„ნაციონალები“ გიორგი ერმაკოვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ედავებიან

 

 

ჯუმბერ კახიძე

 

 

„მისი ფეისბუქ გვერდი, როგორც აუდიო ისე ვიდეო მასალებით აჭრელებულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. მაგალითად დაჯილდოება ბიბლიოთეკაში, ქალაქში სკვერის რეაბილიტაცია, ბოტანიკურ ბაღში სამუშაოების მონახულება. ყველა ეს პროგრამა ხორციელდება თვითმმართველობის დაფინანსებით და არ შეიძლება რომელიმე კანდიდატმა თავისი პიარისათვისგამოიყენოს, მივმართავ უწყებათაშორისო კომისიას დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“- აცხადებს ჯუმბერ კახიძე.

 

 

მისი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ფოტომასალები, რომელზეც ჯუმბერ კახიძემ ისაუბრა, ბათუმის მერის წინასაარჩევნო კამპანიის ფეისბუქ გვერდზე „გიორგი ერმაკოვი – ბათუმის მერობის კანდიდატი“ ატვირთულია პირველ და სამ მააისს. თუმცა ჯუმბერ კახიძის განცხადებიდან ორი საათის შემდეგ გვერდი შეიცვალა სათაურით – „გიორგი ერმაკოვი/Giorgi Ermakovi Official“-ით, შესაბამისად განახლდა სოციალურ ქსელში ფოტოების ატვირთვის თარიღიც, რომელზეც ბათუმის მერისა და ასევე ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორი ერმაკოვის მიერ ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაობის მონახულებაა ასახული.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის კოორდინატორის მალხაზ ჭკადუას განმარტებით, გიორგი ერმაკოვს  უფლება აქვს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, ვიდრე ის ოფიციალურად დარეგისტრირდება როგორც კანდიდატი. „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არის. თავის დროზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ითხოვდა, რომ უფრო მკაცრი ყოფილიყო კანონმდებლობა და გამიჯნულიყო საჯარო მოხელე და მერობის კანდიდატი. ამიტომ აბსოლუტურად დასაბუთებულია და რეალურია ეჭვები, რომ ადმინისტრაციული რესურსი შეიძლება გამოიყენოს”. 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა რეგისტრაცია 30 დღით ადრე უნდა გაიარონ. ამას ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის კოორდინატორმა განმარტა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კანონდარღვევად, კანდიდატების რეგისტაციის გავლის შემდეგ ჩაითვლება.

 

 

ერმაკოვის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი დღევანდლამდე
ერმაკოვის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი დღევანდლამდე

 

6 მილიონი ლარი იპოთეკით დაზარალებული და სხვა მოქალაქეებისთვის

 

იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების აქცია

 

 

სუბსიდირების ფარგლებში, სესხების აღება იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომლებმაც 2008 წელს ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით ბანკებიდან სესხი აიღეს, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ განვითარებული ტურისტული პრობლემების გამო,  სესხის გადახდა ვერარ შეძლეს.  

 

 
აჭარის მთავრობიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით,   სესხი 15 პროცენტიანია.   სესხის 3 პროცენტს მოსარგებლე გადაიხდის, დანარჩენ 12 პროცენტს კი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფარავს. მოსარგებლეს სესხის დაფარვა შვიდი წლის მანძილზე შეეძლება.
 
 
 
როგორც მთავრობაში აცხადებენ, ამ დროისთვის შერჩეულია ლიბერთი ბანკი, რომელიც სესხების გაცემას მოქალაქეებზე ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ დაიწყებს. ხელშეკრულებას ხელი დაახლოებით ორ დღეში უნდა მოეწეროს.  

ბათუმის მერიის სამზადისი 9 მაისისთვის

 

სატენდერო დოკუმენტაციითაა განსაზღვრული საზეიმო ვახშმის მენიუც.

 

9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. შესაბამისად, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული – საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში.

 

ამ დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს. ამავე, 1965 საიუბილეო წელს, გამარჯვების დღე არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

კონკურსი ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

 

ქასთინგში მონაწილეობის უფლება აქვთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ქასთინგი გაიმართება 17 მაისს, 14 საათზე.

ამჯერად პირადზე ვწერ

 

წინა დასვენების დღეებში მე სხვა ადამიანის პასუხისმგებლობაზე ვფიქრობდი, რომლის ტვირთიც უფრო მძიმეა, რადგან მისი გადაწყვეტილება ხშირად ორწლამდე ბავშვებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ მათ შორის ჩემი პატარა ძმისშვილიც იყო.

 

ექიმის დასკვნით ბავშვს სუნთქვის პრობლემა ადენოიდების გამო ჰქონდა, მის მდგომარეობას ამძიმებდა გლანდებიც, ამიტომ საჭირო იყო ოპერაცია.
ექიმმა თემურ ორაგველიძემ ბავშვის მშობლებს აუხსნა, თუ რა შედეგამდე შეიძლებოდა ბავშვი მიეყვანა იმას, თუ მას ადენოიდებს არ ამოკვეთდნენ.
ინფორმაციას ადენოიდებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე ინტერნეტში სანდო საიტებზეც გავეცანით. მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ სხვა გამოსავალი ეპოვათ, რადგან უჭირდათ ოპერაციაზე დათანხმება. ბავშვი ემოციურია, თეთრხალათიანების დანახვაზე მაშინვე ტირილს იწყებს, მაგრამ რადგან ადენოიდებით გამოწვეული პრობლემები უფრო მძიმე შეიძლება ყოფილიყო, ოპერაციას დავთანხმდით.

 

ექიმ თემურ ორაგველიძის განმარტებით, ოპერაცია 15 წუთს გაგრძელდებოდა. ასეც იყო, ბავშვი იმ დღესვე საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმის თქმით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სუნთქვის პრობლემაც მალევე მოგვარდებოდა.

 

ოპერაციიდან მცირე დროში ბავშვი ავად გახდა, სუნთქვა ისევ უჭირდა და ყელიც სტკიოდა. ექიმმა თემურ ორაგველიძემ ბავშვის პედიატრთან მიყვანა გვირჩია. გვითხრა – „მე ჩემი ფუნქცია ამოვწურე“.

 

პედიატრმა ბავშვი გასინჯა და ჩვენთვის გასაოცარი დიაგნოზი გამოგვიცხადა – ბავშვს ადენოიდები ამოკვეთილი არ აქვს და ჩემი თუ არ გჯერათ, თბილისში წაიყვანეთ, ვისთანაც თქვენ გსურთ, მასთან გადაამოწმეთო.

 

ცაგო კახაბერიძე

თბილისში ციციშვილის კლინიკაში ბავშვი გასინჯეს და სასწრაფო ოპერაცია და ადენოიდების ამოკვეთა მოითხოვეს. „მეოთხე სტადიის ადენოიდები და გაგუდვის საფრთხე“, – ასეთი იყო ექიმის დასკვნა.

 

პირველი ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ ბავშვს მეორე ოპერაცია დასჭირდა ადენოიდების მოსაშორებლად.

 

თბილისელმა ექიმმა თქვა, რომ „პირველი ოპერაცია“ სრულყოფილად არ იყო ჩატარებული, მეტიც, ადენოიდები საერთოდ არ იყო ამოკვეთილი. თქვა ისიც, რომ შესაძლოა „ძირიანად არ ამოკვეთეს“, ამ შემთხვევაში კი მისი გაზრდის ალბათობა არსებობს, მაგრამ იშვიათად ასეთ მოკლე დროშიო.
გუშინ დედაჩემმა დამირეკა, მითხრა, შენმა ძმამ ღამე თეთრად გაათენა, რადგან ბავშვის სუნთქვის ხმა არ ესმოდაო. ადრე ბავშვი ყოველთვის ხმაურით სუნთქავდა, ახლა კი უხმაუროდ სუნთქავს, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია.

 

მე კი კითხვები არ მასვენებს. რატომ გავუკეთეთ 2 წლის ბავშვს ე.წ. ნარკოზი მეორედ, თუ თავიდანვე შეიძლებოდა ადენოიდების ძირიანად ამოკვეთა? – ან იყო კი ამოკვეთილი საერთოდ? – რატომ არ წერენ ფურცელზე ექიმები იმას, რასაც ხმამაღლა ამბობენ, ვგულისხმობ დიაგნოზსა და ჩატარებულ მკურნალობას. ამით თავს იცავენ? პირველ ჯერზე რა ოპერაცია გაუკეთეს ბავშვს?

 

თემურ ორაგველიძისთვის ეს კითხვები პირადად არ დამისვამს. ახლახან გავიგე, რომ ის თვითმმართველობის ორგანოში მოსვლას გეგმავს და საკუთარ თავს ვკითხე, სად უფრო მეტია პასუხისმგებლობა, რომელიც ხანდახან უქმე დღეებშიც დაგღლის.
ყოველთვის და ყველასთვის ასეა?

 

 

ლეიბორისტული პარტიის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებზე

 

 

 

ხვალ 6 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ლეიბორისტული პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს.

 

ლეობორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი  ნუგზარ ჩხაიძე იქნება. ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი იქნება პარტიის ხელმძღვანელი აჭარაში, დავით რობაქიძე. 

 

 

 სხვა კანდიდატები: ბაინაზიშვილი რევაზ, რეჟისორი, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე,   უპარტიო.   ჯაფარიძე დავით ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია,  უპარტიო. ძნელაძე ნაიმე  რეჟისორი, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრი.   კურცხალიძე ზვიად ინჟინერი, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრი.

 

 

გასპარიანი ვლადიმერ  ტექნიკური, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრო.  ჩხიკვაძე ირმა   ბუღალტერი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.  ტრაპაიძე გოჩა  დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.  რობაქიძე მარინა  ლეიბორისტული პარტია. მიქელაძე ნუგზარ  არქიტექტორი, დრ/უმუშევარი,   ლეიბორისტული პარტიის წევრი.

 

 

დავითაძე ნანა  აგრონომი, დიასახლისი. ბათუმი მწვანე კონცხის დასახლება.  ცინცაძე ნანი ტექნოლოგი, დრ/უმუშევარი.  კობალაძე ილია  დრ/უმუშევარი,  დუმბაძე მურმან  დრ/უმუშევარი,  ცეცხლაძე უშანგი  დრ/უმუშევარი, შუშანიძე რომან , ფარტენაძე გურგენ დრ/უმუშევარი,

 

 

 რიჟვაძე როსტომ  აგრანომი, დრ/უმუშევარი,  კიღუაშვილი მანონი  პედაგოგი, დრ/უმუშევარი,  ძნელაძე მერაბ ინჟინერი, დრ/უმუშევარი.

„დაპირებები იქნება მოკლე და კონკრეტული“

 

 

 

გია დიასამიძე

 

 

ბატონო გია, თქვენ რატომ შეგარჩიეს და თუ გყავდათ სხვა კონკურენტები?

 

ეს, ალბათ, ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. მთავარი ისაა, რომ დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, ბათუმის საკრებულოში ვკურირებდი ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროს. მთავარი კრიტერიუმი ეს არის, ან შეიძლება ბათუმელობით, არ ვიცი. არ ველოდი ამ წინადადებას, ერთი-ორი დღე მართლა ვიფიქრე. ეს არ არის პატარა პასუხისმგებლობა.

 

 თუ გაიმარჯვებთ, რას შეცვლით ქალაქში?

 

თვითმმართველობა მეტი აქტიურობით რომ გამოირჩეოდეს და მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოს. ეს არის საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ინსტიტუტი და, შესაბამისად, ყველაფერზე სწრაფად უნდა ხდებოდეს რეაგირება. დიდი უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობის ხარისხი.

 

თქვენ ხართ იმ პარტიის ნაწილი, რომელიც დიდხანს მართავდა ქვეყანას, მათ შორის თვითმმართველობის დონეზეც. თქვენ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იმ საკრებულოს წევრი იყავით, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი მუდმივად კრიტიკის საგანი იყო. ახლა როგორ აპირებთ ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას?

 

ამ ცხრა წლის მანძილზე ბევრი კამათი და დისკუსია იყო ფრაქციის შიგნით. რობერტ ჩხაიძეს [ბათუმის ყოფილი მერი] სისხლს ვუშრობდით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე. ამიტომ იზრდებოდა ყოველწლიურად დაფინანსება. ჩემთვის არ არის პრობლემა ეს თანხები საარჩევნოდ ჩნდებოდა თუ მანამდე. მიმაჩნია, რომ თვითმმართველობა მინიმალურად პოლიტიზებული უნდა იყოს. საკრებულოს ქალაქი ქირაობს იმისთვის, რომ ქალაქი იყოს უკეთესი და არა იმიტომ, რომ გლადიატორებივით იჭიდაონ. იდეალური საკრებულო იქნება მეტ-ნაკლებად დაბალანსებული პოლიტიკური ჯგუფებით. თუ ძალაუფლების მონოპოლიზირება არ მოხდება, უკეთეს შედეგებს დადებს საკრებულო.

 

 დაასახელეთ ინიციატივა, რომელიც თქვენი სახელით გავიდა საკრებულოში.

 

 2006 წელს სოციალური პროგრამების ბიუჯეტი რვა ათასი ლარი იყო, ბოლო წლებში კი შვიდი-რვა მილიონი ლარი გახდა. ჩემი და ჩემი სამსახურის ინიციატივა იყო მედიკამენტებით უზრუნველყოფის და მოზარდებში ავადობის გამოვლენის პროგრამა.

 

 თქვით, რომ უცებ შემოგთავაზეს მერობის კანდიდატობა. პროგრამა გაქვთ თუ ამომრჩეველს პრიორიტეტებზე ზეპირად დაელაპარაკებით?

 

 პროგრამა გვაქვს, ცოტა ხანში იქნება ცნობილი. რაღაც ჩემია, რაღაც პარტიის. დასაქმება უნდა იყოს მთავარი. ამისთვის თვითმმართველობამ პირობები უნდა შექმნას, ინვესტიციები უნდა მოიზიდოს. სასწრაფოდ უნდა ამუშავდეს გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები. თუ გავხდები მერი, აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ ბოლოს და ბოლოს მრავალჯერ დაანონსებული სახელმწიფო საავადმყოფოს აშენების საკითხიც დაიძრას.

 

თქვენ, როგორც საკრებულოს წევრს, ამ საკითხის გააქტიურება აქამდეც შეგეძლოთ. ეს რატომ არ გააკეთეთ?

 

 ჩვენ გვქონდა პროექტი გამზადებული, ადგილიც კი შევარჩიეთ ქალაქში. თუმცა ყველაფრისთვის ფული ერთად არ არის.

 

60 მილიონი დაიხარჯა ანბანის კოშკზე, რომელიც დღეს უფუნქციოდაა…

 

 ტურიზმი პრიორიტეტული იყო. ერთი წელი ვეხვეწეთ ახალ მთავრობას, რომ გაექირავებინათ. ბოლოს თქვეს, გასხვისებას ვაპირებთო. პოლიტიკური ძიძგილაობა უნდა მოიხსნას. იმდენი კარგი გეგმა დევს მერიაში, მათი ნაწილის შესრულებაც კი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შეუსრულებელ დაპირებებს არ მივცემ მოსახლეობას. ეს იქნება მოკლე და კონკრეტული.

 

თქვენი აზრით, დღევანდელ ბიუჯეტში თუ არის ჩადებული არამიზნობრივი ხარჯი?

 

 სპორტთან დაკავშირებული თანხა არასწორადაა გადანაწილებული. „ბათუმის დინამოს“ შენახვაში მილიონ ლარს ვიხდით. მესმის, რომ „დინამო“ ბათუმის ისტორიის ნაწილია, მაგრამ კლუბი უნდა გაიყიდოს. ასევე არ მესმის „იაფი სახლის“ მიზანი. არასწორი იყო აიპი „მუნიციპალური სასადილოს“ შექმნა, რადგან მილიონ 400-ათასიანი ბიუჯეტიდან 400 ათასი ხელფასებზე იხარჯება. როგორც ადრე იყო, ისე უნდა დარჩენილიყო. ტენდერი გამოცხადდებოდა და გამარჯვებული პირი იზრუნებდა ყველაფერზე. საჯარო სამსახურში ზედმეტი სამუშაო ადგილების შექმნა მუშაობის ხარისხს არ აუმჯობესებს, ბიუროკრატიას ზრდის.

 

 საჯარო სამსახურები ბიუჯეტის ხარჯით ყიდულობენ ყავას, სასმელებს, აჯიკას და ტყემალსაც კი. თქვენ თუ სარგებლობთ მსგავსი სიკეთეებით და რას ფიქრობთ ამ ხარჯებზე?

 

 ყავას იშვიათად ვსვამ, ჩაის მოყვარული ვარ, მაგრამ ჩემი ფულით ვყიდულობ. ვიცი, რომ საკრებულოში წყალს ყიდულობენ. წარმომადგენლობითი ხარჯები უნდა იყოს, მაგრამ პროტოკოლიც უნდა იყოს დაცული. სხვა დანარჩენი უკვე კურიოზია.

 

 თვითმმართველობის ბიუჯეტებში არსებობს ხარჯები – „რელიგიური და კულტურული საკითხების ხელშეწყობა“. უნდა არსებობდეს ეს მუხლი ბიუჯეტში?

 

თუ ხელშეწყობაზეა საუბარი, მაშინ ყველა კონფესიის ხელშეწყობა უნდა მოხდეს. მეორე საკითხია, რამდენად უნდა ერეოდეს ასეთი საკითხების დაფინანსებაში თვითმმართველობა.

 

 საკრებულოში ხისტი რეპლიკებით გამოირჩევით: „შენ ბიჭო…“ – ამ ტონშიც ელაპარაკებით კოლეგებს. როგორი უნდა იყოს მერი?

 

„შენ ბიჭო“, – ამის თქმა ხშირად აუცილებელია. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მექნება, როცა ადამიანები ზრდილობას გადადიან. საკრებულოში ისე უნდა მოიქცეს ადამიანი, როგორც ამ ქალაქს ეკადრება. საშუალება რომ მქონდეს, უზრდელობაზე სერიოზულ ჯარიმას დავაწესებდი.

 

 თქვენს კონკურენტად ვის განიხილავთ?

 

სამთავრობო პარტიის წარმომადგენელი იქნება მთავარი კონკურენტი, რადგან როგორც ყოველთვის, ძნელია მთავრობის კანდიდატის კონკურენცია. თუმცა პირდაპირი წესით არჩევნებია და არც ის იქნება გასაკვირი, რომელიმე საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2018 წლების პროგრამული პრიორიტეტები

 

 

შეხვედრას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, აჭარის მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის წევრები და ფერმერები.  

 

განათლების სამინისტრო პროგრამების განხილვას იწყებს

 

შეხვედრას დაესწრებიან არასამთავრობო სექტორის, სამინისტროს პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.  

ფერმერებს 360 ცალი მოტობლოკი გადაეცემა

 

 

 

 

2014 წელს შეძენილია ოთხი სახეობის 360 ერთეული იტალიური წარმოების, Meccanica Benassi – ს და Berbieri -ს ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკი. პროგრამა თანაგადახდის პრინციპს ითვალისწინებს, ანუ გადაცემული ტექნიკის 30 პროცენტს ფერმერი გადაიხდის.

 

შესყიდული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე.

 

შესყიდული ტექნიკა მუნიციპალიტეტებზე შემდეგი პრინციპით გადანაწილდება: ხულოს მუნუციპალიტეტს -108 ერთეული გადაეცემა, შუახევს – 70, ქედას – 77, ხელვაჩაურს – 63, ქობულეთს – 25, შემოერთებული ტერიტორიებისთვის კი 17 ცალი მოტობლოკია გათვალისწინებული.

 

მოტობლოკები 2 714 ლარიდან, 3 530 ლარამდე ღირს.

ექსპო-ბათუმი დასრულდა

“ექსპო-ბათუმში”  სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები  იღებდნენ მონაწილეობას.

გამოფენაზე სულ ცხრა ქვეყანა იყო წარმოდგენილი:  საქართველო, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და პირველად გერმანია.

გამოფენაში მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო: სალომე კეღოშვილი

აჭარის მკლავჭიდის ნაკრებმა სამი საპრიზო ადგილი მოიპოვა

 

„აჭარის ნაკრებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი აიღო ონისე თავართქილაძემ, 70 კილოგრამში მეორე ადგილი მოიპოვა ირაკლი ხარაბაძემ, ხოლო 60 კოლოგრამ წონაში მესამე ადგილზე თემურ ქამაშიძე გავიდა“.

 

 

ონისე თავართქილაძე. ღია ტურნირი მკლავჭიდში. ქუთაისი. 2014 წელი, 2 მაისი
ონისე თავართქილაძე. ღია ტურნირი მკლავჭიდში. ქუთაისი. 2014 წელი, 2 მაისი

 

ტურნირში არ მონაწილეობდნენ აჭარის ნაკრებიდან პირველი ადგილის მფლობელები ლევან პოღოსიანი (საქართველოს ჩემპიონი), მერაბ კაკაბაძე (საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი) და მაჰმუდ ჭელიძე (საქართველოს ვიცე-ჩემპიონი). ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 18 მაისს ბაქოში ჩატარდება.

 

ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში ორ მაისს, სახალხო დღესასწაულის „ქუთაისობის“ ფარგლებში ჩატარდა. აჭარის მკლავჭიდელები ქუთაისში ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ. როგორც გოჩა შავაძე ამბობს „ქუთასობაზე“ გამართულ ღია ტურნირში ყოველწლიურად მონაწილეობენ.

 

აჭარის მკლავჭიდის ფედერაციას ტურნირში მონაწილეობისათვის ფინანსური მხარდაჭერა შპს „აღმშენებლობამ“ გაუწია.

 

ბათუმში ახალი საავადმყოფო და უნივერსიტეტი შენდება

 

ნუგზარ სურმანიძის განცხადებით ახალი კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით იქნება აღჭურვილი.   მრავალპროფილური კლინიკა 100 საწოლზეა გათვლილი. პაციენტებს კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ.

 

საავადმყოფოს ბაზაზე დაგეგმილია  „ბაჰჩეშეჰირის“ უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, რომელსაც  პროფესორი ისმეთ დინდარი უხელმძღვანელებს. სამედიცინო განათლების მიღების მსურველებს უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე შეეძლებათ, სტუდენტები სასწავლო კურსის ნაწილს „BAU”-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში გაივლიან.

 

ახალი საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის გახსნა 2014 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის მშენებლობა თურქული ინვესტიციით ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

ისაუზმეთ ტიფანისთან

 

რომ გკითხონ, ეს წიგნი რაზეა, სავარაუდოდ, ბევრს ვერაფერს უპასუხებთ. გაგახსენდებათ მხოლოდ ჰოლი გოლაითლი, თავისი კაბებით, სიგარეტებით, გიტარით, მოკლე თმით, ნაცრისფერი თვალებით, ახალგაზრდობით. გაგახსენდებათ მისი სილაღე, ვითომ ზერელე ხასიათი და ფარული, ჩუმი სევდა. და არა აქვს მნიშვნელობა, ქალი ხართ თუ კაცი – ჰოლი გოლაითლიზე ბოლო გვერდამდე ხართ შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ პატარა, უსინდისო გაიძვერაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წონაში იმატებს და სულაც აღარაა ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია, განურჩევლად ყველასთან დაწვეს. ჰოლის სიყვარული სახადია, რომელსაც ყველა წიგნის გმირი იხდის და, მათთან ერთად, ყველა მკითხველიც.

 

„საუზმე ტიფანისთან“ ადამიანურ სურვილებზეა და ბედნიერებისკენ სწრაფვაზე. ჰოლი გოლაითლი ყველაფერ ადამიანურის განსახიერებაა – უბრალო, მშიერი, პუტკუნა ბავშვი, მახინჯი იხვის ჭუკი, რომელმაც მოახერხა და საკუთარი თავი მშვენიერ გედად გადააქცია. მაგრამ მთელი წიგნის განმავლობაში ჰოლი საკუთარ თავს ეძებს, ეძებს იმას, რაც სინამდვილეში უნდა და ვერაფრით ხვდება, რა შეიძლება იყოს ეს „რაღაც“. ის უარს ამბობს საოცრად მომხიბლავ წინადადებებზე, კარიერაზე, გათხოვებაზე და ცხოვრობს მხოლოდ ისე, როგორც იმ მომენტში სურს.

 

ჰოლიზე ამბობენ, დარტყმულიაო. მაგრამ, აბა, ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს – ნუთუ ზოგჯერ მაინც არ გვჭამს რაღაცის ძებნის სურვილი? რამდენჯერ გვიფიქრია, რომ მიუხედავად ჩვენი წარმატებებისა, ჩვენი ადგილი სულ სხვაგან არის. მაგრამ არასდროს გვყოფნის გამბედაობა, ყველაფერი მივატოვოთ. ჰოლი კი მამაცი, მაგარი გოგოა. ივლის, ივლის, მიაღწევს მწვერვალს, მერე უცებ თავში წამოუფრენს, რომ ახლა აფრიკაში უნდა იყოს, მიაფურთხებს ყველაფერს და სულ კინწისკვრით ეშვება იმ მწვერვალიდან, თავისი ლამაზი კაბების ფრიალით. 

 

 

 

 

მინერალური წყალი, სასტუმრო და აბანოები კოკოტაურში

 

მინერალური და მტკნარი წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს, აბაზანებისა და სასტუმროს ერთობლივი კომპლექსის მშენებლობა სოფელ კოკოტაურში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასულ წელს დაიწყო. მშენებლები სამუშაოების დასრულებას ერთ თვეში ვარაუდობენ, რის შემდეგაც საწარმოში ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებულ მინერალურ წყალ „კოკოტაურს“ ახალი ეტიკეტით ჩამოასხამენ, მინერალურ წყალთან ერთად აქ მტკნარი წყალიც უნდა ჩამოასხან.

 

შპს „კოკატაურის“ მენეჯერი  ბადრი ნაკაშიძე ამბობს, რომ მინერალური და მტკნარი წყალი პირველ ეტაპზე არსებულ პლასტმასის ბოთლში ჩამოისხმება, რომელსაც მოგვიანებით შუშის ბოთლი ჩაანაცვლებს.

 

„მინერალური წყალი „კოკოტაური“ ამ ეტაპზე ყოფილ საწარმოში ისხმება, ერთ თვეში ახალ შენობაში გადმოვინაცვლებთ, სამუშაოები დასრულების ფაზაშია. საწარმო თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა, იტალიიდან და რუსეთიდან შემოტანილი დანადგარები დაყენდა. აქ დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 10 000 ლიტრი მინერალური წყალი ჩამოვასხათ, არსებული მარაგი საშუალებას იძლევა გაცილებით მეტი რაოდენობა ჩამოვასხათ, 18 და 22-ტონიანი რეზერვუარები გვაქვს, მაგრამ ამას შეფუთვა სჭირდება, რეალიზაცია და 10 000 ლიტრი ამ ეტაპისთვის სრულიად საკმარისია.

 

შენობის მეორე სართულზე სასტუმრო განთავსდება, 22 ნომერი გვაქვს, ყველა ორადგილიანია, სასტუმროს გვერდით მინერალური წყლის აბანო მოეწყობა,  დამსვენებელსა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისარგებლოს აბანოებით და მიიღოს მინერალური წყლის აბაზანა“- ამბობს ბადრი ნაკაშიძე.

 

ბადრი ნაკაშიძის თქმით, მინერალური წყლის ტარიფი არ შეიცვლება, რაც შეეხება მტკნარ წყალს, ამ ეტაპზე წყლის შესაძლო ღირებულება განსაზღვრული არ არის. „კოკოტაურის“ მფლობელი, ბელორუსიაში მოღვაწე ქედელი ბიზნესმენი დავით ბედინაძე მინერალური წყლის გატანას საზღვარგარეთაც გეგმავს.

 

„პირველ ეტაპზე საჭიროა დასრულდეს შენობა და შეფასდეს, რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულებები ვერ გაფორმდება და მინერალური წყალი საზღვრებს გარეთ ვერ გავა“,- ამბობს ბადრი ნაკაშიძე.

 

მისივე თქმით, კომპლექსის გახსნის შემდეგ „კოკოტაურში“  ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება: „მინიმუმ 45 მუშახელი იქნება საჭირო, სავარაუდოდ, ყველა ადგილობრივი კადრი დასაქმდება“. 

 

1 ლიტრი მინერალური წყალი „კოკოტაური“  70 თეთრი, 0,5 ლიტრი კი, 55 თეთრი ღირს.

          

კომპლექსი, სადაც სასტუმრო და მინერალური წყლის აბანო უნდა მოეწყოს

“ექსპო – ბათუმი” გრძელდება [ფოტო]

EXPO Batumi 2014-ში  ცხრა ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენაში სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გამოფენა დამთვალიერებლისათვის უფასოა და ის 4 მაისამდე გაგრძელდება.

დემოკრატიის ინსტიტუტი პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის განცხადებას ეხმიანება

 

“დემოკრატიის ინსტიტუტი ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებს, რომლებიც აშკარად შეურაცხყოფს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და ძალიან ცუდ მაგალითს იძლევა რეგიონებში და ქალაქებში მოქმედი “ქვედა დონის ხელისუფლების” წარმომადგენლებისათვის. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ [კამპანია “ეს შენ გეხება” პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობაა და იგი აზიანებს ქვეყნის ინტერესებს] – არის შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და მიგვაჩნია, რომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ განცხადებისათვის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში უნდა მოგვიხადოს.

 

მიუღებელია ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადება: “მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს – რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა “ეს შენ გეხება”, სად იყო ანალოგიური აქტივობა?”. 

ბატონო კახა! ჩვენ ჩუმად არასდროს ვყოფილვართ და პოზიციებიც არასდროს შეგვიცვლია! ჩვენ მაშინაც ამავე პოზიციებზე ვიდექით და ამის შესახებ უბრალოდ იმიტომ არ გაქვთ ინფორმაცია, რომ მაშინ თქვენ ნაკლებად გაინტერესებდათ ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ზოგადად დემოკრატიული ღირებულებები.

 

ხელისუფლება შესაძლოა არ ეთანხმებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას, კანონპროექტს, შეხედულებებს, მაგრამ ეს არანაირად არ წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების სახელმწიფო ღალატში დადანაშაულების საფუძველს.

 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, მართლაც რომ ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს”.

 

 

გამოფენა “ექსპო-ბათუმი” გაიხსნა

 

EXPO Batumi 2014-ში სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და პირველად გერმანია.

 

გამოფენის ფარგლებში იგეგმება პრეზენტაციები მონაწილეებისთვის, სარეკლამო, საინფორმაციო ტურები  და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

 

გამოფენის პროგრამა.


გამოფენა დამთვალიერებლისათვის უფასოა და ის 4 მაისამდე გაგრძელდება.


ბათუმში ირანის საკონსულოს განცხადება

 

 

“საქართველოს ახალ სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ იოსებ ჩახვაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიის დროს შემდგარი საუბრისას, ირანის პრეზიდენტმა ბატონმა ჰასან როჰანიმ საქართველო-ირანის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ირანის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რა ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა ირანელი ხალხის კეთილდამოკიდებულებას კავკასიის რეგიონის და განსაკუთრებით საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისათვის შავი ზღვის და განსაკუთრებით ბათუმის პორტთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰოჯათოლესლამ ვალ მოსლემინ დოქტორ ჰასან როჰანიმ დაამატა, რომ ირანის მხარე აპირებს აზერბაიჯანის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო ხაზი გაიყვანოს და აღნიშნა, რომ სამმხრივი ურთიერთობების (საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი) გაღრმავება რეგიონისათვის ძალიან მომგებიანი იქნება. საქართველოს ელჩისადმი რწმუნებათა სიგელის გადაცემისას ბატონმა ჰასან როჰანიმ საქართველო-ირანიოს ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ქართველ დიპლომატს უსურვა, ყოველი ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენოს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავების გზით წავიდეს. საუბრისას პრეზიდენტმა ასევე საქართველო-ირანს შორის საუნივერსიტეტო თანამშრომლობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორისა და ბიზნესურთიერთობებშიც ხელშეწყობილი იქნება მის მიერ.

თავის მხრივ, ბატონი იოსებ ჩახვაშვილი, საქართველოს ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შეხვედრისას სპარსულ ენაზე საუბრობდა. მან ის სამი წელი გაიხსენა, როცა 1973-1976 წლებში ისპაჰანის მეტალურგიულ ქარხანაში მოღვაწეობდა. მისი თქმით, საქართველოში ამჟამად მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, როგორც პოლიტიკური, ასევე წყობის თვალსაზრისით. ხელისუფლება საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადავიდა, რამაც გააძლიერა პარლამენტის ინსტიტუტი და ხელისუფლება გადავიდა პრემიერ-მინისტრის ხელში. მან დაამატა, რომ საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს ქვეყანაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს და ასევე მეზობელ ქვეყნებთან უფრო განამტკიცოს ურთიერთობები”.

ახალი და ძველი ინტერესები ბათუმის პორტში

„ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდიგნის“ დირექტორი, ტალგატ ბაიტაზიევი ამბობს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როცა „ტრანსსისტემი“ ნავსადგურში ექსკლუზიური გადაზიდვის უფლებით სარგებლობდა, ახლა ყველა გადამზიდავი კომპანია თანაბარ პირობებშია.

„ტრანსსისტემში“ კი მიიჩნევენ, რომ ბათუმის ნავსადგურში ავიწროვებენ და მათ ჩანაცვლებას „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდიგნის“ დირექტორის, ტალგატ ბაიტაზიევთან დაახლოებული პირების მფლობელობაში მყოფი კომპანიებით ცდილობენ.

ბათუმის ნავსადგურში ამის მიზეზად სხვა გარემოებას ასახელებენ  – „ტრანსსისტემმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის დადება ვერ შეძლო, შესაბამისად, მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა.

„2012 წლის ბოლოს დაინიშნა ტალგატ ბაიტაზიევი, რომელმაც დაიწყო ქართული კომპანიების შეზღუდვა. პირველ რიგში, მან დაარტყა „ტრანსსისტემს“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანია იყო, ჰქონდა აწყობილი გადაზიდვების სისტემა და აბსოლუტურად ყველა მხარე იყო კმაყოფილი. ტალგატ ბაიტაზიევმა ჯერ მოითხოვა ექსკლუზივის ამოღება კონტრაქტიდან და 2013 წელს მან დააფუძნა 3-4 კომპანია, რომლებიც არის მისი ნათესავების და მასთან დაახლოებული პირების, რომელთაც არ აქვთ არანაირი ისტორია გადაზიდვების, არანაირი გამოცდილება, თუმცა ყველა ტენდერი, რომელიც ჩატარდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ამ კომპანიებმა მოიგეს“, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, კომპანია „ტრანსსისტემის“ წარმომადგენელი.

გაბუნიას თქმით, მას შემდეგ, რაც „ტრანსსისტემი“  ბათუმის ნავსადგურში ექსკლუზიური გადაზიდვების უფლებით აღარ სარგებლობს, კომპანიამ მილიონ დოლარზე მეტი ზარალი ნახა, რის ანაზღაურებასაც სასამართლოს გზით მოითხოვს.

როგორ დაადასტურებს „ტრანსსისტემი“, რომ პორტში შესული ახალი გადამზიდავი კომპანიები პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ბაიტაზიევს? „ტრანსისტემის“ ხელმძღვანელი, გელა ლაითაძე ამბობს, რომ მათ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები არ აქვთ, ეს მათი ვარაუდია: „ამ კომპანიებმა საბანკო გარანტიები არ წარადგინეს. პირობა ჰქონდათ მუშაობის რისკებისა და გარანტიების გარეშე. პორტის თანამშრომლები ყველა კლიენტს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ, იბარებდნენ და ეუბნებოდნენ _ იმუშავეთ „ჯიპიემსისთან“, იმიტომ, რომ მალე „ტრანსსისტემი“ დაიხურებაო. ამის შესახებ პირდაპირ მითხრეს კომპანიებმა. „ჯიპიემესი“  შეიქმნა იმისთვის, რომ ბათუმის პორტში ჩვენი კომპანია დაეძირათ“.

ტალგატ ბაიტაზიევი „ტრანსსისტემის“ ბრალდებას, ბათუმის ნავსადგურში მასთან დაახლოებული პირების საკუთრებაში მყოფი კომპანიების გამოჩენის შესახებ, „სასაცილოს“ უწოდებს. იგი გადამზიდავი კომპანიის პრეტენზიებს სხვა გარემოებებს უკავშირებს: „როგორც კი დავიწყეთ შუამავლების გარეშე ხელშეკრულებების გაფორმება გადამზიდავ კომპანიებთან, მაშინვე დაიწყო სკანდალები. სხვა ტვირთის მეპატრონეებს ვკითხე, თუ რატომ არ შემოდიოდნენ აქამდე, მითხრეს, რომ მათ უფლებას არ აძლევდნენ შემოსვლის. ხალხი უკვე წამოვიდა პირდაპირ ჩვენთან მოლაპარაკებაზე. ისინი [„ტრანსსისტემი“] ცდილობენ აგვარიდონ ტვირთი, მათ აქვთ ძალა და ცდილობენ ბათუმის პორტში საერთოდ არავინ შემოვიდეს“.

ტალგატ ბაიტაზიევის თქმით, ბათუმის პორტში პირველად ახლახან შემოვიდა რკინის მადნის კონცენტრატი, ხელშეკრულება 700 000-ზეა გაფორმებული: „მალე მილიონზე გაფორმდება და იმ წამსვე ეს ადამიანი ჩემს ნათესავად შერაცხეს. რა შემიძლია ამაზე ვთქვა? ჰო, ის ჩემი ნათესავია, ალბათ, მეფე დავით აღმაშენებლის მხრიდან, რომელმაც მე-11 საუკუნეში ყივჩაღები ჩამოიყვანა საქართველოში… გუშინ ჩამოვიდა ეს ადამიანი [კომპანიის წარმომადგენელი] და ამაზე ბევრი ვიცინეთ. აქ [ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგში] არც ერთი ჩემი ნათესავი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახებს ბევრი ნათესავი ჰყავთ. ალბათ ყაზახებს უფრო შეუძლიათ ჩემი დადანაშაულება – მოსვლის შემდეგ ყველა მაღალი რანგის მმართველი შევცვალე ქართული მენეჯმენტით. ისინი უკვე პირადულზე გადმოვიდნენ და მე დარწმუნებით ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პოზიციას შევინარჩუნებთ სანამ მე აქ ვარ. ვფიქრობ, ცოტა წინ უნდა გავიხედოთ, რატომ გაჩნდა ეს სკანდალი. ის ტვირთი, რომელიც ახლა მოვიდა ბათუმის ნავსადგურში, ავტომატურად იზიდავს სხვა ტვირთებსაც. ეს ტვირთი დაკარგული იყო ჩვენთვის, მხოლოდ აზერბაიჯანულ და ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად წამოვიდა ეს ტვირთი საქართველოში“.

 

 

ჭიათურმარგანეცმადა რუსთავის აზოტმა“  ბათუმის პორტი დატოვეს   

ამ დროსათვის ბათუმის ნავსადგურიდან აღარ ეზიდებიან მარგანეცსა და აზოტს. კომპანიებს ეს ტვირთი ფოთის ნავსადგურიდან გადააქვთ. ბაიტაზიევის თქმით, ბათუმის პორტისთვის აზოტი და მარგანეცი მშრალი ტვირთის საერთო ტვირთბრუნვის 70-80 პროცენტია: „მარგანეცი და აზოტი ჩვენთვის იყო კარგი ტვირთი. მე ვესაუბრე მეპატრონეებს, ეს იყო ხანგრძლივი საუბარი. მითხრეს, რომ მათთვის კომფორტულია აქ მუშაობა, მაგრამ ჩვენზე იყო ზეწოლა და ჩვენ იქ, [ფოთში] უნდა წავიდეთო. არაფრის თქმა არ შემიძლია, ეს ბიზნესია“.

„ჭიათურმარგანეცისა“  და „რუსთავის აზოტის“ ბათუმის პორტიდან გასვლის მიზეზებზე „ბათუმელებმა“ კომპანიებიდან კომენტარის მიღება ვერ შეძლო.

„ტრანსსისტემის“ ხელმძღვანელი გელა ლაითაძე ამ კომპანიების ბათუმის ნავსადგურიდან გასვლის თავის ვერსიაზე საუბრობს: „რატომ გავიდნენ, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ, რომ ტალგატი ძალიან უხეშად ჩაერია ჩემი კომპანიის და „რუსთავის აზოტის“ ურთიერთობაში. ჩვენ გადაგვქონდა ეს ტვირთი და ეს კომპანიები გადავიდნენ ფოთის პორტში. მე ეს ტვირთი არ წამიღია სპეციალურად და არ დამიწყია ბათუმის პორტის ჩაძირვა“.

რამდენად აზარალებს ბათუმის ნავსადგურს შემცირებული ტვირთბრუნვა და ხომ არ გამოიწვევს ეს ნავსადგურში (რომელიც ქალაქში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია), სამუშაო ადგილების შემცირებას?

ტალგატ ბაიტაზიევი არ უარყოფს, რომ პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა და შემოსავლებმაც იკლო, თუმცა იგი ამბობს, რომ პორტში დასაქმებული ადამიანების შემცირებას არ გეგმავს. მისი თქმით, გადაზიდვები, ზოგადად, კავკასიის დერეფანში შემცირდა: „თუ ავიღებთ წინა და წლევანდელი წლის დინამიკას, გადაზიდვები დაახლოებით 20-30 პროცენტით შემცირდა. ეს მეტალურგიის დაცემას და უკრაინის კრიზისს უკავშირდება. მაგრამ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნავთობის ბრუნვა გაიზარდა დაახლოებით 40 პროცენტით. ეს ჰოლდინგია. ამ დროისთვის პორტი თავად ინახავს თავს, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ პორტს არ ექნება ფული, ჩვენ ტერმინალიდან გამოვყოფთ ფულს პორტის ხელფასებისთვის. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჩვენ [ყაზახური მხარე] პორტში შემოვედით, პირველად ხდება, რომ არ გყოფნის რეზერვუარები იმისთვის, რომ მივიღოთ ნავთობი. აქამდე ამბობდნენ, რომ ეს დერეფანი ცუდია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, მისაღები ბენზინისა და დიზელის რიგი გვაქვს. თუ ჩვენ არ გვაქვს პორტში ტვირთი, ესეც ტვირთია, მხოლოდ თხევადი და საბოლოოდ ეს ბალანსდება. თქვეს, რომ იქნებოდა შემცირებები. არც ერთი შემცირება არ ყოფილა ჩვენთან, თუ კი დადგება ეს მომენტი, ადამიანებს წინასწარ მისცემენ ნახევარი, ერთი წლის ხელფასს. თუ კი ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველა ადამიანს ინდივიდუალურად დაველაპარაკებით“.

ტრანსსისტემისექსკლუზივი ნავსადგურში და კავშირი კეზერაშვილთან  –ზეწოლა თუ შეთანხმება?

„ტრანსსისტემის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება. სტატია ბათუმის პორტში ექსკლუზიური გადამზიდავისა და ძველ ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2013 წელს მოამზადა. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, რომელიც დეტალურად იცნობს საზღვაო გადაზიდვების სფეროში არსებულ თამაშის წესებს, ბათუმის პორტმა, რომლის მფლობელიც ყაზახური კომპანიაა, 2011 წელს დაფუძნებულ „ტრანსსისტემს“ მხოლოდ იმიტომ მისცა ექსკლუზიური უფლებები, რომ კომპანია დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა.

ტალგატ ბაიტაზიევი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“ მაშინდელმა მმართველმა, აბაი ტურიკპენბაევმა: „პრივატულ საუბარში მან მითხრა, რომ ის იძულებული იყო. მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი იყო და არ არის საიდუმლო, რომ ის დაიბარეს, მასზე ზეწოლა იყო. ის მე მაფრთხილებდა, რომ მუქარებიც იქნებოდა. მას მოუწია ამის გაკეთება, მე მას არ ვადანაშაულებ. მე უკეთეს სიტუაციაში მოვხვდი, ვიდრე ის იყო. არ ვიცი, ვინ არის კეზერაშვილი, გამიგია, მაგრამ არაფრის მტკიცება არ შემიძლია. არ მინდა, დავეცე მათ დონეზე და ვიძახო, რომ ეს ვინმეს კომპანიაა და ვინმეს ნათესავები არიან“.

რატომ და როგორ მიიღო სამი წლის წინ ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმის ნავსადგურში ექსკლუზიური პირობები, ამ კითხვას „ტრანსსისტემის“ ხელმძღვანელი, გელა ლაითაძე ასე პასუხობს: „ტრანსსისტემის~ შემოსვლამდე, 2011 წლამდე, ბათუმის პორტი საშუალოდ იზიდავდა საერთო სტატისტიკური მონაცემებით 1 მლნ. ტონამდე ტვირთს. ბათუმის პორტს სჭირდებოდა განვითარება, ამის გამო ბათუმის პორტმა 2010 წელს გამოაცხადა ტენდერი. მას სჭირდებოდა  მინიმუმ 1 მლნ 250 ათასტონიანი გარანტირებული ტვირთბრუნვა, რის ხარჯზეც 20-პორცენტიან ფასდაკლებას მისცემდა იმ კომპანიას, რომელიც დადებდა საბანკო გარანტიას და თუ ვერ შეასრულებდა პირობას, გადაიხდიდა ჯარიმას. მათ ჩაწერეს სიტყვა „ექსკლუზივი“, რომ ეს ყოფილიყო ტენდერში მონაწილე კომპანიისთვის მიმზიდველი. ეს არ იყო „ტრანსსისტემის“  მოთხოვნა და არ იყო კაბალა… ბათუმის პორტის სატენდერო პირობებში იდო და რატომ უნდა გვეთქვა უარი“.

ლაითაძის თქმით, „ტრანსსისტემმა“ კომპანიის განვითარების მიზნით შემოიყვანა დამფუძნებლად „უნივერსალ ქეფიტალ გრუპი იუსი ჯი“. ამ კომპანიის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რილფ მენეჯმენტი“ ფლობდა, რომელიც საქართველოში კეზერაშვილთან ოფიციალურად დაკავშირებული არაერთი ბიზნესკომპანიის მესაკუთრეა.

„2013 წელს  შეიცვალა ჩვენი დამფუძნებელი და ეს კომპანია გავიდა. მთელი წილი შევისყიდეთ ჩვენ. თუ საუბარია, რომ 2011 და 2012 წელს დავით კეზერაშვილის გამო ხდებოდა, დავით კეზერაშვილი 2013 წელს აღარ იყო საქართველოში, „უნივერსალ კაპიტალ გრუპი იუსი ჯი“ გავიდა დამფუძნებლებიდან და ჩვენმა კომპანიამ იმ წელს შეასრულა ყველაზე სარეკორდო მაჩვენებელი. საერთოდ რომ არ არსებობდა ეს ბიზნესჯგუფი, მეტი ტვირთი გადავზიდეთ,“ – ამბობს გელა ლაითაძე.

ბათუმის ნავსადგურის იჯარით გადაცემის საკითხი

ბათუმის ნავსადგურში ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ „ტრანსსისტემი“  მათგან ნავმისადგომების იჯარით გადაცემასაც ითხოვდა. „სამუშაო შეხვედრისას, როცა განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი, ეს იყო არაოფიციალური საუბრის საგანი და მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი. კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. ეს ჩვეულებრივი წინადადებაა, ეს ყველა კომპანიის უფლებაა, ეს დამოკიდებულია პირობებზე“, – ამბობს ზურაბ შურღაია, „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა“ და ტერმინალის აქტივების მმართველი.

„ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ნავმისადგომების იჯარით გადაცემის საკითხს. იმიტომ, რომ თუკი გადამზიდავი გარანტიას გვაძლევს, 1,5 მილიონი ტონა ტვირთის და წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ჩვენ განვიხილავთ ასეთ წინადადებას, მაგრამ ექსკლუზიურ უფლებებს ბუნებრივია იტოვებს პორტი“, –  ამბობს ბაიტაზიევი. იგი დასძენს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შეიძლება მოხდეს.

„გარკვეულ წრეებს სურთ, რომ ბათუმის პორტი გადავიდეს მათ მფლობელობაში. ჩვენ არ ვიცით, ვინ დგას „ტრანსსისტემის“ უკან, არ ვიცით ვის სჭირდება ეს,“ =  ამბობს ზურაბ შურღაია.

გარდა კომპანიის შევიწროების ბრალდებისა, „ტრანსსისტემის“  წარმომადგენლებმა ტალგატ ბაიტაზიევს „საეჭვო რეპუტაციის მქონე პირი“ უწოდეს და ყაზახურ და ქართულ მხარეს მისი წარსულით დაინტერესება ურჩიეს. ბაიტაზიევი ამბობს, რომ მათი ბრალდებები უსაფუძვლოა: „მათ ჩემზე თქვეს, რომე მე ვარ საეჭვო პირი… 20 წელია „ყაზმუნაი გაზში“ [ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია] ვმუშაობ, მაქვს პრეზიდენტის ორდენები და არა ერთი ჯილდო მიმიღია“.

ნაციონალური მოძრაობა პროკურორის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება

 

 

რაულ თავართქილაძემ შს სამინისტროს ხელმძღვანელობა არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულა:

 

“რამდენიმე დღის წინ, ბათუმში საგანგაშო ფაქტი მოხდა, დაწვეს პროკურორის სამსახურეობრივი ავტომობილი და მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროულად მოხდეს დანაშაულის გახსნა და დააკავონ დამნაშავე პირები.


პოლიციაში მუშაობენ ძალიან კარგი წარსულის მქონე პროფესიონალბი, მათ სჭირდებათ სწორი მენეჯმენტი, რომ დროულად მოხდეს დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა და რეალურად იკლოს დანაშაულის რიცხვმა ქვეყანაში. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრალი, რომ დღეს სწორად ვერ იმართება შინაგან საქმეთა ორგანოები” – თქვა მან.

 

რაულ თავართქილაძე, წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროში მთავარი სამმართველოს უფროსის და კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისთვის

 

 

ცენტრის წევრები დღეს,  პირველ საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის თანატოლთა ტრენინგს ჩაატარებენ.

 

აღნიშნული ტრენინგი კიდევ ბათუმის 3 საჯარო სკოლაში გაიმართება.


ადვოკატირების კამპანია  ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად ტარდება და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.


აქტივობა ხორციელდება პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ცესკოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები გადაეცა

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად,  სააგენტო ვალდებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს პირველი მაისისა, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, გადასცეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისათვის საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ მონაცემები.

 

 ცესკო უფლებამოსილია არჩევნებამდე არაუგვიანეს 11 დღისა გამოითხოვოს განახლებული ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო კომისიას მიაწვდის სამი დღის განმავლობაში. მონაცემთა აღნიშნული ბაზა იქნება საბოლოო და კიდევ ერთხელ დაზუსტებული, რომლესაც ცესკო სიის ფორმირებისთვის გამოიყენებს.

 

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიწოდებულ მონაცემებში შეტანილია მოქალაქეთა უახლესი ფოტოსურათები.
 

 ბაზა საერთო ჯამში  3 553 673    პოტენციურ ამომრჩეველს ითვლის.


ჯერ არ დასრულებულა სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ „გაორებების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავდა არსებული გაორებების შესწორებას. პროექტის შედეგად საარჩევნო სიაში ერთი ამომრჩევლი, ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემებით იარსებებს. 

 

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში

 

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

 

 

“წავალ, მაგრამ სად წავიდე?” – უსახლკაროები მაღალმთიან აჭარაში

“საკუთარი სახლი არასოდეს მქონია, აქ 25 წელია ვცხოვრობ, სახლი სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, ჩვენც ვხვდებით, ქარსა და წვიმაში ზანზარებს, დღეს ჭერიც ჩამოინგრა, ღმერთს მადლობა, სახლში არ იყო არავინ და ამით გადავრჩით. წავალ, მაგრამ სად წავიდე? სამსულიან ოჯახში არავინ მუშაობს, პენსია მე არ მაქვს და სოციალური დახმარება. ადრე სოციალური დახმარება კი მქონდა, მაგრამ ბიჭი რუსეთში წავიდა და მომიხსნეს, მითხრეს უნდა გაგეფრთხილებინეთ და რადგან არ გაგვაფრთხილეთ, სამი წელი ვეღარ მიიღებთ დახმარებასო. გლეხმა რა ვიცი ეს კანონები. სოფლიდან ხუთი კილომეტრით დაშორებულ ტყეში მივდივარ, ზღმარტლს ვკრეფ, ჩამომაქვს და 100 ცალს 1 ლარში ვაბარებ, ზოგჯერ 70 თეთრში, ესაა ჩემი შემოსავალი”, – ამბობს ნაზიკო საფარიძე.

ნაზიკოსთან ერთად ავარიულ სახლში რუსლან ლორთქიფანიძის, ლეილა აბაშიძისა და ნიკოლოზ საფარიძის ოჯახებიც ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ლეილა აბაშიძეა უსახლკაროთა სიაში, უსახლკაროთა სიაში ვერ მოხვდა ასიე ბედინაძეც. იგი ამბობს, რომ არც მათ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი.

“არც ჩვენ გვაქვს სხვა საცხოვრებელი, მაგრამ არ ვიცი რატომ არ ვართ უსახლკაროების სიაში. სახლი სახიფათო რომაა და თავზე გვენგრევა, ეს ყველამ იცის, რეაგირება არაა თორემ. წინა ხელისუფლებამ გვითხრა სამი თვის ქირას გადაგიხდით, მერე სახლს ავაშენებთ და შეგასახლებთო. ხელისუფლება შეიცვალა და არავის აღარ უხსენებია. რუსლანს სამი მცირეწლოვანია ბავშვი ჰყავს, უმცროსი ერთი წლისაა, აქ ერთი წლის ბავშვით იცხოვრება? ცოლის მშობლებთან გადავიდნენ დროებით”, _ ამბობს ასიე ბედინაძე.

სტატისტიკური მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში 9 უსახლკარო ოჯახიდან 4 ოჯახი ნათესავებსა და მეზობელთან არის შეხიზნული, ერთი ბოსლის თავზე ცხოვრობს, ერთიც ნაქირავებშია და დანარჩენი თავს ძველ შენობებს აფარებენ.
ასიკო გოგიტიძე ქმართან ერთად ქედაში, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში წლებია ცხოვრობს. როგორც ასიკო გვიყვება, არც მათ ოჯახს აქვს საკუთარი სახლი.

“15 წელია ქმართან ერთად აქ ვცხოვრობ, მანამდე რედაქციის შენობაში ვცხოვრობდი. ყოველთვის ვთხოვდით საცხოვრებელი მოეცათ ან სადაც ვართ, ეს დაეკანონებინათ, მაგრამ ვერ მოხერხდა. იატაკი საცაა ჩავარდება, გვეუბნებიან სოციალურ სახლს ავაშენებთ და გადაგიყვანთო. 30 წელი რედაქციაში ვიმუშავე, 9 წელია რაც დაიხურა და დავრჩი უმუშევარი. ჩემთვის სამსახური ვერ გამოინახა, დამლაგებლადაც ვიმუშავებ, მაგრამ ესეც არ არის. საბავშვო ბაღს ვაშენებთ, შემოდგომამდე მოიცადე და ბაღში დაგასაქმებთო მეუბნებიან. ველოდები”, – ამბობს ასიკო გოგიტიძე.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ არსებული სოციალური პროგრამებით მუნიციპალიტეტი უსახლკარო ოჯახებს ვერ ეხმარება.

“არსებული პროგრამები მხოლოდ მიწისძვრითა და მეწყრით დაზარალებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ უსახლკაროებზე არ ვრცელდება. ბინები რომ შევუძინოთ, ამის საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია, პრობლემის მოგვარებისთვის ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს მთავრობის მეთაურთან გავდივართ. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე ამ ოჯახებისთვის შევქმნათ სამანევრო ბინა და დროებით შევუშვათ საცხოვრებლად”, – ამბობს დავით დუმბაძე.

ქედის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით ხულოს მუნიციპალიტეტში უსახლკარო ოჯახების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ აქვთ.

“I-II კატეგორიაში 85 ოჯახია, ამ ოჯახებისთვის ეკონომიკის სამინისტრო სოციალურ სახლს აშენებს. არის ოჯახები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ საცხოვრებელი და ნაქირავებში ცხოვრობენ. ასეთი ოჯახების დათვლა რთულია, რადგან ზოგიერთი მოგვმართავს, ზოგიერთი – არა. ოჯახები წევრთა სიმრავლიდან გამომდინარე ხშირად ნაწილდება და საცხოვრებლად ნაქირავებში გადის, ასეთი კატეგორიის 15-მა ოჯახმა მოგვმართა, მაგრამ ყველა ვინც ნაქირავებში გადის, უსახლკარო როდია. “უსახლკარო ოჯახები”, როგორც ცალკე კატეგორია, ხულოში არ არის”, – აცხადებს ხულოს გამგებელი, ბესიკ ბუაჩიძე.

“უსახლკარო ოჯახებად ისეთი ოჯახები აღვრიცხეთ, რომლებიც საკუთარ ძმებს გამოუნაწილდნენ და ამ ეტაპზე სხვის საცხოვრებელ სახლებში დროებით ცხოვრობენ, ასეთი 15 ოჯახია”, – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე.

1 ლარი ახალგაზრდის გადასარჩენად

 

 

28 წლის დავით ბერიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. “ბილაინის”, “ჯეოსელისა” და “მაგთის” აბონენტებმა აკრიფეთ ნომერი: 0901700119. ზარის განხორციელების შემდეგ თქვენი ტელეფონის ბალანსს მხოლოდ ერთი ლარი მოაკლდება. შედარებით მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე გადარიცხოთ თანხა: GE51BG0000000455615100. დამატებითი კითხვების შემთხვევაში პირადად დავითსაც დაუკავშირდეთ. მართალია, ის ახლა მორიგ ქიმიოთერაპიის პროცედურას იტარებს, მაგრამ სატელეფონო ზარებს მაინც პასუხობს. მისი ტელეფონია: 593 24 60 06

 

პირველად თავისი პრობლემის შესახებ დავით ბერიძემ საზოგადოებას მედიის მეშვეობით 8 აპრილს მიაწოდა ინფორმაცია. მაშინ დავითს ქიმიოთერაპიის დაგეგმილი კურსი ჰქონდა ჩასატარებელი, მაგრამ ფული _ დაახლოებით 3000 ლარი – ვერ იშოვა, ამიტომაც მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა იმ საზოგადოებისთვის მიემართა, რომლის არც თუ ისე მცირე ნაწილი ყოველკვირეულად სხვადასხვა არხის გასართობ შოუში იხდის სმს-ის მეშვეობით 1 ლარს.

დავითი გულისტკივილით ამბობს, რომ მიმართვის შედეგი ლარებში იყო – ნული. “ფული ვერ ვნახე, ამიტომ ქიმიოთერაპიას ბათუმში ვიკეთებ. ჩემი ექიმი კი თბილისშია. რა თქმა უნდა, მადლობა აქაურ ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს, მაგრამ როცა ჩემი ექიმი ვერ ესწრება პროცედურას, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის”.

დავითი ერთ-ერთ მორიგ პროცედურას დღეს ასრულებს. მას ამჯერად ერთი კვირით მოუწია ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაჩერება. ცდილობს იყოს ოპტიმისტი, მაგრამ მალე ისევ სჭირდება კიდევ ერთი ქიმიოთერაპია და იმაზე ფიქრი, რომ ფული ისევ მოსაძებნი აქვს, ძალას აცლის: “ქალაქში მეტ-ნაკლებად ყველა მიცნობს, ყოფილი “რესპუბლიკელი” ვარ, დღეს ვინც ხელისუფლებაშია, ხუთი წელი მათთან ვიყავი, ყველა ჩემი მეგობარი და ნაცნობია. არასამთავრობო სექტორიდანაც ყველა დუმს, მხოლოდ გენო გელაძე გამომეხმაურა – ყოველდღიურად მიკითხავს და ვიცი, რომ დახმარებას აპირებს. სამწუხაროდ, სხვა არავისგან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა”.

დავითს დაეხმარა კომპანია “გალფიც”, სადაც მას დღემდე შეუნარჩუნეს ხელფასი – 450 ლარი. აქამდე თითქმის რვა ათასი ლარი დახარჯა ოჯახმა, რომ არა “გალფი”, ეს ნამდვილად გაუჭირდებოდა. თითო პროცედურა მინიმუმ 3000 ლარი ღირს.
დავითს სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში წასვლა და გამოკვლევის ჩატარება. მან იცის, თუ რამდენად იზრდება რისკი თითოეულ დაგვიანებულ დღეზე თუ თითოეულ დაგვიანებით ჩატარებულ პროცედურაზე. სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი”-ის პაკეტი, რითაც დავითი სარგებლობს, 600 ლარს მედიკამენტებისთვის ანაზღაურებს, ხოლო 750 ლარს – ამბულატორიული მკურნალობისთვის. სწორედ იმის გამო, რომ ის დაზღვეულია კორპორაციულად, ვერ მოხვდა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში.

დავითის თქმით, რასაც მას, თავის მხრივ, ექიმები ეუბნებიან, ავადმყოფობის დასამარცხებლად თითოეული ზუსტად ჩატარებული პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია. დავითის ოჯახმა უკვე იმდენი ვალი დაიდო, რომ მკურნალობის გაგრძელება საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე აღარ გამოვა.
მთავარია, პროცესი ძალიან არ გაიწელოს.

სამღვდელოების არაფორმალური მმართველობისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია

 

 თუ გადახედავთ ჩვენს მეზობელ რუსეთს, ანტიდასავლური ისტერიკის ფონზე, იქაც ასე ხდება, თავიანთ შვილებს აგზავნიან სასწავლებლად ლონდონში, თვითონაც იქ დაიარებიან, იქ ყიდულობენ ტანსაცმელს, ყველაფერს, რაშიც შეუძლიათ ფული დახარჯონ, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ დასავლეთი ცუდია.

 

რატომ ხდება ასე? – ეს რომ გავიგოთ, უნდა ავხსნათ ის, თუ რა როლი აქვს სამღვდელოებას დღევანდელ საქართველოში. დღეს მისი როლი გაიზარდა. მღვდლობა არის წარმატებული და პრესტიჟული კარიერა საქართველოში, ანუ მღვდლობა არის ფული და ძალაუფლება, რომლის შენარჩუნება-გაძლიერებაში ეს ხალხი პირდაპირ არის დაინტერესებული. ერთადერთი გზა ამ ძალაუფლების, გნებავთ სოციალური, გნებავთ მონეტარული კაპიტალის შენარჩუნების არის ის ხალხი, ვინც უპირობოდ იზიარებს მათ ავტორიტეტს. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, პირველ რიგში დასვამს შეკითხვას. რატომ მეუბნება ეს მღვდელი, რომ არ წავიდე ექიმთან და ვილოცო, როცა თვითონ დადის დასავლეთში? მათ აინტერესებთ, რაც შეიძლება ბევრი ჰყავდეთ ისეთი ხალხი, ვისაც ასეთი კითხვები არ მოუვათ თავში.

 

მეორე მიზეზი, რის გამოც ხდება ევროპისა და დასავლეთის დემონიზაცია, არის ის, რომ რეალური დასავლეთი არ ნახონ ადამიანებმა, არ მიიღონ ინფორმაცია, რადგან მაშინ დაინახავენ, რომ არაფერია აქ ისეთი, რაც მას წაართმევს ქართველობას, მართლმადიდებლობას, არავინ გამოეკიდება იმის გამო, რომ მამათმავალი არ არის… პირიქით, დასავლეთი არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი რელიგიური თუ ეთნიკური გრძნობები.

 

მესამე მიზეზი, რაც სამღვდელოების ძალაუფლებას უფრო განამტკიცებს, არის საქართველოს იზოლაციონიზმი. საქართველო არ უნდა იყოს ინტეგრირებული არსად, გარდა იმ სისტემებისა, სადაც სამღვდელოებას ექნება გარანტია, რომ მის მზარდ ძალაუფლებასა და ავტორიტეტში არავინ შეედავება. ევროკავშირი კი ამის პირდაპირი საფრთხეა.

 

ინფორმაციის, განათლების ნაკლებობა, არის ის პირობები, რომელშიც სამღვდელოება საუკეთესოდ იგრძნობს თავს. რამდენად არის ეს დაკავშირებული რუსეთთან, ამის თქმა, რა თქმა უნდა, ძნელია, თუმცა საქართველოს სამღვდელოების ერთადერთი ინტელექტუალური წყარო არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან მჭიდროდ ინტეგრირებული რუსეთის სახელმწიფოებრივ სტრუქტურებთან.

 

მართლმადიდებლობის შიგნით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რუსულისგან ბევრი განსხვავებული პოზიცია, მაგრამ მართლმადიდებლობის შავრაზმული ვერსია, რომელიც არსებობს რუსეთში, მაინც და მაინც ეს აირჩია ქართულმა სამღვდელოებამ. არ გადმოაქვთ არაფერი არც სერბეთიდან, არც რუმინეთიდან, საბერძნეთიდან. მხოლოდ რუსეთია მათთვის ერთადერთი ინტელექტუალური წყარო. პოლიტიკური ინტერესიც ალბათ აქედან მომდინარეობს.

 

ფაქტების ანალიზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რადგან ინტელექტუალური ბმული ექსკლუზიურად რუსეთთანაა და სამღვდელოებას სურს თავისი, ძალიან პრივილეგირებული მდგომარეობა შეინარჩუნოს, ამისთვის ცემენტირების ერთ-ერთი გზა პოლიტიკური გავლენის მოპოვებაა.

 

მათ სურთ ჰქონდეთ პოლიტიკური კლასის სრული მხარდაჭერა და გარკვეულწილად ასეც არის. პატრიარქის გამოსვლებს ეხმაურება ყველა, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებით დასრულებული, სრულიად უკრიტიკოდ. ბოლო ეპისტოლეც სრულიად უკრიტიკოდ იყო მიღებული პოლიტიკური კლასის მიერ. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა, სამღდვლელოების არაფორმალური მმართველობისთვის პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. საქართველოსთვის, რომელიც ისედაც ჭაობშია ჩაფლული, ეს არის ქვის დოლაბის ჩამოკიდება, საიდანაც ამოსვლა ძალიან ძნელი იქნება.

 

გავიხსენოთ 17 მაისი, ნიგვზიანი, სამთაწყაროს მოვლენები, თუკი მთავრობა და საზოგადოება ამას აიტანს და წაუყრუებს, მისცემს სამღვდელოებას საშუალებას დაჩაგროს, დაიმონოს უმცირესობა, ხვალ აგრესიის სამიზნე აღმოჩნდებიან სხვა ჯგუფები. ამას კი სამღვდელოება გააკეთებს იმ პირების თუ ორგანიზაციების ხელით, რომლებიც პატრიარქის სახელით ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს. ამიტომ, კითხვების დასმა ყველა ადამიანის მოვალეობაა. ვინ არის დღევანდელი სამღვდელოება, საიდან მოვიდნენ?

 

საბჭოთა პერიოდში ძალიან ცოტა მღვდელი იყო, ვისაც აკადემია ჰქონდა დამთავრებული. მღვდლებსაც სჭირდებათ კვალიფიკაცია და განათლება, რადგან ისინი მარტო კულტის მსახურები არ არიან. საუკუნეების განმავლობაში ისინი ერთადერთი ინტელექტუალები იყვნენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში კი ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მღვდლებად მოდიან პირები, ვისაც ქრისტიანობაზე რაღაც წარმოდგენა აქვს. აქედან გამომდინარეობს ეს წყევლის გასაგიჟებელი პრაქტიკებიც, რომელიც ბოლო დროს მომრავლდა მღვდლების მხრიდან.

 

„თუ ამას არ იზამ, დაგწყევლი“, – ეს არანაირ კავშირში არ არის იმ რელიგიასთან, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. გიგა ზედანიამ გამოაქვეყნა ამაზე წერილი, სადაც ამბობს, რომ ეს, ფაქტობრივად, არის მაგია, რომელსაც ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ხალხი, რომელსაც ღმერთი ჰგონია ჩაქუჩი თავიანთ ხელში. დღევანდელი სამღვდელოება ძალიან შორს დგას საკუთარი რელიგიური წყაროებისგან. ეს არის მათი შიდა პრობლემაც და საზოგადოებისაც, რადგან ცრურწმენად გადაქცეული ქადაგებები, ხშირად ხდება კონკრეტული იარაღი ადამიანების ხელში.

 

იმისათვის, რომ ეს შეიცვალოს, ყველას თავისი როლი აქვს. თუმცა, ადამიანი არის დამოუკიდებელი, თვითმყოფადი არსება, მის მაგივრად არავინ იფიქრებს, არც მედია და არც უნივერსიტეტი. თუ ადამიანმა თვითონ არ დაიწყო ფიქრი და პასუხისმგებლობის აღება, ვერანაირ საზოგადოებაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. საზოგადოება სწორედ დამოუკიდებლად მოაზროვნე მოქალაქეების ერთიანობაა. ადამიანებმა უნდა ისწავლონ ფიქრი, რომ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა სხვას არ გადასცენ, თუნდაც სამღვდელოებას. როცა ამ პრივილეგიას გადასცემს სხვას, ის კარგავს თავისუფლებას.

 

 

 

 

ავარია ბათუმში

 

 

ორი მანქანის შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

ბათუმში ახალგაზრდული თეატრალური კვირეული ტარდება

 

 

ახალგაზრდული თეატრალური კვირეული ბათუმში 2 და 3 მაისს საზაფხულო თეატრში გაიმართება. თეატრალური კვირეულის ფარგლებში დაიდგმება სპექტაკლები. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება. სპექტაკლებში მონაწილეობა  ქუთაისის, რუსთავის, თბილისისა და ბათუმის დასები მიიღებენ.

 

ახალგაზრდული თეატრალური კვირეულისთვის ბათუმის მერიის სპორტის განყოფილების სამსახურს 14 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

 

ახალგაზრდული თეატრალური კვირეულის სპექტაკლების განრიგი:

 

2 მაისი

 19:00 საათზე – მოლიერის „დონ ჟუანი“ – ქუთაისის ახალგაზრდული დასი

20:00 საათზე – დენი კელის – „დნმ“- რუსთავის თეატრალური დასი „ბრავო“

 

3 მაისი 

18:00 საათზე – ემანუელ შმიტის „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ – თბილისის თეატრალური „არტ-გრუნი“

19:00 საათზე – ო. ქათამაძის „აიეტი“ – ბათუმის თეატრალური დასი „ნეფტუნი“

 

სპექტაკლებზე დასწრება უფასოა.

 

 

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს

 

ცოტნე ანანიძეს აჭარის ტელევიზიაზე გადაცემა „სამართალი ხალხისთვის“ მიჰყავს.  როგორც ტელევიზიის დირექტორი, სოსო სტურუა ამბობს  ანანიძე  გადაცემის წამყვანობას და ახალ თანამდებობას ერთმანეთს შეუთავსებს.

 

„ცოტნე არის იურისტი, საკმაოდ კარგი სატელევიზიო უნარებიც გამოავლინა.  მიჰყავს    საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ. ერთ წელზე მეტია გადის ეთერში. არის ეთიკის ქარტიის წევრი.  ამ უნარებით შევარჩიეთ  მოადგილედ,“ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს დირექტორმა სოსო სტურუამ „ბათუმელებთან“ საუბარში.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორს  სულ ორი მოადგილე ჰყავს.  

 

ცოტნე ანანიძე პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წლის 29 დეკემბერს გაათავისუფლეს. იგი 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. აჭარის ტელე-რადიოდეპარტამენტის პიკეტირებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მასთან ერთად შვიდი ადამიანი იხდიდა სასჯელს.  ცოტნე ანანიძემ ბრალი აღიარა და მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი  განცხადებით, ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარებინეს. 

 

“ჭადრაკში რისკი მიყვარს”

 

გაიოზ ნიგალიძე - საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში
გაიოზ ნიგალიძე – საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში

 

– გაიოზ, როდის დაიწყეთ ჭადრაკის თამაში?

– ჭადრაკის თამაში ყურებით ვისწავლე. ექვსი წლის ვიყავი, ბიძაჩემები თამაშობდნენ, ერთ–ერთმა არასწორი სვლა გააკეთა და ვუთხარი, სვლა მართლაც წამგებიანი აღმოჩნდა. მამაჩემმა ამის  მერე ჭადრაკის მწვრთნელთან მიმიყვანა. ჩემი პირველი მასწავლებელი ჯამბულ მახარაძე იყო. ოთხი წელი მასთან ვემზადებოდი და 10 და 12-წლამდელთა შორის, მეორე ადგილით, ევროპის ჩემპიონობის საგზური მოვიპოვე. მერე ისიდორე გოგეშვილი მასწავლიდა და 14-წლამდელთა შორის პირველ ადგილზე გავედი. მალე ისიდორე გოგეშვილი გარდაიცვალა. სამი-ოთხი წელი ტრენერის გარეშე ვიყავი და რაღაც პერიოდი ჩავარდნა მქონდა.

 

რა ძალისხმევა დაგჭირდათ, რომ გამხდარიყავით საქართველოს ჩემპიონი?

– ჭადრაკი დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს. საჭადრაკო კლუბ „ნონაში“ 8–9 საათს ვვარჯიშობდი. სავარჯიშოებს სახლშიც ვასრულებ. არის თეორიული წიგნები, სადაც გონების გამავარჯიშებელი ამოცანები უნდა გააკეთო. უნდა ისწავლო მოწინააღმდეგის დამარცხების სხვადასხვა ხერხი.

 

რა არის მთავარი ჭადრაკის თამაშის დროს?

– ჭადრაკში მნიშვნელოვანია ლოგიკა, ინტუიცია და რისკი. მე რისკი მიყვარს, როცა პოზიცია თანაბარია, გამოუთვლელი შედეგის მიუხედავად ვრისკავ, რადგან ინტუიციით ვგრძნობ, რომ კარგი პოზიცია მიჭირავს და ხელიდან არ უნდა გაუშვა. რა თქმა უნდა ყოველთვის გარისკვა არ გამოდგება. არიან მოთამაშეები, რომლებიც არ რისკავენ და სტაბილურად თამაშობენ.

 

– ჭადრაკის შემდეგ თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?

– სამი წელია ფრენბურთს ვთამაშობ. ამ დღეებში თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. აჭარის ფრენბურთის ნაკრებიც ვმონაწილეობდით. მეორე ადგილზე გავედით, თუმცა გვქონდა პირველის შანსი. შარშან მესამეზე გავედით. ფრენბურთის თამაშში სიმაღლემაც შემიწყო ხელი. ადრე კალათბურთსაც ვთამაშობდი. ფრენბურთის თამაშს მომავალშიც ვაპირებ.

 

– ფრენბურთი  ხომ არ გაკარგვინებთ ჭადრაკში მომზადებისთვის დროს?

– პირიქით, ხელს მიწყობს ფიზიკურ მომზადებაში. მოჭადრაკეს სჭირდება ფიზიკური მომზადება, უნდა ირბინოს, ტრენაჟორებზე ივარჯიშოს, რომ 5-6 საათი იჯდეს და ითამაშოს.

 

რა არის თქვენი ამჟამინდელი მიზანი?

– პირველი მიზანი რაც იყო, მოვიპოვე საერთაშორისო დიდოსტატის წოდება. ახლა რეიტინგის მომატება მინდა, 2700 ქულამდე, რომ საქართველოს ტოპმოჭადრაკეების სიაში მოვხვდე. 

 

როგორ ფიქრობთ, ამის მისაღწევად რა დრო დაგჭირდებათ?

– თუკი სერიოზულად ჩავუჯდები – სამი-ოთხი წელი და ინტენსიური ტურნირები. შემოთავაზებები მაქვს სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ არ მინდა, რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე. თუმცა ერთჯერად შემოთავაზებებში ვმონაწილეობ. ორჯერ ვთამაშობდი თურქეთის კლუბში. ეს ერთჯერადი თამაშია და არ ნიშნავს ქვეყნის სახელით მონაწილეობას. შემოთავაზება მქონდა ირანიდანაც, მაგრამ უარი ვთქვი. ყველაზე კარგი რუსეთისა და უკრაინის საჭადრაკო სკოლებში მოხვედრაა. ეს ქვეყნები ჭადრაკის რეიტინგში ლიდერები არიან.

 

აჭარაში ჩემი ასაკის კარგი მოთამაშეები იყვნენ. ბევრმა მათგანმა დაანება თავი, ზოგიერთს გული აუცრუვდა, ზოგიერთს ხანგრძლივი მეცადინეობა დაეზარა. იოლი არ არის რვა, 12 საათი ერთ ადგილას ჯდომა და ვარჯიში. რამდენჯერმე მეც მიფიქრია – ხომ არ გამენებებინა თავი ჭადრაკის თამაშისთვის და სხვა საქმე დამეწყო, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის ჟინი მაქვს.

 

თუ ფიქრობთ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას?

– მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ვიასპარეზო, მანამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ოცეულში უნდა მოვხვდე. ამჯერად 35-ე ადგილზე გავედი.

 

რა ეტაპები უნდა გაიაროთ, რომ საუკეთესო ოცეულში მოხვდეთ?

– ჯერ რეიტინგი უნდა ავიმაღლო, ამჟამად 537 ქულა მაქვს. ვფიქრობ, საქართველოში ძლიერი მოჭადრაკეები არიან, მაგრამ აქ ტურნირები ხშირად არ ტარდება. არ არის კონკურენცია, ამიტომ მოჭადრაკე შესაბამის გამოცდილებას ვერ იღებს. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ერთადერთი შანსია წარმატების მისაღწევად.

 

თუ გაქვთ უახლოეს მომავალში რაიმე ტურნირი?

– სამ მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ნახჭევანში გაიმართება საერთაშორისო ღია ტურნირი. ითამაშებს ძლიერი შემადგენლობა რუსეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ტურნირი 9 დღეს გაგრძელდება. იქნება პრიზებიც. პირველ ადგილზე გასულს 10 000 ლარი გადაეცემა. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან რამდენიმე მოჭადრაკე ვიქნებით.

იმის გამო, რომ ორ კვირაზე მეტი ფრენბურთს დავუთმე, ცოტა მოუმზადებელი მივდივარ, მაგრამ ამის ასანაზღაურებლად ამ დღეებში უფრო მეტ ხანს მომიწევს ვარჯიში. 

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში

 

პაციენტებს კონსულტაციას გაუწევენ ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ბეზარაშვილი და ექიმი ალერგოლოგი ნანა ფენჩიძე. 

აქცია საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. 

სამედიცინო ცენტრის მისამართია ქ. ბათუმი, ტაბიძის ქუჩა N2ა.

სტუდენტები შრომითი უფლებების მხარდასაჭერად

 

 

ისინი ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ: პირველი მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ და შეიქმნას მშრომელთა საინსპექციო ჯგუფი, რომელიც დაიცავს ფაბრიკა ქარხნებში მომუშავე პირთა უფლებებს – “ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, ჩვენი უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია დავიწყოთ ფიქრი სად გვაქვს პრობლემა, როგორ მოქმედებს 2013 წელს მიღებული შრომითი კოდექსი, როგორ შრომით ხელშეკრულებებს უდებენ ფაბრიკა ქარხნებში, მშენებლობებზე მომუშავე პირებს, სად არის ყველაზე მეტი დარღვევა შრომის უფლებების. გვინდა რომ ეს დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოსწორდეს. ამისათვის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა ჩავერთოთ. ყოველ ნაბიჯზე არასამართლიან ქმედებებს ვხვდებით. ჩვენ ვიყავით ფაბრიკა ქარხნებში, გავესაუბრეთ იქ მომუშავეებს. მათ მინიმალური ანაზღაურების 150-200 ლარის დაკარგვის შიშით ისინი უარს ამბობენ ხმამაღლა თქვან თუ რა შრომით პირობებში იმყოფებიან, ის რომ რვა საათის ნაცვლად 12 საათს მუშაობენ, რა ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი. ჩვენ ასეთი ინფორმაციაც მივიღეთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში საპირფარეშოს უკეტავენ რომ ზედმეტი დრო არ დახარჯონ“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ ბაუჟაძე.

 

სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სამკერვალო ფაბრიკასთან გადაინაცვლეს და მხარდამჭერი აქცია იქაც გამართეს – „აქ მომუშავეების ხელფასი საარსებო მინიმუმს არ უტოლდება. ჩვენ გვინდა მათ იცოდნენ, რომ სტუდენტები საკუთარი უფლებების დასაცავად მხარში ვუდგავართ და არ შეეშინდეთ ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა“- ამბობს სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი გოჩა სურგულაძე.

 

 

 

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს

 

როგორც  მალხაზ ჭკადუა აცხადებს  უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  დამოუკიდებელი სტუდენტურ მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებს უფლება არ  მისცა, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში დაემონტაჟებინათ საინფორმაციო ბანერი წარწერით „1 მაისი – მუშათა დღე“.  უარის მიზეზი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ასე განმარტა:

 

„აღნიშნული ქმედება (იგულისხმება საინფორმაციო ბანერის დამონტაჟება) არ წარმოადგენს ბსუ-ს სტუდენტთა საგანმანათლებლო, სპორტული თუ კულტურული ღონისძიების რომელიმე სახეს… უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ნება დაგერთოთ უნივერსიტეტის მოედანზე 2 დღის ვადით ბანერის განთავსებაზე,“ – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.     

 

            „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობა ზემოაღნიშნული წერილის შინაარს არ ეთანხმება და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა „ალტერნატივისთვის“ ბანერის განთავსებაზე, აფასებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, რაც აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით. კერძოდ, კონსტიტუციის 24-ე მუხლში აღნიშნულია: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. გარდა ამისა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულია: „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივისთვის“ გაგზავნილი წერილი პირდაპირ მიუთითებს ცენზურაზე, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია,“ –  ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“    ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის  მალხაზ ჭკადუას მიმართვაში.

 

„უნივერსიტეტის იდეა, გარდა აკადემიური განათლების მიღებისა, გულისხმობს დემოკრატიული, ხელმისაწვდომი და თანაბარი გარემოს შექმნას ყველა სტუდენტისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ პრინციპების ერთგული პროფესიონალები მუშაობენ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილი წერილი ეწინააღმდეგება საუნივერისიტეტო იდეას. გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ 30 აპრილს მომხდარი ფაქტი და უზრუნველყოთ სტუდენტთა აზრის თავისუფლად გამოსახატად შესაბამისი გარემოს გაუმჯობესება,“ – წერს რექტორს ჭკადუა.

 

სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები ამ წუთებში ბათუმის უნივერსიტეტის წინ  შრომის საერთსაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას მართავენ. 

მოგზაურობა ძველ ბათუმში

გუშინ ზღვისპირას ბათუმელები ძველ ბათუმში სამოგზაუროდ შეიკრიბნენ. წიგნის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“   პრეზენტაციამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.   სანამ პატეფონი უკრავდა, პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი მოერგოთ, ქვიშაზე მოხარშული ყავა დაეგემოვნებინათ და ზღვაში გემით გაესეირნათ.

 

ბათუმში პროკურორის მანქანა დაწვეს

 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.


პროკურატურაში სხვა დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.


„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს ბათუმში პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში. ავატომანქანით პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე გადაადგილდებოდა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ  მოხდა. 

 

 

Exit mobile version