვეშ და ვიღებთ დასხივებას, ან ზედიზედ გავდივართ ზღვაზე, მიღებული სხივები აკუმულირდება ჩვენს სხეულზე, ერთი მეორეს ემატება და შემდეგ ვითარდება გვერდითი ეფექტები

– კანის დაბერება, რომელიც შეუმჩნევლად ვითარდება, ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, კანი კარგავს ელასტიურობას. გამოწვეული უარყოფითი შედეგი შეიძლება მივიღოთ ნელ-ნელა, 5-10 წლის შემდეგ. გარუჯვა არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია დასხივებაზე. D ვიტამინი, რომელსაც ვიღებთ გარუჯვისას, შეიძლება მივიღოთ მზის სხივების 10 წუთით ზემოქმედების დროსაც. ამ დროის განმავლობაში იმდენი D ვიტამინი წარმოიქმნება, რამდენიც საკმარისია ორგანიზმისთვის.

 

 

გარუჯვა ზღვაზე

ზღვაზე გარუჯვისას უნდა დავიცვათ დროის ინტერვალი. რუჯის მოკიდება დამოკიდებულია კანის ტიპზე. კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს კანის ექვსი ფოტოტიპი. პირველი სამი ტიპი არის ღია ფერის კანი, შემდეგ ღია ყავისფერი, ყავისფერი და ძალიან მუქი კანი. პირველი სამი ტიპის კანის მქონე ადამიანები ძალიან ცუდად ირუჯებიან, ან საერთოდ არ ეკიდებათ რუჯი, ან იღებენ დამწვრობას. ამიტომ როდესაც ადამიანი გადის მზეზე რუჯის მისაღებად, მან, ვისაც აქვს ღია ფერის კანი, პირველად გასვლისას მზეზე უნდა დაჰყოს 5-დან 10 წუთამდე. მერე ყოველდღიურად უნდა ამატოს 5-10 წუთი. ხოლო მას, ვისაც უფრო მუქი ფერის კანი აქვს, პირველ გასვლის დროს შეუძლია დარჩეს 10-20 წუთი. შემდეგ ყოველ გასვლაზე ამატებს 10-10 წუთს. ზოგადად გარუჯვა შესაძლებელია დილიდან 11 საათამდე, 11 საათიდან 4 საათამდე კი უნდა ,,დავიმალოთ’’  ანუ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ მზის სხივების ქვეშ ყოფნას. 4-დან 6 საათამდე არ არის რეკომენდებული მზის დამცავი მალამოების გამოყენების გარეშე გარუჯვა. ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანმა უნდა გამოიყენოს მზის დამცავი მალამოები, უამრავი დასახელების ასეთი მალამო არსებობს, რომელიც იყიდება როგორც აფთიაქებში, ასევე კოსმეტიკურ მაღაზიებში. რაც შეეხება დოზას, საკმარისია ერთი უნცია, თითქმის 29 გრამი, ანუ მუჭში რომ დაეტიოს იმდენი. მალამო უნდა წავისვათ ღია ადგილებში, სახეზე, კიდურებზე და ასე შემდეგ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მალამოს აქვს მოქმედების გარკვეული დრო, ანუ წასმიდან 15-20 წუთი, ამიტომ ის უნდა წავისვათ მანამ, სანამ ზღვაზე გავალთ, ანუ სახლში. ზოგიერთ მალამოს აწერია, რომ არის წყალგამძლე, თუმცა ვერც ერთი მალამო ვერ უძლებს წყალს, ამიტომ რამდენჯერაც ვიბანავებთ, ბანაობის შემდეგ აუცილებელია იმდენჯერ წავისვათ ფოტოდამცავი მალამო. უკვე საღამოს, როდესაც ზღვიდან მოვდივართ სახლში, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მალამოები, რომლებიც განკუთვნილია გარუჯვის შემდეგ წასასმელად. არის მალამოები რუჯისთვის, ასევე რუჯის საწინააღმდეგო და რუჯის შემდეგ. მზის დამცავ საშუალებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აღნიშვნა, რომ ის არის მზის დამცავი ფაქტორით. ანუ ლათინური ასოებით უნდა იყოს მასზე აღნიშნული _ SPF თავისი კოეფიციენტით, მაგალითად, 10, 15 20 და მეტი. რაც მეტია კოეფიციენტი, მით უკეთესია ეს საშუალება ანუ უფრო კარგად იცავს იგი კანს მზის სხივებისგან. მზის დამცავი მალამოები და ლოსიონები აუცილებელია გამოვიყენოთ ბავშვებისთვის, თუმცა 9 თვის ასაკს მიუღწეველთათვის მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის.თუ ჩვილი ასაკის ბავშვი გაგვყავს ზღვაზე, აუცილებელიამას ეხუროს ქუდი, ეცვას გრძელსახელოებიანი მაისური და შარვალი, ისე რომ, მთლიანად დაფარული ჰქონდეს სხეული. ორსული ქალებისთვის რეკომენდებულია ზღვაზე ყოფნადილის ათ საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ზოგიერთი პრეპარატის შესახებ, რომელთა მიღების დროს არ არის რეკომენდებული ზღვაზე ბანაობა, ეს მედიკამენტებია: კონტრაცეფტივები, ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატები, სულფანილამიდები, ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლაიმის რძე.

 

 

 

სოლარიუმი

სოლარიუმს რაც შეეხება, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სოლარიუმებში გარუჯვას, რადგან სოლარიუმებში გამოიყენება A სპექტრის ულტრაიისფერი სხივები, რაც განსაკუთრებით ღრმად შედის კანში და დროთა განმავლობაში ორგანიზმში იწყება  პრობლემები: დაბერება, ნაოჭები, პიგმენტური ლაქები,და შესაძლებელია განვითარდეს კანის კიბოც კი.

 

 

 

 

აქსესუარები

პლაჟზე გასვლისას აუცილებელია მზის სათვალის ტარება, რადგან მზის სხივებიც თვალზე ისევე უარყოფითად მოქმედებს, როგორც კანზე. არა აქვს მნიშვნელობა მინის იქნება თუ პლასტმასის, მთავარია ჰქონდეს ფოტოდამცავი ფილტრი. მართალია ასეთი სათვალე ძვირი ღირს, მაგრამ აუცილებელია მისი ტარება.

 

 

გადაბეჭდვის წესი