კვირის ამბები

ამჯერად პირადზე ვწერ

05.05.2014 • 3247
ამჯერად პირადზე ვწერ

 

წინა დასვენების დღეებში მე სხვა ადამიანის პასუხისმგებლობაზე ვფიქრობდი, რომლის ტვირთიც უფრო მძიმეა, რადგან მისი გადაწყვეტილება ხშირად ორწლამდე ბავშვებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ მათ შორის ჩემი პატარა ძმისშვილიც იყო.

 

ექიმის დასკვნით ბავშვს სუნთქვის პრობლემა ადენოიდების გამო ჰქონდა, მის მდგომარეობას ამძიმებდა გლანდებიც, ამიტომ საჭირო იყო ოპერაცია.
ექიმმა თემურ ორაგველიძემ ბავშვის მშობლებს აუხსნა, თუ რა შედეგამდე შეიძლებოდა ბავშვი მიეყვანა იმას, თუ მას ადენოიდებს არ ამოკვეთდნენ.
ინფორმაციას ადენოიდებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე ინტერნეტში სანდო საიტებზეც გავეცანით. მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ სხვა გამოსავალი ეპოვათ, რადგან უჭირდათ ოპერაციაზე დათანხმება. ბავშვი ემოციურია, თეთრხალათიანების დანახვაზე მაშინვე ტირილს იწყებს, მაგრამ რადგან ადენოიდებით გამოწვეული პრობლემები უფრო მძიმე შეიძლება ყოფილიყო, ოპერაციას დავთანხმდით.

 

ექიმ თემურ ორაგველიძის განმარტებით, ოპერაცია 15 წუთს გაგრძელდებოდა. ასეც იყო, ბავშვი იმ დღესვე საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმის თქმით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სუნთქვის პრობლემაც მალევე მოგვარდებოდა.

 

ოპერაციიდან მცირე დროში ბავშვი ავად გახდა, სუნთქვა ისევ უჭირდა და ყელიც სტკიოდა. ექიმმა თემურ ორაგველიძემ ბავშვის პედიატრთან მიყვანა გვირჩია. გვითხრა – „მე ჩემი ფუნქცია ამოვწურე“.

 

პედიატრმა ბავშვი გასინჯა და ჩვენთვის გასაოცარი დიაგნოზი გამოგვიცხადა – ბავშვს ადენოიდები ამოკვეთილი არ აქვს და ჩემი თუ არ გჯერათ, თბილისში წაიყვანეთ, ვისთანაც თქვენ გსურთ, მასთან გადაამოწმეთო.

 

ცაგო კახაბერიძე

თბილისში ციციშვილის კლინიკაში ბავშვი გასინჯეს და სასწრაფო ოპერაცია და ადენოიდების ამოკვეთა მოითხოვეს. „მეოთხე სტადიის ადენოიდები და გაგუდვის საფრთხე“, – ასეთი იყო ექიმის დასკვნა.

 

პირველი ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ ბავშვს მეორე ოპერაცია დასჭირდა ადენოიდების მოსაშორებლად.

 

თბილისელმა ექიმმა თქვა, რომ „პირველი ოპერაცია“ სრულყოფილად არ იყო ჩატარებული, მეტიც, ადენოიდები საერთოდ არ იყო ამოკვეთილი. თქვა ისიც, რომ შესაძლოა „ძირიანად არ ამოკვეთეს“, ამ შემთხვევაში კი მისი გაზრდის ალბათობა არსებობს, მაგრამ იშვიათად ასეთ მოკლე დროშიო.
გუშინ დედაჩემმა დამირეკა, მითხრა, შენმა ძმამ ღამე თეთრად გაათენა, რადგან ბავშვის სუნთქვის ხმა არ ესმოდაო. ადრე ბავშვი ყოველთვის ხმაურით სუნთქავდა, ახლა კი უხმაუროდ სუნთქავს, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია.

 

მე კი კითხვები არ მასვენებს. რატომ გავუკეთეთ 2 წლის ბავშვს ე.წ. ნარკოზი მეორედ, თუ თავიდანვე შეიძლებოდა ადენოიდების ძირიანად ამოკვეთა? – ან იყო კი ამოკვეთილი საერთოდ? – რატომ არ წერენ ფურცელზე ექიმები იმას, რასაც ხმამაღლა ამბობენ, ვგულისხმობ დიაგნოზსა და ჩატარებულ მკურნალობას. ამით თავს იცავენ? პირველ ჯერზე რა ოპერაცია გაუკეთეს ბავშვს?

 

თემურ ორაგველიძისთვის ეს კითხვები პირადად არ დამისვამს. ახლახან გავიგე, რომ ის თვითმმართველობის ორგანოში მოსვლას გეგმავს და საკუთარ თავს ვკითხე, სად უფრო მეტია პასუხისმგებლობა, რომელიც ხანდახან უქმე დღეებშიც დაგღლის.
ყოველთვის და ყველასთვის ასეა?

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: