სიახლეები

წამალი რეცეპტით

24.08.2014 •
წამალი რეცეპტით

 

 

მედიაში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ, თითქოს რეცეპტი პირველადი მოხმარების ისეთ მედიკამენტებზეც იქნება საჭირო, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები, საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს და არც წამლების მომარაგება გახდება საჭირო. “ურეცეპტო გაყიდვაში 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი რჩება. ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი და იგივე ეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს”, _ თქვა მინისტრმა.
როგორ აფასებენ აჭარაში რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებას თავად ექიმები და რა რისკებს ხედავენ მთავრობის გადაწყვეტილებაში?

 

საზღვაო ჰოსპიტალის დირექტორი, კარდიოლოგი თამარ ქაჩლიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟისა, ახალი რეფორმა პრობლემებს არ შექმნის. მისი აზრით, ეს მკვეთრად შეამცირებს პაციენტის თვითმკურნალობით გამოწვეულ რისკებს და უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას: “მართალია, ქრონიკულ პაციენტებს მუდმივად ესაჭიროებათ მედიკამენტების მიღება, მაგრამ ხომ შეიძლება მას ასევე სჭირდებოდეს დოზის შეცვლა, იქნებ რამე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა და დროული ჩარევაა საჭირო _ ხშირად ამას პაციენტები ყურადღებას არ აქცევენ. ასეთი რეგულაციები ექიმებისადმი მომართვიანობასა და დაავადებების მართვასაც გააუმჯობესებს”, _ ამბობს ის.

 

II ჯგუფის მედიკამენტებისთვის რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრობლემების წარმოქმნის რისკს ვერც ნევროპათოლოგი მიშა მჟავანაძე ხედავს. იგი ამბობს, რომ რეფორმასთან დაკავშირებული უკმაყოფილება საზოგადოებაში შესაძლოა რამდენიმე კვირას გაგრძელდეს. `ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ არც პეციენტები და არც ექიმები ფორმა #3 რეცეპტის გამოყენებას არ არიან შეჩვეულნი. სიახლეები ყოველთვის იწევს გარკვეულ უკმაყოფილებას დასაწყისში. მართალია, 80-იან წლებში სარეცეპტო სისტემა ჩვეულებრივად მუშაობდა საქართველოში და ყველა წამალზე ვწერდით რეცეპტს, მაგრამ შემდეგ ეს სისტემა საერთოდ მოიხსნა და ახლა თავიდან მოგვიწევს შეჩვევა, რაც ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს მალე”, _ ამბობს ექიმი.

 

თამარ ქაჩლიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების შიში, თითქოს II ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტისთვის ექიმთან ვიზიტი მათი მკურნალობის ხარჯებს გაზრდის, უსაფუძვლოა. თამარის აზრით, იმ პირობებში, როცა საქართველოს ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმებზეა დაფუძნებული, რეცეპტის გამო ექიმზე მიმართვა პაციენტის ჯიბეს ნაკლებად დაეტყობა: `დღეს ჩვენთან, პირველადი რგოლი არის ოჯახის ექიმი და შემდეგ საჭიროების მიხედვით სპეციალისტები. ოჯახის ექიმის კომპეტენციაში შედის მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. აქედან გამომდინარე, პაციენტს შეუძლია მივიდეს თავის ოჯახის ექიმთან, რომელიც შეაფასებს სიტუაციას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაამისამართებს სპეციალისტთან, თუ ეს აუცილებელი იქნება. ისე კი, იმავე რეცეპტის გამოწერა ოჯახის ექიმსაც შეუძლია”, _ ამბობს ის. ოჯახის ექიმთან მისვლა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუზღუდავია და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის ოჯახის ექიმთან ვიზიტს სახელმწიფო აფინანსებს.

 

II ჯგუფის მედიკამენტებზე, რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა II ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 _ რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა.
ახალი ფორმა №3 რეცეპტის ბლანკი დანომრილია და სამ ნაწილადაა (A, B და C) დაყოფილი, რომელთაგან ერთი (A) ნაწილი ექიმთან რჩება, ერთი პაციენტთან და ერთიც ფარმაცევტთან. ერთ რეცეპტზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი, რაც ბათუმის #4 პოლიკლინიკის დირექტორის, ციცო ბაკურიძის აზრით, ცოტათი მოუხერხებელია. “ალბათ უკეთესი იქნებოდა სამი მედიკამენტის გამოწერა მაინც რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მაგრამ ახალ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ მხოლოდ ერთი გამოვწეროთ”, _ ამბობს ის.
ციცო ბაკურიძის აზრით, ყოველ მედიკამენტზე ცალკე რეცეპტის გამოწერა უფრო დატვირთავს ექიმს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი რეცეპტის საფუძველზე აფთიაქიდან მხოლოდ ერთხელ იქნება წამლის მიღება შესაძლებელი. ბლანკის B და C განყოფილება ექვსნაწილიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ექიმის მიერ გამოწერილი რაოდენობა პაციენტმა აფთიაქებში ექვსჯერადად შეიძინოს. 

გადაბეჭდვის წესი