კვირის ამბები

ბათუმის ეზოს ამბები

23.08.2014
ბათუმის ეზოს ამბები

 

მუსია ქებურია, გრაფიკოს დიზაინერი

 

მუსია ქებურია პროფესიით გრაფიკოს დიზაინერია. ხატავს, ქმნის ხელნაკეთ სამკაულებს. აქვს საკუთარი ბრენდი „Musya’s Craft“. აკეთებს სთრით არტს. მისი ერთ-ერთი ბოლო და საკმაოდ ცნობილი ნამუშევარი მარიხუანას ლეგალიზაციის თემაზეა.

 

„თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩასთან, სანაპიროზე  გავაკეთე  მასშტაბური სთრით არტ პროექტი. ეს იყო მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ჩემი პროტესტი.  ნამუშევარზე  ორი პოლიციელი დგას ჭიქით ხელში და უკან უდგათ  ხალხის ძალიან დიდი რიგი რომლებიც ელოდებიან საკუთარ რიგს მოსაშარდად. ყოველთვის ვცდილობ ნამუშევრებში ნაკლებად გამოვიყენო პოლიტიკური თემები.  არც ვარ ღრმად პოლიტიკაში გარკვეული. თუმცა იმ საკითხებზე, რაც ჩემს თვალწინ ხდება, სულ ვცდილობ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. როდესაც არის ფაქტები რაც ჩემში პროტესტს იწვევს, არასდროს არ ვრჩები უმოქმედოდ.

 

ორი წელია ტუჩების სერიას ვხატავ, რომელიც რეალურად გამოვიდა ქალის, ფემინის წარმოდგენა. ტუჩებით არის გადმოცემული ქალის ვნება, ხასიათი, განწყობა.

 

„ბათუმის ეზოს ამბებისთვის“ ერთდროულად რამდენიმე ნამუშევარზე ვმუშაობ. ერთ-ერთი ნამუშევარი ძველი ბათუმის ურბანულ გარემოს და  გამწვანებას გამოეხმაურება. მეორე ნამუშევარი იქნება ნახატების სახით კედლებზე. ფეისბუქის და მესიჯების ინტერფეისის სახე ექნება“.

 

მუსიას ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. 

 

 

მასარუ ივაი, მხატვარი

 

მასარუ ივაი „ბათუმის ეზოს ამბების“ იაპონელი მონაწილეა. დამთავრებული აქვს ტოკიოს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. აკეთებს ვიდეო ინსტალაციებს და პერფორმანსებს. მისი ნამუშევრების  მთავარი თემაა წმენდა.

 

ნამუშევარს რომელსაც „ბათუმის ეზოს ამბებისთვის“ ქმნის ჰქვია „100 თევზი“. პერფორმანსი ორი ნაწილისგან შედგება. მასარუ აპირებს იყიდოს თევზი, რომელსაც 24 აგვისტოს, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებელთან ერთად გაასუფთავებს, შეწვავს და შემდეგ იმ გარემოსაც გაწმენდს სადაც ეს პროცესი წარიმართება. პროცესის ამსახველი ვიდეო უკვე გახსნის დღეს იქნება ნაჩვენები.

 

მასარუ ივაი: „იაპონელებს წმენდა უყვართ, წმენდენ ყველაფერს, ხანდახან ზედმეტად და სტიქიურად. ერთის მხრივ რეცხვა/წმენდა კარგი თვისებაა, მაგრამ თუ გადააჭარბებთ, იწყება ქაოსი და რაღაც იკარგება ამ წმენდაში. ჩემი პერფორმანსის იდეაც ესაა. ის რასაც იდეაში უნდა მოჰყვეს წესრიგი, როდესაც ისტერიაში გადადის იქმნება ქაოსი“.

 

მასარუ ივაის ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ  ამ ლინკზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.