სასპორტო სკოლა ხულოში 1972 წელს აშენდა. მას მოჭიდავე და იმჟამად უკვე მწვრთნელი, გოდერძი ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში. როგორც სასპორტო სკოლაში ამბობენ, საწყის ეტაპებზე ხულოში ჭიდაობის განვითარება მის სახელთან არის დაკავშირებული.
„მისი დაუღალავი შრომით აქ გაიზარდნენ ევროპის ჩემპიონი ლევან შავაძე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – ლევან მეხეშიძე და საქართველოს პრიზიორები ოთარ მეხეშიძე, ვახტანგ მეხეშიძე, ავთანდილ აბულაძე. დღეში დაახლოებით 120 ბავშვი გადიოდა წვრთნას. როცა დარბაზი არ ჰყოფნიდა, საკუთარი სახლის მეორე სართულზე ავარჯიშებდა მათ, სადაც საჭიდაო კუთხე ჰქონდა მოწყობილი. აქ განსაკუთრებით ვითარდება ჭიდაობა. ლევან შავაძის სიტყვებია, რომ „ხულო მოჭიდავეების სამჭედლოა“. ბევრი გვყავს საქართველოს, მსოფლიოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი“, – გვეუბნება ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბოლქვაძე.
დღეს ხულოს სასპორტო სკოლის ბაზაზე 10 სხვადასხვა სახეობაში 387 მოსწავლე ვარჯიშობს. ყველაზე მეტი ბავშვი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშია, 10 ჯგუფი 121 ბავშვით, მას მოჰყვება 92 მოსწავლე სამთო-სათხილამურო სპორტში, სადაც 8 ჯგუფია; თავისუფალ ჭიდაობაში სამი ჯგუფი და 30 ბავშვია; სამი ჯგუფია ფეხბურთშიც, სადაც 46 მოსწავლე ირიცხება; მაგიდის ჩოგბურთში 27 ახალგაზრდა ვარჯიშობს; კალათბურთში ორი ჯგუფი და 20 მოსწავლეა; ფრენბურთში ერთი ჯგუფი და 18 ახალგაზრდაა. ყველაზე ცოტა – 10 მოსწავლე ქართულ ჭიდაობაშია, ასევე ძიუდოში – 11 და ჭადრაკში 12 მოსწავლე ირიცხება.
სასპორტო სკოლის 2014 წლის ბიუჯეტი 15 640 ლარია, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: 125 320 ლარი – შრომითი ანაზღაურება; 10 780 ლარი – ოფისის ხარჯებია, რომელშიც შედის საწვავის ხარჯიც; 9 640 ლარი პრემიებისთვისაა გამოყოფილი; 6 200 ლარი ხმარდება არაფინანსური აქტივების ზრდას; 3 000 ლარი ტრანსპორტის მოვლა-შენახვისთვისაა განკუთვნილი; 950 ლარი სამივლინებო, ხოლო 150 ლარი სამედიცინო ხარჯებზეა გათვლილი; სასპორტო სკოლაში 38 მწვრთნელი მუშაობს, თითოეული მათგანის თვიური ხელფასი კი 240 ლარს შეადგენს.
ის, რომ ხულოს ჩემპიონები ჰყავს, ყველაზე მეტად „მწვრთნელებისა და სპორტსმენების ენთუზიაზმის დამსახურებააო, – ამბობს სასპორტო სკოლის დირექტორი.
ხულოს სასპორტო სკოლა 711 კვ.მეტრ ფართობზე აგებული, ორსართულიანი შენობაა. მეორე სართული ადმინისტრაციული განყოფილებისთვისაა განკუთვნილი. პირველ სართულზე განთავსებულია ორი საშხაპე, ორი ტუალეტი, მწვრთნელის პერსონალური განყოფილება, სამედიცინო ოთახი, ფიზიკური მომზადების ოთახი, საწყობი და ერთი სავარჯიშო დარბაზი. დარბაზში ორი საჭიდაო ხალიჩაა გაშლილი. რომელთაგან ერთი 2013 წლის ბოლოს ხულოს მუნიციპალიტეტმა 10 000 ლარად, მეორე კი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 12 000 ლარად შეუძინა. დარბაზი 200-მდე მაყურებელს იტევს. მაყურებლისთვის განკუთვნილი პლასტმასის სკამები ხის საფეხურებზეა დამაგრებული. დარბაზში დამონტაჟებულია გათბობის სისტემა, რომელიც, როგორც ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, დიზელზე მუშაობს. საშხაპეში კი სპორტსმენებს ზამთრობით ცხელი წყალიც მიეწოდებათ.
2013 წლის ბოლოს სასპორტო სკოლამ 39 630 ლარის სპორტული ინვენტარი აჭარის მთავრობისგან, ხოლო 21 990 ლარის ინვენტარი ხულოს მუნიციპალიტეტისგან მიიღო.
ამ თანხით, საჭიდაო ხალიჩასთან ერთად, მუნიციპალიტეტმა ფიზიკური მომზადების ტრენაჟორის კომპლექტი (11640 ლარი) და სავარჯიშო ჩუჩელა (350 ლარი) გადასცა. ხოლო აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა 10 წყვილი პროფესიონალური თხილამური (ერთეული 1 500 ლარად), ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის ბურთები (საერთო ჯამში: 2700 ლარი), ჩოგბურთის ოთხი მაგიდა (4000 ლარი), ჭადრაკის ორი ელექტრონული საათი (330 ლარი), ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფა (100 ლარი), ჭადრაკის 10 დაფა ფიგურებით (500 ლარი), მკლავჭიდის მაგიდა (2500 ლარი), ორი სავარჯიშო ჩუჩელა (2000 ლარი) და სავარჯიშო ბაგირი (500 ლარი) გადასცა.
ხულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნუგზარ შავაძე ამბობს, რომ ხულოს სასპორტო სკოლა 2010 წელს გარემონტდა. „გამოიცვალა ფასადი და შეკეთდა ინტერიერი. სარემონტო სამუშაოებში არ შედიოდა იატაკის შეცვლა – მე იმის შეფასებას ვერ დავიწყებ უნდა შეცვლილიყო თუ არა იატაკი. ეს უკვე სხვა დარგის კომპეტენციაა. 2010 წლის მერე დიდი დროც გავიდა, იატაკი მართლაც შესაცვლელია, მაგრამ თუ კომპლექსი აშენდება, ამის აუცილებლობა აღარ იქნება“, – ამბობს ნუგზარ შავაძე.
სასპორტო სკოლას აქვს არასტანდარტული, 4730-კვ.მეტრიანი ფეხბურთის მოედანიც, რომელიც შენობის გვერდით მდებარეობს. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ხულოში ახალი სპორტული კომპლექსის აშენების შემდეგ მოედანს გაარემონტებენ და მას ის ტერიტორია დაემატება, სადაც ამჟამად სპორტსკოლაა განთავსებული.
სპორტული სკოლის დირექტორი ამბობს, რომ შენობა ვარჯიშისთვის არასაკმარისია, ამორტიზებულია და თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
„ამ დარბაზში ვატარებთ გოდერძი ბოლქვაძის რესპუბლიკურ ტურნირს – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან სპორტსმენებს ვიწვევთ. ეს დარბაზი არ იტევს მაყურებელს. საჭიროა სპორტული კომპლექსის გაკეთება. ხულოში ხანგრძლივი ზამთარია, ამიტომ ზამთრობით სპორტის ზოგ სახეობაში ვარჯიში ჩერდება. სკოლის დარბაზებში გადაგვყავს ბავშვები, თუმცა იქაც პატარა დარბაზებია და რთულია ვარჯიში. სპორტის დეპარტამენტი და ხულოს მუნიციპალიტეტი გვამარაგებს ინვენტარით. დღეს პირველი საკითხი სპორტული კომპლექსის მშენებლობაა, რომელიც გააორმაგებს სპორტის მასობრიობას ხულოში“.
ნუგზარ შავაძე ამბობს, რომ ხულოში სპორტსკოლის მშენებლობა პრიორიტეტებს მიღმა არ დარჩენილა:
„ხულოს მუნიციპალიტეტს სპორტული კომპლექსის აშენებაზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა. ამ ყველაფერს ხელი შეუშალა საარჩევნო პროცესმა“.
ხულოს გამგებელ ბესიკ ბაუჩაძის აზრით კი, მთავარია, რომ უკვე არსებობს სპორტული კომპლექსის აშენების კეთილი ნება. გამგებელი ვარაუდობს, რომ ხულოში ორი წლის შემდეგ იქნება ახალი სპორტული სკოლა.
„გადაწყვეტილი გვაქვს პროექტის შეძენა. პირველადი ხარჯთაღრიცხვით 2 000 000 ლარის ღირებულების მშენებლობა იქნება. სპორტულ კომპლექსს ექნება სხვადასხვა სექცია. ძირითადი დატვირთვა მაინც ჭიდაობაზე იქნება, რაშიც უფრო გვაქვს წარმატება. მოლაპარაკება გვაქვს განათლების სამინისტროსთან. ერთად ვიზრუნებთ, რომ ხულოს ჰქონდეს ევროსტანდარტის სპორტული კომპლექსი. ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა წილით შემოვა ის და რა პასუხისმგებლობა ექნება ხულოს მუნიციპალიტეტს. შერჩეულია სამი სავარაუდო ტერიტორია – სოფელ დეკანაშვილებში, ვაშლოვანში ან დეკანაშვილებისა და ვაშლოვანის საზღვარზე. მიწა კერძო პირისგან უნდა შევიძინოთ, რადგან თავისუფალი მუნიციპალური ფართობი არ გვაქვს“.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მერაბ ნაგერვაძე ამბობს, რომ ფინანსურად ვინ განახორციელებს სასპორტო სკოლის მშენებლობას – დეპარტამენტი თუ მუნიციპალიტეტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„ხულოში სასპორტო სკოლის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას უნდა წარვუდგინოთ. აჭარის მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელშიც ცალკე იქნება გამოყოფილი სპორტული კომპლექსის მშენებლობის მუხლი. დეპარტამენტის პრიორიტეტია ყველა მუნიციპალიტეტში იყოს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი, თავისი სასტუმროთი და კვების ობიექტით. მე აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს. ხულო არის სამჭედლო მოჭიდავეების, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სასპორტო სკოლაში ჭიდაობისთვის განსაკუთრებული ბაზა შეიქმნას“.