სპორტი

“ჭადრაკში რისკი მიყვარს”

01.05.2014 • 1785
“ჭადრაკში რისკი მიყვარს”

 

გაიოზ ნიგალიძე - საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში
გაიოზ ნიგალიძე – საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში

 

– გაიოზ, როდის დაიწყეთ ჭადრაკის თამაში?

– ჭადრაკის თამაში ყურებით ვისწავლე. ექვსი წლის ვიყავი, ბიძაჩემები თამაშობდნენ, ერთ–ერთმა არასწორი სვლა გააკეთა და ვუთხარი, სვლა მართლაც წამგებიანი აღმოჩნდა. მამაჩემმა ამის  მერე ჭადრაკის მწვრთნელთან მიმიყვანა. ჩემი პირველი მასწავლებელი ჯამბულ მახარაძე იყო. ოთხი წელი მასთან ვემზადებოდი და 10 და 12-წლამდელთა შორის, მეორე ადგილით, ევროპის ჩემპიონობის საგზური მოვიპოვე. მერე ისიდორე გოგეშვილი მასწავლიდა და 14-წლამდელთა შორის პირველ ადგილზე გავედი. მალე ისიდორე გოგეშვილი გარდაიცვალა. სამი-ოთხი წელი ტრენერის გარეშე ვიყავი და რაღაც პერიოდი ჩავარდნა მქონდა.

 

რა ძალისხმევა დაგჭირდათ, რომ გამხდარიყავით საქართველოს ჩემპიონი?

– ჭადრაკი დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს. საჭადრაკო კლუბ „ნონაში“ 8–9 საათს ვვარჯიშობდი. სავარჯიშოებს სახლშიც ვასრულებ. არის თეორიული წიგნები, სადაც გონების გამავარჯიშებელი ამოცანები უნდა გააკეთო. უნდა ისწავლო მოწინააღმდეგის დამარცხების სხვადასხვა ხერხი.

 

რა არის მთავარი ჭადრაკის თამაშის დროს?

– ჭადრაკში მნიშვნელოვანია ლოგიკა, ინტუიცია და რისკი. მე რისკი მიყვარს, როცა პოზიცია თანაბარია, გამოუთვლელი შედეგის მიუხედავად ვრისკავ, რადგან ინტუიციით ვგრძნობ, რომ კარგი პოზიცია მიჭირავს და ხელიდან არ უნდა გაუშვა. რა თქმა უნდა ყოველთვის გარისკვა არ გამოდგება. არიან მოთამაშეები, რომლებიც არ რისკავენ და სტაბილურად თამაშობენ.

 

– ჭადრაკის შემდეგ თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?

– სამი წელია ფრენბურთს ვთამაშობ. ამ დღეებში თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. აჭარის ფრენბურთის ნაკრებიც ვმონაწილეობდით. მეორე ადგილზე გავედით, თუმცა გვქონდა პირველის შანსი. შარშან მესამეზე გავედით. ფრენბურთის თამაშში სიმაღლემაც შემიწყო ხელი. ადრე კალათბურთსაც ვთამაშობდი. ფრენბურთის თამაშს მომავალშიც ვაპირებ.

 

– ფრენბურთი  ხომ არ გაკარგვინებთ ჭადრაკში მომზადებისთვის დროს?

– პირიქით, ხელს მიწყობს ფიზიკურ მომზადებაში. მოჭადრაკეს სჭირდება ფიზიკური მომზადება, უნდა ირბინოს, ტრენაჟორებზე ივარჯიშოს, რომ 5-6 საათი იჯდეს და ითამაშოს.

 

რა არის თქვენი ამჟამინდელი მიზანი?

– პირველი მიზანი რაც იყო, მოვიპოვე საერთაშორისო დიდოსტატის წოდება. ახლა რეიტინგის მომატება მინდა, 2700 ქულამდე, რომ საქართველოს ტოპმოჭადრაკეების სიაში მოვხვდე. 

 

როგორ ფიქრობთ, ამის მისაღწევად რა დრო დაგჭირდებათ?

– თუკი სერიოზულად ჩავუჯდები – სამი-ოთხი წელი და ინტენსიური ტურნირები. შემოთავაზებები მაქვს სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ არ მინდა, რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე. თუმცა ერთჯერად შემოთავაზებებში ვმონაწილეობ. ორჯერ ვთამაშობდი თურქეთის კლუბში. ეს ერთჯერადი თამაშია და არ ნიშნავს ქვეყნის სახელით მონაწილეობას. შემოთავაზება მქონდა ირანიდანაც, მაგრამ უარი ვთქვი. ყველაზე კარგი რუსეთისა და უკრაინის საჭადრაკო სკოლებში მოხვედრაა. ეს ქვეყნები ჭადრაკის რეიტინგში ლიდერები არიან.

 

აჭარაში ჩემი ასაკის კარგი მოთამაშეები იყვნენ. ბევრმა მათგანმა დაანება თავი, ზოგიერთს გული აუცრუვდა, ზოგიერთს ხანგრძლივი მეცადინეობა დაეზარა. იოლი არ არის რვა, 12 საათი ერთ ადგილას ჯდომა და ვარჯიში. რამდენჯერმე მეც მიფიქრია – ხომ არ გამენებებინა თავი ჭადრაკის თამაშისთვის და სხვა საქმე დამეწყო, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის ჟინი მაქვს.

 

თუ ფიქრობთ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას?

– მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ვიასპარეზო, მანამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ოცეულში უნდა მოვხვდე. ამჯერად 35-ე ადგილზე გავედი.

 

რა ეტაპები უნდა გაიაროთ, რომ საუკეთესო ოცეულში მოხვდეთ?

– ჯერ რეიტინგი უნდა ავიმაღლო, ამჟამად 537 ქულა მაქვს. ვფიქრობ, საქართველოში ძლიერი მოჭადრაკეები არიან, მაგრამ აქ ტურნირები ხშირად არ ტარდება. არ არის კონკურენცია, ამიტომ მოჭადრაკე შესაბამის გამოცდილებას ვერ იღებს. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ერთადერთი შანსია წარმატების მისაღწევად.

 

თუ გაქვთ უახლოეს მომავალში რაიმე ტურნირი?

– სამ მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ნახჭევანში გაიმართება საერთაშორისო ღია ტურნირი. ითამაშებს ძლიერი შემადგენლობა რუსეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ტურნირი 9 დღეს გაგრძელდება. იქნება პრიზებიც. პირველ ადგილზე გასულს 10 000 ლარი გადაეცემა. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან რამდენიმე მოჭადრაკე ვიქნებით.

იმის გამო, რომ ორ კვირაზე მეტი ფრენბურთს დავუთმე, ცოტა მოუმზადებელი მივდივარ, მაგრამ ამის ასანაზღაურებლად ამ დღეებში უფრო მეტ ხანს მომიწევს ვარჯიში. 

 

გადაბეჭდვის წესი