კვირის ამბები

1 ლარი ახალგაზრდის გადასარჩენად

02.05.2014
1 ლარი ახალგაზრდის გადასარჩენად

 

 

28 წლის დავით ბერიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. “ბილაინის”, “ჯეოსელისა” და “მაგთის” აბონენტებმა აკრიფეთ ნომერი: 0901700119. ზარის განხორციელების შემდეგ თქვენი ტელეფონის ბალანსს მხოლოდ ერთი ლარი მოაკლდება. შედარებით მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე გადარიცხოთ თანხა: GE51BG0000000455615100. დამატებითი კითხვების შემთხვევაში პირადად დავითსაც დაუკავშირდეთ. მართალია, ის ახლა მორიგ ქიმიოთერაპიის პროცედურას იტარებს, მაგრამ სატელეფონო ზარებს მაინც პასუხობს. მისი ტელეფონია: 593 24 60 06

 

პირველად თავისი პრობლემის შესახებ დავით ბერიძემ საზოგადოებას მედიის მეშვეობით 8 აპრილს მიაწოდა ინფორმაცია. მაშინ დავითს ქიმიოთერაპიის დაგეგმილი კურსი ჰქონდა ჩასატარებელი, მაგრამ ფული _ დაახლოებით 3000 ლარი – ვერ იშოვა, ამიტომაც მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა იმ საზოგადოებისთვის მიემართა, რომლის არც თუ ისე მცირე ნაწილი ყოველკვირეულად სხვადასხვა არხის გასართობ შოუში იხდის სმს-ის მეშვეობით 1 ლარს.

დავითი გულისტკივილით ამბობს, რომ მიმართვის შედეგი ლარებში იყო – ნული. “ფული ვერ ვნახე, ამიტომ ქიმიოთერაპიას ბათუმში ვიკეთებ. ჩემი ექიმი კი თბილისშია. რა თქმა უნდა, მადლობა აქაურ ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს, მაგრამ როცა ჩემი ექიმი ვერ ესწრება პროცედურას, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის”.

დავითი ერთ-ერთ მორიგ პროცედურას დღეს ასრულებს. მას ამჯერად ერთი კვირით მოუწია ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაჩერება. ცდილობს იყოს ოპტიმისტი, მაგრამ მალე ისევ სჭირდება კიდევ ერთი ქიმიოთერაპია და იმაზე ფიქრი, რომ ფული ისევ მოსაძებნი აქვს, ძალას აცლის: “ქალაქში მეტ-ნაკლებად ყველა მიცნობს, ყოფილი “რესპუბლიკელი” ვარ, დღეს ვინც ხელისუფლებაშია, ხუთი წელი მათთან ვიყავი, ყველა ჩემი მეგობარი და ნაცნობია. არასამთავრობო სექტორიდანაც ყველა დუმს, მხოლოდ გენო გელაძე გამომეხმაურა – ყოველდღიურად მიკითხავს და ვიცი, რომ დახმარებას აპირებს. სამწუხაროდ, სხვა არავისგან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა”.

დავითს დაეხმარა კომპანია “გალფიც”, სადაც მას დღემდე შეუნარჩუნეს ხელფასი – 450 ლარი. აქამდე თითქმის რვა ათასი ლარი დახარჯა ოჯახმა, რომ არა “გალფი”, ეს ნამდვილად გაუჭირდებოდა. თითო პროცედურა მინიმუმ 3000 ლარი ღირს.
დავითს სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში წასვლა და გამოკვლევის ჩატარება. მან იცის, თუ რამდენად იზრდება რისკი თითოეულ დაგვიანებულ დღეზე თუ თითოეულ დაგვიანებით ჩატარებულ პროცედურაზე. სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი”-ის პაკეტი, რითაც დავითი სარგებლობს, 600 ლარს მედიკამენტებისთვის ანაზღაურებს, ხოლო 750 ლარს – ამბულატორიული მკურნალობისთვის. სწორედ იმის გამო, რომ ის დაზღვეულია კორპორაციულად, ვერ მოხვდა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში.

დავითის თქმით, რასაც მას, თავის მხრივ, ექიმები ეუბნებიან, ავადმყოფობის დასამარცხებლად თითოეული ზუსტად ჩატარებული პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია. დავითის ოჯახმა უკვე იმდენი ვალი დაიდო, რომ მკურნალობის გაგრძელება საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე აღარ გამოვა.
მთავარია, პროცესი ძალიან არ გაიწელოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.