Batumelebi | ადვოკატები მათი უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ, დეპუტატი -პირიქით ადვოკატები მათი უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ, დეპუტატი -პირიქით – Batumelebi
RU | GE  

ადვოკატები მათი უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ, დეპუტატი -პირიქით

 

პირველი სექტემბრიდან ადვოკატებს სასამართლოში საგამონაკლისო შუამდგომლობის დაყენების უფლება აღარ ექნებათ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარესთან შედარებით ისინი არათანაბარ პირობებში არიან და შეჯიბრობითობის პრინციპი კანონით ირღვევა.

 

მოსამართლემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ურჩია, საგამონაკლისო შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს 1-ელ სექტემბრამდე მიმართოს. ამ პერიოდის შემდეგ სასამართლოში ადვოკატებს საგამონაკლისო შუამდგომლობის წარდგენის უფლება აღარ ექნებათ. ადვოკატი ედიშერ მახარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა პოლიტიკური იდეებით ხელმძღვანელობდა პარლამენტი, როცა ამ ცვლილებას ამტკიცებდა.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი დაცვის მხარეს სასამართლოში საგამონაკლისო შუამდგომლობის დაყენების უფლებას აძლევდა. 2013 წლის 14 მაისს კი (№741) პარლამენტმა ამ მუხლში ცვლილებები შეიტანა და ეს უფლება დაცვის მხარეს აღარ დაუტოვა. ადვოკატი ედიშერ მახარაძე ამბობს, რომ ამ ცვლილებით დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან შედარებით არათანაბარ პირობებშია, არგუმენტად კი რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

 

„სახელმწიფო ბრალდებას უფლება აქვს მტკიცებულება წარადგინოს ნებისმიერ დროს, დაცვის მხარეს ეს უფლება არ აქვს. ასე შეჯიბრობითობის პრინციპი ირღვევა. პროკურორს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვს, დაცვის მხარეს _ არა. სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო პროკურატურაა, მას აქვს უფლება წლობით ატაროს სისხლის სამართლებრივი დევნა, დაცვის მხარეს კი ეს ვადა განსაზღვრული აქვს; ბრალის წარდგენიდან პირველ სასამართლომდე, აი, არც აქ ვართ თანაბარ პირობებში. პროკურატურამ შეიძლება ორი წელი იძიოს საქმე ან ორი თვე, ჩვენი ვადა განსაზღვრულია პირველი ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე“.

 

ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ არათანაბარ პირობებში არიან მაშინაც კი, როცა დაცვას არ აქვს ჩხრეკისა და ამოღების უფლება: „ერთ მხარეს არის ბრალის წარმდგენი სახელმწიფო, მეორე მხარეს –  სახელმწიფო მანქანა მთელი თავისი პროკურატურით, პოლიციით, დაშინებითა და შანტაჟით. ის ერთი საგამონაკლისო უფლება, რომელიც დაცვის მხარეს უნდა წარედგინა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ, შეიძლება მოწმეზე ზეგავლენა მოახდინონ, ამიტომ ამას ინახავდა დაცვის მხარე.“

 

ადვოკატ ირაკლი შავაძის აზრით, არათანაბარ პირობებში მათ იმიტომაც უწევთ ყოფნა, რომ არ აქვთ ჩხრეკისა და ამოღების უფლება. „მაგალითად, ვიცი, რომ მტკიცებულება არის კონკრეტულ ადგილას, ბრალდების მხარეს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობით ჩაატაროს ჩხრეკა და ამოღება, ან სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ბრალდების მხარე არ ამოიღებს მტკიცებულებას, რომელიც ჩემთვის არის სასარგებლო. ასევე მნიშვნელოვანია მოწმე დაიკითხოს სასამართლოში და არა პოლიციაში“.
კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოწმის დაკითხვას სასამართლოში ითვალისწინებს და არა წინასწარ გამოძიებაში, შს სამინისტროს მოთხოვნით გადადებულია.

“ადვოკატებს ჩხრეკისა და ამოღების უფლება ექნებათ”


ყოფილი ადვოკატი, პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი არ უნდა იყოს განხილული განყენებულად. 2013 წელს პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტი მთავრობისგან შემოვიდა. 111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილში ახალი რედაქციით ძალიან მნიშვნელოვანი უფლება მივანიჭეთ დაცვის მხარეს, ესაა ჩხრეკისა და ამოღების უფლება, მანამდე ეს უფლება დაცვის მხარეს არ ჰქონდა.

 

ადვოკატს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ჩხრეკისა და ამოღების უფლება. თუ ადვოკატს რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვა სჭირდებოდა კონკრეტული ორგანიზაციიდან, მაგალითად, მობილური ოპერატორებიდან, ამას აფასებდა სასამართლო, როგორც საგამოძიებო მოქმედებას და ამბობდა უარს.
დღეს ამის უფლება სასამართლოს აღარ ექნება, თუ დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ჩხრეკაა ჩასატარებელი, სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს. ჩხრეკასა და ამოღებას, რა თქმა უნდა, ადვოკატი ვერ ჩაატარებს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საგამოძიებო ორგანო მოპოვებულ მასალას გადასცემს დაცვის მხარეს, რომელიც დაერთვება საქმეს.

 

ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი არის შეჯიბრობითი. ეს ნიშნავს, რომ დაცვა და ბრალდება მტკიცებულების წარდგენის საკითხში იყოს თანაბარ პირობებში. ის საგამონაკლისო ნორმა ადვოკატთა ასოციაციის იურისტებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ, აი ამ ახალი ცვლილების საპირწონედ გაუქმდა.
გამოძიების პროცესს რაც შეეხება, ეს საქმის სირთულეზე, მტკიცებულებათა რაოდენობასა და მის შეგროვებაზეა დამოკიდებული. გონივრულ ვადაში უნდა ჩატარდეს გამოძიება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა