სიახლეები

სამღვდელოების არაფორმალური მმართველობისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია

01.05.2014 • 1756
სამღვდელოების არაფორმალური მმართველობისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია

 

 თუ გადახედავთ ჩვენს მეზობელ რუსეთს, ანტიდასავლური ისტერიკის ფონზე, იქაც ასე ხდება, თავიანთ შვილებს აგზავნიან სასწავლებლად ლონდონში, თვითონაც იქ დაიარებიან, იქ ყიდულობენ ტანსაცმელს, ყველაფერს, რაშიც შეუძლიათ ფული დახარჯონ, მაგრამ საკუთარ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ დასავლეთი ცუდია.

 

რატომ ხდება ასე? – ეს რომ გავიგოთ, უნდა ავხსნათ ის, თუ რა როლი აქვს სამღვდელოებას დღევანდელ საქართველოში. დღეს მისი როლი გაიზარდა. მღვდლობა არის წარმატებული და პრესტიჟული კარიერა საქართველოში, ანუ მღვდლობა არის ფული და ძალაუფლება, რომლის შენარჩუნება-გაძლიერებაში ეს ხალხი პირდაპირ არის დაინტერესებული. ერთადერთი გზა ამ ძალაუფლების, გნებავთ სოციალური, გნებავთ მონეტარული კაპიტალის შენარჩუნების არის ის ხალხი, ვინც უპირობოდ იზიარებს მათ ავტორიტეტს. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, პირველ რიგში დასვამს შეკითხვას. რატომ მეუბნება ეს მღვდელი, რომ არ წავიდე ექიმთან და ვილოცო, როცა თვითონ დადის დასავლეთში? მათ აინტერესებთ, რაც შეიძლება ბევრი ჰყავდეთ ისეთი ხალხი, ვისაც ასეთი კითხვები არ მოუვათ თავში.

 

მეორე მიზეზი, რის გამოც ხდება ევროპისა და დასავლეთის დემონიზაცია, არის ის, რომ რეალური დასავლეთი არ ნახონ ადამიანებმა, არ მიიღონ ინფორმაცია, რადგან მაშინ დაინახავენ, რომ არაფერია აქ ისეთი, რაც მას წაართმევს ქართველობას, მართლმადიდებლობას, არავინ გამოეკიდება იმის გამო, რომ მამათმავალი არ არის… პირიქით, დასავლეთი არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი რელიგიური თუ ეთნიკური გრძნობები.

 

მესამე მიზეზი, რაც სამღვდელოების ძალაუფლებას უფრო განამტკიცებს, არის საქართველოს იზოლაციონიზმი. საქართველო არ უნდა იყოს ინტეგრირებული არსად, გარდა იმ სისტემებისა, სადაც სამღვდელოებას ექნება გარანტია, რომ მის მზარდ ძალაუფლებასა და ავტორიტეტში არავინ შეედავება. ევროკავშირი კი ამის პირდაპირი საფრთხეა.

 

ინფორმაციის, განათლების ნაკლებობა, არის ის პირობები, რომელშიც სამღვდელოება საუკეთესოდ იგრძნობს თავს. რამდენად არის ეს დაკავშირებული რუსეთთან, ამის თქმა, რა თქმა უნდა, ძნელია, თუმცა საქართველოს სამღვდელოების ერთადერთი ინტელექტუალური წყარო არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან მჭიდროდ ინტეგრირებული რუსეთის სახელმწიფოებრივ სტრუქტურებთან.

 

მართლმადიდებლობის შიგნით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რუსულისგან ბევრი განსხვავებული პოზიცია, მაგრამ მართლმადიდებლობის შავრაზმული ვერსია, რომელიც არსებობს რუსეთში, მაინც და მაინც ეს აირჩია ქართულმა სამღვდელოებამ. არ გადმოაქვთ არაფერი არც სერბეთიდან, არც რუმინეთიდან, საბერძნეთიდან. მხოლოდ რუსეთია მათთვის ერთადერთი ინტელექტუალური წყარო. პოლიტიკური ინტერესიც ალბათ აქედან მომდინარეობს.

 

ფაქტების ანალიზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რადგან ინტელექტუალური ბმული ექსკლუზიურად რუსეთთანაა და სამღვდელოებას სურს თავისი, ძალიან პრივილეგირებული მდგომარეობა შეინარჩუნოს, ამისთვის ცემენტირების ერთ-ერთი გზა პოლიტიკური გავლენის მოპოვებაა.

 

მათ სურთ ჰქონდეთ პოლიტიკური კლასის სრული მხარდაჭერა და გარკვეულწილად ასეც არის. პატრიარქის გამოსვლებს ეხმაურება ყველა, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებით დასრულებული, სრულიად უკრიტიკოდ. ბოლო ეპისტოლეც სრულიად უკრიტიკოდ იყო მიღებული პოლიტიკური კლასის მიერ. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა, სამღდვლელოების არაფორმალური მმართველობისთვის პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. საქართველოსთვის, რომელიც ისედაც ჭაობშია ჩაფლული, ეს არის ქვის დოლაბის ჩამოკიდება, საიდანაც ამოსვლა ძალიან ძნელი იქნება.

 

გავიხსენოთ 17 მაისი, ნიგვზიანი, სამთაწყაროს მოვლენები, თუკი მთავრობა და საზოგადოება ამას აიტანს და წაუყრუებს, მისცემს სამღვდელოებას საშუალებას დაჩაგროს, დაიმონოს უმცირესობა, ხვალ აგრესიის სამიზნე აღმოჩნდებიან სხვა ჯგუფები. ამას კი სამღვდელოება გააკეთებს იმ პირების თუ ორგანიზაციების ხელით, რომლებიც პატრიარქის სახელით ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს. ამიტომ, კითხვების დასმა ყველა ადამიანის მოვალეობაა. ვინ არის დღევანდელი სამღვდელოება, საიდან მოვიდნენ?

 

საბჭოთა პერიოდში ძალიან ცოტა მღვდელი იყო, ვისაც აკადემია ჰქონდა დამთავრებული. მღვდლებსაც სჭირდებათ კვალიფიკაცია და განათლება, რადგან ისინი მარტო კულტის მსახურები არ არიან. საუკუნეების განმავლობაში ისინი ერთადერთი ინტელექტუალები იყვნენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში კი ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მღვდლებად მოდიან პირები, ვისაც ქრისტიანობაზე რაღაც წარმოდგენა აქვს. აქედან გამომდინარეობს ეს წყევლის გასაგიჟებელი პრაქტიკებიც, რომელიც ბოლო დროს მომრავლდა მღვდლების მხრიდან.

 

„თუ ამას არ იზამ, დაგწყევლი“, – ეს არანაირ კავშირში არ არის იმ რელიგიასთან, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. გიგა ზედანიამ გამოაქვეყნა ამაზე წერილი, სადაც ამბობს, რომ ეს, ფაქტობრივად, არის მაგია, რომელსაც ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ხალხი, რომელსაც ღმერთი ჰგონია ჩაქუჩი თავიანთ ხელში. დღევანდელი სამღვდელოება ძალიან შორს დგას საკუთარი რელიგიური წყაროებისგან. ეს არის მათი შიდა პრობლემაც და საზოგადოებისაც, რადგან ცრურწმენად გადაქცეული ქადაგებები, ხშირად ხდება კონკრეტული იარაღი ადამიანების ხელში.

 

იმისათვის, რომ ეს შეიცვალოს, ყველას თავისი როლი აქვს. თუმცა, ადამიანი არის დამოუკიდებელი, თვითმყოფადი არსება, მის მაგივრად არავინ იფიქრებს, არც მედია და არც უნივერსიტეტი. თუ ადამიანმა თვითონ არ დაიწყო ფიქრი და პასუხისმგებლობის აღება, ვერანაირ საზოგადოებაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. საზოგადოება სწორედ დამოუკიდებლად მოაზროვნე მოქალაქეების ერთიანობაა. ადამიანებმა უნდა ისწავლონ ფიქრი, რომ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა სხვას არ გადასცენ, თუნდაც სამღვდელოებას. როცა ამ პრივილეგიას გადასცემს სხვას, ის კარგავს თავისუფლებას.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: