სიახლეები

საკადრო ცვლილებები აჭარის პროკურატურაში

20.08.2014 • 1835
საკადრო ცვლილებები აჭარის პროკურატურაში

 

გიორგი მოსაშვილმა პროკურორი არსენ ხიჯაკაძე ჩაანაცვლა, ხიჯაკაძე ამ თანამდებობაზე 2012 წელს  დაინიშნა. როგორც ის “ბათუმელებთან” ამბობს, პროკურატურიდან თავისი განცხადების საფუძველზე წავიდა და დროებით უმუშევარია.

 

რაც შეეხება გიორგი მოსაშვილს, ის 1977 წელს დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000 წელს გიორგი მოსაშვილმა მუშაობა დაიწყო ხაშურის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის სტაჟიორად, სადაც 2002 წლამდე მუშაობდა. იმავე წელს მუშაობა განაგრძო ხაშურის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ. 2002-2004 წლებში იყო თბილისის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის უფროსი თანაშემწე. 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის თანაშემწედ.  

 

2005-2007 წლებში ეკავა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობა. 2007-2008 წლებში იყო თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2008-2012 წლებში მუშაობა განაგრძო  თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორად. 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად. 2013-2014 წლებში ეკავა  თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობა.    

              

პროკურორი ანზორ უსტიაძე შოთა ტყეშელაშვილის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე ეს პოსტი ბაკურ აბულაძეს ეკავა. რატომ დატოვა თანამდებობა ან რატომ გაათავისუფლეს ის თანამდებობიდან, ამ კითხვაზე პროკურატურის პრესსამსახურში არ პასუხობენ.

 

ანზორ უსტიაძე კი ძირითადად ფინანსურ საქმეებს იძიებდა. სახელმწიფომ ანზორ უსტიაძის პროკურორობით 2010 წელს გაასამართლა ბიზნესმენი ზურაბ ლობჟანიძე იმ ქონების უკანონო გზით გაყიდვის გამო, რომლითაც ახალი ხელისუფლების გამოძიების ვერსიით, ივანე მერაბიშვილი უკანონოდ სარგებლობდა, როცა ის შს მინისტრი იყო.

 

სწორედ ამ აგარაკის უკანონო სარგებლობისთვის 2013 წელს ვანო მერაბიშვილს ბრალი წარუდგინეს. ანზორ უსტიაძეს სახელმწიფომ 2013 წელს დაავალა ივანე მერაბიშვილის მეგობრის, ლუხუმ კაპანაძისთვის ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის მიყიდვის კანონიერების შესწავლა. ანზორ უსტიაძე ახლა ბათუმის თოჯინების თეატრის საქმეს იძიებს. თოჯინების თეატრის დირექტორს მედეა ჩარკვიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებაში დახმარება. 

 

გადაბეჭდვის წესი