სიახლეები

ჟურნალისტის მადლობა სამსახურის შენარჩუნებისთვის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

21.08.2014 • 1718
ჟურნალისტის მადლობა სამსახურის შენარჩუნებისთვის  უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

 

„დიდი მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს და განსაკუთრებით ქალბატონ მედეა ვასაძეს. გადაცემა „ერთი დღე სოფელში” გაგრძელდება. მადლობა ყველა ერთგულ მაყურებელს, ვინც ელოდებოდა გადაცემის გასვლას. როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელმა თქვა, ახალი გადაცემები ახალი სეზონიდან დაუბრუნდება განახლებულ ეთერს, მანამდე კი მე იმედია გადაღებებს დავიწყებ,“ – წერს ჟურნალისტი ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე.

 

პოსტი საჯაროდაა დადებული და მას თან უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის ხელმოწერილი დოკუმენტი აქვს დართული ფოტოს სახით.

 

„ბათუმელები“ ნათია თავდგირიძეს დაუკავშირდა, იმის გასარკვევად თუ კონკრეტულად რა თხოვნით მიმართა ჟურნალისტმა უმაღლეს საბჭოს და რა დაპირებები მიიღო, თუმცა მან განგვიმარტა, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

 

მედეა ვასაძის ხელმოწერილ წერილში კი, რომელიც ნათია თავდგირიძემ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ:

 

„ქალბატონო ნათია, გავეცანი თქვენს განცხადებას, მასში დასმულ პრობლემებს და მინდა დაგარწმუნოთ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თქვენი მონაწილეობით არ დარღვეულა არც კანონითა და არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად არ არსებობს თქვენთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი საფუძველი“.

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რა ფორმით ჩაერივნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამული ბადის შედგენაში.

 

„რა პროექტები იქნება აჭარის ტელევიზიით, ამას წყვეტს მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომელი, ვისაც ეს ეხება და აჭარის ტელევიზიაში ვინც არ მუშაობს, რაც არ უნდა წერილი დაწეროს, ის პროგრამულ ბადეში ცვლილებას ვერ შეიტანს,“ – განუცხადა ტელევიზიის ხელმძღვანელმა სოსო სტურუამ „ბათუმელებს“.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე დაუკავშირდა თუ არა ვინმე უმაღლესი საბჭოდან რაიმე რეკომენდაციით, სოსო სტურუა ამბობს, რომ მას არავინ დაკავშირებია. კითხვაზე გადის თუ არა ამჟამად ნათია თავდგირიძის გადაცემა ეთერში, ტელევიზიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა არდადეგებია.

 

გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ თითქმის სამ თვეზე მეტია აღარ გადის აჭარის ტელევიზიის ეთერში. ამის მიუხედავად, გადაცემის ავტორი ხელფასს მაინც იღებს. „ახლა არდადეგებია და არც ერთი გადაცემა არ გადის. პროგრამულ ბადეში ახალი სეზონისთვის ვემზადებით. გადაცემა არ დაგვიხურავს. ნათია თავდგირიძეს  აქვს კონტრაქტი დეკემბრის ბოლომდე. იყო  ერთი შემთხვევა, როცა რაღაც საკითხზე ახსნა-განმარტება მოვთხოვეთ მას, თუმცა გადაცემა არ შეჩერებულა,“ – აცხადებს სოსო სტურუა, რომელიც იქვე აზუსტებს, რომ ზაფხულის განმავლობაში ყველა ტელევიზიაში გადაცემები მზადდება, მაგრამ ეთერში არ გადის.

 

კითხვაზე იქნება თუ არა გადაცემა საეთერო ბადეში ახალი სეზონიდან, ტელევიზიის ხელმძღვანელი პასუხობს:

„ოქტომბრიდან ვიწყებთ სეზონს და რა პროგრამები ჩაისმება ბადეში მაგას მოგახსენებთ სექტემბრის ბოლოს.“

 

გადაცემა  – „ერთი დღე სოფელში“ ავტორი, ნათია თავდგირიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზიდან“. საარჩევნო კანდიდატად ყოფნის პერიოდში ჟურნალისტს ტელევიზიაში შვებულება ჰქონდა აღებული. 

 

გადაბეჭდვის წესი